სიახლეები

საქართველოს უნივერსიტეტში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს უნივერსიტეტში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრის ორგანიზატორი კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია იყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების რექტორები და სამართლის სკოლების დეკანები.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სტუდენტებთან ისაუბრა კონსტიტუციური კონტროლის არსზე და საკონსტიტუციო სასამართალწარმოების სპეციფიკაზე. ასევე, ზაზა თავაძემ სტუდენტებს გააცნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიღწევები საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით და უპასუხა მათ კითხვებს მიმდინარე აქტუალურ თემებზე.

შეხვედრის ბოლოს, ასოციაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე თოფურიამ და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმი გულისხმობს სამართლის მეცნიერების განვითარებასა და საკონსტიტუციო სამართლის პოპულარიზაციას, ასევე მომავალი სპეციალისტების პროფესიული კარიერისათვის მომზადების უზრუნველყოფასა და სტუდენტთათვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენის ხელშეწყობას.