საზაფხულო სკოლა
საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა დასრულდა
22 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი“ დასრულდა, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG) მხარდაჭერით გაიმართა.
მონაწილეებს საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ, ევროპის საბჭოს პროექტის უფროსმა ოფიცერმა სოფიო წაქაძემ და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG) პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ. საზაფხულო სკოლის დახურვის ცერემონია გაიმართა ქ. თბილისში, სასტუმროში ,,სტამბა”.
საზაფხულო სკოლის მონაწილეთაგან გამოვლინდა 4 საუკეთესო სტუდენტი: ნინო დოლუაშვილი, მარიამ ანდრიაძე, თამარ კიკნაძე და გიორგი იანვარაშვილი. აღსანიშნავია, რომ სკოლის საკეთესო მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიული საქმიანობა დაიწყონ საკონსტიტუციო სასამართლოში სტაჟირებისა და შემდგომი დასაქმების გზით.
საზაფხულო სკოლის მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში ისმენდნენ ლექციებს კონსტიტუციური სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების მოდელებზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტებზე აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში, ციფრულ სამყაროში გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტებზე, ასევე, სოციალური პლატფორმის პასუხისმგებლობისა და Facebook-ის საზედამხედველო საბჭოს შესახებ. საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესები. კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო, საზაფხულო სკოლა დისტანციური ფორმით ჩატარდა.
საზაფხულო სკოლის ლექციებს უძღვებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლადო ჭანტურია; The New York Times-ის ვიცე-პრეზიდენტი და იურისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის და ნიუ-ორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული პროფესორი დევიდ მაქროუ; Facebook-ის საზედამხედველო საბჭოს თანათავმჯდომარე, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ჯამალ გრინი; ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) პროფესორი ჯეისონ დესანტო; ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) სამართლის სკოლის პროფესორი მათიას მოშელი; ალსტერის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციური სამართლის პროფესორი რორი ოკონელი; კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტი ლევან მაისურაძე.
საკონსტიტუციო სასამართლო 2008 წლიდან ყოველწლიურად მართავს საზაფხულო სკოლას, რომლის მიზანია მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში. წელს, საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის კონკურსის შედეგად შეირჩა იურიდიული ფაკულტეტის 22 საუკეთესო სტუდენტი და კურსდამთავრებული საქართველოს უნივერსიტეტებიდან.
აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები იკავებენ წამყვან პოზიციებს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სტრუქტურებში, რაც პროექტის წარმატების მაჩვენებელია.