სიახლეები

„სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტი

2018 წლის 3 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

მოსარჩელე მხარე დავობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ს გადახდისგან ათავისუფლებს ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას, თუ ეს სამუშაო შესრულებულია საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს ანიჭებდა დასახელებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას და სხვა რელიგიურ გაერთიანებებს ამ შესაძლებლობის გარეშე ტოვებდა. მოსარჩელეთა აზრით, ამგვარი რეგულირება იყო დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ თანასწორობის უფლებას.

მოპასუხე მხარის მოსაზრებით, საქართველოს საპატრიარქო, ისევე როგორც სხვა რელიგიური გაერთიანებები, წარმოადგენდნენ არსებითად თანასწორ პირებს, თუმცა განსხვავებული მოპყრობა ემსახურებოდა ღირებულ ლეგიტიმურ მიზნებს, კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის რეალიზაციას - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას ქვეყანაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესადარებელი რელიგიური გაერთიანებები წარმოადგენდნენ არსებითად თანასწორ პირებს და განსხვავებული მოპყრობა ეფუძნებოდა რელიგიურ ნიშანს. ამდენად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას სასამართლომ გამოიყენა მკაცრი შეფასების ტესტი.

სასამართლომ განმარტა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესია, თუმცა ამ მიზნის რეალიზებისთვის უმნიშვნელოა, თუ ვისი დაკვეთით შესრულდება სამუშაოები, თუკი დაცული იქნება შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების აღსრულება ღირებული სამართლებრივი სიკეთეა, თუმცა, უპირველესად, უნდა არსებობდეს კონსტიტუციის აღსასრულებელი მოთხოვნა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მართალია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი აღიარებს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს სახელმწიფოს ისტორიაში, თუმცა ამ დებულებაში ნებისმიერი პრივილეგიის მინიჭების დასაშვებობის თავისთავად მოაზრება აზრს დაუკარგავდა თანასწორობის უფლებას და შეუთავსებელი იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციის, მათ შორის, მე-7 მუხლისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან.

სასამართლომ მიუთითა, რომ ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. სასამართლომ არ გამორიცხა დიფერენცირების მართლზომიერება ზოგიერთ ისეთ შემთხვევაში, როდესაც ხელშეწყობის ესა თუ ის ღონისძიება ობიექტურად და რაციონალურად იქნება დაკავშირებული ეკლესიის ღვაწლთან და კონკრეტულ ისტორიულ გარემოებებთან.

სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი მიემართება ნორმის ამოქმედების შემდგომ დაწყებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამ ურთიერთობაში საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას არ გააჩნია მყარი, გარდაუვალი კავშირი ეკლესიის ისტორიულ ღვაწლთან და მხოლოდ სახელმწიფოს კეთილი ნების გამოვლინებაა.

წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ უთანასწორო მოპყრობას არ გააჩნია რაციონალური კავშირი დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან და წარმოადგენს დისკრიმინაციულ რეგულირებას. ამდენად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან ათავისუფლებს მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით გაწეულ ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობის, რესტავრაციისა და მოხატვის მომსახურებას, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი  საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრა შესაძლებელია როგორც განხილული საგადახადო შეღავათის სრული გაუქმებით, ასევე არსებითად თანასწორ პირებზე მისი ერთნაირად გავრცელებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა კანონმდებლის კომპეტენციაა, ამდენად, არაკონსტიტუციური ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადადო 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

დავის საგანი:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის სიტყვების “საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.