სიახლეები

უცხო ქვეყნის საწარმო „STREAMLINE HOSPITALITY PROPERTIES LIMITED“ („სტრიმლაინ ჰოსპიტალიტი პროპერტის ლიმიტედ“) საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინააღმ

2017 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ №1/21/628 განჩინებით არსებითად განსახილველად არ მიიღო უცხო ქვეყნის საწარმო  „STREAMLINE HOSPITALITY PROPERTIES LIMITED“-ის  („სტრიმლაინ ჰოსპიტალიტი პროპერტის ლიმიტედ“) კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N628) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ნორმებს, რომელთა თანახმად სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში ქონების შემძენს გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული არგუმენტაციის თანახმად, სადავო ნორმები სახელმწიფოს აყენებდა პრივილეგირებულ მდგომარეობაში და იწვევდა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები ზღუდავდა მოსარჩელის საკუთრების უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ უპირველეს ყოვლისა მიუთითა, საქმის განხილვამდე „აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტში განხორციელებულ ცვლილებაზე და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში საქმე შეწყვიტა.

მეორე სადავო ნორმის თაობაზე მსჯელობისას, სასამართლომ მიუთითა რეგულირების ნეიტრალურ ხასიათზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვერ ახდენდა ნორმის მიერ დადგენილი დიფერენცირების განსაზღვრას. ამასთან, ვინაიდან ნორმა აწესრიგებდა თავისუფალი ნების საფუძველზე დადებული გარიგების პირობებს მხოლოდ სახელმწიფოს საჯარო უფლებამოსილებაზე მითითება არ არის საკმარისი სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრების უფლებასთან მიმართების დასაბუთებისათვის. ხოლო, სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლი არ ახდენს უფლების დეკლარირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო სარჩელი არსებითად განსახილველად მისი დაუსაბუთებლობის მოტივით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/21/628 განჩინება მიღებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/21/628 განჩინება საქმეზე  “უცხო ქვეყნის საწარმო  „STREAMLINE HOSPITALITY PROPERTIES LIMITED“  („სტრიმლაინ ჰოსპიტალიტი პროპერტის ლიმიტედ“)  საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დავის საგანი: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის (2013 წლის 27 დეკემბრიდან 2017 წლის 17 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 45-ე მუხლებთან მიმართებით.