საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - გამოცემა 2 (2020)


გამოცემის თარიღი: ნოემბერი, 2020


მერაბ ტურავა: წინასიტყვაობა


ავტორი: რუთ ბეიდერ გინსბურგი†, დებორა ჯონს მერიტი

აბსტრაქტი 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ინსტრუმენტია, რომელიც სახელმწიფოებს თანასწორობის უზრუნველყოფისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. რუთ ბეიდერ გინსბურგი წლების მანძილზე ქალთა უფლებების და თანასწორობის მოწინავე აქტივისტი იყო. წინამდებარე სტატია, რომელიც 1999 წელს მოსამართლე გინსბურგის მიერ აღმჭურველ ქმედებაზე და მის საერთაშორისოსამართლებრივ საფუძვლებზე, ასევე აშშ-ში, ინდოეთსა და ევროპის კავშირში იმ დროისათვის არსებულ საინტერესო პრაქტიკაზე წაკითხულ ლექციას ეყრდნობა, საუბრობს გასული საუკუნის მიწურულს არსებულ პრობლემურ გააზრებაზე, გამოწვევებზე და პრაქტიკაში არსებულ მიდგომებზე.

მართალია, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე თანასწორობის უფლებამ და აღმჭურველი ქმედებების პრაქტიკამ განვითარება პოვა, მაგრამ ქალთა და კაცთა თანასწორობა კვლავ არ არის მიღწეული. დღეს ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ქართული რეალობისთვის, როდესაც ქვეყანამ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საკამათო აღმჭურველი ქმედება - პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველმყოფი კვოტირების მექანიზმი შეიმუშავა. სტატიაში მოცემულია იმ დროისათვის არსებული აღმჭურველი ქმედების პრაქტიკა როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაციის, ისე სხვა ტიპის უთანასწორობათა აღმოფხვრის მიმართ.

სტატია ხაზგასმით საუბრობს აღმჭურველი ქმედების საერთაშორისოსამართლებრივ საფუძვლებზე. ქალების „დაცვის“ ფარს უკან მდგომი კანონები ხშირად ქალების დაცვას სულაც არ მიემართება და რეალურად მათ კონკურენტობას ზღუდავს. შესაბამისად, სქესზე დაფუძნებული აღმჭურველი ქმედების შეფასებისას, გასათვალისწინებელია განსხვავებები, რომლებიც გულწრფელად მიმართულია ქალთა ისტორიული ჩაგვრის გამოსწორებისკენ და რომლებიც, მეორე მხრივ, ასაზრდოებენ მითებსა და სტერეოტიპებს, რომლებიც აბრკოლებს ქალებს პოტენციალის სრული რეალიზებისაგან.

ნაშრომი: აღმჭურველი ქმედება: დიალოგი ადამიანის საერთაშორისო უფლებებზე

გვერდები: 11-41

შენიშვნა: ხელახლა გამოქვეყნებულია: New York City Bar Association-ის ნებართვით. თავდაპირველად გამოქვეყნდა The Record of the Association of the Bar of the City of New York, vol. 54, No. 3, May/June 1999, გვერდები 279-310. თარგმანი: New York City Bar Association, The Record of the Association of the Bar of the City of New York და ავტორები არ არიან პასუხისმგებლები ან რაიმე სახით ანგარიშვალდებულნი თარგმანის სიზუსტეზე, ამ ხელახალი გამოცემის თარგმანში ნებისმიერ უზუსტობაზე, გამოტოვებაზე ან შეცდომაზე, ან აქედან წარმოშობილ შედეგებზე, შესაბამისად, პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი. ამ სტატიაზე არ ვრცელდება ამ ჟურნალის Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზია. ეს სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribute Non-Commercial ShareAlike 4.0 (CC-BY-NC-SA 4.0) ლიცენზიის პირობებით (https://creativecommons.org/licenses/by-sa/4.0/), რომელიც იძლევა კოპირების, დისტრიბუციის და გადაცემის უფლებას, ასევე გადაწყობის და ადაპტირების უფლებას, დათქმით, რომ ეს ხდება მხოლოდ არაკომერციული მიზნებით, ნაშრომის ორიგინალი, შესაბამისად არის ციტირებული და გავრცელება ხდება იდენტური ლიცენზიით. 


 

ავტორი: კას რ. სანსტინი

აბსტრაქტი

რატომ და როდის იზრდება აღშფოთება? ეს ესე, რომელიც 2018 წლის თებერვალში ლონდონის ეკონომიკის სკოლის მიერ გამართულ ქცევითი საჯარო პოლიტიკის ლექციას ეყრდნობა, ორ შესაძლო პასუხს მიმოიხილავს. პირველი - მიუთითებს იმ სოციალური ნორმების გადახედვაზე ან შესუსტებაზე, რომლებიც ადამიანებს მოუწოდებს გამოხატონ აღშფოთება, რომელიც მანამდე ჩახშობილი იყო. მეორე - მიუთითებს იმ სოციალური ნორმების გადახედვასა და შესუსტებაზე, რომლებიც ადამიანებს მოუწოდებს, გამოხატონ ის აღშფოთება, რომელიც აქამდე არ განუცდიათ (და რომელიც ახლაც შეიძლება ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ). აღშფოთების ინტენსიურობა ხშირად ყველაზე შესამჩნევი შედეგია. იგი ასევე „ნორმალიზაციის“ პროდუქტია. ადამიანები ადარებენ აშკარად აღმაშფოთებელ ქცევას იმ ქცევას, რომელიც ადრე იმავე კატეგორიაში ხვდებოდა და არ ადარებენ სხვა შემთხვევებს, რომელთაც მსჯელობის მოსალოდნელი არათანმიმდევრულობისკენ მივყავართ. ეს არგუმენტები ეხება 2017 და 2018 წლების #MeToo მოძრაობას და სქესისა და რასის (ასევე რელიგიის და ეთნიკურობის) ნიშნით დისკრიმინაციის დამხობას (და კვლავ აღზევებას და კვლავ დამხობას).

ნაშრომი: მზარდი აღშფოთება

გვერდები: 43-59

შენიშვნა: ხელახლა გამოქვეყნებულია: Cambridge University Press ნებართვით. თავდაპირველად გამოქვეყნდა Behavioural Public Policy (2019), 3: 1, გვერდები 1–16. თარგმანი: Cambridge University Press, Behavioural Public Policy და ავტორი არ არიან პასუხისმგებელნი ან რაიმე სახით ანგარიშვალდებულნი თარგმანის სიზუსტეზე, ამ ხელახალი გამოცემის თარგმანში ნებისმიერ უზუსტობაზე, გამოტოვებაზე ან შეცდომაზე, ან აქედან წარმოშობილ შედეგებზე შესაბამისად, პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი. ამ სტატიაზე არ ვრცელდება ამ ჟურნალის Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზია. ეს სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribute Non-Commercial ShareAlike 4.0 (CC-BY-NC-SA 4.0) ლიცენზიის პირობებით (http://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/4.0), რომელიც იძლევა კოპირების, დისტრიბუციის და გადაცემის უფლებას, ასევე გადაწყობის და ადაპტირების უფლებას, დათქმით, რომ ეს ხდება მხოლოდ არაკომერციული მიზნებით, ნაშრომის ორიგინალი შესაბამისად არის ციტირებული და გავრცელება ხდება იდენტური ლიცენზიით.


 

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

აბსტრაქტი

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამარ-თლომ იმსჯელა შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებულ არაერთ ინდივიდუალურ და სახელმწიფოთაშორის საქმეზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი თავდაპირველი მანდატი არ მოიაზრებდა ამ ტიპის საქმეებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მნიშვნელოვან როლს თამაშობს შეიარაღებული კონფლიქტების დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და, გარკვეულ შემთხვევაში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აღსრულების პროცესში. სასამართლოს ჩართულობა შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებულ საქმეებში განპირობებულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აღსრულების ფორუმის არარსებობით. წინამდებარე სტატია, შეიარაღებული კონფლიქტების საქმეებში სასამართლოს ჩართულობასთან დაკავშირებული იურისდიქციული, მანდატიდან გამომდინარე და კონცეპტუალური სამართლებრივი საკითხების განხილვის ნაცვლად, მიზნად ისახავს იმის წარმოჩენას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სათანადოდაა აღჭურვილი შესაბამისი პროცედურული ინფრასტრუქტურით, რათა უზრუნველყოს ეფექტიანი რეაგირება იმ მრავალ საჩივარზე, რომლებშიც წამოჭრილია შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხები..

ნაშრომი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ახალ რეალობაში: აქვს თუ არა სასამართლოს შეიარაღებულ კონფლიქტებზე რეაგირებისთვის საკმარისი პროცედურული ინფრასტრუქტურა?

გვერდები: 61-89


 

ავტორი: გივი ადამია

აბსტრაქტი

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ქვეყნის ეკონომიკური წესრიგის უმთავრეს საფუძვლად თავისუფალ კონკურენციას განამტკიცებს. ეკონომიკურ კონკურენციასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ჩანაწერის შინაარსისა და ამ კუთხით სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების განსაზღვრა, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვან პრაქტიკულ თუ თეორიულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს ამ სირთულეების გადაჭრის გარკვეული თეორიული საფუძვლის შექმნას, სადაც მოწინავე დასავლურ პრაქტიკასა და სამეცნიერო მიდგომებზე დაყრდნობით, განსაზღვრულია სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულების ფარგლები კონკურენციის განვითარებასა და ეკონომიკური აგენტების კონკურენტულ თანასწორუფლებიანობასთან მიმართებით. ნაშრომში ასევე განხილულია ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას თავისუფალ კონკურენციასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ჩანაწერის მნიშვნელობა და მისი ტელეოლოგიური საფუძვლები. მეწარმეობის თავისუფლებასა და მომხმარებელთა უფლებებთან მიმართებით განხილულია თავისუფალი ეკონომიკური კონკურენციის ფუნქციები და იდენტიფიცირებულია შესაბამისი დაცული სამართლებრივი სიკეთეები.

ნაშრომი: ეკონომიკური კონკურენციის კონსტიტუციური ასპექტები

გვერდები: 91-123


 

ავტორი: ანა ჯაბაური

აბსტრაქტი

სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით აღძრულ საჩივარზე საპასუხოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, კვლავ აქტუალური გახდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ადამიანის უფლებათა რეგიონალური ორგანოების იურისპრუდენციაში გათვალისწინების საკითხი. ზოგიერთმა ევროპელმა ავტორმა გააკრიტიკა სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩართულიყო სართაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებულ საქმეში, და დროებითი ღონისძიების გამოყენება სასამართლოს მხრიდან ბუნდოვან, არაეფექტურ და სასამართლოს როლს მიღმა არსებულ ქმედებად იქნა აღქმული. წინამდებარე სტატია დაეყრდნობა ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული ორგანოების პრაქტიკას და შეახსენებს მკითხველს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთადერთი ორგანო არაა, რომელსაც საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან ჰქონია საქმე. სტატიაში წარმოჩენილი იქნება, რომ ინტერ-ამერიკული ორგანოების გამოცდილება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, უფრო კრეატიული და მრავალფეროვანია.

სტატიის მიზანი არ არის იმის მტკიცება, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილებები მათდამი მორჩილების კუთხით გამორჩეული იქნება. ამასთან, იგი არ შეეხება მანდატიდან გამომდინარე თეორიულ დისკუსიას, თუ, საერთოდ, რამდენად უნდა ჰქონდეს საქმე ადამიანის უფლებათა ორგანოების საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან. ნაცვლად ამისა, სტატია განიხილავს ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული ორგანოების პრაქტიკას და წარმოაჩენს, რომ, თუკი სხვა სასამართლო ან კვაზისასამართლო ორგანოებს ექნებათ საკუთარ პრაქტიკაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გათვალისწინების სურვილი, მათ შეუძლიათ, დაეყრდნონ სწორედ ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული კომისიისა და სასამართლოს გამოცდილებას.

ნაშრომი: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გამოყენების ხელოვნება: JUS IN BELLO ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულ ორგანოებში

გვერდები: 125-141


 

ავტორი: ვაჟა დათუაშვილი

აბსტრაქტი

2020 წელი ნამდვილად შევა კაცობრიობის ისტორიაში არა მხოლოდ როგორც COVID-19-ის (ახალი კორონავირუსი) სამედიცინო გამოწვევის, არამედ როგორც „ცივილიზებული ერების“ მეტად „კოორდინირებული მოქმედების“ ნათელი გამოხატულების ნიმუში,  ყოფა, რომლის სამართავად და გასაუმჯობესებლად „საერთაშორისო საზოგადოება” ერთიანდება. თუმცა, ერთიანობის მიუხედავად, ტექნოლოგიურად განვითარებულ ეპოქაშიც კი, ვირუსთან ბრძოლის ერთადერთ რელევანტურ ხერხად ერთი საუკუნის წინანდელ მეთოდებს ვიყენებთ.

ამდენად, მოცემული ნაშრომი სახელმწიფოების პოლიტიკის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე პანდემიით გამოწვეული საგანგებო ვითარების საჯაროსამართლებრივ ასპექტებს განიხილავს. ნაშრომის მიზანი პანდემიის მართვის პროცესში ინფორმაციის ძალისა და სახელმწიფოების მიერ პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად ცენზურის გამოყენების წარმოჩენაა. გარდა პრობლემების წარმოჩენისა, ნაშრომი ამოცანად ისახავს იმ გზების ჩვენებას, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოება დეზინფორმაციას და ავტორიტარიზმის მარწუხებში გახვეული მედიის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას.

ნაშრომის მთავარი პოსტულატია, რომ ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, ჭორებისა და კონსპირაციული თეორიების ადგილი არ არის და რომ სახელმწიფოები, რომლებიც ქმნიან დღევანდელ პოლიტიკურ დღის წესრიგს, მეტი სიფრთხილით და მაღალი თვითშეგნებით უნდა მოეკიდონ ინფორმაციის ძალას და მის გავლენას საზოგადოების კეთილდღეობაზე.

ნაშრომი: სახელმწიფოს „თავისუფალი შეფასების ფარგლები“ პანდემიის პირობებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ასპექტში

გვერდები: 143-160


 

ავტორი: - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

აბსტრაქტი

2020 წლის მეორე გამოცემაში საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი აგრძელებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილვების გამოქვეყნებას. ორი საქმე, რომელიც ქვემოთ იქნება გადმოცემული 2020 წლის მეორე ნახევარში იქნა მიღებული და ორივე საკმაოდ კომპლექსურ საკითხს ეხება, როგორიცაა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესისა და საქართველოს პარლამენტში გენდერული კვოტირების სისტემის კონსტიტუციურობა. საქმეთა კომპლექსურობა ალბათ ნათლად წარმოჩინდება ორივე საქმეზე არსებული განსხვავებული აზრებითაც, რომლებიც ასევე აღწერილია საქმეთა მიმოხილვაში. ჟურნალი იმედს იტოვებს, რომ როგორც სასამართლოს უმრავლესობის, ასევე განსხვავებული აზრები საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველებისათვის და ხელს შეუწყობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე აკადემიურ დისკუსიას.

მიმოხილული საქმეები თანდართული განსხვავებული აზრებით:

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ‘ახალი პოლიტიკური ცენტრი’, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ნაშრომი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა

გვერდები: 161-172


 

მთლიანი გამოცემა