სიახლეები

2017 წლის 7 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2017 წლის 7 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო №851-ე კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელად გათვალისწინებული არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა  მოსამართლეს ანიჭებს შესაძლებლობას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეუფარდოს პირს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ასეთი სასჯელი გათვალისწინებული არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. სადავო რეგულირება ზღუდავს შრომის თავისუფლებას, ვინაიდან სასამართლოს ანიჭებს უფლებას ჩადენილი დანაშაულისთვის საკუთარი ინიციატივით ჩამოართვას პირს საქმიანობის უფლება, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ასეთი სასჯელი არ არის დადგენილი.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.