საქართველოს მოქალაქე მირზა გიგლემიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1296 |
ავტორ(ებ)ი | მირზა გიგლემიანი |
თარიღი | 29 იანვარი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ქმედებისთვის დადგენილი სასჯელის ზომა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თორმეტ წლამდე. | საქართველოს კონსტიტუციის 17 მუხლის 2 პუნქტი „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის ე) ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტი, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის არცერთი საფუძველი. სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და გადაწყვეტილია კონსტიტუციით. მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
მირზა გიგლემიანი 2013 წლის 21 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქ. ს.ს.კ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაძღვრა თ/ა 8 წლის ვადით. იგი ამჟამად სასჯელს იხდის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
სასჯელის მოხდის პერიოდში, გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, მირზა გიგლემიანი არაერთხელ იქნა მოთავსებული, #18-ე პენიტენციური დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში.
2016 წლის 17 ნოემბერს მირზა გიგლემიანს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული ს.ს.კ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით. ბრალდების დადგენილების მიხედვით - სასჯელის მოხდის პერიოდში, 2015 წლის 04 აგვისტოს, დაახლოებით 17:50 საათზე, ქ. თბილისში, გლდანის მე-7 მ/რ-ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის #18-ე დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილების #213 პალატაში, მსჯავდებულმა მირზა გიგლემიანმა საუბრის დროს, მოულოდნელად შუბლის არეში თავი დაარტყა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჯიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორ პაატა დიასამიძეს, რითაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 01 მაისამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად 378-ე მუხლი ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად - პირველი ნაწილი: პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან მის მიმართ ძალადობა, ან მისი ან/და მისი ახლო ნათესეავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარა თანამშრომლის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ამ დაწესებულების საქმიანობისთვის სხვაგვარად ხელის შეშლა ან;და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია - ისჯება თ/ა ვადით სამ წლამდე. მეორე ნაწილი: პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულის მიმართ ძალადობა, ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეტვე მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში მსჯავდებულისათვის ხელის შეშლის მიზნით - ისჯება თ/ა ვადით სამიდან ხუთ წლამდე. მესამე ნაწილი: პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა ანდა ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა - ისჯება თ/ა ვადით 6 დან 8 წლამდე. მეოთხე ნაწილი: იგივე ქმედება: ა) რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის. ბ) ჩადენილი არაერთ გზის. გ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი - ისჯება თ/ა ვადით 8 დან 10 წლამდე. მეხუთე ნაწილი: ამ მუხლის მესამე ან მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მიერ - იდჯება თ/ა ვადით 10 დან 15 წლამდე.
2015 წლის 01 მაისს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანომ 378-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოიღო სიტყვა „ძალადობა“ და გადაიტანა იმავე მუხლის მესამე ნაწილში და ასახა სიტყვა „ფიზიკურ შეურაცხყოფასთან“ ერთად. ამავე დროს, იმავე ნაწილით განსაზღვრა შემდეგი ქმედებებიც - აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა, შესაბამისად კანონმდებელმა გააიგივა „ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობა“ - ადმინისტრაციაზე თავდასხმასა და დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასთან. რაც აშკარად არასამართლიანია, ვინაიდან სიტყვა „ფიზიკური შეურაცხყოფა“ აბსტრაქტული ხასიათისაა და კვალიფიკაციის განსაზღვრისას იწვევს ერთგვარ ბუნდოვანებას და მეორეც - კონკრეტული ქმედებისა და მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, ადმინისტრაციაზე თავდასხმა და დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა, ფიზიკურ შეურაცხყოფასთან შედარებით, აშკარა მძიმე ხასიათის არის, მითუმეტეს როდესაც არ არის განმარტებული რა არის ფიზიკური შეურაცხყოფა.
შესაბამისად თუ მირზა გიგლემიანის ქმედებას (თავის შუბლის არეში დარტყმა) მივიჩნებთ ძალადობად ან ფიზიკურ შეურაცხყოფად, 2015 წლის 01 მაისამდე მოქმედი რედაქციით, მისი ქმედება დაკვალიფიცირდებოდა ს.ს.კ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიუხედავად იმისა ამ ქმედების ჩამდენი პირი ნასამართლევი იყო თუ არა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და მოსალოდნელი სასჯელი განისაზღვრებოდა სამ წლამდე ვადით. არსებული მდგომარეობით კი მირზა გიგლემიანს, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ემუქრება ათიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რაც აშკარად არასამართლიანია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
მირზა გიგლემიანი არ აღიარებს მასზე წარდგენილ ბრალდებას და ინარჩუნებს მასზე კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ქმედებისთვის დადგენილი სასჯელის ზომა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თორმეტ წლამდე, შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მუხლთან 17 (2) „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.“
ს.ს.კ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებისაგან სრულიად განსხვავებული შინაარსის დანაშაულს - პენიტენციურ დაწესებულებაში ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა ან/და აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა, წარმოადგენს მძიმე დანაშაულის კატეგორიას, რომლისთვისაც სასჯელის ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
მოცემული მუხლის მე-5 ნაწილი ფორმულირებულია შემდეგნაირად - ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ და ითვალისწინებს თ/ა ათიდან თორმეტ წლამდე.
მიგვაჩნია, რომ გარდა იმისა, რაოდენ თავსებადია ერთმანეთთან „ფიზიკური შეურაცხყოფა“ და „დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა“, ს.ს.კ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილი არაადეკვატურად მკაცრია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე მსჯავრდებული პირის მიმართ, ვინაიდან - ფიზიკური შეურაცხყოფა ან ძალადობა მოქმედი ს.ს. კოდექსით არასაპატიმრო პირობებში, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე, ანდა თ/ა ვადით ორიდან ხუთ წლამდე. აღნიშნული მუხლი 2018 წლის 1 იანვრიდან ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით - 1. პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
აღსანიშნავია, რომ ს.ს.კ-ის 353-ე მუხლს არა აქვს სპეციალური დათქმა (შესაბამის პუნქტში), ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ნასამართლევი პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში, რა სასჯელი შეიძლება იქნას გამოყენებული. ანუ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა, ნასამართლევი პირი ჩაიდენს ამ დანაშაულს თუ ნასამართლეობის არ მქონე, ხოლო რაც შეეხება 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით ჩადენილ დანაშაულს, ამ შემთხვევაში კანონმდებელი ცალსახად განმარტავს და ამძიმებს მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების მიმართ (თ/ა ათიდან თორმეტ წლამდე ) და ეს იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში აბსოლუტური უმრავლესობით ასეთი დანაშაულებისთვის ნასამართლევი პირები იხდიან სასჯელს. უფრო მეტიც - კანონმდებელი თავისუფლებაში მყოფ პირთათვის მიჯნავს ფიზიკურ შეურაცხყოფას და ძალადობას - თავდასხმისაგან - 353-ე (1) მუხლი: 1. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ე.ი კანონმდებელი, ერთის მხრივ განმარტავს (და მიჯნავს), რომ ფიზიკური შეურაცხყოფა და თავდასხმა სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულებრივი ქმედებაა, ხოლო იმავე კანონში, აღნიშნულ ქმედებებს ათანაბრებს ერთმანეთთან, რაც აშკარა ბუნდოვანებას და არასამართლიანობის განცდას ქმნის.
სახელმწიფო(აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები) წარმოადგენს სისხლის სამართლის პოლიტიკის განმსაზღვრელს, რომელიც ადგენს ქმედების მართლსაწინააღმდეგობა წარმოადგენს თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულს და თუკი წარმოადგენს განსაზღვრავს სასჯელის ზომას და ფორმას.
„ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს ფართო მიხედულების ზღვარი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის დროს. სამართლებრივი სახელმწიფო ემსახურება რა თავისუფალი და დაცული ადამიანის უზრუნველყოფას, ამ მიზნის მისაღწევად ის აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი და საკმარისი, ეფექტური ბერკეტებით. ამ თვალსაზრისით, მძლავრ და მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სახელმწიფოს ხელში წარმოადგენს დანაშაულთან ბრძოლა და ამ გზით, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სხვა ლეგიტიმური კონსტიტუციური მიზნების დაცვა და, შედეგად, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის თავიდან აცილება, პრევენცია.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/4/592, ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ბათუმი, 2015 წლის 24 ოქტომბერი, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი 32, გვერდი 35)
შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს უფლებამოსილება შეაფასოს დანაშაულის ხასიათი, განსაზღვროს კონკრეტული დანაშაულისათვის სასჯელის ფორმა და ზომა, რომელიც თავისმხრივ უნდა იყოს პროპორციული, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 17(2) დარღვევა.
„მაშასადამე, აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/4/592, ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ბათუმი, 2015 წლის 24 ოქტომბერი, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი 25, გვერდი 31)
„ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების მიმართ არის მთავარი მოთხოვნა: შედგეს ობიექტური მართლმსაჯულება. თუმცა ამისთვის, პირველ რიგში, კანონმდებელმა უნდა უზრუნველყოს სასამართლო საკმარისი ბერკეტებით, რათა მან შეძლოს, აწიოს სამართლიანი მართლმსაჯულების ტვირთი. კანონმა უნდა აღჭუროს სასამართლო როგორც საკმარისი, ეფექტური პროცესუალური გარანტიებით, ისე - მატერიალური ნორმებით, რომლებიც თავისუფლების აღკვეთას შესაძლებელს გახდის მხოლოდ მაშინ და იმ დროით, როდესაც და რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/4/592, ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ბათუმი, 2015 წლის 24 ოქტომბერი, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი 29, გვერდი 33)
ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილი იმპერატიულად განსაზღრავს, რომ მძიმე ან განსაკუთრებით დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის მხრიდან პენიტენციურ დაწესებულებაში ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა ისჯება თ/ა ვადით ათიდან თორმეტ წლამდე; ხოლო თუ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულმა პირი თავს დაესხა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელს ან პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომელს და ასევე, თუ ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფება შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო, იგი დაისჯება ს.ს.კ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თ/ა ექვსიდან რვა წლამდე. მიგვაჩნია, რომ კანონის ამგვარი განმარტება არასამრთლიანია და იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მუხლს 17 (2) „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.“
აღნიშნული საკითხი, რომ ჩვენს მაგალითზე გადმოვიტანოთ - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ მირზა გიგლემიანს, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის (ბრალის დამტკიცების შემთხვევაში), რითაც დაზარალებულს მიადგა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, სასამართლომ უნდა განუსაზღვროს სასჯელი ათიდან თორმეტ წლამდე.
„იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 1) მოწმდება აშკარა არაპროპორციულობა დანაშაულის სიმძიმესა და მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს შორის - კანონმდებლობით ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელი ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად და არაადამიანურ, სასტიკ სასჯელად, თუ მისი ხანგრძლივობა მკვეთრად, უხეშად დისპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, გამოწვევად საფრთხეებთან. 2) კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, მოსამართლემ სასჯელის დაკისრებისას გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. მაშასადამე, ერთი მხრივ, ზოგადად, ამა თუ იმ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან, მოსამართლის დისკრეციის ფარგლები ასევე განჭვრეტადი უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს როგორც ერთგვაროვანი ურთიერთობების მიმართ ერთნაირი მიდგომა, ისე მოსამართლის დისკრეციის მიზნობრივი გამოყენება - გამოირიცხოს დისკრეციაზე დაყრდნობით მხოლოდ სუბიექტური შეხედულებებით გადაწყვეტილების მიღების რისკები.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/4/592, ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ბათუმი, 2015 წლის 24 ოქტომბერი, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი 38, გვერდი 38)
ამ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მითითებული ორივე კრიტერიუმი და გარემოება, რომლის დროსაც ირღვევა კონსტიტუციის 17 მუხლის 2 პუნქტით დაცული უფლება. ერთის მხრივ დანაშაულის ხასიათი და მისი ხანგრძლივობა მკვეთრად, უხეშად დისპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, გამოწვევად საფრთხეებთან, მეორეს მხრივ მოსამართლე მხედველობაში ვერ მიიღებს დანაშაულის სიმძიმეს და ხასიათს.
შესაბამისად მიმაჩნია, რომ ნორმატიული შინაარსი, სსკ-ის 378 მუხლის მე-5 ნაწილით ჩადენილი დანაშაული - „ფიზიკური შეურაცხყოფა“ და სასჯელის ზომა - თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან თორმეტ წლამდე, არის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 2 პუნქტის დარღვევა.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა