მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/6/1636 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 4 აგვისტო 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 აგვისტო 2021 17:31 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 1961 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1636) მომართა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“. №1636 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 27 ივლისს. №1636 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 4 აგვისტოს.
2. №1636 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 1961 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუკი ცესკოს წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიის სიით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა, რომელიც ახორციელებს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, დატოვა პარტია და ყველა ერთად გახდა სხვა პარტიის წევრი, ცესკოს 1 წევრის დანიშვნის უფლება ამ პარტიაზე გადადის.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით კი დაცულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მოსარჩელე პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა 2021 წლის 27 იანვარს დატოვა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, დაარეგისტრირა ახალი პარტია ‒ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“ და გაწევრიანდა აღნიშნულ პარტიაში. ზემოაღნიშნული გარემოების გამო, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წაერთვა ცესკოში საკუთარი წევრის დანიშვნის უფლება და იგი გადაეცა პოლიტიკურ გაერთიანება „ევროპელ სოციალისტებს“.
6. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმა ადგენს კონკრეტულ ვადას და პოლიტიკურ პარტიას ცესკოში წევრის დანიშვნის უფლებას ართმევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისმა წევრებმა 2021 წლის 19 აპრილამდე დატოვეს პარტია და გახდნენ სხვა პარტიის წევრები. 2021 წლის 19 აპრილამდე კი პარტია მხოლოდ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა დატოვეს და აღნიშნული შემთხვევა ვეღარ განმეორდება სადავო ნორმაში კონკრეტული თარიღის მითითების გამო. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა მიზანმიმართულია მხოლოდ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ უფლებების დარღვევისა და სხვა პარტიებთან შედარებით უარეს სამართლებრივ მდგომარეობაში ჩაყენებისაკენ.
7. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიზნებისთვის, დაუშვებელია, ცესკოში წარმომადგენლის დანიშვნის უფლება მიენიჭოს იმ პარტიას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არ ყოფილა რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტად და არ მოუპოვებია მანდატები.
8. ამგვარად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის მიზანია, მხოლოდ ერთმა პარტიამ, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ დაკარგოს ცესკოში წევრის დანიშვნის უფლება, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-11 მუხლის პირველი პუნტის მოთხოვნებთან და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
9. მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე, სხვა პოლიტიკური პარტია სარგებლობს, მოსარჩელის მიერ მოპოვებული მანდატების საფუძველზე, ცესკოში წევრის დანიშვნის უფლებით, რაც იწვევს მისთვის გამოუსწორებელ ზიანს და, ამავდროულად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. ამდენად, აღნიშნული ნორმების თანახმად, პირი უფლებამოსილია, იდაოს ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე.
2. №1636 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, მათ შორის, ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს.“
3. №1636 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე არის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი არასამეწარმეო იურიდიული პირი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე ‒ იურიდიული პირი უფლებამოსილია, იდაოს ნორმატიული აქტების მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლი მოქცეულია საქართველოს კონსტიტუციის არა მეორე, არამედ პირველ თავში. შესაბამისად, მოსარჩელე ‒ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდაოს საქართველოს კონსტიტუციის პირველ თავთან მიმართებით.
4. ამდენად, №1636 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 1961 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტების მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1636 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
6. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
7. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-31-35).
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
10. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).
11. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. კერძოდ, რამდენად შეიცავს სადავო ნორმის მოქმედება გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეს და რამდენად არსებობს, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გზით, ამგვარი საფრთხის თავიდან აცილების შესაძლებლობა.
12. №1636 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, ერთმევა ცესკოს წევრის დანიშვნის შესაძლებლობა და ამ უფლებით სარგებლობს ისეთი პარტია, რომელსაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და ხალხს მისთვის მანდატი არ მიუნიჭებია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამგვარი რეგულაცია დისკრიმინაციულია და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
13. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების დასასაბუთებლად, ვერ გამოდგება მოსარჩელე მხარის მიერ მხოლოდ ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე არგუმენტაციის წარმოდგენა. მოსარჩელე მხარემ, დამატებით, უნდა წარმოაჩინოს, თუ რაში გამოიხატება სადავო ნორმის მოქმედებით მისთვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე, ნორმის შეჩერების კრიტიკული აუცილებლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, მხოლოდ „ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარის უფლებების შესაძლო დარღვევა ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საოქმო ჩანაწერის მიღებიდან საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე არსებულ პერიოდში, თავისთავად, ვერ გამოდგება გამოუსწორებელი შედეგის არსებობის დამადასტურებელ გარემოებად. უფლების შესაძლო შეზღუდვა, როგორც წესი, ყველა იმ საქმეზე არსებობს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად იღებს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-16). ამდენად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სადავო ნორმა დისრკიმინაციული ხასიათისაა, არ არის საკმარისი მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების ფაქტის წარმოსაჩენად.
14. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ აგვისტოს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ევროპელი სოციალისტები“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნეს ნინო ბასილაია. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმა მოსარჩელე მხარის წინააღმდეგ უკვე გამოყენებულია. ამდენად, ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს მოსარჩელე მხარისათვის, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით, დამდგარი შედეგის შეცვლის შესაძლებლობა.
15. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტი არეგულირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. დასახელებული მუხლის თანახმად, ცესკოს წევრს უფლებამოსიელბა შეუწყდება: ა) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა არჩევის შემთხვევაში 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური; ბ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული, საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა; გ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი; დ) თუ გამოვლინდა, რომ არასწორია საკონკურსოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები; ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის ან ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შემთხვევაში; ვ) თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან თუ საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ; ზ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი გამოწვევისას; თ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი; ი) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას, ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას.
16. ამგვარად, ნათელია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ამომწურავად ჩამოთვლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და მათში არ მოიაზრება იმ საკანონმდებლო აქტის მოქმედების შეჩერება/არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლის საფუძველზეც განხორციელდა წევრის დანიშვნა. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება ვერ გამოიწვევს უკვე დანიშნული წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისათვის“ ცესკოს ახალი წევრის დანიშვნის უფლებამოსილების წარმოშობას. ამდენად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას, ამ თვალსაზრისით, არ გააჩნია მოსარჩელე მხარის მიმართ კონკრეტული შედეგის დადგომის პრევენციის ეფექტი.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1636 კონსტიტუციური სარჩელი („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 1961 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1636 კონსტიტუციური სარჩელი („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 1961 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება 2021 წლის 2 სექტემბერს.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში