საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი

დოკუმენტის ნომერი 120/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი
მიღების თარიღი 14/02/2020
გამოქვეყნების წყარო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი (www.constcourt.ge)
გამოქვეყნების თარიღი 06/03/2020
კონსოლიდირებული ვერსიის არჩევა
კონსოლიდირებული ვერსიის ჩამოტვირთვა ჩამოტვირთეთ .pdf       ჩამოტვირთეთ .doc

 

კონსოლიდირებული რედაქცია

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
რეგლამენტი

 

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. რეგლამენტით მოწესრიგებული საკითხები

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი (შემდგომში - რეგლამენტი) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აწესრიგებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (შემდგომში - „საკონსტიტუციო სასამართლო”) ორგანიზაციის, საქმეთა განსახილველად მომზადების, განხილვის, გადაწყვეტისა და კონსტიტუციური სამართალწარმოების სხვა საკითხებს.

თავი II
საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა, თანამდებობის პირები, მათი არჩევის წესი და უფლებამოსილებები

მუხლი 2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი

1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის (შემდგომში - პლენუმი) დახურულ სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (იმ შემთხვევაში, როდესაც არჩეულია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ორივე მოადგილე, სხდომას ხელმძღვანელობს უხუცესი მოადგილე) ან უხუცესი მოსამართლე (იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული). საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, აირჩიოს თავმჯდომარე, თუ მის სხდომას ესწრება არანაკლებ 6 წევრი.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, სულ ცოტა, 3 წევრს სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმა წევრმა შეიძლება ხელი მოაწეროს მხოლოდ ერთი კანდიდატურის წარდგენას. თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა ხდება ამ მუხლით გათვალისწინებული პლენუმის სხდომის დაწყებისას სხდომის თავმჯდომარისთვის ან/და სხდომამდე საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტისათვის მოსამართლეების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ჩაბარებით.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხდომის თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირის კანდიდატურა წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით (უხუცესი მოადგილე/მოადგილე/უხუცესი წევრი) სასამართლოს ის წევრი, რომელიც არ არის წარდგენილი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე.

5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხდომის თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირის კანდიდატურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარედგინა სხდომის დანიშვნის შემდეგ ან სხდომის დაწყებისას, სხდომის თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი იცვლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.

6. სხდომას ხსნის სხდომის თავმჯდომარე, რომელიც სასამართლოს წევრებს მოახსენებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის/კანდიდატების შესახებ. შემდგომ სიტყვა ეძლევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს/კანდიდატებს. მოსამართლეებს შეუძლიათ დაუსვან კანდიდატს/კანდიდატებს შეკითხვები, ასევე მოკლე სიტყვით მიმართონ სხდომის მონაწილეებს.

7. გამოსვლების დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს კენჭისყრის ბიულეტენის ფორმას და მისი შევსების წესს, რომელსაც სხდომა ამტკიცებს სხდომის დამსწრე მოსამართლეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. დამტკიცებული ფორმის ბიულეტენი მზადდება სხდომის მონაწილე მოსამართლეთა ოდენობით.

8. ბიულეტენის ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეთა თანდასწრებით, ლუქავს საარჩევნო ყუთს და იწყებს კენჭისყრის მონაწილეთათვის ბიულეტენების გადაცემას.

9. ბიულეტენი სხდომის მონაწილე მოსამართლეებს გადაეცემათ მათი გვარების ანბანური თანმიმდევრობის მიხედვით. ბიულეტენის გადაცემისას სხდომის თავმჯდომარე სვამს საკონსტიტუციო სასამართლოს ბეჭედს და აწერს ხელს ბიულეტენის მეორე მხარეზე. სხდომის თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს.

10. კენჭისყრა ფარულია. ბიულეტენის მიღების შემდეგ მოსამართლე მას ავსებს ამისათვის ცალკე გამოყოფილ ოთახში ან კაბინაში, სადაც აკრძალულია სხვა პირთა ყოფნა და შექმნილია კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფის პირობები. მოსამართლე შევსებულ ბიულეტენს დაკეცილ მდგომარეობაში, ისე რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა, ათავსებს გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში. სასამართლოს წევრი არ არის უფლებამოსილი თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

11. კენჭისყრის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე, სხდომის მონაწილეთა თანდასწრებით, ხსნის საარჩევნო ყუთს, ამოწმებს ბიულეტენების ნამდვილობას და ითვლის ხმებს, რის შემდეგაც ადგენს კენჭისყრის ოქმს. ყუთის გახსნის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერ წევრი უფლებამოსილია გაეცნოს ბიულეტენებს.

12. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით ბათილად ცნობს ბიულეტენს თუ:

ა) საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ ბიულეტენზე არ აღმოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს ბეჭედი ან/და სხდომის თავმჯდომარის ხელმოწერა;

ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ კანდიდატს მისცა ხმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა.

13. კენჭისყრის ოქმში აღინიშნება:

ა) თანამდებობა, რომლის დასაკავებლადაც ჩატარდა არჩევნები;

ბ) კენჭისყრის ჩატარების დრო და ადგილი;

გ) მონაცემები კანდიდატის/კანდიდატების შესახებ;

დ) გაცემული ბიულეტენების რაოდენობა;

ე) საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენების რაოდენობა;

ვ) ბათილი ბიულეტენების რაოდენობა;

ზ) კანდიდატის/კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა;

თ) კენჭისყრის შედეგები.

14. კენჭისყრის ოქმს სხდომა ამტკიცებს სხდომის დამსწრე მოსამართლეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. დამტკიცების შემდეგ ოქმს ხელს აწერს სხდომის მონაწილე ყველა მოსამართლე.

15. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხუთ ან მეტ ხმას.

16. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად 2 ან 3 პირი დასახელდა და ვერცერთმა ვერ მიიღო თავმჯდომარედ არჩევისთვის საკმარისი ხმები, იმავე დღეს იმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელში მონაწილეობის უფლებაც აქვს საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ მეორე ადგილზე ერთნაირი შედეგით 2 კანდიდატი გავიდა, კენჭისყრის მე-2 ტურში სამივე კანდიდატი მონაწილეობს. თუ რომელიმე კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, კენჭი ეყრება დარჩენილ კანდიდატს/კანდიდატებს.

17. კენჭისყრის მეორე ტური ტარდება ამ მუხლის მე-7-მე-14 პუნქტებით დადგენილი პროცედურით.

18. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო მოსამართლეთა ხმების საჭირო ოდენობა, ერთი კვირის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით, მოიწვევა და იმართება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ახალი სხდომა.

19. პლენუმის სხდომას ესწრება საორგანიზაციო დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც ადგენს სხდომის ოქმს. ოქმში აღინიშნება ინფორმაცია სხდომის მიმდინარეობის და სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების შესახებ. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და საორგანიზაციო დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი.

20. სხდომის ოქმი დაუყოვნებლივ გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტს და ინახება არქივში. სხდომის ოქმს დაერთვის დალუქულ კონვერტში მოთავსებული ბიულეტენები და კენჭისყრის ოქმი.

მუხლი 3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეთა არჩევის წესი

1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის მოადგილე.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევისათვის დახურულ სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ხსნის სხდომას და წარადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, აირჩიოს თავმჯდომარის მოადგილე, თუ მის სხდომას ესწრება არანაკლებ 6 წევრი.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნებზე, შესაბამისად, ვრცელდება ამ რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-6-მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული წესი.

მუხლი 4. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევის წესი

1. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს ერთი თვისა ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომას და წარუდგენს მას საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის კანდიდატურას.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევნებზე, შესაბამისად, ვრცელდება ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესი.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევამდე ან მდივნის მიერ თავისი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის მოვალეობას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, დროებით ასრულებს ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც, იმავდროულად, არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პლენუმს წარუდგენს წინადადებას მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე. ერთი და იმავე პირის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის მოვალეობის დროებით შესრულების ვადა უწყვეტად არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

მუხლი 5. კოლეგიების პერსონალური შემადგენლობის ფორმირების/გადახალისების წესი

1. კოლეგიების პერსონალური შემადგენლობის ფორმირების/გადახალისების მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არჩევიდან 3 დღის ვადაში იწვევს პლენუმის სხდომას.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული პლენუმის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება სასამართლოს არანაკლებ 6 წევრი. პლენუმს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეგიათა პერსონალურ შემადგენლობას. კოლეგიის პერსონალურ შემადგენლობაში არ უნდა შედიოდეს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განწესებულ ორ მოსამართლეზე მეტი.

3. კოლეგიების შემადგენლობა მტკიცდება ღია კენჭისყრით.

4. კოლეგიების შემადგენლობა დამტკიცებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე მოსამართლეთა უმრავლესობა.

5. თუ პლენუმი არ დაამტკიცებს კოლეგიების შემადგენლობას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2 დღის განმავლობაში იწვევს პლენუმის სხდომას და წარუდგენს მას კოლეგიების იმავე ან სხვა შემადგენლობას.

მუხლი 6. საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია

1. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილებით, იქმნება საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოსამართლის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისა და პლენუმისათვის შესაბამისი დასკვნის, დადგენილების პროექტის წარდგენის მიზნით. კომისიის შემადგენლობას წარადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

2. კომისიის შემადგენლობაში შედის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განწესებული თითო მოსამართლე (თუ ამის შესაძლებლობას იძლევა სასამართლოს მოქმედი შემადგენლობა). კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

3. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 3 წელი, თუმცა არაუმეტეს მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, პლენუმი, თავმჯდომარის წარდგინებით, კომისიის წევრად ნიშნავს იმავე ან სხვა მოსამართლეს.

4. ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს ირჩევენ კომისიის წევრები კომისიის შემადგენლობიდან.

მუხლი 7. საკონსტიტუციო სასამართლოს კომისია და სამუშაო ჯგუფი

1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, სამართლებრივი, საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური, ორგანიზაციული, საინფორმაციო და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მომზადების მიზნით, შექმნას კომისიები.

2. კომისია იქმნება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით. ბრძანებით განისაზღვრება კომისიის სახელწოდება, შემადგენლობა, ამოცანები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში - კომისიის საქმიანობის წესი.

3. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მოსამართლეები და საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მოსამსახურეები.

4. კომისიის მუშაობისათვის ხელშეწყობის მიზნით კომისიასთან შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფები. სამუშაო ჯგუფების სახელწოდება, შემადგენლობა, ამოცანები და, საჭიროების შემთხვევაში, საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი კომისიის შექმნის შესახებ თავმჯდომარის ბრძანებით.

მუხლი 8. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი

1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იწვევს პლენუმს და განსაზღვრავს პლენუმის სხდომის თარიღს;

ბ) უძღვება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომებს;

გ) ხელს აწერს პლენუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას, განჩინებას, დასკვნას, საოქმო ჩანაწერსა და სხდომის ოქმს;

დ) აგრძელებს სარჩელის განხილვის ვადას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) ანაწილებს სარჩელებს პლენუმსა და კოლეგიებს შორის და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომისთვის ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს;

ვ) გასცემს ნებართვას სასამართლო სხდომაზე შეიარაღებული პირების დაშვების შესახებ;

ზ) განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებული სარჩელებისა და წარდგინებების აღრიცხვის წესს;

თ) ამტკიცებს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით უწყების ჩაბარების დამადასტურებელი აქტის ფორმას;

ი) საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასამტკიცებლად წარუდგენს თავმჯდომარის მოადგილეებისა და მდივნის კანდიდატურებს;

კ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასამტკიცებლად წარუდგენს სასამართლოს კოლეგიების შემადგენლობას;

ლ) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აფორმებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას;

მ) საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტს და აპარატის დებულებას;

ნ) ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის შინაგანაწესს, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

ო) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის საქმიანობას; განსაზღრავს აპარატის საშტატო ნუსხას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის მოხელეებსა და სტაჟიორებს; შრომით ხელშეკრულებებს დებს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებთან;

პ) ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში სტაჟირების გავლის წესს;

ჟ) წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ; საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებს ანიჭებს უფლებამოსილებას, წარმოადგინონ საკონსტიტუციო სასამართლო მესამე პირებთან ურთიერთობებში;

რ) იწვევს პრესკონფერენციებს, ბრიფინგებს, აკეთებს საჯარო განცხადებებს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით;

ს) წარადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული ბიუჯეტის პროექტს კანონით დადგენილი წესით;

ტ) განკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს საბიუჯეტო ასიგნებებს;

უ) წელიწადში ერთხელ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარუდგენს ინფორმაციას საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ;

ფ) ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ინფორმაციული სისტემებისა და ინფორმაციული აქტივების გამოყენების წესს;

ქ) ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების წარმოების წესს;

ღ) დებს ხელშეკრულებას სასამართლო სხდომაზე მოწვეულ სპეციალისტებთან/ექსპერტებთან და განსაზღვრავს მათი ანაზღაურების ოდენობას;

ყ) ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს ჟურნალის დებულებას;

შ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ცალკეული ფუნქციების შესრულება დაავალოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას მისი ფუნქციების შესრულება დაავალოს თავმჯდომარის რომელიმე მოადგილეს;

გ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დაავალოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს მდივნის მოვალეობის შესრულება და წარუდგინოს პლენუმს წინადადება მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს.

მუხლი 9. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებანი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) განსაზღვრავს კოლეგიის სხდომის თარიღს;

ბ) უძღვება კოლეგიის სხდომებს;

გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ ფუნქციებს;

დ) ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

ე) უზრუნველყოფს კოლეგიის საქმიანობასთან დაკავშირებული პრესრელიზების მომზადებას.

2. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს, მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისი კოლეგიის უხუცესი წევრი.

ცვლილება N3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2024 წლის პირველი მარტის N136/1 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი [www.constcourt.ge, 11/03/2024])

მუხლი 10. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის უფლებამოსილებანი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი:

ა) ხელს აწერს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) იღებს ზომებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებისათვის და მოახსენებს პლენუმს მათი აღსრულების მიმდინარეობის თაობაზე;

გ) ხელს უწყობს საჭირო ინფორმაციის კომპიუტერული წესით დამუშავების სისტემის ჩამოყალიბებას;

დ) ორგანიზებას უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტაციის დაგზავნას;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს თანხმობას კონსტიტუციური სარჩელისა და წარდგინების რეგისტრაციაში გატარებაზე;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას კონსტიტუციური სარჩელისა და წარდგინების რეგისტრაციის შესახებ;

ზ) ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის ასლის ნამდვილობის დამოწმებას.

თავი III
კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განხილვის ზოგადი წესები

მუხლი 11. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების შეტანის წესი

1. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება შედგენილი უნდა იყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის მიხედვით.

2. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება ბარდება საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტს.

3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთვოდეს მოსარჩელის/მოსარჩელეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 273 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მხარის რწმუნებულება შესაძლებელია დამოწმდეს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, მხარის მიერ რწმუნებულებაზე სასამართლოს თანამშრომლის თანდასწრებით ხელმოწერის შემთხვევაში. რწმუნებულება შესაძლებელია ასევე შედგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტის ფორმით, რომელზეც შესრულებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმულია ამავე კანონით აღიარებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.


ცვლილება N1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 20 მაისის N122/1 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი [www.constcourt.ge, 22/05/2020])

მუხლი 12. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციის წესი

1. საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტი სარჩელის/წარდგინების შეტანიდან სამი დღის ვადაში ამოწმებს წარდგენილი მასალების ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან. კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან სარჩელის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საორგანიზაციო დეპარტამენტი უფლებამოსილია, მოსარჩელე მხარესთან, კონსტიტუციური წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან დააზუსტოს სარჩელთან დაკავშირებული საკითხები. თუ შემოწმების შედეგად ფორმალური უზუსტობები არ იქნა აღმოჩენილი ან რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ ვადაში არსებული უზუსტობა გამოსწორდა, საორგანიზაციო დეპარტამენტი არეგისტრირებს კონსტიტუციურ სარჩელს/წარდგინებას.

2. კონსტიტუციურ სარჩელში/წარდგინებაში ისეთი ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომლის გამოსწორება შესაძლებელია სარჩელის/წარდგინების არსებითად შეცვლის გარეშე, საორგანიზაციო დეპარტამენტი სარჩელის/წარდგინების შეტანიდან სამი დღის ვადაში მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემის მოთხოვნით. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი ვალდებულია, გასცეს თანხმობა სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციაზე, გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციაზე უარის თქმის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობისთანავე, საორგანიზაციო დეპარტამენტი არეგისტრირებს სარჩელს/წარდგინებას და აცნობებს მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენელს წარდგენილ სარჩელში/წარდგინებაში არსებული ფორმალური უზუსტობების, მათი აღმოფხვრის აუცილებლობისა და აღმოუფხვრელობის შესაძლო შედეგების შესახებ.

3. თუ 15 დღის ვადაში ფორმალური უზუსტობა არ გამოსწორდა, საორგანიზაციო დეპარტამენტი აუქმებს სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციას, აკეთებს ამის შესახებ აღნიშვნას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელებისა და წარდგინებების ჟურნალში და დაუყოვნებლივ აცნობებს ამის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს.

4. წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში/წარდგინებაში ისეთი ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომლის გამოსწორება შეუძლებელია სარჩელის/წარდგინების არსებითად შეცვლის გარეშე, საორგანიზაციო დეპარტამენტი არ არეგისტრირებს კონსტიტუციურ სარჩელს, რის შესახებაც იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

5. სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საორგანიზაციო დეპარტამენტის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენელს უფლება აქვთ, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს, რომელიც მიმართვიდან 15 დღის ვადაში წყვეტს სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციის საკითხს.

6. რეგისტრირებული სარჩელი/წარდგინება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული წესით, ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე.

მუხლი 13. რეგისტრირებული სარჩელის/წარდგინების საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის გადაცემა და განაწილება.

1. რეგისტრირებულ სარჩელს/წარდგინებას, თანდართულ მასალებთან ერთად, საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი დაუყოვნებლივ წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში, კოლეგიის განსჯად საქმეს რეზოლუციით გადასცემს ერთ-ერთ კოლეგიას, ხოლო თუ საქმე პლენუმის განსჯადია, გადასცემს პლენუმს და ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებისთვის საქმეთა გადაცემისას დაცული უნდა იქნეს რიგითობის წესი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. თუ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმავე შინაარსისაა ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიისთვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, ეს სარჩელი ერთ წარმოებად გასაერთიანებლად, განსახილველად გადასცეს იმავე კოლეგიას.

5. თუ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმავე შინაარსისაა ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, ეს სარჩელი ერთ წარმოებად გასაერთიანებლად, განსახილველად გადასცეს პლენუმს.

6. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შემოსული კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სამართალწარმოებით გათვალისწინებული წესით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებს შორის განაწილებისას მივა დასაბუთებულ დასკვნამდე, რომ განსახილველმა საქმემ თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა, იგი, კონსტიტუციური სარჩელის გადაცემიდან 7 დღის ვადაში, მიმართავს პლენუმს წერილობით დასაბუთებული წინადადებით საქმის პლენუმის მიერ განხილვის შესახებ. პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინადადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში წყვეტს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი საქმის პლენუმის მიერ განხილვის საკითხს, რომლის შესახებაც იღებს, შესაბამისად, საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას. განჩინების მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს განსახილველად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადასცემს ერთ-ერთ კოლეგიას.

მუხლი 14. მომხსენებელი მოსამართლის დანიშვნის წესი

1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ კონსტიტუციური სარჩელისა და წარდგინების განაწილების შემდეგ, მომხსენებელი მოსამართლის ავტომატური, ელექტრონული წესით შერჩევის სისტემა კოლეგიის/პლენუმის საქმეებზე მომხსენებლად შეარჩევს სასამართლოს წევრს ანბანური თანმიმდევრობით.

2. ავტომატური სისტემის მიერ კანდიდატის შერჩევის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო, თუ საქმე კოლეგიის განსჯადია - შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარე, იღებს რეზოლუციას შერჩეული პირის მომხსენებელ მოსამართლედ დანიშვნის შესახებ.

3. პლენუმის/კოლეგიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, მომხსენებლად დანიშნოს ავტომატური სისტემის მიერ შეთავაზებული წევრისგან განსხვავებული წევრი იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება იმავე შინაარსისაა ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის/კოლეგიისათვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება და მიზანშეწონილია ხსენებულ სარჩელებზე/წარდგინებებზე მომხსენებლად ერთი და იმავე პირის დანიშვნა.

4. მომხსენებელი მოსამართლე შეიძლება შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საქმის განხილვას (მის რომელიმე ეტაპს) ან გადაწყვეტას ჩამოცილდა წევრი, რომელიც დანიშნული იყო მომხსენებელ მოსამართლედ;

ბ) პლენუმის/კოლეგიის საოქმო ჩანაწერით მოხდა სხვადასხვა საქმეების ერთ საქმედ გაერთიანება და მათზე მომხსენებელ მოსამართლედ დანიშნული იყვნენ სასამართლოს სხვადასხვა წევრები. ასეთ შემთხვევაში ერთ საქმედ გაერთიანებულ ყველა კონსტიტუციურ სარჩელზე/წარდგინებაზე მომხსენებელ მოსამართლედ ინიშნება ის წევრი, რომელიც იყო მომხსენებელ მოსამართლედ დანიშნული ყველაზე ადრე რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე/წარდგინებაზე.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პლენუმის/კოლეგიის თავმჯდომარე იღებს დასაბუთებულ რეზოლუციას.

მუხლი 15. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების მოპასუხისათვის გაგზავნა

1. მომხსენებელი მოსამართლის დანიშვნის შემდეგ კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება, საქმის მასალებთან ერთად, ელექტრონული ფორმით ეგზავნება მოპასუხე მხარეს.

2. მოპასუხე მხარე ვალდებულია, წარმოადგინოს წერილობითი შესაგებელი არა უგვიანეს კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. მომხსენებელი მოსამართლე უფლებამოსილია, მოპასუხე მხარეს განუსაზღვროს შესაგებლის წარმოდგენის სხვა ვადა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი წარმოდგენიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება მოსარჩელე მხარეს.

3. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა არ აფერხებს საქმის განხილვას.

მუხლი 16. სასამართლო უწყება

1. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის ან ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების დრო და ადგილი.

2. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

3. სასამართლო უწყება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს სახელწოდებას და ზუსტ მისამართს;

ბ) გამოცხადების ადგილისა და დროის აღნიშვნას;

გ) განსახილველი საქმის დასახელებას;

დ) სასამართლოში დაბარებული პირის ვინაობას, ასევე ინფორმაციას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული;

ე) მითითებას იმის შესახებ, რომ ადრესატის არყოფნისას, უწყების მიმღები პირი ვალდებულია, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს;

ვ) ინფორმაციას გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ.

4. ფიზიკურ პირებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ, როგორც წესი, პირადად. თუ უწყების მიმტანმა უწყების ადრესატი ვერ იპოვა ცნობილი მისამართის მიხედვით, უწყება უნდა ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ან შესაბამის კომპეტენტურ პირს. ამ შემთხვევაში უწყების მიმღები პირი მოვალეა, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი ვინაობა, დამოკიდებულება სასამართლო უწყების ადრესატთან ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები პირი ვალდებულია, უწყება პირველი შესაძლებლობისთანავე გადასცეს ადრესატს.

5. თუ სასამართლო უწყების ადრესატმა ან სხვა პირმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც უბრუნდება საკონსტიტუციო სასამართლოს.

6. ადრესატისათვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება ჩაბარებულ უწყებაზე და მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

7. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა სასამართლოში დაბარება შესაძლებელია ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით გაკეთებული შეტყობინების მიღება დასტურდება ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით, რომლის ფორმას ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

8. უწყების ჩაბარებას უთანაბრდება სამართალწარმოების მონაწილეთა საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადება და სასამართლოს მიერ მათი ზეპირად ინფორმირება სხდომის ან საპროცესო მოქმედების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ.

9. თუ საქმის წარმოება სასამართლოში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას. იგი ვალდებულია, ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.

10. საქმეში მონაწილე პირები ან მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობონ საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის გამოცვლის შესახებ.

11. უწყებების გაგზავნა, სამართალწარმოების მონაწილის საკონსტიტუციო სასამართლოში სხვა საშუალებებით დაბარებისა და ზეპირად ინფორმირების ორგანიზება ევალება საორგანიზაციო დეპარტამენტს.

მუხლი 17. სასამართლოს სხდომა/სხდომის დანიშვნა

1. საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი წყდება განმწესრიგებელ სხდომაზე, რომელიც, როგორც წესი, ტარდება ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმის განმხილველი კოლეგია/პლენუმი მივა დასკვნამდე, რომ საქმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებების გამორკვევისათვის აუცილებელია ზეპირი მოსმენა, იღებს საოქმო ჩანაწერს განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით ჩატარების შესახებ. აღნიშნული საოქმო ჩანაწერის შესახებ მიეთითება სხდომის ოქმში.

2. საქმის არსებითი განხილვის სხდომა ტარდება ზეპირი მოსმენით. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევები განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის/პლენუმის განმწესრიგებელი/არსებითი განხილვის სხდომის თარიღს ნიშნავს კოლეგიის/პლენუმის თავმჯდომარე.

4. სხდომის მოწვევა ხდება კოლეგიის/პლენუმის თავმჯდომარის მიერ კოლეგიის/პლენუმის წევრებისათვის სხდომის დროისა და განსახილველი საკითხის/საკითხების ტექნიკური საშუალებით (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.) შეტყობინებით სხდომამდე არაუგვიანეს 5 დღისა. კოლეგიის/პლენუმის თავმჯდომარემ შეტყობინების გაკეთება შეიძლება დაავალოს საორგანიზაციო დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს.

5. საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში სასამართლოს სხდომის თარიღი სხდომამდე არანაკლებ 5 დღით ადრე ეცნობებათ მხარეებს.

მუხლი 18. მომზადება საქმის განხილვისთვის

საქმის განხილვისათვის მომზადებას უზრუნველყოფს მომხსენებელი მოსამართლე, რისთვისაც იგი:

ა) მხარეებთან, კონსტიტუციური წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან აზუსტებს საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს;

ბ) უზრუნველყოფს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან და კერძო პირებისგან საქმის გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტების გამოთხოვას;

გ) არკვევს მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის, საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის მოწვევის საჭიროებას და საქმის განმხილველი სასამართლოს თანხმობით უზრუნველყოფს მათ მოწვევას;

დ) ახორციელებს საქმის განსახილველად მომზადებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს.

მუხლი 19. საჯარო დაწესებულების პოზიციის მოთხოვნა

1. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოითხოვოს ნებისმიერი საჯარო დაწესებულების პოზიციის წარმოდგენა.

2. სასამართლო უფლებამოსილია, მოსაზრების წარმოდგენა მოითხოვოს წერილობითი ფორმით ან/და წარმომადგენლის (შემდგომში - საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი) გამოყოფის გზით, რომელიც სასამართლო სხდომაზე გამოხატავს საჯარო დაწესებულების პოზიციას.

მუხლი 20. სასამართლოს სხდომის მიმდინარეობა (ზეპირი მოსმენით)

1. საქმის არსებითად განხილვის/არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვის დაწყებამდე სხდომის თავმჯდომარე:

ა) გახსნის სხდომას და აცხადებს, რომელი საქმე განიხილება;

ბ) ამოწმებს მოსამართლეთა კვორუმს და სხდომის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი სხდომის მდივნის გამოცხადებას;

გ) არკვევს სამართალწარმოების მონაწილეთა, მოწმეთა, ექსპერტთა, სპეციალისტთა და საჯარო დაწესებულების წარმომადგენელთა გამოცხადებას და მათი გამოუცხადებლობის მიზეზებს;

დ) ამოწმებს სხდომაზე გამოცხადებული პირების ვინაობას და მხარეთა წარმომადგენლების უფლებამოსილებას;

ე) აცხადებს საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას და სხდომის მდივნის ვინაობას;

ვ) სამართალწარმოების მონაწილეებს განუმარტავს კანონით განსაზღვრულ მათ უფლებებსა და მოვალეობებს;

ზ) არკვევს, სურთ თუ არა სამართალწარმოების მონაწილეებს დამატებით მოწმეთა, ექსპერტთა, სპეციალისტთა და საჯარო დაწესებულების წარმომადგენელთა გამოძახება ან დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა; ამ საკითხებზე შემოსულ შუამდგომლობებს სასამართლო წყვეტს სხდომის დარბაზში. კოლეგიის მიერ საქმის განხილვისას ხსენებული შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად საკმარისია ორი მოსამართლის მხარდაჭერა, პლენუმის მიერ საქმის განხილვისას კი - სამი მოსამართლის მხარდაჭერა.

თ) აცხადებს სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების/არსებითი განხილვის საკითხის განხილვის დაწყებას.

2. სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვა/არსებითი განხილვა გრძელდება მომხსენებელი მოსამართლის მოხსენებით. მომხსენებელი მოსამართლე:

ა) მოახსენებს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსის თაობაზე;

ბ) უპასუხებს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შეკითხვებს.

3. მოხსენების შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს ჯერ მოსარჩელე მხარის/კონსტიტუციური წარდგინების ავტორის, შემდეგ - მოპასუხე მხარის განმარტებებს.

4. მხარეთა განმარტებების შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს სხდომაზე მოწვეულ მოწმეთა, ექსპერტთა, სპეციალისტთა და საჯარო დაწესებულების წარმომადგენელთა ჩვენებებს და სასამართლოს მეგობრის პოზიციას. მოწმეთა, ექსპერტთა, სპეციალისტთა და საჯარო დაწესებულების წარმომადგენელთა დაკითხვამდე სხდომის თავმჯდომარე ადგენს მათ ვინაობას და წერილობით აფრთხილებს ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან/და წინასწარი შეცნობით სასამართლოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს აგრეთვე თარჯიმანს შეგნებულად არასწორი თარგმანისათვის პასუხისმგებლობის თაობაზე.

5. მოწმეთა, ექსპერტთა, სპეციალისტთა და საჯარო დაწესებულების წარმომადგენელთა მოსმენის შემდგომ სასამართლო იკვლევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

6. მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ, სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს უფლებას, დაუსვან ერთმანეთს კითხვები. თავდაპირველად კითხვებს სვამს მოსარჩელე მხარე/კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, შემდეგ - მოპასუხე მხარე.

7. მხარეთა კითხვების შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს დასკვნით სიტყვებს. ჯერ სიტყვით გამოდის მოსარჩელე მხარე/კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, შემდეგ - მოპასუხე მხარე.

8. დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდგომ სასამართლო გადის სათათბირო ოთახში, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე უცხადებს საქმის განხილვის მონაწილეებს და სხდომის დარბაზში მყოფ სხვა პირებს.

„მუხლი 201. გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დისტანციურად ჩატარების თაობაზე

1. განსაკუთრებული ვითარების არსებობისას, საქმის განმხილველი კოლეგია/პლენუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელი ან/და არსებითი განხილვის სხდომის ზეპირი მოსმენის დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით, გამართვის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეცნობებათ მხარეებს. სხდომის დისტანციურად ჩატარება დასაშვებია მხარეთა თანხმობის შემთხვევაში.

3. მხარე ვალდებულია სხდომის დისტანციურად ჩატარებასთან დაკავშირებით პოზიცია (თანხმობა ან უარი) წარმოადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების მათთვის გაცნობიდან 3 დღის ვადაში. სხდომის დისტანციურად ჩატარებასთან დაკავშირებით მხარის უარყოფითი პოზიცია წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით.

4. მოპასუხე მხარე უფლებამოსილია, სხდომის დისტანციურად ჩატარებაზე უარი განაცხადოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზეპირ განხილვაში ფიზიკურად მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად. ხსენებულთან დაკავშირებით მოპასუხე მხარემ უნდა წარმოადგინოს წერილობითი დასაბუთება.

5. თუ საქმის განმხილველი სასამართლო არ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას საქმის განხილვაში ფიზიკურად მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ, იგი საქმის ზეპირი მოსმენის დისტანციურად გამართვის შესახებ იღებს წერილობით განჩინებას.

6. დისტანციურად გასამართი ზეპირი მოსმენის თარიღს განსაზღვრავს კოლეგიის/პლენუმის თავმჯდომარე.

7. გადადებული დისტანციური სხდომა, ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცვით, შესაძლებელია გაგრძელდეს ორდინალური წესით და პირიქით, ორდინალური წესით დაწყებული სხდომა შესაძლებელია გაგრძელდეს დისტანციური წესით.


ცვლილება N2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 7 დეკემბრის N127/1 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი [www.constcourt.ge, 07/12/2020])

მუხლი 202. დისტანციური სხდომა

1. დისტანციური სხდომა მიმდინარეობს ტექნიკური საშუალების გამოყენებით, რომელიც საქმის განხილვის მონაწილეებს აძლევს ერთმანეთთან აუდიო და ვიდეო კომუნიკაციის რეალურ დროში დამყარების შესაძლებლობას.

2. დისტანციური სხდომის მიმდინარეობისას გამოიყენება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესები, სხდომის დისტანციურობის თავისებურებების გათვალისწინებით.

3. თუ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლის სრულფასოვანი გამოკვლევა მოითხოვს მის ფიზიკურ დათვალიერებას/ადგილზე შესწავლას, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას დისტანციური სხდომის გადადების თაობაზე. დისტანციური სხდომა შეიძლება გაგრძელდეს მას შემდეგ, რაც მხარე(ებ)ს მიეცემათ შესაბამისი მტკიცებულების დათვალიერების გაცნობის შესაძლებლობა. ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს/გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც შესაბამისი მტკიცებულება არის წარმოდგენილი ან/და შესაბამისი ფაქტი/გარემოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლის შესაბამისად არ საჭიროებს მტკიცებას.

4. დისტანციურ სხდომაზე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოკვლევა დაუშვებელია.


ცვლილება N2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 7 დეკემბრის N127/1 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი [www.constcourt.ge, 07/12/2020])

მუხლი 203. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მონაწილეობა დისტანციურ სხდომაში

1. საქმის განმხილველი მოსამართლე დისტანციურ სხდომაში შეიძლება ჩაერთოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზიდან ან საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში განთავსებული მისი სამუშაო ოთახიდან.

2. მოსამართლის ციფრული სახელი განისაზღვრება შემდეგნაირად: მოსამართლე [სახელი, გვარი]; სხდომის თავჯდომარე: [სახელი, გვარი].


ცვლილება N2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 7 დეკემბრის N127/1 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი [www.constcourt.ge, 07/12/2020])

მუხლი 204. დისტანციური სხდომის ორგანიზება და სხდომის მონაწილეთა იდენტიფიკაცია.

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახური ადგენს დისტანციურ სხდომაში მონაწილე პირების ნუსხას. სიაში მიეთითება:

ა. მონაწილე პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ბ. ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი;

გ. სტატუსი, რომლითაც მონაწილეობას იღებს სხდომაში.

2. დისტანციურ სხდომაში მონაწილე პირები ვალდებულნი არიან თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. სხდომის მონაწილის მიერ დისტანციურ სხდომაში მონაწილეობისთვის შერჩეული ტექნიკური საშუალება უნდა იძლეოდეს ვიდეო გამოსახულების და ხმის გონივრული ხარისხით გადაცემის შესაძლებლობას.

3. მოპასუხე და მოსარჩელე მხარეები დისტანციურ სხდომას უერთდებიან სხდომის დაწყებამდე არანაკლებ 30 წუთით ადრე.

4. დისტანციური სხდომის დაწყებამდე, მდივანი ამოწმებს დამსწრე პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემებს, დამსწრე პირთა ვინაობის დადასტურება ხორციელდება მათ მიერ დისტანციურ რეჟიმში წარმოდგენილი საიდენტიფიკაციო დოკუმენტებისა და საქმის მასალებში მითითებული მონაცემების შედარებით. სხდომის დაწყებამდე მოწმდება დისტანციური სხდომის ჩასატარებლად და ჩასაწერად აუცილებელი ტექნიკური პირობების არსებობა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების შემდგომ, მონაწილე პირთა ციფრული სახელები განისაზღვრება შემდეგი პრინციპით: მოპასუხე მხარე: [სახელი, გვარი] ან მოსარჩელე მხარე: [სახელი გვარი].

6. მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის ან/და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის გაფრთხილება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ხდება ზეპირად, სხდომის თავმჯდომარის მიერ. ამავე დროს, საორგანიზაციო სამსახური უზრუნველყოფს ხსენებული პირებისათვის გაფრთხილების ტექსტის წინასწარ გაგზავნას, რომლის ადრესატის მიერ მიღების საკითხს ამოწმებს სხდომის თავმჯდომარე პასუხისმგებლობის შესახებ ზეპირად გაფრთხილებამდე. ამ პუნქტში მითითებული სტატუსით ჩართულ პირთა ციფრული სახელი განისაზღვრება: [სტატუსი: სახელი, გვარი].


ცვლილება N2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 7 დეკემბრის N127/1 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი [www.constcourt.ge, 07/12/2020])

მუხლი 205. სასამართლოს დისტანციური სხდომების საჯაროობის უზრუნველყოფა

1. დისტანციური სასამართლოს სხდომა არის ღია და პირდაპირი ტრანსლირების გზით გადაიცემა საჯაროდ.

2. დისტანციური სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შემთხვევაში, წყდება სხდომის შესაბამისი ნაწილის ტრანსლირება.


ცვლილება N2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 7 დეკემბრის N127/1 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი [www.constcourt.ge, 07/12/2020])

მუხლი 206. დისტანციური სხდომების მართვის ტექნიკური ჯგუფი

1. დისტანციური სხდომის ტექნიკურ მართვას, აგრეთვე, სხდომის თავმჯდომარის მიერ სხდომის მიმდინარეობისას გაცემული მითითებების ტექნიკურ აღსრულებას უზრუნველყოფს სხდომის მდივანი ან/და დისტანციური სხდომების მართვის ტექნიკური ჯგუფი.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტისა და სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსები ადგენენ დისტანციური სხდომების მართვის ტექნიკურ ჯგუფს. ჯგუფს ხელმძღვანელობს საორგანიზაციო სამსახურის უფროსი.

3. ჯგუფი შეარჩევს დისტანციური სხდომის ჩატარებისთვის საჭირო ტექნიკურ საშუალებას. ტექნიკური საშუალება უნდა იძლეოდეს რეგლამენტის 201-206 მუხლებში ჩამოყალიბებული ტექნიკური წესების აღსრულების და სხდომების ჩაწერის შესაძლებლობას.

4. სხდომის დაწყებამდე, ჯგუფი ახორციელებს დისტანციური სხდომის ჩასატარებლად საჭირო ტექნიკურ ღონისძიებებს და ამოწმებს სხდომის მონაწილე პირთა ტექნიკური ინფრასტრუქტურის მზაობას დისტანციური სხდომის ჩასატარებლად.

5. ტექნიკური ჯგუფი ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რაც აუცილებელია რეგლამენტის 201-206 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსასრულებლად.

6. თუ სხდომის მიმდინარეობისას გამოვლინდა ტექნიკური ხარვეზი, რაც ხელს უშლის სხდომის ჩატარებას, სხდომის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას ტექნიკური შესვენების გამოცხადების თაობაზე. სხდომა გაგრძელდება ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ.


ცვლილება N2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 7 დეკემბრის N127/1 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი [www.constcourt.ge, 07/12/2020])

მუხლი 21. შუამდგომლობის განხილვის, სხვა საპროცესო მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი

1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სასამართლო უფლებამოსილია, საქმის ზეპირი განხილვის დროს დაყენებული მხარეთა შუამდგომლობები გადაწყვიტოს სხდომათა დარბაზში (ადგილზე თათბირით) ან სათათბირო ოთახში.

2. სასამართლოს სხდომამდე დაყენებულ მხარეთა შუამდგომლობებს სასამართლო წყვეტს სხდომის დაწყებამდე, სასამართლო უფლებამოსილია, ხსენებულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება მიიღოს სხდომის დაწყების შემდეგ იმ შემთხვევაში თუ საჭიროა მხარეთა მოსმენა.

3. შუამდგომლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ცხადდება სხდომის თავმჯდომარის მიერ და აღინიშნება სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება, შესაძლებელია ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს აქტის გამოქვეყნებისთვის დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სხდომაზე შესაძლებელია გამოცხადდეს მხოლოდ მისი სარეზოლუციო ნაწილი.

4. სასამართლო საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის განხილვისა და გადაწყვეტისათვის დადგენილი წესით.

5. თუ ამ რეგლამენტით ან/და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, საქმის განმხილველი სასამართლო შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან/და საპროცესო მოქმედების ჩატარების საკითხს წყვეტს საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეების ხმათა უმრავლესობით. თუ მოსამართლეთა ხმები თანაბრად გაიყო, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება ან/და საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

მუხლი 22. მოსამართლის მანტია

1. მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებში მონაწილეობს განსაკუთრებული სამოსით - მანტიით.

2. მანტიის ფორმა მტკიცდება პლენუმის დადგენილებით, რომელიც ამ რეგლამენტის განუყოფელი ნაწილია.

მუხლი 23. სხდომაზე გამოუცხადებლობა

1. პირი, რომელსაც ამ რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად ჩაჰბარდა უწყება, ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოს სხდომაზე და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რომელიმე მხარის საპატიო მიზეზით ან/და ორივე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გადადოს სხდომა.

3. თუ სასამართლო არასაპატიოდ მიიჩნევს საქმის განხილვის რომელიმე მხარის გამოუცხადებლობას, იგი სხდომას ატარებს ამ მხარის დაუსწრებლად. ამგვარ შემთხვევაში სასამართლო ასევე უფლებამოსილია, გადადოს სხდომა, თუ იგი საქმის გამოკვლევისათვის აუცილებლად მიიჩნევს გამოუცხადებელი მხარის პოზიციის მოსმენას.

4. მოსარჩელის მიერ ორჯერ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, შესაძლოა, განხილულ იქნეს მის მიერ დავის მიმართ ინტერესის დაკარგვად და კონსტიტუციურ სარჩელზე უარის თქმად. ასეთ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, შეწყვიტოს საქმე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.

5. მოწმის, სპეციალისტის, ექსპერტის ან/და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მოისმენს მხარეების პოზიციას ამ პირთა დაუსწრებლად სხდომის ჩატარების შესაძლებლობის თაობაზე და ადგილზე თათბირით წყვეტს საკითხს სხდომის გადადების შესახებ.

მუხლი 24. დასწრება საკონსტიტუციო სასამართლოს ღია სხდომაზე

1. პირი, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს ღია სხდომაზე დასწრების სურვილი, დაიშვება სხდომის დარბაზში სხდომის დაწყებამდე ან შესვენებებისას, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის თანხმობით ნებისმიერ დროს, ისე, რომ ხელი არ შეეშალოს სხდომის ნორმალურ მიმდინარეობას.

2. თუ სხდომაზე დამსწრე პირს სურს სასამართლო სხდომაზე რადიო, ტელე, აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის გაკეთება, იგი სხდომის დაწყებამდე მიმართავს საორგანიზაციო სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც ხსენებულ თხოვნას ატყობინებს საქმის განმხილველ სასამართლოს. საქმის განმხილველი სასამართლო თანხმობის მიცემის საკითხს წყვეტს სასამართლო სხდომის დაწყებამდე.

3. სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს არ აქვთ უფლება იქონიონ საგნები და ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ან/და სასამართლოს ქონებისათვის ზიანის მიყენების მიზნით.

მუხლი 25. სასამართლოს დახურულ სხდომაში მონაწილეობა

1. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით, დახურულ სხდომას შესაძლოა დაესწრონ საკონსტიტუციო სამართალწარმოების ის მონაწილეები, მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და საჯარო დაწესებულების წარმომადგენელები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვთ დაშვება შესაბამისი კატეგორიის სახელმწიფო საიდუმლოებაზე.

2. პირადი, პროფესიული ან/და კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით, დახურულ სხდომაში პირთა მონაწილეობის და მასზე დასწრების საკითხს წყვეტს საქმის განმხილველი სასამართლო.

მუხლი 26. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის დასწრება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე და სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა

პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დასწრების ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის აუცილებლობის შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლო მიმართავს შესაბამის სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფს პირის სხდომაზე დასწრებას ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობას.

მუხლი 27. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ჩატარებისა და სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ქცევის წესი

1. სამართალწარმოების მონაწილე, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი სიტყვით გამოდის, შეკითხვებს სვამს და პასუხობს ფეხზე მდგომი ან სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, დამჯდარ მდგომარებაში.

2. სასამართლოს აქტები, როგორც წესი, ცხადდება და მოისმინება ფეხზე დგომით.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის (მოსამართლისათვის) მიმართვის შემთხვევაში გამოიყენება ოფიციალური მიმართვის ფორმები: „თქვენო ღირსებავ“, „პატივცემულო სასამართლო“, „პატივცემულო მოსამართლენო“, „ბატონო მოსამართლე“, „პატივცემულო მოსამართლე“, „ბატონო თავმჯდომარე“, „პატივცემულო თავმჯდომარე“.

4. სხდომის დარბაზში მყოფი პირები მოვალენი არიან, დაემორჩილონ სხდომის თავმჯდომარის მითითებებს, დაიცვან წესრიგი, არ იმოძრაონ დარბაზში სხდომის მიმდინარეობისას, არ ისაუბრონ, არ გააკეთონ რეპლიკები, სხვაგვარად არ შეუშალონ ხელი სხდომის ნორმალურ მიმდინარეობას. სასამართლოს შენობაში მყოფი პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან წესრიგი და ხელი არ შეუშალონ სასამართლოს სხდომის მიმდინარეობას.

მუხლი 28. ზეპირი ახსნა-განმარტების წარდგენის წესი

1. ზეპირი ახსნა-განმარტების წარდგენის ძირითადი მიზანია მხარეთა მიერ სასამართლოსათვის წერილობითი მასალებიდან განსხვავებული, მათი შემავსებელი, ინფორმაციის/მოსაზრებების მიწოდება.

2. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს განუსაზღვროს გონივრული დრო ზეპირი ახსნა-განმარტების/დასკვნითი სიტყვის წარსადგენად.

3. სასამართლო უფლებამოსილია, არ მოისმინოს ერთხელ უკვე მიწოდებული (წერილობით ან ზეპირი ფორმით) ინფორმაცია.

მუხლი 29. მტკიცებულებათა გამოკვლევა

1. საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში მტკიცებულება არის ინფორმაციის შემცველი ობიექტი, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ფაქტობრივ გარემოებას.

2. მხარეთა მოსმენის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და შესაძლებლობას აძლევს მხარეებს, გამოხატონ პოზიცია მტკიცებულებათა თაობაზე.

3. საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს, საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც მნიშვნელობა არ აქვს საქმისათვის.

მუხლი 30. მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის, საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის დისტანციური დაკითხვა

1. საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი ან/და საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი დაიკითხოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

2. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დასაკითხი პირის ადგილსამყოფელზე მიავლინოს წარმომადგენელი, რომელიც მოახდენს დასაკითხი პირის იდენტიფიცირებას და მოწმეს, ექსპერტს ან/და სპეციალისტს გააფრთხილებს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.

ცვლილება N3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2024 წლის პირველი მარტის N136/1 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი [www.constcourt.ge, 11/03/2024])

მუხლი 31. ფაქტები, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას

საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმის განხილვისას გამოკვლევის გარეშე დადასტურებულად მიიჩნიოს:

ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს აქტით დადგენილი ფაქტები.

მუხლი 32. ადგილზე დათვალიერება

1. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მოახდინოს იმ ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებების ადგილზე დათვალიერება და გამოკვლევა, რომელთა სასამართლოში წარდგენაც ამა თუ იმ მიზეზის გამო შეუძლებელია.

2. ადგილზე დათვალიერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო.

3. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს ეცნობებათ ადგილზე დათვალიერების დრო და ადგილი. მათი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს დათვალიერების ჩატარებას.

4. აუცილებლობის შემთხვევაში ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება გამოიძახონ მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები.

5. ადგილზე დათვალიერებას აწარმოებს საქმის განმხილველი სასამართლო. ადგილზე დათვალიერებაში, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღონ სასამართლოს აპარატის მოხელეებმა.

6. საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეიძლება ადგილზე დათვალიერების განხორციელება დაეკისროს საქმის განმხილველ რომელიმე მოსამართლეს ან მოსამართლეთა ჯგუფს.

7. დათვალიერების შემდგომ უნდა შედგეს ოქმი (დათვალიერების ოქმი), რომელსაც ხელს აწერენ დათვალიერებაში მონაწილე სასამართლოს წევრები.

8. დათვალიერების ოქმი ერთვის საქმეს.

9. დათვალიერების ოქმში უნდა აღინიშნოს:

ა) დათვალიერების ადგილი და ობიექტები;

ბ) დათვალიერებაში მონაწილე პირები;

გ) დათვალიერებაში მონაწილე პირთა მოსაზრებები/შენიშვნები;

დ) დათვალიერების შედეგები.

10. ადგილზე დათვალიერების ხარჯები იფარება საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტიდან.

მუხლი 33. პერსონალური მონაცემების/პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვა

1. საქმის განმხილველი სასამართლო ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის მიზნით, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის მაიდენტიფიცირებელი/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დოკუმენტები ქვეყნდება იმგვარი ფორმით, რომ არ გამჟღავნდეს პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ან/და მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული შესაბამისი ინფორმაცია.

2. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების საორგანიზაციო დეპარტამენტისთვის ჩაბარებიდან მის განაწილებამდე პერიოდში პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განაწილების შემდეგ სამართალწარმოების დასრულებამდე პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდგომ პლენუმის აქტებში პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს - პლენუმი, კოლეგიის აქტებზე - შესაბამისი კოლეგია, სხვა დოკუმენტებზე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან/და სასამართლო თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით, უფლებამოსილია, შეცვალოს საკუთარი გადაწყვეტილება მონაცემთა დაფარვის შესახებ.

მუხლი 34. საქმის გაერთიანება, გამოყოფა, პრიორიტეტიზაცია

1. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, მის წარმოებაში არსებული კონსტიტუციური სარჩელები/წარდგინებები სრულად ან ნაწილობრივ გააერთიანოს ერთ საქმედ.

2. იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციურ სარჩელში/წარდგინებაში გადასაწყვეტია შინაარსობრივად არსებითად განსხვავებული საკითხები, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება გაყოს რამდენიმე საქმედ და ცალ-ცალკე გადაწყვიტოს, მათ შორის, სასარჩელო მოთხოვნის რომელიმე ნაწილი სხვა სარჩელთან ერთად გააერთიანოს ერთ საქმედ.

3. სადავო ნორმის კონსტიტუციის რომელიმე დებულებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია აღარ შეაფასოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობა კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ კონსტიტუციის სხვა დებულებებთან მიმართებით, თუ მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ ახდენს არსებით გავლენას მოსარჩელის უფლებების დაცვაზე.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, მიიღოს დასაბუთებული საოქმო ჩანაწერი საქმის სხვა საქმეებთან შედარებით პრიორიტეტულად განხილვა/გადაწყვეტის შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია, პრიორიტეტულად განიხილოს საქმეები, რომელთა გადაწყვეტაც ესაჭიროება მოსარჩელეს საკუთარი ფიზიკური თავისუფლების ხელშეუხებლობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დასაცავად ან/და რომელზეც არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ საქმის პრიორიტეტულად გადაწყვეტის საჭიროებაზე.

მუხლი 35. სასამართლოს შემადგენლობის ცვლილება

1. მოსამართლე ჩამოცილდება საქმის განხილვას/გადაწყვეტას იმ შემთხვევაში თუ:

ა) შეუწყდა უფლებამოსილება;

ბ) შეუჩერდა უფლებამოსილება;

გ) სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მისი აცილების ან თვითგანრიდების თაობაზე.

2. მოსამართლე ჩამოცილდება საქმის შესაბამისი ეტაპის (განმწესრიგებელი სხდომა/საქმის არსებითი განხილვა) განხილვას/გადაწყვეტას იმ შემთხვევაში თუ:

ა) არ მიუღია მონაწილეობა შესაბამის ეტაპზე ჩატარებულ საქმის ზეპირი განხილვის რომელიმე სხდომაში;

ბ) განზრახ თავს არიდებს ან ობიექტურ მიზეზთა გამო ვერ მონაწილეობს ამ რეგლამენტის 36-ე მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს აქტის მიღების სხდომაში და საქმის განხილვაში მონაწილე სხვა მოსამართლეთა რაოდენობა საკმარისია სასამართლოს აქტის მიღებისთვის.

3. თუ მოსამართლის ჩამოცილების შემდეგ კოლეგიის წევრთა დარჩენილი რაოდენობა არ ქმნის მოსამართლეთა კვორუმს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, ამ საქმის განხილვისათვის კოლეგიას დროებით მიამაგროს სხვა კოლეგიის ერთ-ერთი წევრი, გარდა კოლეგიის თავმჯდომარისა.

4. სასამართლოს ახლადდანიშნული წევრი ანაცვლებს უფლებამოსილებაშეწყვეტილ წევრს და მის ნაცვლად მონაწილეობს საქმის განხილვასა და გადაწყვეტაში.

5. თუ საქმის განხილვაში მონაწილე რომელიმე მოსამართლე სხვა მოსამართლით შეიცვალა, შემცვლელი მოსამართლე უფლებამოსილია, მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვასა და გადაწყვეტაში იმ ეტაპიდან, რა ეტაპზეც მოხდა მოსამართლის ცვლილება. შემცვლელი მოსამართლის მოთხოვნის შემთხვევაში საქმის განხილვის შესაბამისი ეტაპი (განმწესრიგებელი სხდომა, საქმის არსებითი განხილვა) თავიდან იწყება.

მუხლი 36. სასამართლოს აქტის მიღების პროცედურები

1. სასამართლოს აქტის მიღების საკითხს პლენუმი/კოლეგია წყვეტს ღია კენჭისყრით, სათათბირო ოთახში.

2. აქტის მისაღებად სასამართლოს სხდომას ამ მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დაცვით იწვევს შესაბამისი კოლეგიის/პლენუმის თავმჯდომარე მომხსენებელ მოსამართლესთან (ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროექტის ავტორთან/ავტორებთან) კონსულტაციით. სხდომის მოწვევა ხდება კოლეგიის/პლენუმის თავმჯდომარის მიერ კოლეგიის/პლენუმის წევრებისათვის სხდომის დროისა და განსახილველი საკითხის/საკითხების ტექნიკური საშუალებით (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.) შეტყობინებით.

3. მომხსენებელი მოსამართლე პლენუმს/კოლეგიას განმწესრიგებელი სხდომის დოკუმენტის პროექტს წარუდგენს სასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 2 დღისა. ხოლო გადაწყვეტილების/დასკვნის პროექტს - არაუგვიანეს 7 დღისა.

4. განხილვის მონაწილე მოსამართლე უფლებამოსილია, დააყენოს წინადადება სასამართლოს აქტის პროექტში ცვლილების ან დამატების შეტანის შესახებ. მომხსენებელი მოსამართლის (ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროექტის ავტორის) მიერ ცვლილებების გაზიარების შემთხვევაში იგი აისახება სასამართლოს აქტის პროექტში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, კენჭი ეყრება მომხსენებელი მოსამართლის მიერ წარდგენილ სასამართლო აქტის პროექტს (ცვლილებების და დამატებების გათვალისწინებით).

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სასამართლო აქტის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მასში ასახულ საქმის გადაწყვეტას მხარს დაუჭერს შესაბამისი აქტის მიღებისათვის საჭირო მოსამართლეთა რაოდენობა.

7. თუ მომხსენებელი მოსამართლის მიერ წარმოდგენილ პროექტში ასახულ საქმის გადაწყვეტას მხარი არ დაუჭირა მისი მიღებისათვის საკმარისი რაოდენობის მოსამართლემ პროექტი არ ჩაითვლება მიღებულად. ის მოსამართლეები, რომლებმაც პროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ადგენენ სასამართლო აქტის ალტერნატიულ პროექტს. ალტერნატიული პროექტის ავტორს შეთანხმებით წყვეტენ ის მოსამართლეები, რომლებიც არ დაეთანხმნენ მომხსენებელი მოსამართლის მიერ წარმოდგენილ პროექტში ასახულ საქმის გადაწყვეტას. შეუთანხმებლობის შემთხვევაში პროექტის ავტორს ნიშნავს საქმის განმხილველი კოლეგიის/პლენუმის თავმჯდომარე.

8. ალტერნატიული პროექტი გასაცნობად გადაეცემა საქმის განმხილველ ყველა მოსამართლეს. სასამართლოს წევრმა, პროექტის წარდგენიდან მის კენჭისყრამდე შეიძლება მოითხოვოს გონივრული დრო პროექტის გასაცნობად, განმწესრიგებელი სხდომის დოკუმენტის შემთხვევაში არაუმეტეს 2 და სასამართლოს გადაწყვეტილების/დასკვნის შეთხვევაში არაუმეტეს 7 დღისა.

9. ალტერნატიულ პროექტის მიღების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესი.

10. თუ განმწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლო დადგება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25 მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე სადავო ნორმის არსებითად განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნობის საკითხის გადაწყვეტის საჭიროების წინაშე, თავდაპირველად კენჭი ეყრება სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის საკითხს. თუ სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობას მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა საკმარისმა რაოდენობამ, შემდგომში კენჭი ეყრება სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს.

11. თუ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციიდან ან მისი არსებითად განსახილველად მიღებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ პლენუმის/კოლეგიის თავმჯდომარე, მომხსენებელ მოსამართლესთან კონსულტაციის შედეგად, გამოარკვევს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხდომის ჩანიშვნის შემთხვევაში მომხსენებელი მოსამართლე ვერ შეძლებს შესაბამისი სასამართლოს აქტის პროექტის წარდგენას, პლენუმის/კოლეგიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სასამართლოს აქტის პროექტის მომზადება დაავალოს საქმის განმხილველი სასამართლოს სხვა მოსამართლეს და მასთან კონსულტაციის შედეგად ჩანიშნოს სასამართლოს სხდომა.

12. თუ საქმეზე ზეპირი მოსმენით განმწესრიგებელი სხდომის ან/და არსებითი განხილვის დასრულებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ პლენუმის/კოლეგიის თავმჯდომარე, მომხსენებელ მოსამართლესთან კონსულტაციის შედეგად, გამოარკვევს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხდომის ჩანიშვნის შემთხვევაში მომხსენებელი მოსამართლე ვერ შეძლებს შესაბამისი სასამართლოს აქტის პროექტის წარდგენას, პლენუმის/კოლეგიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სასამართლოს აქტის პროექტის მომზადება დაავალოს საქმის განმხილველ სხვა მოსამართლეს და მასთან კონსულტაციის შედეგად ჩანიშნოს სასამართლოს სხდომა.

13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების საფუძველზე სასამართლოს სხდომის ჩანიშვნა არ აბრკოლებს მომხსენებელი მოსამართლის მიერ სასამართლოს აქტის პროექტის წარმოდგენას.

14. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ სხდომასთან მიმართებით გამოიყენება ამ მუხლის მე-2-მე-8 პუნქტებით დადგენილი წესი, სასამართლოს სხდომის თავისებურებების გათვალისწინებით.

ცვლილება N3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2024 წლის პირველი მარტის N136/1 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი [www.constcourt.ge, 11/03/2024])

მუხლი 37. სასამართლოს კვორუმი, სასამართლო აქტის მიღებისათვის საჭირო მხარდამჭერთა რაოდენობა

1. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, ჩაატაროს განმწესრიგებელი ან/და არსებითი განხილვის სხდომა და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 6 წევრი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე ჩაატაროს განმწესრიგებელი ან/და არსებითი განხილვის სხდომა და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 7 წევრი.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია უფლებამოსილია, ჩაატაროს განმწესრიგებელი ან/და არსებითი განხილვის სხდომა და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 3 წევრი.

4. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების ან/და არსებითად გადაწყვეტის საკითხს წყვეტს საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეების ხმათა უმრავლესობით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღებულად ან/და დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრი.

6. თუ კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას განმწესრიგებელ სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება არ მიიღება არსებითად განსახილველად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. თუ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტისას ხმები თანაბრად გაიყო, სადავო ნორმის მოქმედება არ შეჩერდება.

8. თუ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე სადავო ნორმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნობის საკითხის გადაწყვეტისასგანმწესრიგებელ სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, სადავო ნორმა ინარჩუნებს ძალას გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

9. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის საქმის განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილე ოთხი წევრიდან ორი მიიჩნევს, რომ მათი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, რაც შედეგად იწვევს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე, დაკმაყოფილებაზე ან/და სადავო ნორმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნობაზე უარის თქმას, საქმე განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ სასამართლოს კოლეგიის პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან.

მუხლი 38. სასამართლო აქტის ხელმოწერა და გამოცხადება

1. სასამართლო აქტის ხელმოწერის პროცედურა იმართება სათათბირო ოთახში.

2. სასამართლო აქტებს ხელს აწერს ჯერ სხდომის თავმჯდომარე, შემდეგ საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე ანბანური რიგითობის მიხედვით, კენჭისყრისას მათ მიერ დაკავებული პოზიციის მიუხედავად.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დასკვნას, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ განჩინებას და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საოქმო ჩანაწერს, რომლებიც მიღებულია საქმის ზეპირი მოსმენის შედეგად, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სხდომათა დარბაზში.

მუხლი 39. სასამართლო აქტის გამოქვეყნება და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გაგზავნა

1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, დასკვნა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინება და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერი, მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა აქტი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტებისა, მიღებიდან 15 დღის ვადაში ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

3. სასამართლოს აქტი (რომელიც შეიცავს დახურულ სხდომაზე განხილულ ინფორმაციას) შეიძლება გამოქვეყნდეს იმ ფორმით, რომ უზრუნველყოფილი იქნეს დახურულ სხდომაზე განხილული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდის მისამართია: (www.)constcourt.ge.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდის ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხვა მისამართზე განთავსებულ ელექტრონულ რესურსს დროებით, არსებული ტექნიკური შეფერხების აღმოფხვრამდე, მიანიჭოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდის სტატუსი.

მუხლი 40. ტექნიკური შეცდომების გასწორება

1. ტექნიკური შეცდომების გასწორების მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გამოქვეყნებულ აქტში განახორციელოს რედაქციული ცვლილებები.

2. პლენუმის აქტში არსებული ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, კოლეგიის აქტში არსებულ ტექნიკურ შეცდომებთან დაკავშირებით კი - შესაბამისი კოლეგია.

3. ტექნიკური შეცდომის შესწორების შესახებ კოლეგია/პლენუმი იღებს დასაბუთებულ განჩინებას. აღნიშნული განჩინება მიიღება შესასწორებელი აქტის მიღებისათვის საჭირო კვორუმითა და მოსამართლეთა რაოდენობის მხარდაჭერით.

4. ტექნიკური შეცდომის შესწორებამ არ უნდა გამოიწვიოს აქტის შინაარსის ცვლილება.

მუხლი 41. საპროცესო ვადების გამოთვლა

1. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

2. წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს.

3. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

4. მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ შესაბამისი დოკუმენტაცია ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

თავი IV
მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა

მუხლი 42. წარმოების დაწყება

1. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის ცნობილი გახდა, ინფორმაცია, რომელიც აჩენს გონივრულ ეჭვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის არსებობის შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გადასცემს საკითხს შესასწავლად ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთაკომისიას და იწვევს პლენუმის სხდომას. პლენუმის სხდომა მოიწვევა კომისიისათვის საკითხის შესასწავლად გადაცემიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 30 დღისა.

2. თავმჯდომარემ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ინიცირებისას უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც აჩენს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის არსებობის გონივრულ ეჭვს და მიაწოდოს კომისიას შესაბამისი მასალები.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის ინიცირებას ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.

4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის პროცედურა არ შეიძლება დაიწყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის (ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავმჯდომარის უხუცესი მოადგილის) მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის არსებობის გონივრული ეჭვის დამადასტურებელი ინფორმაციის შეტყობის მომენტიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.

მუხლი 43. საკითხის შესწავლა კომისიის მიერ

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართვიდან 10 დღის ვადაში ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია შეისწავლის საკითხს და პლენუმს წარუდგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილების პროექტს ან დასკვნას.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია ამზადებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილების პროექტს, ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - დასკვნას.

3. თუ ამ რეგლამენტის 42-ე მუხლის საფუძველზე ინიცირებულია კომისიის წევრის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ, საკითხის განხილვის დამთავრებამდე, ბრძანებით შეაჩერებს მის წევრობას კომისიაში და შესაბამისი საკითხის განხილვის ვადით დანიშნავს კომისიის სხვა წევრს.

4. კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან, შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით მიიღონ ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ორგანოდან, ფიზიკური და იურიდიული პირისაგან, მოიწვიონ სპეციალისტები საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად.

მუხლი 44. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის ორი წევრი მაინც.

2. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს უჭერს კომისიის წევრთა უმრავლესობა.

3. კომისიის წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კომისიის წევრები ცალ-ცალკე ამზადებენ დადგენილების პროექტს/დასკვნას და წარუდგენენ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.

მუხლი 45. პლენუმის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა

1. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, განიხილოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება არანაკლებ 6 წევრი.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დახურულ სხდომაზე.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხები განიხილოს ღია სხდომაზე, თუ ამას მოითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ის წევრი, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხიც განიხილება.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტისათვის აუცილებელ გარემოებებს ადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტისათვის განსაზღვრული ზოგადი წესების შესაბამისად.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მოუსმენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრს, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხიც განიხილება.

მუხლი 46. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტა

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას კომისიის მიერ წარმოდგენილ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილების პროექტის შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერ წევრს უფლება აქვს, წარმოადგინოს პლენუმის დადგენილების ალტერნატიული პროექტი.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს კომისიის დასკვნას და სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით ადასტურებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის არსებობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის დადასტურების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აფორმებს განკარგულებით.

4. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ პლენუმის სხდომის მოწვევიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, დადასტურებულად ჩაითვლება მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის არარსებობა. დაუშვებელია იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით აღძვრა.

მუხლი 47. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობა

1. პლენუმის დადგენილება, რომლის საფუძველზეც ხდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, ღიაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსის ან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაკავებული პოზიციის შესახებ ინფორმაციას. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, დადგენილება დაიხუროს სრულად ან ნაწილობრივ.

2. პლენუმის დადგენილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ დახურულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი თავისი ინიციატივით ან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრის მოთხოვნით, რომელსაც შეეხება დადგენილება, მიიღებს გადაწყვეტილებას დადგენილების ღიაობის შესახებ.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გაფორმების შესახებ ღიაა.

მუხლი 48. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებები

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილება კომისიის მიერ საკითხის შესწავლისას, ისევე როგორც პლენუმის მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას, უფლება აქვს:

ა) ყველა სახელმწიფო ორგანოდან, ფიზიკური და იურიდიული პირისაგან მიიღოს ინფორმაცია, რომელიც სჭირდება თავის დასაცავად;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს და კომისიას წარუდგინოს ზეპირი ან/და წერილობითი ახსნა-განმარტებები და სხვა მტკიცებულებები;

გ) არ მისცეს ახსნა-განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს და კომისიას. ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმა არ შეიძლება შეფასდეს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის არსებობის დამადასტურებელ გარემოებად;

დ) ისარგებლოს ადვოკატის ან სხვა წარმომადგენლის დახმარებით;

ე) მონაწილეობა მიიღოს პლენუმის მიერ მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში;

ვ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წინაშე დააყენოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების აცილების საკითხი, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით ან სახეზეა სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში.

თავი V
მოსამართლის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა

მუხლი 49. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების თანხმობის მიცემის წესი

1. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების თაობაზესაკონსტიტუციო სასამართლოსათვის უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ იწვევს პლენუმის სხდომას, გადასცემს მიმართვას და თანდართულ მასალებს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს.

2. თუ მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეეხება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.

3. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების თაობაზე თანხმობის მიცემის საფუძვლების არსებობა/არარსებობის შესახებ დასკვნას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია წარუდგენს მიმართვისა და თანდართული მასალების გადაცემიდან 24 საათის განმავლობაში.

4. კომისიის მიერ საკითხის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ რეგლამენტის 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად.

5. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების თაობაზე თანხმობასთან დაკავშირებით, პლენუმმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მიმართვის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.

6. პლენუმის სხდომაზე განიხილება კომისიის დასკვნა. პლენუმი უფლებამოსილია, მოუსმინოს მიმართვის შემტანი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს და მოსამართლეს, რომელსაც შეეხება მიმართვა, აგრეთვე მის ადვოკატს ან სხვა წარმომადგენელს. თუ საკითხის განხილვის დროს მოსამართლე დაკავებული ან დაპატიმრებულია, პლენუმი უფლებამოსილია, სამართალდამცავ ორგანოებს მოსთხოვოს მისი პლენუმის სხდომაზე მოყვანა.

7. პლენუმი მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების თაობაზე თანხმობის დადგენილების მიღების საკითხს წყვეტს ღია კენჭისყრით. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების თანხმობის შესახებ დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრი. თუ ამ პუნქტში აღნიშნულმა დადგენილებამ ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, ფორმდება დადგენილება მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავებასა ან/და დაპატიმრებაზე უარის თქმის შესახებ.

მუხლი 50. მოსამართლის ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკის თანხმობის მიცემის წესი

1. მოსამართლის ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკის თანხმობის მიცემის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსათვის უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ იწვევს პლენუმის სხდომას და მიმართვას და თანდართულ მასალებს გადასცემს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს (გარდა იმ წევრისა, რომელსაც შეეხება მიმართვა).

2. თუ მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეეხება, მასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.

3. პლენუმის სხდომა უნდა შეიკრიბოს შეძლებისდაგვარად სწრაფად, თუმცა არაუგვიანეს მიმართვის მიღებიდან 24 საათისა.

4. პლენუმი უფლებამოსილია, მოუსმინოს მიმართვის შემტანი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს და გაეცნოს ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც აჩენს მოსამართლის ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკის საჭიროების დასაბუთებულ ვარაუდს.

5. პლენუმი თანხმობის მიცემის საკითხს წყვეტს შეკრებიდან 12 საათის ვადაში. მოსამართლის ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკის თანხმობის მიცემის თაობაზე დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრი. თუ ამ პუნქტში აღნიშნულმა დადგენილებამ ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, ფორმდება დადგენილება მოსამართლის ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის შესახებ.

თავი VI
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საქმიანობა, რომელიც არ უკავშირდება საქმის გადაწყვეტას

მუხლი 51. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უფლებამოსილებანი, რომლებიც არ უკავშირდება საქმის გადაწყვეტას

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს რეგლამენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის დებულებას, შეაქვს მათში ცვლილებები და დამატებები;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების და ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის შემადგენლობას;

გ) მოისმენს საფინანსო-სამეურნეო სამსახურის ანგარიშს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ;

დ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მივლინების გეგმას;

ე) ამტკიცებს მოსამართლის მანტიის და სხვა სასამართლო ატრიბუტიკის ფორმას;

ვ) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 52. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, რომელიც არ უკავშირდება საქმის განხილვას

1. პლენუმი საკუთარ უფლებამოსილებას მინდობილ საკითხებს წყვეტს პლენუმის სხდომაზე, რომელსაც იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

2. პლენუმის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სულ ცოტა 6 მოსამართლე.

3. პლენუმის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. პლენუმის სხდომას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, შეიძლება დაესწრონ საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მოხელეები.

4. პლენუმის სხდომამდე, როგორც წესი, ორი დღით ადრე საორგანიზაციო დეპარტამენტი უზრუნველყოფს სხდომის მონაწილეების გაფრთხილებას და სხდომის მასალების დარიგებას.

5. პლენუმის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

6. მოსამართლე უფლებამოსილია, მოითხოვოს დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანა. საკითხი დღის წესრიგში შეიტანება და განიხილება, თუ ამას მხარს დაუჭერს დამსწრე მოსამართლეთა ნახევარზე მეტი.

7. პლენუმის სხდომის შესახებ დგება პლენუმის სხდომის ოქმი. ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საორგანიზაციო დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი. ოქმში აღინიშნება:

ა) სხდომის გამართვის დრო და ადგილი;

ბ) სხდომის მონაწილეთა ვინაობა;

გ) სხდომის მდივანი;

დ) სხდომის დღის წესრიგი;

ე) სხდომის მონაწილეთა მოსაზრებები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე;

ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.

8. პლენუმის სხდომის ოქმს ხელს აწერს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი და საორგანიზაციო დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი.

9. პლენუმის სხდომიდან ორი დღის განმავლობაში საორგანიზაციო დეპარტამენტი უზრუნველყოფს სხდომის ოქმის ასლის გადაცემას ყველა მოსამართლისათვის და საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის იმ ქვედანაყოფებისათვის, რომლებმაც მიიღეს დავალებები. ოქმი ინახება არქივში.

მუხლი 53. პლენუმის აქტი, რომელიც არ უკავშირდება საქმის განხილვას

1. პლენუმის აქტი, რომელიც არ არის დაკავშირებული საქმის განხილვასთან, მიიღება დადგენილების სახით.

2. პლენუმის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე მოსამართლეთა უმრავლესობა.

3. პლენუმის დადგენილებაში მიეთითება:

ა) დადგენილების მიღების დრო და ადგილი;

ბ) დადგენილების ნომერი;

გ) დადგენილების სათაური;

დ) დადგენილების შინაარსი;

ე) დადგენილების ძალაში შესვლის დრო.

4. პლენუმის დადგენილებას ხელს აწერს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი.

5. პლენუმის დადგენილება ძალაშია მიღებისთანავე, თუ მასში არ არის მითითებული ძალაში შესვლის სხვა თარიღი.

6. პლენუმის სხდომიდან ორი დღის ვადაში საორგანიზაციო დეპარტამენტი უზრუნველყოფს პლენუმზე მიღებული დადგენილების ასლის გადაცემას ყველა მოსამართლისათვის.

თავი VII
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა და თანამშრომელთა სოციალური გარანტიები

მუხლი 54. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა და თანამშრომელთა დაზღვევა

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა და თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტიდან.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა და თანამშრომელთა დაზღვევა ხორციელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციას შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით.

თავი VIII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 55. რეგლამენტის შესაბამისად მისაღები აქტები

1. „სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრების ფორმა“ მტკიცდება პლენუმის დადგენილებით, რომელიც წარმოადგენს ამ რეგლამენტის განუყოფელ ნაწილს.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ამ რეგლამენტის დამტკიცებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს რეგლამენტით განსაზღვრული აქტების მიღება და უკვე არსებული აქტების რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანა.

მუხლი 56. რეგლამენტის ძალაში შესვლა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გაგზავნა

1. ეს რეგლამენტი ძალაში შევიდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

2. რეგლამენტში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის მათი საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. ეს რეგლამენტი გაეგზავნოს „საქართველოს საკანონდებლო მაცნეს“.

4. ამ რეგლამენტის ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2002 წლის 19 აპრილის 39/1 დადგენილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 20 მაისის N122/1 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი [www.constcourt.ge, 22/05/2020])

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 7 დეკემბრის N127/1 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი [www.constcourt.ge, 07/12/2020])

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2024 წლის პირველი მარტის N136/1 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი [www.constcourt.ge, 11/03/2024])