მირზა გიგლემიანი და ლეონიდე მიქაბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/2/1296,1396 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 11 აპრილი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 აპრილი 2023 18:04 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: მირზა გიგლემიანი და ლეონიდე მიქაბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის მირზა გიგლემიანის წარმომადგენელი ‒ ლევან ჯავახაძე; მოსარჩელე მხარის ლეონიდე მიქაბერიძის წარმომადგენელი – გიორგი გოცირიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ‒ რუსუდან მუმლაური, ნინო შარმანაშვილი და ბაჩანა სურმავა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1296) მომართა მირზა გიგლემიანმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/16/1296 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1396) მომართა ლეონიდე მიქაბერიძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/17/1396 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/17/1396 საოქმო ჩანაწერით, №1296 და №1396 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდა ერთ საქმედ და ერთობლივად იქნა არსებითად განხილული. №1296 და №1396 კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2020 წლის 26 ივნისს.
2. №1296 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
3. №1396 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილი დანაშაულის შემადგენლობად განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკურ შეურაცხყოფას, ან/და მის მიმართ სხვაგვარ ძალადობას, ან/და აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმას, ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნას, ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიურ მონაწილეობას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს კონკრეტულ დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, რომელიც საშიშია სიცოცხლისთვის, ჩადენილია არაერთგზის ან რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი. დასახელებული მუხლის მე-5 ნაწილი კი მოიცავს მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული ქმედების ჩადენას იმ პირის მიერ, რომელიც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვისაა მსჯავრდებული და სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით, ათიდან თორმეტ წლამდე.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
6. №1296 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე მირზა გიგლემიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით, მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2016 წლის 17 ნოემბერს მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ბრალდების დადგენილების მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში მოსარჩელემ პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
7. №1396 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ლეონიდე მიქაბერიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენით, გასამართლებულ იქნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისათვის, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. 2017 წლის 14 აგვისტოს მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ბრალდების დადგენილების თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, კერძოდ, 2016 წლის 5 ივნისს მოსარჩელემ პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე წლის 4 დეკემბერს მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილეს. ორივე შემთხვევაში ფიზიკური ძალადობა გამოიხატა სახის არეში ხელის დარტყმაში. ხსენებული დადგენილების შესაბამისად, 2017 წლის 10 აპრილს მოსარჩელემ ჩაიდინა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ, ამ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს ელექტრო მადუღარიდან შეასხა ცხელი წყალი, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
8. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა ადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს ისეთი ქმედებებისთვის, როგორებიცაა - მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა. მათთვის პრობლემურია გასაჩივრებული ნორმით აკრძალული ქმედებისთვის არა ზოგადად სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესების შესაძლებლობა, არამედ სასჯელის კონკრეტული ზომა – თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან თორმეტ წლამდე.
9. მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმა ერთნაირ სასჯელს აწესებს ისეთი ქმედებებისთვის, როგორებიცაა: ერთი მხრივ, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა. მათი აზრით, ისეთი ქმედებები, როგორებიცაა – პენიტენციურ დაწესებულებაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ბევრად უფრო მძიმე ხასიათის ქმედებებია და მათი გაიგივება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ან/და მის მიმართ სხვაგვარ ძალადობასთან არ არის სამართლიანი. ისინი მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა არ იძლევა სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას, რადგან მოსამართლე ვალდებულია, ბრალდებულ პირს შეუფარდოს თავისუფლების აღკვეთა, ვადით, ათიდან თორმეტ წლამდე ისე, რომ მხედველობაში ვერ მიიღებს დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს.
10. №1396 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ვერ პასუხობს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნებს, რამდენადაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად მოიაზრებს პირის მიერ წარსულში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას. მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე დანაშაული შეიძლება იყოს როგორც ძალადობრივი, ისე არაძალადობრივი ხასიათის, თუმცა სადავო ნორმის მიხედვით, ეს ფაქტი არ მიიღება მხედველობაში. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დამძიმება ხდება ავტომატურად და ბლანკეტურად, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების გარეშე. ამასთან, იგი მიუთითებს, რომ შესაძლებელია, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულ პირებზე მეტ აგრესიას იჩენდეს ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირი და იგი გაცილებით საშიში იყოს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთათვის. აქედან გამომდინარე, არალოგიკურია ბევრად უფრო მკაცრი სასჯელის დაკისრების შესაძლებლობა დაკავშირებული იყოს პირის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულის კატეგორიასთან. მოსარჩელის პოზიციით, ამგვარი მოწესრიგება მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას, ინდივიდუალურად შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ამის საფუძველზე განსაზღვროს შესაბამისი სანქცია.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
12. საქმის განხილვის არსებით სხდომაზე №1296 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ იგი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით, ათიდან თორმეტ წლამდე ისეთი ქმედებებისთვის, როგორებიცაა - პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ.
13. საქმის განხილვის არსებით სხდომაზე №1396 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით ათიდან თორმეტ წლამდე ისეთი ქმედებებისთვის, როგორებიცაა - პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი მძიმე, მაგრამ არაძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ.
14. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან თორმეტ წლამდე განპირობებულია სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესით, მოახდინოს პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლისა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაციის პრევენცია, დაცული იყოს პენიტენციურ დაწესებულებათა ნორმალური საქმიანობა და, იმავდროულად, ამ დაწესებულების თანამშრომლებისა და დაწესებულებაში მოთავსებული პირების უსაფრთხოება, პირადი ხელშეუხებლობა, ჯანმრთელობა და, ზოგადად, საზოგადოების უსაფრთხოება.
15. გასაჩივრებული რეგულაციით აკრძალული ქმედება ობიექტურად გამოიხატება თავდასხმაში, ადმინისტრაციის წარმომადგენელზე ფიზიკურ ძალადობაში, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ცემაში, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებაში. იგი შეიძლება ჩაიდინოს მხოლოდ სპეციალურმა სუბიექტმა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულმა პირმა. ქმედება მიმართულია სახელმწიფო მოხელის - პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანებისკენ, რომლის მიმართაც სახელმწიფოს გააჩნია განსაკუთრებული ზრუნვისა და დაცვის ვალდებულება. აღნიშნული დანაშაული შესაძლებელია, ჩადენილ იქნეს მხოლოდ იმ სამსახურებრივ ფუნქციასთან დაკავშირებით, რომლებსაც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები ახორციელებენ.
16. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების თქმით, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულნი წარმოადგენენ გარკვეული რისკის მქონე პირებს. დღეის მდგომარეობით არსებული მონაცემების მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებში მსჯავრდებულთა რაოდენობა ბევრად აღემატება თანამშრომელთა რაოდენობას. ამასთან, გასაჩივრებული რეგულაცია თანაბრად იცავს როგორც უშუალოდ პენიტენციური დაწესებულების შიგნით მომუშავე პირს, ასევე, ზოგადად, პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც მსჯავრდებულის გადაყვანისას ან ექსტრადიციისას აქვს მასთან უშუალო შეხება. შესაბამისად, ასეთ დროს განსაკუთრებით უნდა მოხდეს იმ რისკების დაზღვევა, რომლებიც მომდინარეობს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებისგან.
17. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ პენიტენციური დაწესებულების შექმნის მიზანია, მოხდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. მაშასადამე, პენიტენციური დაწესებულების ფუნქციაა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია დაუშვებელია. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჩადენილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას, უმართლობის მაღალი ხარისხის მატარებელია და მიმართულია საჯარო წესრიგის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევისკენ. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სადავო ნორმით დადგენილი სასჯელის ზომა – თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან თორმეტ წლამდე - ვერ ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულ სასჯელად და შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
18. მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დაცული სფერო და სასჯელის შეფასების კონსტიტუციური სტანდარტები
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ კონსტიტუციური აკრძალვა ... [არაადამიანური და დამამცირებელი] სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. ნიშანდობლივია, რომ ეს აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი ... [მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით] დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ... არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება ... [არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენების] კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, სასჯელის პოლიტიკის განსაზღვრის სფეროში კანონმდებელს საკმაოდ ფართო მიხედულება გააჩნია. „კანონმდებელი უფლებამოსილია, ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სასჯელის პოლიტიკა და დააწესოს ამა თუ იმ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების შესატყვისი სასჯელის ზომები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს სასჯელის პროპორციულობას მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც აშკარაა დისპროპორცია სასჯელის ზომასა და დანაშაულის სიმძიმეს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). მაშასადამე, „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა ... საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული““ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
4. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების მიხედვით, „კანონმდებლის მიხედულება ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესაბამისად სათანადო სასჯელის განსაზღვრის სფეროში არ არის შეუზღუდავი… საქართველოს კონსტიტუცია ადგენს იმ ჩარჩოს და მინიმალურ მოთხოვნებს, რასაც კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული სასჯელი, მისი სიმკაცრე უნდა აკმაყოფილებდეს. აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი. ასეთი ტიპის სასჯელები იწვევს ადამიანის ობიექტად განხილვას და უნდა შეფასდეს როგორც არაადამიანური. სწორედ აქ მთავრდება სასჯელის პოლიტიკის თავისუფლად განხორციელების სივრცე და კანონმდებელი იჭრება კონსტიტუციით აბსოლუტურად აკრძალულ სფეროში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
5. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე დანაშაულის სიმძიმეს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას. „ამ თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია, სადამსჯელო ღონისძიებასა და სასჯელის მიზნებს შორის ურთიერთმიმართების დადგენა. სწორედ სასჯელის მიზნები და აკრძალული ქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი აძლევს კანონმდებელს სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებისა და, ზოგადად, სასჯელის პოლიტიკის შემუშავების ლეგიტიმაციას. შესაბამისად, აშკარად არაპროპორციული, არაადამიანური სასჯელის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, განისაზღვროს გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიების მიზნები და აკრძალული ქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხსა და სასჯელის სიმკაცრეს შორის ურთიერთმიმართება. იმ შემთხვევაში, თუ აკრძალული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი არის იმდენად დაბალი, რომ ვერ ამართლებს მკაცრი სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებას, აშკარა ხდება, რომ სახეზეა არაადამიანური სასჯელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
6. საკონსტიტუციო სასამართლო, სწორედ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, შეაფასებს სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელის კონსტიტუციურობას.
2. სადავო ნორმის შინაარსისა და შესაფასებელი მოცემულობის განსაზღვრა
7. №1296 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე“ იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით, ათიდან თორმეტ წლამდე ისეთი ქმედებებისთვის, როგორებიცაა - პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, მსჯავრდებულის მიერ.
8. №1396 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით ათიდან თორმეტ წლამდე, ისეთი ქმედებებისთვის, როგორებიცაა - პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი მძიმე, მაგრამ არაძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლში თავმოყრილია ის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებები, რომლებიც იწვევს პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლას ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაციას. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ ქმედებებს წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი კი დასახელებული ქმედებების დამამძიმებელ გარემოებად ადგენს სპეციალურ სუბიექტს – მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირს და სასჯელის სახედ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას, ვადით, ათიდან თორმეტ წლამდე.
10. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელეები პრობლემურად მიიჩნევენ დასახელებული ქმედებებისთვის სასჯელის სახედ არა ზოგადად თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, არამედ სასჯელის კონკრეტულ ზომას – თავისუფლების აღკვეთას, ვადით, ათიდან თორმეტ წლამდე. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოცემული დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს სასჯელის ზომად ათიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობა ისეთი ქმედებებისთვის, როგორებიცაა: ა) პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, მსჯავრდებულის მიერ; ბ) პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი მძიმე, მაგრამ არაძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ.
11. სადავო ნორმით აკრძალული ქმედების ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება აგრესიულ, ძალადობრივ ქმედებაში – მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, მსჯავრდებულის მიერ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ან/და მის მიმართ განხორციელებულ სხვაგვარ ძალადობაში. მაგალითისთვის, ბრალდების დადგენილების თანახმად, №1296 კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა, სასჯელის მოხდის პერიოდში, შუბლის არეში თავი დაარტყა პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორს, რითაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. №1396 კონსტიტუციური სარჩელის მოსარჩელემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორს და პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, რაც, ორივე შემთხვევაში, გამოიხატა სახის არეში ხელის დარტყმით. ასევე, მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობაც - პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს ელექტრო მადუღარიდან შეასხა ცხელი წყალი, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
12. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე მხარის პოზიციით, სხვაგვარი ძალადობა, მათ შორის, მოიაზრებს ფსიქიკური ძალადობის შემთხვევებსაც. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, იმის დადგენა, ადგილი ჰქონდა თუ არა ფსიქიკურ ძალადობას, უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღების გზით (მაგ., შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი შესაძლოა იყოს, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს საფუძვლიანი შიში). ამასთან, მასში არ უნდა იქნეს მოაზრებული სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ერთჯერადი შემთხვევები.
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, დასჯადია ისეთი ქმედება, როგორიცაა სისტემური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება. დასახელებული ნორმის დისპოზიციიდან იკვეთება, რომ სისტემური ხასიათის სხვაგვარმა ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური ტანჯვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის №896აპ-22 გადაწყვეტილების თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია შედეგი - ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის სახით, რაც ნორმატიული კატეგორიაა და მოიცავს ფიზიკური/ფსიქიკური ტანჯვის შეფასების სუბიექტურ და ობიექტურ კრიტერიუმებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა უნდა დადგინდეს არა ცალკეული ერთი მტკიცებულების - ექსპერტიზის დასკვნის, არამედ - საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზისა და შეფასების შედეგად“. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის №617აპ-18 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ,,სისტემატურ ძალადობას ახასიათებს: ძალადობის პერმანენტულობა - ერთხელ ან ორჯერ ჩადენილი ძალადობა შეუძლებელია იყოს სისტემატური, ე.ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ, ორჯერ მაინც უნდა იქნეს ჩადენილი, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი; დროის მცირე ინტერვალები - ყოველი მომდევნო ძალადობის ინტერვალი არ უნდა იყოს იმდენად ხანგრძლივი, რომ განცდილი ტკივილი განელდეს და ვეღარ მიაღწიოს ტანჯვის ხარისხს“.ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის რეგულირების ქვეშ შეიძლება მოექცეს ფსიქიკური ძალადობის ისეთი შემთხვევები, რომელთაც აქვს სისტემური ხასიათი და იწვევს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფსიქიკურ ტანჯვას.
14. საქმის განხილვის არსებით სხდომაზე მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ სხვაგვარი ძალადობის ქვეშ ასევე შეიძლება მოიაზრებოდეს მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს პენიტენციური დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინურ დარღვევას წარმოადგენს ისეთი განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა პატიმრობის კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია დისციპლინური სახდელის სახეები (გაფრთხილება, საყვედური, საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა, სამარტოო საკანში მოთავსება...). ანალოგიური დისციპლინური დარღვევები და შესაბამისი სასჯელები გაწერილია თავად პენიტენციური დაწესებულებების დებულებებითაც. ამასთან, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება, სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება. მსგავსი შინაარსის ნორმებს შეიცავს სხვა პენიტენციური დაწესებულებების დებულებებიც.
15. საქართველოს კანონმდებლობის ანალიზზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სხვაგვარი ძალადობის რეგულირების ქვეშ არ ექცევა მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევები. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ არის ცნობილი საერთო სასამართლოების მიერ გასაჩივრებული რეგულაციის იმგვარი განმარტების შესახებ, რომელიც სხვაგვარ ძალადობად დააკვალიფიცირებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევებს. იმ შემთხვევაში, თუ საერთო სასამართლოები მოახდენენ ნორმის ამგვარ განმარტებას, იგი დაექვემდებარება დამოუკიდებელ კონსტიტუციურსამართლებრივ შეფასებას.
16. სადავო ნორმით, დასჯადი ქმედების ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს სპეციალური სუბიექტი - მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას, თუმცა არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა“.
17. გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს ასევე წარმოადგენს მისი განხორციელების ადგილი ან/და ვითარება, კერძოდ, დასახელებული დანაშაული შეიძლება განხორციელდეს პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე, მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას. ამასთან, დანაშაულს შეიძლება ჰყავდეს კონკრეტული დაზარალებული - სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი.
18. პატიმრობის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ესაა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღმასრულებელი ორგანოები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახური და მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებები. დასახელებული კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პენიტენციური დაწესებულება არის მინისტრის სამართლებრივი აქტით შექმნილი დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით. შესაბამისად, ცხადია, თუ რა დაწესებულებას განიხილავს კანონმდებელი გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მაკვალიფიცირებელ ადგილად.
19. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სტანდარტების მიხედვით, სასჯელი იმ შემთხვევაში ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად, თუ აკრძალული ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი და სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე აშკარად არათანაზომიერ დამოკიდებულებაში იქნება ერთმანეთთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს სადავო ნორმით გამოყენებული სასჯელის პროპორციულობა სამართალდარღვევის სიმძიმესთან მიმართებით.
3. სადავო ნორმის კრიმინალიზების მიზნები
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას „პირველ რიგში, უნდა დადგინდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების კრიმინალიზების მიზნები. ხოლო, ამის შემდეგ უნდა გაირკვეს ამ ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელის კონკრეტული ზომა არის თუ არა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების ვარგისი და პროპორციული საშუალება და უზრუნველყოფს თუ არა თავად სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობას“ („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
21. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენს პენიტენციური დაწესებულების გამართულად ფუნქციონირება, მისი თანამშრომლების უსაფრთხოება, პირადი ხელშეუხებლობა და ჯანმრთელობა. თავის მხრივ, პენიტენციური დაწესებულების ფუნქციაა, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
22. პატიმრობის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფები აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებს და იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებების განხორციელების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის და ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, შესაბამისი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უზრუნველყოფისაკენ. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პენიტენციური დაწესებულების სახეებია: პატიმრობის დაწესებულება, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. დასახელებული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ პატიმრობის დაწესებულება არის დახურული, განსაკუთრებულად დაცული, სასაკნე ტიპის დაწესებულება, რომლის მიზანია, ბრალდებულის იზოლაცია აღკვეთის ღონისძიების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით. ამავე კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ესაა დაწესებულება, რომელშიც ხდება ისეთი სასჯელების აღსრულება, როგორებიცაა - ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა.
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ცხადია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის კანონის შესაბამისად აღსრულება, პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირება, იქ დასაქმებული პირების ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მათი ჯანმრთელობის დაცვა - უდავოდ წარმოადგენს იმ უმნიშვნელოვანეს ინტერესებს, რომლებიც ლეგიტიმურს ხდის -სახელმწიფომ მოახდინოს იმგვარი ქმედებების კრიმინალიზება, რომლებიც საფრთხეს უქმნის დაცულ სიკეთეებს და განსაზღვროს შესაბამისი სასჯელი.
24. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა კრძალავს, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, მსჯავრდებულის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკურ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვაგვარ ძალადობას. გასაჩივრებული რეგულაციით, აკრძალული ქმედების სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს, ერთი მხრივ, პენიტენციური დაწესებულების ნორმალური, გამართული ფუნქციონირება, ხოლო, მეორე მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქიკური ხელშეუხებლობა და ჯანმრთელობის დაცვა.
25. პენიტენციური დაწესებულების სპეციფიკის მეტი თვალსაჩინოების მაგალითისთვის შეიძლება მოყვანილ იქნეს №10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 13 მაისის №537 ბრძანება. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, №10 პენიტენციური დაწესებულება ესაა დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში. დაწესებულება, მისთვის მინიჭებული ცალკეული ფუნქციის შესრულებისას, არის ადმინისტრაციული ორგანო. დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. ამავე დებულების მე-3 მუხლის თანახმად, დაწესებულების ამოცანებია: თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება, პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების აღსრულების უზრუნველყოფა, დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია. ანალოგიური შინაარსის ნორმებს ვხვდებით სხვა პენიტენციური დაწესებულებების დებულებებშიც.
26. საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ პენიტენციური დაწესებულებების მეშვეობით ხორციელდება საერთო სასამართლოების მიერ დანიშნული სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმის - თავისუფლების აღკვეთის აღსრულება. პენიტენციური დაწესებულების სპეციფიკის შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, იქ მოქმედებს სპეციალური რეჟიმი, რომლის დაცვაზეც კონტროლს ახორციელებენ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები. ისინი ზედამხედველობას უწევენ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულების ყოფაქცევას, რათა მოახდინონ მათგან მომდინარე საფრთხეების დროულად იდენტიფიცირება, მათი აღკვეთა და სათანადო რეაგირება. მეტწილად, სწორედ მათი კეთილსინდისიერი და კვალიფიციური მუშაობა განაპირობებს პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებას, იქ მოთავსებული და დასაქმებული პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას.
27. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიერ საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას არსებული რისკების გათვალისწინებით, სახელმწიფო უფლებამოსილია, განსაკუთრებული ზომები მიიღოს იქ დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ერთ-ერთ ასეთ მექანიზმს წარმოადგენს ისეთი ქმედებების კრიმინალიზება, რომლებიც საფრთხეს უქმნის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკურ და ფსიქიკურ ხელშეუხებლობას. ბუნებრივია, ამა თუ იმ ქმედების მიმართ სასჯელის დაწესებას შემაკავებელი ეფექტი აქვს და მისი ჩადენის პრევენციას ემსახურება. შესაბამისად, სადავო ნორმით აკრძალული ქმედებისთვის სასჯელის დაწესება მიმართულია პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის დაცვისკენ. ამასთან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს განსაკუთრებული რეჟიმი, რომლის გამართულად აღსრულებაშიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ თავად ამ დაწესებულების თანამშრომლები. შესაბამისად, მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელზე თავდასხმამ შესაძლოა, ასევე საფრთხე შეუქმნას პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებასაც. ამგვარად, სადავო ნორმა ასევე ემსახურება პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაციის პრევენციასაც.
4. სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, ვადით, ათიდან თორმეტ წლამდე
28. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოსარჩელეები სადავო ნორმით აკრძალული ქმედებისთვის აშკარად არაპროპორციულ სასჯელად მიიჩნევენ არა ზოგადად თავისუფლების აღკვეთის დაწესებას, არამედ სასჯელის კონკრეტულ ზომას - თავისუფლების აღკვეთას, ვადით, ათიდან თორმეტ წლამდე. ისინი მიუთითებენ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ისეთი ქმედებებისთვის როგორებიცაა - პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით, ექვსიდან რვა წლამდე. სხვაობა აღნიშნული ნორმით დადგენილ ქმედებას და გასაჩივრებული რეგულაციით აკრძალულ ქმედებას შორის გამოიხატება დანაშაულის ამსრულებლის სტატუსში, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ ქმედებას განახორციელებს ის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, დაისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა, ვადით, ექვსიდან რვა წლამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედების სუბიექტი იქნება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი, მაშინ იგი დაისჯება სადავო ნორმით და სასჯელის ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა, ვადით, ათიდან თორმეტ წლამდე.
29. მოსარჩელეები, ასევე აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ, თუ პირი, რომელიც სასჯელს იხდის ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, თავს დაესხმება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს იმგვარად, რომ აღნიშნული ქმედება საშიში იქნება სიცოცხლისთვის, დაისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით, რვიდან ათ წლამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს ფიზიკურ შეურაცხყოფას (ისეთს, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისთვის, მაგ., სახის არეში ერთჯერადად ხელის დარტყმა) მიაყენებს მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი, მაშინ მისი ქმედება დაკვალიფიცირდება სადავო ნორმით, რომელიც ითვალისწინებს უფრო მძიმე სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას, ვადით, ათიდან თორმეტ წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედება ნაკლებ საფრთხეს შეიცავს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ჯანმრთელობისთვის.
30. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებული სასჯელის აშკარად არაპროპორციულად ცნობის მიზეზი ვერ გახდება მხოლოდ ის გარემოება, რომ მსგავსი საფრთხის მატარებელი ქმედება ისჯება უფრო მსუბუქად. როგორც ზემოთ უკვე არაერთხელ აღინიშნა, სასჯელის პოლიტიკის განსაზღვრისას კანონმდებელი მოქმედებს ფართო მიხედულების ფარგლებში. შესაძლებელია, კანონმდებელი კონსტიტუციის მე-9 მუხლით დასაშვებ ფარგლებში მოქმედებდეს ამა თუ იმ ქმედების ჩადენისათვის სასჯელის სახით როგორც 5 წლამდე, ასევე 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრისას. კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ფასდება, რამდენად წარმოადგენს სადავო ნორმით განსაზღვრული პატიმრობა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და არა ის, თუ რამდენად თანასწორად ისჯებიან მსგავსი საფრთხის შემცველი დანაშაულის ამსრულებლები. პირთა კანონის წინაშე თანასწორობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, რომელთან მიმართებითაც, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები არ ითხოვენ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას. თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული ზომის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება კონსტიტუციის მე-9 მუხლის საწინააღმდეგოდ, თუ მისი სიმძიმე მკვეთრად, უხეშად დისპროპორციული იქნება ქმედების უმართლობის ხარისხთან და მისგან მომდინარე საფრთხეებთან.
31. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სადავო ნორმით დასჯადია აგრესიული, ძალადობრივი ქმედება, რომელიც მიმართულია პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისთვის ფიზიკური ტკივილის ან ფსიქიკური ტანჯვის მიყენებისკენ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის, როგორც უშუალოდ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა უსაფრთხოებას, ასევე თავად პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას. პენიტენციურ დაწესებულებაში მათი ნების საწინააღმდეგოდ მოთავსებული არიან გარკვეული რისკის მქონე მსჯავრდებულები. შესაბამისად, მსგავს გარემოში მომეტებულად არსებობს აგრესიული ქცევის რისკი. მაშასადამე, მუდმივია საფრთხე იმისა, რომ ძალადობის ცალკეული შემთხვევა გადაიზარდოს მასიურ არეულობაში და გამოიწვიოს მძიმე შედეგები, მათ შორის, ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი. შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში ძალადობრივად გამოხატული წესრიგის დარღვევა, თუნდაც იმ პირობებში, როდესაც კონკრეტულ ძალადობის ფაქტს მძიმე შედეგი არ მოჰყვება, თავისთავად, წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ქმედებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული საფრთხეების პრევენციისათვის კანონმდებელი უფლებამოსილია, მიიღოს განსაკუთრებული ზომები, მათ შორის, შექმნას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები და მათი დარღვევისათვის გაითვალისწინოს მძიმე სასჯელი.
32. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ესა თუ ის სისხლის სამართლის ნორმა ემსახურებოდა უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი საფრთხეების პრევენციას, სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა არაპროპორციულ სასჯელად მიჩნია. მაგალითად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების აკრძალვა ემსახურება ნარკოტიკულ საშუალებათა ბრუნვის შეზღუდვას, რაც, ბუნებრივია, უმნიშვნელოვანეს ინტერესს წარმოადგენს. თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნარკოტიკების მოხმარების ინდივიდუალური შემთხვევის როლი ნარკოტიკების ბრუნვის ხელშეწყობაში არის ძალიან მცირე, თითქმის უმნიშვნელო და, შესაბამისად, ასევე შედარებით მცირეა ქმედების საშიშროების ხარისხიც (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52). აღნიშნულისგან განსხვავებით, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელზე ძალადობა წარმოადგენს ქმედებას, რომელიც უშუალოდ ქმნის არეულობის პროვოცირების რისკებს და, ამ თვალსაზრისით, ჩადენილ დანაშაულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა.
33. ამავე დროს, სადავო ნორმა მიემართება ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი დანაშაულისთვის უკვე ნასამართლევი პირი სჩადის ახალ, განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს. დანაშაულის განმეორებით ჩადენა წარმოადგენს ფაქტორს, რომელიც კანონმდებლის მიერ მძიმე სასჯელის განსაზღვრის ლეგიტიმაციას ზრდის. ბუნებრივია, ასეთ დროს კანონმდებელმა, შეიძლება ლეგიტიმურად ჩათვალოს, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა კონკრეტული პირის მიმართ შედარებით რთულად ხორციელდება და საჭიროა მიდგომის გამკაცრება. შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგის დაცვის მიზნის უზრუნველსაყოფად თანამშრომელზე ძალადობის ინდივიდუალური შემთხვევების მძიმედ დასჯის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დგას.
34. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო აცნობიერებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე დაწესებული სასჯელი არის ძალიან მძიმე და კანონმდებლის მიერ განხორციელებული მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს. ბუნებრივია, მძიმე შედეგების გამოწვევის გარეშე, ძალადობის, დაახლოებით, იმ სიმკაცრით დასჯა, როგორც, მაგალითად, ყაჩაღობის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა ისჯება, შესაძლოა, აჩენდეს სასჯელის მომეტებულად მკაცრად აღქმის რისკებს. თუმცა, სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრა, ამა თუ იმ სფეროში არსებული მომეტებული საფრთხეების იდენტიფიცირება და პრევენცია კანონმდებლის პრეროგატივაა. საფრთხის მნიშვნელობაზე, შესაძლოა გავლენას ახდენდეს მრავალი ფაქტორი, მათ შორის, სპეციფიკურად საზოგადოებისათვის დამახასიათებელი მავნე ჩვევები ანდა ესა თუ ის პრობლემა, რომელთან ბრძოლა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს. შესაბამისად, სწორედ კანონმდებელია კომპეტენტური, მიიჩნიოს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგის ძალადობრივი დარღვევა ყაჩაღობის მსგავს საფრთხეებს შეიცავს. საკონსტიტუციო სასამართლო კი პარლამენტის ხსენებულ დისკრეციაში არ ჩაერევა მანამ, სანამ კანონმდებლის მიდგომა აშკარად არაგონივრულ ფორმებს არ მიიღებს.
35. ბუნებრივია, მოსამართლე არ არის უფლებამოსილი, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას იხელმძღვანელოს პირადი განწყობებით ამა თუ იმ ქმედებასა და სასჯელს შორის შესაბამისობის შესახებ. იმისათვის, რათა სასჯელის არაპროპოცრიულობა დადგინდეს, სახეზე უნდა იყოს ხელშესახები ფაქტორები, რომლებიც წარმოაჩენდა, რომ პარლამენტი გასცდა მის დისკრეციას, უფლებამოსილება გამოიყენა ისე, როგორც არ არის დასაშვები დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული კანონმდებლობისათვის.
36. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სადავო ნორმით დაცული მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთე. ამავე დროს, სასჯელი დგება იმ პირის მიმართ, რომელიც უპირატესადაა პასუხისმგებელი ხსენებული სიკეთის (პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგის) ხელყოფაზე და, ამავე დროს, დანაშაულს სჩადის მაშინ, როდესაც წინა დანაშაულისათვის სასჯელი, ჯერ კიდევ, არ მოუხდია. შესაბამისად, სადავო საკითხთან მიმართებით, უმკაცრესი სისხლის სამართლის პოლიტიკის არჩევის მიუხედავად, სადავო ნორმის მიღებისას საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციით დასაშვები დისკრეციის ფარგლებში იმოქმედა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1296 და №1396 კონსტიტუციური სარჩელები („მირზა გიგლემიანი და ლეონიდე მიქაბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებს ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში