სიახლეები

განმწესრიგებელი სხდომა №1582 კონსტიტუციურ სარჩელზე

2022 წლის 15 აპრილს, 10:30 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა, საქმეზე „ბექა ქებაძე და გიორგი ბეჟანიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1582).

განსახილველ საქმეზე სადავო ნორმები ადგენს, ერთი მხრივ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტს, ხოლო, მეორე მხრივ, პირადი ჩხრეკის/ჩხრეკისა და ამოღების მიზანსა და საფუძველს, ასევე, დათვალიერების მიზანსა და მისი ჩატარების ზოგად წესს.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები იძლევა შესაძლებლობას, რომ დაუდგენელი წარმომავლობის ინფორმაცია, სათანადო გადამოწმების გარეშე, იქნეს მიჩნეული ჩხრეკის დასასაბუთებლად საკმარისი ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობად. შესაბამისად, სადავო ნორმები არ ქმნიან სათანადო სამართლებრივ გარანტიებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამართალდამცავი ორგანოების თვითნებობა და უკანონო ჩარევა ადამიანის პირად სივრცეში.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, მათი მსჯავრდების საქმეში გამოყენებული ერთადერთი ნივთიერი მტკიცებულება ამოღებულ იქნა დათვალიერების გზით, მხოლოდ მოქმედი პოლიციელების მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, არ არსებობს ნეიტრალური მოწმე, რომელიც დაადასტურებს საგამოძიებო მოქმედების ნამდვილობას, ხოლო, მეორე მხრივ, არ არსებობს საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რის გამოც ირღვევა გამამტყუნებელი განაჩენის უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოტანის კონსტიტუციურ სტანდარტი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ირღვევა, ერთი მხრივ, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება (კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი), ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენის უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოტანის კონსტიტუციური სტანდარტი (კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი).

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-20მუხლების შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის ფორმით, ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს უფლებას/საშუალებას აძლევს ოპერატიული წყაროს, ანონიმური პირის ან დაუზუსტებელი/უცნობი წარმომავლობის ინფორმაცია სათანადო გადამოწმების გარეშე, თავისთავად მიიჩნიოს ჩხრეკის/პირადი ჩხრეკის დასასაბუთებლად საკმარისი ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობად და მის საფუძველზე ჩაატაროს ასეთი საგამოძიებო მოქმედება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების, 125-ე მუხლის პირველი ნაწილის და 126-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც უშვებს დათვალიერების შედეგად უკანონო ნივთის ამოღების და მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც საგამოძიებო მოქმედების სანდოობა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები დათვალიერების/ამოღების სანდოობის ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.