სიახლეები

2017 წლის 7 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაშის კონსტიტუციური სარჩელი N874

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 7 აპრილს არსებითად განსახილველად არ მიიღო №874 კონსტიტუციური სარჩელი („თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაშ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე მოითხოვდა კონსტიტუციით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლოს მიერ სასამართლო ხარჯების გადასახადისაგან გათავისუფლების წესის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ეხება მოსამართლის დისკრეციულ უფლებამოსილებას გაათავისუფლოს მოქალაქე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციური სარჩელი  არსებითად განსახილველად არ იქნა მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს“, ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.