სიახლეები
2017 წლის 2 ივნისს 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება კონსტიტუციური სარჩელის (რეგისტრაციის N1215) არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვის სხდომა
2017 წლის 2 ივნისს 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება კონსტიტუციური სარჩელის (რეგისტრაციის N1215) არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვის სხდომა.
მოსარჩელეები ასაჩივრებენ საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს, კერძოდ სახელმწიფო საჯარო ფუნქციების განხორციელების მიზნით აუცილებლად გასაწევ ხარჯებს საპატრიარქოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მათი შემოსავლებიდან დაბეგრილ თანხას სახელმწიფო კონფესიური მიზნების განხორციელებისკენ მიმართავს, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათ რწმენასა და შეხედულებებთან, ვინაიდან ბიუჯეტის გასაჩივრებული ნორმები ითვალისწინებს რელიგიური ორგანიზაციის de facto პირდაპირ დაფინანსებას. ამასთან, მიიჩნევენ, რომ პირის შემოსავალი დაბეგვრამდეც წარმოადგენს საკუთრების უფლებით დაცულ სფეროს, შესაბამისად, სადავო ნორმებით უხეშად ირღვევა მათი კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, არსებითად არათანაბარ მდგომარეობაში მყოფი პირები, მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომლებიც რელიგიის პირდაპირ დაფინანსებას ეთანხმებიან და მოსარჩელეები, ბაპტისტი, ათეისტი, აგნოსტიკოსი თუ მართლმადიდებელი სეკულარისტი პირები, რომლებიც არათუ ასეთი დაფინანსების ბენეფიციარები, არამედ მის მიმართ შინაგანი მსოფლმხედველური წინააღმდეგობის მქონე პირები არიან, თანაბრად იღებენ მონაწილეობას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებაში. შესაბამისად, ბიუჯეტის კანონი თავისი შედეგით სხვადასხვა გარემოებებში მყოფი პირებისგან თანაბრად ითხოვს საჯარო ფუნქციების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას, რაც მოსარჩელეებს აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო „ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის კოდების 45 00, 45 01, 45 02, 45 03, 45 06, 45 08, 45 09, 45 11, 45 12, 45 13 კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-19 მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან, 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.