ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/4/1400 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 5 აპრილი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 12 აპრილი 2021 17:45 |
პლენუმი შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-4, მე-5, მე-19 და 31-ე მუხლებთან მიმართებით:
(ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას;
(ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1400) მიმართეს ემზარ კვიციანმა, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანმა, მაია ანსიანმა და იაგორ ანსიანმა. №1400 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2019 წლის 25 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 5 ივნისს.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2020 წლის 5 ივნისის №1-3/1/1400 განჩინებით, საქმე განსახილველად გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, №1400 კონსტიტუციური სარჩელის პლენუმზე განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 17 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის №3/1-2/1400 საოქმო ჩანაწერით №1400 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად. №1400 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 5 აპრილს.
3. №1400 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლები განსაზღვრავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის საფუძვლებსა და წინაპირობებს.
5. მოსარჩელე მხარის მითითებით, არაკონსტიტუციურია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძვლები.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება ასევე დასაშვებია, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
7. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 და მე-5 მუხლები განამტკიცებს, შესაბამისად, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება, დადგენილია საკუთრების უფლების შეზღუდვისა და საკუთრების ჩამორთმევის საფუძვლები და წესი, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების რეგულირების სპეციალური წესი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით კი, დაცულია პირის საპროცესო უფლებები.
8. №1400 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ 2006 წელს მიღებულ იქნა დადგენილება მოსარჩელე ემზარ კვიციანის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულისთვის. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, ხსენებულ დადგენილებაზე დაყრდნობით, 2006 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელეების წინააღმდეგ და მოითხოვა მათ საკუთრებაში არსებული რიგი ქონების უკანონო და დაუსაბუთებულ ქონებად მიჩნევა და ჩამორთმევა. გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე ემზარ კვიციანმა მიითვისა დიდი ოდენობით თანხა, რის გამოც, მის და მასთან დაკავშირებული პირების მიერ შეძენილი ქონება დაუსაბუთებელი იყო. გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი, დაუსაბუთებლად და უკანონოდ იქნა ცნობილი მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული რიგი ქონება და გადაეცა სახელმწიფოს. ხსენებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა 2007 წლის 12 ივნისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით. მოსარჩელე მხარის მითითებით, ემზარ კვიციანი და მისი მეუღლე, თეთნულდი ანსიანი, 2006 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ და არ იყვნენ ინფორმირებული გენერალური პროკურატურის სარჩელისა და მიმდინარე დავის შესახებ. ამასთან, მოსარჩელეები არ იყვნენ მიწვეულნი საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით.
9. მოსარჩელეების მითითებით, 2014 წლის 19 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის დადგენილებით, ემზარ კვიციანის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. მაშასადამე, გაუქმდა დადგენილებები, რომლებიც საფუძვლად დაედო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქონების უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებად ცნობისა და მათი ჩამორთმევის შესახებ. ამდენად, არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ასევე, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობები, თუმცა საქმის წარმოების განახლებას მოსარჩელეები ვერ ახერხებენ სწორედ სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის გამო.
10. მოსარჩელეების მითითებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ მისი გასაჩივრების შესაძლებლობის გამორიცხვა ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპებს. მოსარჩელეთა განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაბათილების 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ვერ იქნა დაცული მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. კერძოდ, მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წელს, ხოლო 2014 წელს გამოვლინდა ახალი გარემოება, რომელიც ქმნის დასახელებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ გენერალური პროკურატურის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძვლები გაუქმებულია და არ არსებობდა მოსარჩელეთა ქონების ჩამორთმევის წინაპირობები, მხარე ვერ ახერხებს საკუთარი უფლებების დაცვას. მოსარჩელეთა პოზიციით, მსგავსი მოწესრიგება, სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან ერთად, არღვევს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებასაც. კერძოდ, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ მათი საკუთრება მიითვისა და ვერ ახერხებენ ქონების უკან დაბრუნებას.
11. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, პროცესუალური ვადების არსებობა, თავისთავად, არ იწვევს კონსტიტუციური უფლების დარღვევას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმით დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არაგონივრულია და არღვევს კონსტიტუციურ უფლებებს. ამასთან, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს შემთხვევებზე, როდესაც მხარეს არ ეცნობა კონკრეტული სასამართლო დავის საფუძვლები და სხდომის თარიღი, მეტიც, არაფერი იცის სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ. ასეთ ვითარებაში კანონის დარღვევით მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება უნდა გაბათილდეს და მიღებული იქნეს კანონიერი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დაცვით.
12. მოსარჩელე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ არაკონსტიტუციურია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი, რომლის შესაბამისადაც, პირის მიერ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია ერთი თვის გასვლის შემდგომ. მოსარჩელე მხარის მითითებით, შესაძლებელია, დასახელებული ერთთვიანი იმპერატიული ვადა პირმა დაარღვიოს, მაგალითად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მიღებულია დოკუმენტი, რომლის არსებობის შესახებ მან არ იცის ან/და სასამართლოში სარჩელის არასწორად წარდგენის ან/და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების შეტანის გამო დაკარგა აღნიშნული დრო. მოსარჩელე მხარის პოზიციით, დადგენილი ხანდაზმულობის ვადა განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც დავა გადაწყდა სახელმწიფოს სასარგებლოდ. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობა საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვა არაკონსტიტუციურია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. №1400 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეებად მითითებული არიან ფიზიკური პირები, რომლებიც სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 და მე-5 მუხლებთან მიმართებით.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნიათ, როდესაც ითხოვენ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მოსარჩელე მხარე ითხოვდეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ დებულებებთან მიმართებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის №2/7/1465 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის №3/7/831 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინება №1/4/644 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება №1/2/541 საქმეზე „მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 და მე-5 მუხლები არ არის მოქცეული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში. ამგვარად, მოსარჩელეები არ არიან უფლებამოსილი სუბიექტები, რომ მოითხოვონ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 და მე-5 მუხლებთან მიმართებით.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ №1400 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-4 და მე-5 მუხლებთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას; და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. №1400 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები, რომლებიც გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შესაძლებლობას, შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, რომლის გაგრძელებაც დაუშვებელია და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. მოსარჩელეები სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელეების პოზიციით, სადავო ნორმებით დადგენილი საფუძვლებით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის უფლებამოსილების ერთთვიანი და 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადით შემოფარგვლა ეწინააღმდეგება საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას, რამდენადაც აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ ისინი მოკლებულნი არიან თავიანთი საკუთრების სასამართლოს გზით დაცვისა და არამართლზომიერად ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესაძლებლობას.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით უზრუნველყოფილი საკუთრების უფლება გულისხმობს პირის მიერ, სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში, თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, საკუთრების/ქონებრივი უფლებების შეძენის, მფლობელობის, სარგებლობისა თუ განკარგვის შესაძლებლობას, აგრეთვე საკუთრების უფლებაში ნაგულისხმევი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-7).
8. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სადავო საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის რეგულირების ფარგლებში მოქცევისათვის აუცილებელია, იგი აწესრიგებდეს საკუთრებითსამართლებრივ ურთიერთობებს და რაიმე ფორმით განსაზღვრავდეს საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებს. ამგვარად, აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებასთან შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ საქმეზე სადავოდ გამხდარი საკანონმდებლო ნორმები, რაიმე ფორმით, აწესრიგებს/ზღუდავს საკუთრების/ქონებრივი უფლებების შეძენის, სარგებლობის, მფლობელობისა თუ განკარგვის წესს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/22/930 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ანა ჯალაღონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის №2/14/879 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №2/6/765 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №3/2/531 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი, ირმა ჯანაშვილი, ასევე საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
9. განსახილველ შემთხვევაში სადავო რეგულაციები ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების ხანდაზმულობის ვადებს. კერძოდ, გასაჩივრებული ნორმები განსაზღვრავს დროის კონკრეტულ მონაკვეთს (ერთ თვესა და 5 წელს), რომლის განმავლობაშიც პირს აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვის ინიცირება, თუკი მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილება არღვევს მის ამა თუ იმ უფლებას და არსებობს საამისოდ გათვალისწინებული შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი. თავის მხრივ, სადავო გადაწყვეტილება შესაძლებელია, შეეხებოდეს უფლებებისა თუ თავისუფლებების ფართო სპექტრს ‒ როგორც საკუთრებითსამართლებრივ, აგრეთვე სხვა არასაკუთრებით ურთიერთობებს სადავო გადაწყვეტილების შინაარსისა და დავის საგნის ბუნების გათვალისწინებით. ამასთანავე, თავისთავად, ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო გადაწყვეტილება შეეხება მოსარჩელის საკუთრებით უფლებებს, არ შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ სადავო რეგულაცია, რაიმე თვალსაზრისით, ადგენს საკუთრების უფლების შინაარსს ან ფარგლებს და განსაზღვრავს საკუთრების შეძენის, მფლობელობის, საკუთრებით სარგებლობის ან/და მისი განკარგვის წესს.
10. საპირისპიროდ, სადავო ნორმა განეკუთვნება სამოქალაქო საქმეებზე საპროცესოსამართლებრივი წესრიგის ნაწილს. გასაჩივრებული ნორმის მიზანმიმართულება შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ერთ-ერთი უფლებრივი კომპონენტის პროცედურული მოწესრიგებითა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების რეგლამენტაციით.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „ ... სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის უშუალო შედეგი შეიძლება იყოს საკუთრების, თავისუფლების, თანასწორობის და ნებისმიერი სხვა უფლების დარღვევა. მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტების მარეგლამენტირებელი ნორმები, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, იმავდროულად, შეფასებადია ყველა იმ უფლებასთან, რომელთა დასაცავადაც პირი სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროების წინაშე დგება“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №2/6/765 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №3/2/531 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები ‒ თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
12. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის რეგულირების სფეროს განეკუთვნება, სასამართლოსადმი მიმართვის გზით, მათ შორის, საკუთრების დაცვის პროცესუალური გარანტიების/ასპექტების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის ვალდებულება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის №2/14/879 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ (არასათანადო) სამოქალაქო საპროცესოსამართლებრივი რეგულაციები გამორიცხავს, მათ შორის, პირის საკუთრების დაცვის შესაძლებლობას, მათი კონსტიტუციურობის შემოწმება უნდა მოითხოვოს სწორედ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების მომწესრიგებელ კონსტიტუციურ ნორმასთან მიმართებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №2/6/765 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
13. ამგვარად, რამდენადაც განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციები აწესრიგებს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაციის ერთ-ერთ პროცესუალურ ასპექტს და მის უშუალო სფეროს არ განეკუთვნება საკუთრებითსამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება, არ განსაზღვრავს საკუთრების უფლების ფარგლებს, მათგან მომდინარე (პოტენციური) შეზღუდვა მიემართება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცულ სფეროს და სადავო ნორმას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან შინაარსობრივი მიმართება არ გააჩნია.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ №1400 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას; და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2‒მე-11 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2‒მე-11 პუნქტები შეეხება საპროცესო უფლებების ფართო სპექტრს და აწესრიგებს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს.
16. სადავო ნორმები არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმებით დადგენილი საფუძვლებით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი და 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადები, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, ვერ იქნეს დაცული მოსარჩელეებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მაგ., ახალი გარემოება, რომელიც ქმნის სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან/და საქმის ხელახალი განხილვის საფუძველს, შესაძლებელია, გამოვლინდეს მხოლოდ შესაბამისი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ. ამგვარ პირობებში, უტყუარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაშიც კი, მოსარჩელეები მოკლებულნი არიან დასრულებული სამართალწარმოების განახლებისა და, ამ გზით, თავიანთი საკუთრების სასამართლოს გზით დაცვის შესაძლებლობას.
17. ნათელია, რომ მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მიმართულია მხოლოდ სადავო ნორმებით დადგენილი საფუძვლებით კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ხანდაზმულობის ვადების არაკონსტიტუციურობის წარმოჩენისაკენ. ამ უფლებრივ კომპონენტს კი, როგორც აღინიშნა, მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან გააჩნია. ზემოაღნიშნულის გარდა, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე არგუმენტაცია სადავო ნორმებიდან მომდინარე საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული დებულებების შეზღუდვის სამტკიცებლად. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ №1400 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2‒მე-11 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას; და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1400 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1400 კონსტიტუციური სარჩელი („ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
(ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას;
(ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1400 კონსტიტუციური სარჩელი („ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-4, მე-5 და მე-19 მუხლებთან და 31-ე მუხლის მე-2‒მე-11 პუნქტებთან მიმართებით:
(ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას;
(ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი