სიახლეები

„შპს „სტერეო+“, იტალიის მოქალაქეები - ლუკა სევერინი და ლაშა ზილფიმიანი და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1311)

2018 წლის 28 ივნისს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქმის, „შპს „სტერეო+“, იტალიის მოქალაქეები - ლუკა სევერინი და ლაშა ზილფიმიანი და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, განმწესრიგებელი სხდომა (კონსტიტუციური სარჩელი №1311).

კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული ნორმები ადგენენ საჯაროდ გამოცხადებული იძულებითი აუქციონის შეჩერებისა და შეწყვეტის დაუშვებლობას, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადასვლის/მიღების წესს, აგრეთვე იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებს, წესსა და სხვა პროცედურულ საკითხებს.

მოსარჩელეთა განმარტებით, გასაჩივრებული ნორმები ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს აძლევს შესაძლებლობას, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანხმობის გარეშე, იძულებით აუქციონზე შეიძინოს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი კომპანიის წილი, რაც გამოიწვევს სამაუწყებლო სფეროში ლიცენზიის მფლობელი კომპანიისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების ჩამორთმევას. მსგავსი რეგულაცია კი არღვევს მოსარჩელეთა საკუთრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას.

№1311 კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე, 71-ე და 75-ე მუხლების, ასევე „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების   შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 24-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.