სიახლეები

შპს „სკს“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2019 წლის 18 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №655 კონსტიტუციური სარჩელი (შპს „სკს“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ნორმას, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და საკურიერო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე.

მოსარჩელის არგუმენტაციით, მსგავსი სამართლებრივი მოწესრიგებით სახელმწიფომ საფოსტო და საკურიერო მომსახურების ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტს, შპს „საქართველოს ფოსტას“ მიანიჭა ექსკლუზიური უფლებამოსილება, შექმნა მისი მონოპოლისტად დამკვიდრების სამართლებრივი წინაპირობა და გამორიცხა აღნიშნულ ბაზარზე სხვა ეკონომიკური აგენტების მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება მეწარმეობისა და კონკურენციის თავისუფლებას.

მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება ემსახურება ისეთ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს, როგორიცაა საფოსტო და საკურიერო მომსახურებების საქართველოს მთელ ტეროტორიაზე ხელმისაწვდომ ფასად მიწოდების უზრუნველყოფა, რაც, თავისი შინაარსით, უნივერსალური მომსახურებაა და აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნორმის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოებს და სხვა სუბიექტებს, რომლებიც საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდებიან, ეძლეოდათ შესაძლებლობა, საფოსტო და საკურიერო მომსახურება შეესყიდათ მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტისგან“ სახელმწიფო შესყიდვების მიმართ დადგენილი პროცედურული მოთხოვნების გვერდის ავლით. აღნიშნული შპს „საქართველოს ფოსტას“ ანიჭებდა მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას, რამდენადაც სხვა ეკონომიკური აგენტებისაგან განსხვავებით, მას უკვე ჰყავდა საკმაოდ დიდი რაოდენობის გარანტირებული შემკვეთი, სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი ორგანიზაციების სახით. შესაბამისად, სადავო ნორმა ზღუდავდა მეწარმეობის თავისუფლებას. ამასთან, მეწარმეობის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად, თანაზომიერების პრინციპის დაცვით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსახლეობისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ნამდვილად მნიშვნელოვანი მიზანია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ ნაკლებად დასახლებულ და ძნელად მისასვლელ ადგილებში საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევა, შესაძლოა, არ იყოს კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების ხელმისაწვდომ ფასად გაწევისათვის, გარკვეულწილად, არსებობს ბაზარზე ჩარევის საჭიროება, რაც შესაძლებელია, განხორციელდეს ეკონომიკური აგენტისათვის, მათ შორის, შპს „საქართველოს ფოსტისათვის“ სარგებლის მინიჭების გზით. ამავდროულად, ეკონომიკური აგენტისთვის მინიჭებული სარგებელი უნდა იყოს გაწეული მომსახურების თანაზომიერი.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს კანონმდებლობა (ა) მკაფიოდ არ განსაზღვრავდა შპს „საქართველოს ფოსტის“ ვალდებულებას, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომ ფასად გაეწია საფოსტო და საკურიერო მომსახურება; (ბ) არ ადგენდა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების ხელმისაწვდომ ფასად გაწევის ეკონომიკური ხარჯების გამოთვლის გამჭვირვალე და ობიექტურ პარამეტრებს და (გ) არ არსებობდა შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ შეღავათის მინიჭების იმგვარი წესი, რომელიც გამორიცხავდა მისთვის იმაზე მეტი სარგებლის მინიჭების შესაძლებლობას, ვიდრე შესაბამისი ეკონომიკური ხარჯების და გონივრული მოგების ასანაზღაურებლად იქნებოდა საჭირო. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა  ეწინააღმდეგებოდა მეწარმეობის თავისუფლებას.

ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმის დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საფოსტო და საკურიერო მომსახურების მომხმარებლებზე და ეჭვქვეშ დააყენოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების ხელმისაწვდომ ფასად მიწოდება. შესაბამისად, კანონმდებელს მიეცა ვადა სფეროს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოსაწესრიგებლად და სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2020 წლის პირველი მაისიდან.

დავის საგანი: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.