ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/1-2/1400 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 17 ივნისი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 ივნისი 2020 17:56 |
პლენუმის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-4, მე-5, მე-19 და 31-ე მუხლებთან მიმართებით:
ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას;
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1400) მომართეს ემზარ კვიციანმა, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანმა, მაია ანსიანმა და იაგორ ანსიანმა. №1400 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2019 წლის 25 თებერვალს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 5 ივნისს.
2. №1400 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. თავის მხრივ, 422-ე და 423-ე მუხლები განსაზღვრავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის საფუძვლებსა და წინაპირობებს.
4. მოსარჩელე მხარის მითითებით, არაკონსტიტუციურია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძვლები.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება ასევე დასაშვებია, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 და მე-5 მუხლები განამტკიცებს, შესაბამისად, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება. ხოლო კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულია პირის საპროცესო უფლებები.
7. №1400 კონსტიტუციური სარჩელში აღნიშნულია, რომ 2006 წელს მიღებულ იქნა დადგენილება მოსარჩელე ემზარ კვიციანის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულისთვის. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, ხსენებულ დადგენილებაზე დაყრდნობით, 2006 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელეების წინააღმდეგ და მოითხოვა მათ საკუთრებაში არსებული რიგი ქონების უკანონო და დაუსაბუთებულ ქონებად მიჩნევა და ჩამორთმევა. გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე ემზარ კვიციანმა მიითვისა დიდი ოდენობით თანხა, რის გამოც მის და მასთან დაკავშირებული პირების მიერ შეძენილი ქონება დაუსაბუთებელი იყო. გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი, დაუსაბუთებლად და უკანონოდ იქნა ცნობილი მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული რიგი ქონება და გადაეცა სახელმწიფოს. ხსენებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა 2007 წლის 12 ივნისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით. მოსარჩელე მხარის მითითებით, ემზარ კვიციანი და მისი მეუღლე, თეთნულდი ანსიანი, 2006 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ. მათ არაფერი იცოდნენ გენერალური პროკურატურის სარჩელისა და მიმდინარე დავის შესახებ. ამასთან, ისინი არ იყვნენ მოწვეულნი საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით.
8. მოსარჩელეების აღნიშვნით, 2014 წლის 19 ივნისს საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის დადგენილებით ემზარ კვიციანის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. მაშასადამე, გაუქმდა დადგენილებები, რომლებიც საფუძვლად დაედო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქონების უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებად ცნობისა და მათი ჩამორთმევის შესახებ. ამდენად, არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ასევე, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინამძღვრები, თუმცა, საქმის წარმოების განახლებას მოსარჩელეები ვერ ახერხებენ სწორედ სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის გამო.
9. მოსარჩელეების მითითებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ მისი გასაჩივრების შესაძლებლობის გამორიცხვა ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპებს. მოსარჩელეთა აღნიშვნით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაბათილების 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ვერ იქნა დაცული მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. კერძოდ, მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წელს, ხოლო 2014 წელს გამოვლინდა ახალი გარემოება, რომელიც ქმნის დასახელებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ გენერალური პროკურატურის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძვლები გაუქმებულია და არ არსებობდა მოსარჩელეთა ქონების ჩამორთმევის წინაპირობები, მხარე ვერ ახერხებს საკუთარი უფლებების დაცვას. მოსარჩელეთა პოზიციით, მსგავსი მოწესრიგება, სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან ერთად, არღვევს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებასაც. კერძოდ, სახელმწიფომ მათი საკუთრება მიითვისა და ისინი ვერ ახერხებენ ქონების უკან დაბრუნებას.
10. მოსარჩელე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ არაკონსტიტუციურია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი, რომლის შესაბამისადაც, პირის მიერ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია ერთი თვის გასვლის შემდგომ. მოსარჩელე მხარის მითითებით, შესაძლებელია, დასახელებული ერთთვიანი იმპერატიული ვადა პირმა დაარღვიოს, მაგალითად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მიღებულია დოკუმენტი, რომლის არსებობის შესახებ მან არ იცის, ან/და სასამართლოში სარჩელის არასწორად წარდგენის ან/და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების შეტანის გამო დაკარგა აღნიშნული დრო. მოსარჩელე მხარის პოზიციით, დადგენილი ხანდაზმულობის ვადა განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც დავა გადაწყდა სახელმწიფოს სასარგებლოდ.
11. №1400 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაადგინა, რომ განსახილველი საქმე წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გარემოებაზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით რამდენჯერმე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 30 აპრილს მიიღო №1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლითაც არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია). დასახელებულ საქმეზე მოსარჩელე მხარისთვის პრობლემას წარმოადგენდა სადავო ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ზოგადად, საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ განცხადების შეტანისთვის საჭირო რომელიმე კონკრეტულ საფუძველზე მითითების გარეშე.
12. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 10 ოქტომბრის №1/8/1287 საოქმო ჩანაწერში („გევორგ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილების მოქმედების ფარგლები. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, №1/3/161 გადაწყვეტილებაში „... საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, იმსჯელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ შინაარსზე, რომელიც შეეხებოდა, ზოგადად, სამოქალაქო საქმეებს. ... სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება ადმინისტრაციულ საქმეებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეფასებული არ ყოფილა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის №1/8/1287 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „გევორგ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6,10).
13. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სამოქალაქო საქმეებზე უკვე გადაწყვეტილია და საქმის წარმოების განახლების 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა კონსტიტუციის შესაბამის რეგულირებად არის მიჩნეული.
14. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიუთითა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ასევე მოიძებნება საქმე, როდესაც სასამართლომ სამოქალაქო საქმეების გარკვეულ კატეგორიებთან მიმართებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არაკონსტიტუციურად ცნო. კერძოდ, საქმე შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2013 წლის 5 ნოემბერს მიღებულ №3/1/531 გადაწყვეტილებას საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოცემულ შემთხვევაში სადავოდ იყო გამხდარი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ მაშინ, როდესაც პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი).
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმარტებით, მითითებულ საქმეში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დიფერენცირებულად მიუდგა საკითხს იმის მიხედვით, თუ ვის სასარგებლოდ იყო დავა გადაწყვეტილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის ის შინაარსი, რომელიც ადგენდა კერძო პირების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნის 5-წლიან ხანდაზმულობის ვადას, სამართლიანი სასამართლოს უფლების შესაბამისად მიიჩნია. თუმცა დაადგინა, რომ ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის დაწესება სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნისთვის, აწესებდა არასამართლიან ბალანსს და არათანაზომიერად ზღუდავდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას იმ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, რომელიც მიღებულია სახელმწიფოს სასარგებლოდ.
16. ამდენად, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის №1/8/1287 საოქმო ჩანაწერიდან გამომდინარე, 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილების მოქმედების ფარგლები ვრცელდება, ზოგადად, სამოქალაქო საქმეებზე, ნებისმიერი არსებული საფუძვლით, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნასთან მიმართებით და ასეთი კატეგორიების საქმეებთან დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა კონსტიტუციურია. მეორე მხრივ კი, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შეფასდა სადავო ნორმით დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძველთან კავშირში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი) და იგი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი არა დავის ტიპზე მითითებით, არამედ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეზე აპელირებით.
17. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილებაში საქმის წარმოების განახლების 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობაზე იმსჯელა ზოგადად, საქმის წარმოების განახლების რომელიმე კონკრეტულ საფუძველზე მითითების გარეშე და რეგულირება კონსტიტუციის შესაბამისად მიიჩნია, თუმცა, იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა ზოგადი ხანდაზმულობის ვადიდან ცალკეული გამონაკლისების არსებობის საჭიროებაზე. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მომწესრიგებელი ნორმები საჭიროებენ შემდგომ სრულყოფას. კერძოდ, მხედველობაშია მისაღები იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც მართალია ადგენენ კონკრეტულ, აღმკვეთ ვადებს, რომლის შემდეგაც დაუშვებელია გადაწყვეტილების გასაჩივრება, მაგრამ მათგან ითვალისწინებენ ცალკეულ გამონაკლისებს“. აღნიშნული გარემოება კი, დამატებით, ართულებს საქმის წარმოების განახლების 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურად დასაშვები ფარგლების იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
18. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მოსაზრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ნათელი არ არის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელების კონსტიტუციური ფარგლები. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ განისაზღვროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა პოზიცია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით დაწესებული ხანდაზმულობის ვადების კონსტიტუციური სტანდარტების თაობაზე.
19. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველი საქმის გადაწყვეტა მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტის განსაზღვრას. მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა იმსჯელოს და დაადგინოს გონივრული ბალანსი ორ უმნიშვნელოვანეს ინტერესს შორის. კერძოდ: ერთი მხრივ, არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების ხანდაზმულობის დადგენილი ვადა, რომელიც წარმოადგენს მყარი სამოქალაქო ბრუნვის გარანტიას, ორიენტირებულია სასამართლოს გადაწყვეტილების შეუქცევადობის, სტაბილური სამართლებრივი ურთიერთობების და, საბოლოო ჯამში, სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური პრინციპის, როგორც მნიშვნელოვანი საჯარო მიზნის უზრუნველყოფაზე. ხოლო, მეორე მხრივ, ამ ინტერესს უპირისპირდება ინდივიდის ინტერესი, დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად, მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რაც, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, შესაძლოა, სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნას წარმოადგენდეს.
20. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის პოზიციით, განსახილველ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლების საფუძვლები თვისებრივად სრულიად განსხვავებულ გარემოებებს უკავშირდება, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სამართლიანი ბალანსის დადგენისას. კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობა იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, დაინტერესებული პირის განცხადებით, შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება ასევე დასაშვებია, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მაშასადამე, საქმის წარმოების განახლების 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობა შესაფასებელია ერთმანეთისაგან თვისებრივად განსხვავებულ სამართლებრივ საფუძვლებთან მიმართებით, ამასთან, თითოეულ საფუძველთან კავშირშიც გამოიყოფა არაერთი ერთმანეთისაგან განსხვავებული სამართლებრივი შემთხვევა, რომლებიც შესაძლოა, დიფერენცირებულ მიდგომებს მოითხოვდეს. ყოველივე აღნიშნული კი, განაპირობებს საქმის სირთულეს და საკითხის კომპლექსურად შეფასების საჭიროებას.
21. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2020 წლის 5 ივნისის №1-3/1/1400 განჩინებით, საქმე განსახილველად გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, №1400 კონსტიტუციური სარჩელის პლენუმზე განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 17 ივნისს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2020 წლის 5 ივნისის №1-3/1/1400 განჩინებით გათვალისწინებული არგუმენტები და იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მოსაზრებას, რომ განსახილველი საქმე წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. შესაბამისად, არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმის პლენუმის მიერ განხილვის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის, 212 მუხლის მე-4 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, 52, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს №1400 კონსტიტუციური სარჩელი („ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
მერაბ ტურავა
თამაზ ცაბუტაშვილი