სიახლეები

სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

2017 წლის 8 სექტემბერს გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა (ზეპირი მოსმენის გარეშე) №927 კონსტიტუციურ სარჩელზე. საქმეზე სადავოდ იყო გამხდარი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ვ" ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

სადავო ნორმებით განისაზღვრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა წრე, ასევე კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ფიზიკურ პირს ეძლევა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და, მისგან გამომდინარე, სხვადასხვა სახის სოციალური შეღავათები. რიგი სადავო ნორმები მიუთითებდნენ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დაკარგვაზე იმ შემთხვევაში, თუ პირი საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავდა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ირღვევა მისი თანასწორობის უფლება (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი), რადგან აღნიშნული სტატუსის მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე, როგორც მუდმივი ბინადრობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, ის იხდის გადასახადებს და ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას საქართველოს მოქალაქეების მსგავსად. შესაბამისად, იმის გამო, რომ სადავო ნორმების საფუძველზე მას არ შეუძლია აღნიშნული შეღავათებით სარგებლობა, სახეზეა არსებითად თანასწორ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა მოქალაქეობის ნიშნით.

საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელე არასათანადო სუბიექტად მიიჩნია იმ სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე დავასთან მიმართებით, რომლებიც განსაზღვრავდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დაკარგვას საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, ზედმეტად აბსტრაქტულია შესაძლებლობა, რომ მან შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქეობა, შემდგომ დაკარგოს იგი და ამის გამო მოეხსნას მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. აქედან გამომდინარე, N927 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული

სხვა სადავო ნორმების კონსტიტუციურობის ნაწილში სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულად მიიჩნია და სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად.

N810 და N927 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდა ერთ საქმედ და ერთობლივად იქნება არსებითად განხილული.