ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1-3/1/1400 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 5 ივნისი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 20 ივნისი 2020 18:54 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-4, მე-5, მე-19 და 31-ე მუხლებთან მიმართებით:
ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას;
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1400) მომართეს ემზარ კვიციანმა, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანმა, მაია ანსიანმა და იაგორ ანსიანმა. №1400 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2019 წლის 25 თებერვალს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 5 ივნისს.
2. №1400 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. თავის მხრივ, 422-ე და 423-ე მუხლები განსაზღვრავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის საფუძვლებსა და წინაპირობებს.
4. მოსარჩელე მხარის მითითებით, არაკონსტიტუციურია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძვლები.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება ასევე დასაშვებია, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 და მე-5 მუხლები განამტკიცებენ, შესაბამისად, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება. ხოლო კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულია პირის საპროცესო უფლებები.
7. №1400 კონსტიტუციური სარჩელში აღნიშნულია, რომ 2006 წელს გამომძიებელმა გამოიტანა დადგენილება მოსარჩელე ემზარ კვიციანის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულისთვის. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, ხსენებულ დადგენილებებზე დაყრდნობით, 2006 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელეების წინააღმდეგ და მოითხოვა მათ საკუთრებაში არსებული რიგი ქონების უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებად მიჩნევა და ჩამორთმევა. გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე ემზარ კვიციანმა მიითვისა დიდი ოდენობით თანხა, რის გამოც მის და მასთან დაკავშირებული პირების მიერ შეძენილი ქონება დაუსაბუთებელი იყო. გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი, დაუსაბუთებლად და უკანონოდ იქნა ცნობილი მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული რიგი ქონება და გადაეცა სახელმწიფოს. ხსენებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა 2007 წლის 12 ივნისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით. მოსარჩელე მხარის მითითებით, ემზარ კვიციანი და მისი მეუღლე, თეთნულდი ანსიანი, 2006 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ. მათ არაფერი იცოდნენ გენერალური პროკურატურის სარჩელისა და მიმდინარე დავის შესახებ. ამასთან, ისინი არ იყვნენ მიწვეულნი საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით.
8. მოსარჩელეების განმარტებით, 2014 წლის 19 ივნისს საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის დადგენილებით ემზარ კვიციანის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. მაშასადამე, გაუქმდა დადგენილებები, რომლებიც საფუძვლად დაედო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქონების უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებად ცნობისა და მათი ჩამორთმევის შესახებ. ამდენად, არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ასევე, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები თუმცა, საქმის წარმოების განახლებას მოსარჩელეები ვერ ახერხებენ სწორედ სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის გამო.
9. მოსარჩელეების მითითებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ მისი გასაჩივრების შესაძლებლობის გამორიცხვა ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპებს. მოსარჩელეთა პოზიციით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაბათილების 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ვერ იქნა დაცული მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. კერძოდ, მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წელს, ხოლო 2014 წელს გამოვლინდა ახალი გარემოება, რომელიც ქმნის დასახელებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ გენერალური პროკურატურის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძვლები გაუქმებულია და არ არსებობდა მოსარჩელეთა ქონების ჩამორთმევის წინაპირობები, მხარე ვერ ახერხებს საკუთარი უფლებების შესახებ დავას. ამდენად, მსგავსი მოწესრიგება, სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან ერთად, არღვევს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებასაც. კერძოდ, სახელმწიფომ მათი საკუთრება მიითვისა და ისინი ვერ ახერხებენ ქონების უკან დაბრუნებას.
10. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, პროცესუალური ვადების არსებობა თავისთავად არ იწვევს კონსტიტუციური უფლების დარღვევას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმით დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არაგონივრულია და არღვევს კონსტიტუციურ უფლებებს. ამასთან, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს შემთხვევებზე, როდესაც მხარეს არ ეცნობა კონკრეტული სასამართლო დავის საფუძვლები და სხდომის თარიღი, მეტიც, არაფერი იცის სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ. ასეთ ვითარებაში, კანონის დარღვევით მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება უნდა გაბათილდეს და მიღებული იქნეს კანონიერი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დაცვით.
11. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. მოსარჩელე მხარის მითითებით, შესაძლებელია, დასახელებული ერთთვიანი იმპერატიული ვადა პირმა დაარღვიოს, მაგალითად, იმიტომ, რომ მიღებულია დოკუმენტი, რომლის არსებობის შესახებ მან არ იცის, ან/და სასამართლოში სარჩელის არასწორად წარდგენის, ან/და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების შეტანის გამო დაკარგა ეს დრო. მოსარჩელე მხარის პოზიციით, დადგენილი ხანდაზმულობის ვადა განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც დავა გადაწყდა სახელმწიფოს სასარგებლოდ. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობა საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვა არაკონსტიტუციურია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე, დასაბუთებული განჩინებით, საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. №1400 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია აღნიშნული ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით რამდენჯერმე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 30 აპრილს მიიღო №1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლითაც არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია). აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელე მხარისთვის პრობლემას წარმოადგენდა სადავო ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ზოგადად, საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ განცხადების შეტანისთვის საჭირო რომელიმე კონკრეტულ საფუძველზე მითითების გარეშე.
4. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 10 ოქტომბრის №1/8/1287 საოქმო ჩანაწერში („გევორგ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილების მოქმედების ფარგლები. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, №1/3/161 გადაწყვეტილებაში „... საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, იმსჯელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ შინაარსზე, რომელიც შეეხებოდა, ზოგადად, სამოქალაქო საქმეებს. ... სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება ადმინისტრაციულ საქმეებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეფასებული არ ყოფილა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის №1/8/1287 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „გევორგ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6,10).
5. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სამოქალაქო საქმეებზე უკვე გადაწყვეტილია და საქმის წარმოების განახლების 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა კონსტიტუციის შესაბამის რეგულირებად არის მიჩნეული.
6. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ასევე მოიძებნება საქმე, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ სამოქალაქო საქმეების გარკვეულ კატეგორიებთან მიმართებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არაკონსტიტუციურად ცნო. კერძოდ, საქმე შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2013 წლის 5 ნოემბერს მიღებულ №3/1/531 გადაწყვეტილებას საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოცემულ შემთხვევაში სადავოდ იყო გამხდარი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ მაშინ, როდესაც პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი).
7. მითითებულ საქმეში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დიფერენცირებულად მიუდგა საკითხს იმის მიხედვით, თუ ვის სასარგებლოდ იყო დავა გადაწყვეტილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის ის შინაარსი, რომელიც ადგენდა კერძო პირების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნის 5-წლიან ხანდაზმულობის ვადას, სამართლიანი სასამართლოს უფლების შესაბამისად მიიჩნია. თუმცა დაადგინა, რომ ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის დაწესება სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნისთვის აწესებდა არასამართლიან ბალანსს და არათანაზომიერად ზღუდავდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას იმ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, რომელიც მიღებულია სახელმწიფოს სასარგებლოდ.
8. ამდენად, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის №1/8/1287 საოქმო ჩანაწერიდან გამომდინარე, 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილების მოქმედების ფარგლები ვრცელდება, ზოგადად, სამოქალაქო საქმეებზე, ნებისმიერი არსებული საფუძვლით, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნასთან მიმართებით და ასეთი კატეგორიების საქმეებთან დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა კონსტიტუციურია. მეორე მხრივ კი, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც შეფასდა სადავო ნორმით დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძველთან კავშირში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი) და იგი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი არა დავის ტიპზე მითითებით, არამედ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეზე აპელირებით. კერძოდ, ხსენებული გადაწყვეტილების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სადავო ურთიერთობა სახელმწიფოს სასარგებლოდ არის დასრულებული, საქმის წარმოების განახლების 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადით პირის შებოჭვა, არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტობრივად დაადგინა ახალი კრიტერიუმი საქმის წარმოების განახლების 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობის შეფასებისას და საკითხის გადაწყვეტა დაუკავშირა არა სადავო ურთიერთობის ტიპს (სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმე), არამედ იმ გარემოებას, თუ ვის სასარგებლოდ არის დავა დასრულებული.
9. დამატებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, მართალია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილებაში საქმის წარმოების განახლების 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობაზე იმსჯელა ზოგადად, საქმის წარმოების განახლების რომელიმე კონკრეტულ საფუძველზე მითითების გარეშე და რეგულირება კონსტიტუციის შესაბამისად მიიჩნია, თუმცა, იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა ზოგადი ხანდაზმულობის ვადიდან ცალკეული გამონაკლისების არსებობის საჭიროებაზე. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მომწესრიგებელი ნორმები საჭიროებენ შემდგომ სრულყოფას. კერძოდ, მხედველობაშია მისაღები იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც მართალია ადგენენ კონკრეტულ, აღმკვეთ ვადებს, რომლის შემდეგაც დაუშვებელია გადაწყვეტილების გასაჩივრება, მაგრამ მათგან ითვალისწინებენ ცალკეულ გამონაკლისებს“. აღნიშნული გარემოება კი, დამატებით, ართულებს საქმის წარმოების განახლების 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურად დასაშვები ფარგლების იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
10. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, სრულყოფილად არ არის დადგენილი კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციით დასაშვები ფარგლები. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ განისაზღვროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა პოზიცია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით დაწესებული ხანდაზმულობის ვადების კონსტიტუციური სტანდარტების თაობაზე.
11. ასევე, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველი საქმის გადაწყვეტა მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტის განსაზღვრას. მოცემული დავის ფარგლებში სასამართლომ უნდა იმსჯელოს და დაადგინოს გონივრული ბალანსი ორ უმნიშვნელოვანეს ინტერესს შორის. კერძოდ: ერთი მხრივ, არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების ხანდაზმულობის დადგენილი ვადა, რომელიც წარმოადგენს მყარი სამოქალაქო ბრუნვის გარანტიას, ორიენტირებულია სასამართლოს გადაწყვეტილების შეუქცევადობის, სტაბილური სამართლებრივი ურთიერთობების და, საბოლოო ჯამში, სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური პრინციპის, როგორც მნიშვნელოვანი საჯარო მიზნის უზრუნველყოფაზე. ხოლო, მეორე მხრივ, ამ ინტერესს უპირისპირდება ინდივიდის ინტერესი, დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად, მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რაც, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, შესაძლოა, სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნას წარმოადგენდეს.
12. ამასთან, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლების საფუძვლები თვისობრივად სრულიად განსხვავებულ გარემოებებს უკავშირდება, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სამართლიანი ბალანსის დადგენისას. კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობა იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, დაინტერესებული პირის განცხადებით, შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება ასევე დასაშვებია, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მაშასადამე, საქმის წარმოების განახლების 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობა შესაფასებელია ერთმანეთისაგან თვისობრივად განსხვავებულ სამართლებრივ საფუძვლებთან მიმართებით. ამასთან, თითოეულ საფუძველთან კავშირშიც გამოიყოფა არაერთი ერთმანეთისაგან განსხვავებული სამართლებრივი შემთხვევა, რომლებიც შესაძლოა, დიფერენცირებულ მიდგომებს მოითხოვდეს. ყოველივე აღნიშნული კი განაპირობებს საქმის სირთულეს და საკითხის კომპლექსურად შეფასების საჭიროებას.
13. ამდენად, განსახილველი საქმე, თავისი შინაარსით, წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია, საქმე არსებითად განიხილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა და დაადგინოს ცალსახა კონსტიტუციური სტანდარტები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების 5-წლიან ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. №1400 კონსტიტუციური სარჩელი („ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმზე განხილვის საკითხის გადასაწყვეტად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი