სიახლეები
ტრენინგი ჟურნალისტებისთვის
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ა.წ. 11-13 მაისს ჟურნალისტებისთვის ბათუმში ჩაატარა ტრენინგი. სასტუმრო "ჰილტონში" მიმდინარე სამდღიანი სემინარი სასამართლოს სიახლეებს, გადაწყვეტილებების იმპლემენტაციასა და თანმდევ პროცესებს შეეხებოდა.
ტრენინგის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს თავდაპირველად სასამართლოს შენობაში უმასპინძლა, ხოლო შემდეგ სემინარზე გაგრძელდა საკონსტიტუციო სასამართლოსა და მედიის ურთიერთობების პრაქტიკული ასპექტების შესახებ კითხვა-პასუხი.
როგორც გიორგი პაპუაშვილმა განმარტა, სასამართლოსა და საზოგადოებას შორის კომუნიკატორის როლს მედია ასრულებს, ამიტომ მათი ინფორმირებულობა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შესახებ მნიშვნელოვანია.
"საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩაკეტილი ორგანიზაციაა, ნაკლები კომუნიკაცია აქვს საზოგადოებასთან, ამიტომ ჟურნალისტებს, მედიას ყველაზე მეტად შეუძლიათ მისი საქმიანობა საზოგადოებამდე მიიტანონ, რაც საზოგადოებისთვისაც საინტერესოა და ჩვენთვისაც საინტერესოა მათი მოსაზრებები, რათა სასამართლომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს თავისი მუშაობა იმ კომუნიკაციის კუთხით, რომ საზოგადოებასთან უფრო მეტი ინტერაქტიული ურთიერთობა ჰქონდეს, უფრო მეტად გააცნოს მას თავისი საქმიანობის შედეგები" - აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.
ტრენინგის ფარგლებში კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტებმა გიორგი მშვენიერაძემ და გიორგი ჩიტიძემ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს მიაწოდეს მთელი რიგი ინფორმაციებისა: კონსტიტუციური კონტროლის წარმოშობა; კონსტიტუციური კონტროლის ევროპული მოდელი და მისი გავრცელება; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო როგორც უფლებების დაცვისა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების ორგანო: დაკომპლექტების წესი, უფლებამოსილებები, საქმეთა განხილვის წესი; საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების კომპეტენციის გამიჯვნა; საკონსტიტუციო სასამართლო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო; საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია და თანმდევი პროცესები.
ტრენინგი გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერის" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Human Dynamics Consortium.