ლეონიდე მიქაბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1396 |
ავტორ(ებ)ი | ლეონიდე მიქაბერიძე |
თარიღი | 4 თებერვალი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის განსაზღვრული სანქცია "ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე." | საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტი: "დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება." |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
ლეონიდე მიქაბერიძის მიმართ გამოტანილ დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ (იხ. დანართი N1) მითითებულია, რომ მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით: 378-ე მუხლის მე-5 ნაწილი.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ბრალდების ფორმულირება შემდეგია:
საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ლეონიდე მიქაბერიძემ ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ (2016 წლის 05 ივნისის ეპიზოდი). ქმედება გამოიხატა შემდგომში, რომ მან ხელი დაარტყა პენიტენციური დეპარტამენტის N3 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის გაყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორს. მანვე ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ (2016 წლის 04 დეკემბრის ეპიზოდი). ქმედება გამოიხატა შემდგომში, რომ მან ხელი დაარტყა სახის არეში, პენიტენციური დეპარტამენტის N3 დაწესებულების დირექტორის მოადგილეს. მანვე ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიმართ სხვაგვარი ძალადობა ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ (2017 წლის 10 აპრილის ეპიზოდი). პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს ელექტრო მადუღარიდან შეასხა ცხელი წყალი მარჯვენა მხარის მუცლის და გულმკერდის მიდამოებში, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა, მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ე.ი მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით : 387-5.
აღსანიშნავია, რომ ლეონიდე მიქაბერიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენით გასამართლებული იყო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისათვის, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულია.
მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ის ქმედება რომელსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 პუნქტი, ავტომატურად არ უნდა კვალიფიცირდებოდეს ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან წარსულში ჩაიდინა მძიმე დანაშაული.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლი ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლას ან/და ამ საქმინობის დეზორგანოზაციას. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს სხვადასხვა სიმძიმის სისხლისამართლებრივი დანაშაულის ფორმას.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გარკვეულწილად განმარტა სადავო ნორმის შინაარსი ცხადია, რომ სსკ-ის 378-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები სხვადასხვაა, თუმცა სამივე დანაშაული უკავშირდება კანონმდებლის მიერ განსაზღვრულ ზოგად უმართლობას – პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლას ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაციას.
სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ისჯება პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რასაც თან ახლავს მისი ან/და მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარა თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან რვა წლამდე ისჯება პენიტენციურ დაწესებულებაში ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების, ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, ან/და აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა, ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა.
ზემოთ წარმოდგენილ ნორმებს შორის აშკარა სხვაობა გამომდინარეობს ორი ასპექტიდან. ერთ შემთხვევაში აშკარაა, რომ სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, პირველ ნაწილთან შედარებით, გაცილებით უფრო სერიოზული დანაშაულია გათვალისწინებული. ამ ნორმაში საუბარია პირის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ძალადობაზე, თავდასხმაზე, რომელსაც პირი სჩადის. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გამოიხატება პირის მიერ უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობაში, რომელსაც თან ახლავს მუქარა, აგრეთვე დაწესებულების ფუნქციონერებისთვის სხვაგვარად ხელის შეშლა ანდა საქმიანობის დეზორგანიზაცია.
ამ ორი დანაშაულის სოციალური საშიშროების სხვადასხვა ხარისხთან დაკავშირებით მეტყველებს კანონმდებლის მიერ შერჩეული პასუხისმგებლობის ზომები. კერძოდ, სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილისთვის გათვალისწინებულია სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირს ემუქრება ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სსკ-ის მე-12 მუხლი განსაზღვრავს დანაშაულთა კატეგორიებს. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე, კანონმდებლის მიზნებისთვის ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება, რაც, თავისთავად, მიუთითებს ამ დანაშაულიდან მომდინარე საფრთხის შესაბამის ხარისხზე. სსკ-ის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას. სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ისჯება ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ ეს დანაშაული გაცილებით უფრო სერიოზულ საფრთხედ არის მიჩნეული, ვიდრე ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ამ დანაშაულთა სოციალური საშიშროებიდან მომდინარე საფრთხეების და საჭიროების თვალსაზრისით, ეს ორი დანაშაული კანონმდებლისთვის სხვადასხვა სიმძიმის და მნიშვნელობის მატარებელია.
მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, არ დამდგარა 378-ე მუხლის მე-5 პუნქტის განმარტების საჭიროების წინაშე. აღნიშნული პუნქტი მიუთითებს: ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე. შესაბამისად, მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია უფრო მაღალია. მიუხედავად, იმისა რომ მე-5 პუნქტი პირდაპირ ასახელებს თუ ამავე მუხლის რომელი პუნქტების დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, მაგრამ ბუნდოვანების სახით მაინც რჩება ის, რომ რამდენად კონსტიტუციურია სასჯელის პროპორციულობის ნაწილში ნორმაში წარმოდგენილი დამამძიმებელი გარემოება, რომელიც მიუთითებს ისეთ დანაშაულზე, რასაც კავშირი არ აქვს ამ ნორმაში წარმოდგენილ დანაშაულთან.
სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 პუნქტი გარკვევით მიუთითებს მე-3 და მე-4 პუნქტებზე, რომელიც სოციალური საშიშროებიდან გამომდინარე უფრო მძიმეა ვიდრე ამავე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტი.
378-ე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს „პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა ან/და აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე. მე-5 პუნქტი კი იგივე ქმედებისათვის, ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თორმეტ წლამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე ერთიდაიგივე ქმედებისათვის, მაგრამ ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, ავტომატურად ამისამართებს მე-5 პუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს უფრო მკაცრ სანქციას ვიდრე ეს ამავე მუხლის მესამე პუნქტითაა გათვალისწინებული. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სწორედ ამას მიიჩნევს პრობლემურად.
აღსანიშნავია, რომ ამ მუხლის მიზანს წარმოადგენს დაიცვას პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის უსაფრთხოება, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია. მაგრამ მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ბლანკეტური დანაწესი, რომელიც ავტომატურად ამისამართვებს მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს, მხოლოდ იმიტომ რომ დანაშაულის სუბიექტს მანამდე მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. აღსანიშნავია, რომ იმ დანაშაულს, რომლისთვისაც პირი სასჯელს იხდის კავშირი არ უნდა ქონდეს 378-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებასთან. გასათვალისწინებელია, ისიც რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე/განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები შესაძლებელია იყოს როგორც ძალადობრივი ისე არაძალადობრივი ხასიათის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი ითვალისწინებს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე არაერთხელ იმსჯელა სასჯელის პროპორციულობის ნაწილზე. საქმეში ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღდეგ განაცხადა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული, სპეციფიკური მიდგომა აქვს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს არასოდეს უმსჯელია სასჯელის კონკრეტული ზომის კონსტიტუციურობაზე, თუმცა გარკვეული კრიტერიუმები და საფუძველი პასუხისმგებლობის ზომის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის, სასამართლომ დაადგინა ადმინისტრაციულ სახდელებთან მიმართებით. კერძოდ, სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განაცხადა: „ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრა, სახდელის დაწესება და მისი სიმძიმის განსაზღვრა სახელმწიფოს (კანონმდებლის) ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს ... მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული სახდელის ზომის, მოცულობისა და სიმძიმის დადგენისას კანონმდებელი ფართო მიხედულებით სარგებლობს, მისი დისკრეციული უფლებამოსილება არ არის უსაზღვრო. კონკრეტული სახის ადმინისტრაციული სახდელის განსაზღვრისას კანონმდებელი ვალდებულია, მოქმედებდეს პროპორციულობის პრინციპის დაცვით. კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას. მართალია, კანონმდებლის ძალისხმევა ყოველთვის მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ მან ადეკვატურად მიუსადაგოს თითოეული ადმინისტრაციული სახდელი იმ ქმედებას, რაც არღვევს სხვათა უფლებებს და ზიანს აყენებს საზოგადოებას, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის ზომა შეფასების საგანი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ... საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან ადმინისტრაციული სახდელის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები - დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
სასჯელის პროპორციულობის ნაწილში კონსტიტუციურობის მტკიცებისათვის, ხელისუფლების მხრიდან შემდეგი პირობების კუმულაციურად დაკმაყოფილებაა საჭირო:
ა)კანონით დანაშაულად მხოლოდ ისეთი ქმედების მიჩნევა, რომელიც უმართლობის ხარისხის იმ მომეტებული რისკების მატარებელია, რომელთა განეიტრალება და ამ გზით საზოგადოების და ადამიანების დაცვა ობიექტურად სისხლის სამართლის სფეროს განეკუთვნება;
ბ)კანონითვე კრიმინალიზებული ქმედებისთვის პასუხისმგებლობის პროპორციული ზომის გათვალისწინება. სასჯელი, როგორც ერთგვარად სოციალური კონტროლის მექანიზმი, სახელმწიფო იძულების ყველაზე მკაცრი ღონისძიებაა, ამიტომ კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაწესებისას კანონმდებელი შეზღუდულია იმის დემონსტრირების ვალდებულებით, რომ სასჯელის მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის ეფექტური და პროპორციული;
გ)კანონმდებლის მიერ სასამართლოს აღჭურვა შესაძლებლობით, გადაწყვეტილება მიიღოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ქმედების სიმძიმის, დამნაშავის პიროვნების, ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით;
დ)სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული ინსტრუმენტების სწორად და სამართლიანად გამოყენება.
კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ნორმა გარდა იმისა, რომ პროპორციული ზომის სასჯელს არ ითვალისწინებს, ასევე მოსამართლეს უკრძალავს გამოიყენოს საკუთარი დისკრეცია და გადაწყევტილება მიიღოს ინდივიდუალური გარემოებების გათვალისიწნებით.
იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 1) მოწმდება აშკარა არაპროპორციულობა დანაშაულის სიმძიმესა და მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს შორის - კანონმდებლობით ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელი ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად და არაადამიანურ, სასტიკ სასჯელად, თუ მისი ხანგრძლივობა მკვეთრად, უხეშად დისპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, გამოწვევად საფრთხეებთან.
2) კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, მოსამართლემ სასჯელის დაკისრებისას გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. მაშასადამე, ერთი მხრივ, ზოგადად, ამა თუ იმ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან, მოსამართლის დისკრეციის ფარგლები ასევე განჭვრეტადი უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს როგორც ერთგვაროვანი ურთიერთობების მიმართ ერთნაირი მიდგომა, ისე მოსამართლის დისკრეციის მიზნობრივი გამოყენება - გამოირიცხოს დისკრეციაზე დაყრდნობით მხოლოდ სუბიექტური შეხედულებებით გადაწყვეტილების მიღების რისკები.
378-ე მუხლის მესამე პუნქტი ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და სხვაგვარი ძალადობა ან/და დაწესებულებაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დაჯგუფების შექმნა ან დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა. მე-5 პუნქტის მიხედვით კი თუ ეს იგივე ქმედება ჩადენილი იქნა ისეთი მსჯავრდებულის მიერ, რომელმაც მანამდე ჩაიდინა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ანუ ორივე პუნქტი ითვალისწინებს ერთი და იგივე ქმედებისათვის განსხვავებულ სასჯელს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მსჯავრდებული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის იხდის სასჯელს. გაურკვეველია კანონმდებლის მიზანი, როდესაც ის ცალკე გამოყოფს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს და ის ლოგიკა გასაგებია, რომ პირი რომელმაც ჩაიდინა ძალადობრივი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენდნენ ვიდრე სხვანი, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს ითვალისწინებს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიაში, მათ შორის არაძალადობრივსაც. ასევე, აღსანიშნავია, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირი უფრო დიდ აგრესიას იჩენდეს მომუშავე პერსონალის მიმართ ვიდრე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულნი. სადავო ნორმა კი ბლანკეტურად განსაზღვრავს დანაშულის კატეგორიებს და არანაირი გამონაკლისის დაწესების შესაძლებლობას არ იძლევა, რაც მოსამართლეს უკარგავს შესაძლებლობას საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე შეაფასოს და განსაზღვროს შესაბამისი სანქცია.
„სასჯელის პროპორციულობის შემოწმება შეუძლებელი იქნება, თუ არ განისაზღვრება თავად დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი, მისი სიმძიმე და ქმედებით გამოწვევადი საფრთხე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60) სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სასჯელმა თავისი დანიშნულების და მიზნების მისაღწევად უნდა შეაკავოს ზიანის მომტანი ქმედება იმაზე მეტი ზიანის გამოწვევის გარეშე, რის პრევენციასაც ის თავად ახდენს. სასჯელი, თავისი არსით, თავისთავად გულისხმობს, იწვევს ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას. ეს სასჯელის გამოყენების თანმდევი კანონზომიერი შედეგია, რაც დამნაშავეს, სულ მცირე, დისკომფორტს უქმნის, იწვევს მასზე გარკვეულ მორალურ, ფსიქო-ემოციურ ზეგავლენას.
შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სანქცია ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა