მირზა გიგლემიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/16/1296 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 დეკემბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 დეკემბერი 2019 12:57 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე
საქმის დასახელება: მირზა გიგლემიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1296) მომართა საქართველოს მოქალაქე მირზა გიგლემიანმა. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 5 თებერვალს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 17 დეკემბერს.
2. №1296 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში, სსსკ) 378-ე მუხლის მე-3 ნაწილი დანაშაულის შემადგენლობად განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკურ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვაგვარ ძალადობას ან/და აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმას ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნას ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიურ მონაწილეობას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს კონკრეტულ დამამძიმებელ გარემოებებს. კერძოდ, სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, რომელიც საშიშია სიცოცხლისთვის, ჩადენილია არაერთგზის ან რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი. ხსენებული მუხლის მე-5 ნაწილი კი მოიცავს სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული ქმედების ჩადენას იმ პირის მიერ, რომელიც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვისაა მსჯავრდებული და სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თორმეტ წლამდე.
4. მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. დასახელებული კონსტიტუციური დებულების თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე მირზა გიგლემიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სსსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მირზა გიგლემიანს 2016 წლის 17 ნოემბერს წარედგინა ბრალი სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ბრალდების დადგენილების მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში მოსარჩელემ პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
6. მოსარჩელის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირი ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელს ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს, აღნიშნული დანაშაულისათვის სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თორმეტ წლამდე, რაც აშკარად არაპროპორციული სასჯელის ზომაა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
7. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს, ერთი მხრივ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკურ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვაგვარ ძალადობას, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმას ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნას ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიურ მონაწილეობას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაზე თავდასხმა და დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა ბევრად უფრო მძიმე ხასიათის ქმედებებია და მათი გაიგივება ფიზიკურ შეურაცხყოფასთან არ არის სამართლიანი. ამასთან, სიტყვები „ფიზიკური შეურაცხყოფა“ აბსტრაქტული ხასიათისაა და კვალიფიკაციის განსაზღვრისას წარმოშობს ბუნდოვანების რისკს.
8. მოსარჩელის პოზიციით სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, კერძოდ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის, გათვალისწინებული სასჯელის ზომა ქმედების უმართლობის ხარისხთან და გამოწვევად საფრთხეებთან მიმართებით უხეშად დისპროპორციულია. ამასთან, საქმის განხილვისას მოსამართლე მხედველობაში ვერ მიიღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს და იგი ვალდებულია ბრალდებულ პირს შეუფარდოს თავისუფლების აღკვეთა ათიდან თორმეტ წლამდე.
9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დადგენილი სასჯელის ზომა − თავისუფლების აღკვეთა ათიდან თორმეტ წლამდე, წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით ანალოგიური უფლება დაცულია მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, №1296 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, მხედველობაში მიიღებს, რომ სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1296 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1296 კონსტიტუციური სარჩელი („მირზა გიგლემიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი