სიახლეები

„სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“.

2018 წლის 7 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №810 და №927 კონსტიტუციური სარჩელები („სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმების თანახმად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მოპოვება და სხვადასხვა ფინანსური სარგებლის მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქის უფლებაა. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციული იყო, ვინაიდან კანონით დადგენილი ფინანსური სარგებელი თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც, ვინც საქართველოს მაღალმთიან რეგიონში მუდმივად ცხოვრობდა. მოსარჩელეთა მოსაზრებით, სადავო ნორმები არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას.

საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სადავო ნორმების მიზანს მაღალმთიანი რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ფინანსური სარგებლის საქართველოს მოქალაქეებზე გაცემა კი, სახელმწიფოს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისგან დაცლის პრევენციის მიზნით ხორციელდებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო კანონით განსაზღვრული ფინანსური სარგებლის გაცემა დაკავშირებულია შეზღუდული საბიუჯეტო რესურსით სარგებლობასთან. ამავე დროს, სახელმწიფო უფლებამოსილია საბიუჯეტო რესურსების გამოიყენოს ეფექტურად, იმ ფორმით, რომ მაქსიმალურად იქნეს მიღწეული დასახული ამოცანები.

საქართველოს მოქალაქეებს, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებთან შედარებით, აქვთ უფრო მყარი სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან. სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ საიმიგრაციო პოლიტიკის განსაზღვრისას სახელმწიფო ფართო მიხედულებით სარგებლობს  და რიგ შემთხვევებში შესაძლებელია გააუქმოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ბინადრობის ნებართვა. ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს (მათ შორის მაღალმთიანი დასახლების) დატოვების ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეების მიერ.

შესაბამისად, სასამართლომ რაციონალურად მიიჩნია სადავო ნორმა, რომელიც შეზღუდულ საბიუჯეტო რესურსს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ანაწილებს, რომელთა მიერ მაღალმთიან რეგიონში საცხოვრებლად დარჩენის ალბათობა უფრო მაღალია.

ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და კონსტიტუციური სარჩელები არ დაკმაყოფილა.

დავის საგანი: „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.