სიახლეები

2018 წლის შემაჯამებელი შეხვედრა და საახალწლო მიღება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში  საახალწლო მიღება გამართა, სადაც მოწვეულნი იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, არასამათვრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

ზაზა თავაძემ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა ერთი წლის განმავლობაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მნიშვნელივან მიღწევებზე,  ზოგადად ინსტიტუციის მნიშვნელობაზე, დასავლურ ღირებულებებსა და ევროპულ სასამართლოებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრებაზე.

,,ეს წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, იყო გამოწვევებიც, რასაც ვფიქრობ, რომ წარმატებით გავართვით თავი. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი უშუალო საქმიანობის პარალელურად აქტიურად ურთიერთობს საერთაშორისო ასპარეზზე. მიუხედავათ იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ე.წ. „ახალგაზრდა დემოკრატიის“ ქვეყნების სასამართლოების რიცხვს მიეკუთვნება, ბოლო წლებში მის მიერ განხორციელებულმა საერთაშორისო აქტივობებმა დაამტკიცა, რომ ის ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. ამის ნათელი მაგალითი გახლდათ ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარეობდა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების დიდ ფორუმს, რაც ჩვენი სასამართლოსთვის იყო უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა. ჩვენი ევროპელი კოლეგების შეფასებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ ღირსეულად გავართვით თავი ამ უაღრესად პრესტიჟული, სრული ევროპული მასშტაბის გაერთიანების თავმჯდომარეობას. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის საერთაშორისო აღიარება კი, ჩვენი ღრმა რწმენით, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების განმტიცებას, საქართველოში დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო სისტემის განვითარებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის იანვრიდან უკვე ვთავმჯდომარეობთ ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციას (BBCJ). ეს გაერთიანება წარმოადგენს ოთხი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წამოწყებულ ამბიციურ პროექტს, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობის ახალი ტიპის პლატფორმის შექმნას. კერძოდ, ბალტიისპირეთის და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის დეკლარაციას ხელი მოეწერა ქ. ვილნიუსში 2015 წლის 26 ოქტომბერს ლიტვის რესპუბლიკის და ევროპის კავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების მიერ. წელს ასოციაციას შემოუერთდა პოლონეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო ტრიბუნალი და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომდევნო წლებში ჩვენი გაერთიანება კვლავაც განაგრძობს გაფართოებას” - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმრებს მიულიცა დამდეგი შობა-ახალი წელი, სასამართლოს თანამშრომლებს კი სიგელები და საჩუქრები გადასცა.