სიახლეები

შპს „ბელლა კოსტა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 12 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო შპს „ბელლა კოსტას“ კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N1228).

მოსარჩელე ასაჩივრებდა ნორმებს, რომლითაც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას მინიჭებული აქვს უფლება, წარმოადგინოს ყველა მისთვის უცნობი, და არაიდენტიფიცირებული ავტორები და მომიჯნავე უფლებების მქონე პირები. მოსარჩელე შპს „ბელლა კოსტას“ მიერ ასევე სადავოდ არის გამხდარი ნორმა, რომლის თანახმადაც საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით ან სხვაგვარად ხდება საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი.

მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ზღუდავს  თანასწორობის უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი), კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ უწყობს ხელს მიერ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა  მონოპოლიზებას (საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი) და   ეწინააღმდეგება საერთო სასამართლოებში  მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით სამართალწარმოების  განხორციელებას (საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ N1228 კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღო არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“  და „ბ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად არ წარმოუდგენია შესაბამისი არგუმენტაცია (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 24-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის ნაწილში) ასევე,  კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის ნაწილში).

განჩინება მიღებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ.

დავის საგანი: „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.