სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - ავთანდილ ბარამიძე, გივი მითაიშვილი, ნუგზარ სოლომონიძე და სხვები (სულ 326 კონსტიტუციური სარჩელი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2019 წლის 16,17 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქმის „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - ავთანდილ ბარამიძე, გივი მითაიშვილი, ნუგზარ სოლომონიძე და სხვები (სულ 326 კონსტიტუციური სარჩელი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა.

განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც უკავშირდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილებას და ამ მიზნით მისთვის შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობის ქონას, აგრეთვე, სააგენტოსათვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და მონაცემთა ცენტრალური ბანკის შექმნის უფლებამოსილების მინიჭებას.

მოსარჩელეთა მტკიცებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით, სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაციაზე პირდაპირი წვდომა, ისევე, როგორც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს ამგვარი მონაცემების შეგროვებაზე პროფესიულად დაინტერესებულ ორგანოს. სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობის, დაკომპლექტების წესისა და ფუნქციების გათვალისწინებით, მოსარჩელეები მას სწორედ ასეთ, პროფესიულად დაინტერესებულ უწყებად მიიჩნევენ. ამასთან, მათი აზრით, სააგენტოს საქმიანობაზე არ ხორციელდება ეფექტური გარე კონტროლი, რის გამოც არსებობს მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების თვითნებურად განხორციელების რეალური საფრთხე. მოსარჩელეთა პოზიციით, ამგვარი მოწესრიგება იწვევს პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.