თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/7/1503 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 20 მაისი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 მაისი 2020 19:06 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
ა)„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
გ) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების: „საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
დ) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
ე) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
ვ) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ზ) „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების: „საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს“ და მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 19 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1503) მიმართა თორნიკე ართქმელაძემ. №1503 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2020 წლის 19 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 20 მაისს.
2. №1503 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31 და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისათვის შესაძლებელია პირის იძულებით გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ადგილას. ამავე დეკრეტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნტის, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად კი, საქართველოს მთავრობას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების, საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების წესის განსაზღვრის უფლება და, აუცილებლობის შემთხვევაში, საკუთრების უფლების შეზღუდვის, მათ შორის, ფიზიკური და იურიდიული პირების ქონებისა და მატერიალური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით შეიზღუდა ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანთა თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისებისა. დასახელებული დეკრეტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს აუკრძალოს, შეუზღუდოს ან დაავალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, განსაზღვროს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური წესები, უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებზე, მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირება, დაადგინოს საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები და მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია.
4. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით იზღუდება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის გადაადგილება და მგზავრის განთავსება მძღოლის გვერდით, ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, „საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.“ ხსენებული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქათველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, ხოლო მე-13 მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის ფიზიკურ თავისუფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია საკუთრების უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის წესს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია შეკრების თავისუფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.“
6. №1503 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მართალია, ზოგადად, საქართველოს კონსტიტუცია უშვებს როგორც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, ისე ადამიანის ძირითად უფლებათა შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტისა და პარლამენტის მიერ მიღებული აქტები ვერ პასუხობენ კონსტიტუციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ ძირითადი უფლებები შეიზღუდოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონებით, საგანგებო მდგომარეობის დროს კი საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ძირითადი უფლებების შეზღუდვა ავტომატურად არღვევს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს.
7. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საგანგებო მდგომარეობის დროს მომეტებულად არსებობს ძირითადი უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკი. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, მართალია, ითვალისწინებს პრეზიდენტისა და მთავრობის ჩართულობით დეკრეტის მიღებისა და შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას, თუმცა ამ პროცესზე კონტროლს კვალავ ახორციელებს საქართველოს პარლამენტი და საბოლოო გადაწყვეტილებასაც სწორედ ეს უკანასკნელი იღებს. ამის საპირისპიროდ, პრეზიდენტისა და პარლამენტის მიერ უფლების შეზღუდვის ფარგლების დადგენის უფლებამოსილების სრულად მთავრობაზე დელეგირება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის ლოგიკასა და ხელისუფლების შტოებს შორის არსებული კონტროლის მექანიზმებს.
8. მოსარჩელე განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს თანაბრად არსებობს როგორც ოპერატიული ქმედებების განხორციელების საჭიროება, ისე ამ პროცესებზე კონტროლისადმი ქვემდებარეობის აუცილებლობა. ამ ორივე კრიტერიუმის თანაარსებობა უკიდურესად აუცილებელია ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც იქნება საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად სწრაფი და ეფექტური, ხოლო, მეორე მხრივ - პარლამენტის მიერ გაკონტროლებული, რაც მომეტებული ძალაუფლების შეზღუდვის საფუძველია. რამდენადაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოსცემს დეკრეტებს და ამ პროცესში აღმასრულებელ ხელისუფლებას შეუძლია, მას შესთავაზოს კონკრეტული შეზღუდვები და სიტუაციის სამართავად აუცილებელი სამართლებრივი მექანიზმები, საფუძველს მოკლებულია იმის ვარაუდი, რომ უფლებამოსილების მთავრობაზე დელეგირება უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლების იმ ორგანოს მიერ შეზღუდვას, რომელსაც საკითხის უფრო მეტი ცოდნა და კომპეტენცია გააჩნია. მოსარჩელის პოზიციით, სადავო აქტებით მოხდა საქართველოს კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნების უგულებელყოფა და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიენიჭა უფლების შეზღუდვის ფარგლებისა და მასშტაბის განსაზღვრის აბსოლუტური თავისუფლება, რაც ქმნის თვითნებობისა და უკონტროლო ძალაუფლების კონცენტრაციის მომეტებულ საფრთხეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს უფლების შეზღუდვის ფორმალურ ასპექტთან მიმართებით.
9. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სრულად აიკრძალა ნებისმიერი სახის შეკრება და მანიფესტაცია, რაც სცდება უფლების შეზღუდვის ფარგლებს და უთანაბრდება მის შეჩერებას, საქართველოს კონსტიტუცია კი არ ითვალისწინებს შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეჩერების შესაძლებლობას. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაცულად ჩაითვლება საქართველოს კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნები შეკრების თავისუფლების შეზღუდვასთან მიმართებით, ამ უფლებით სარგებლობის ბლანკეტური აკრძალვა მაინც ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას, რამდენადაც გაუგებარია, რატომ არ შეიძლება აქციის ჩატარება ან შეკრება სოციალური დისტანციისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
10. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტმა მოახდინეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული უფლებების შეზღუდვის მექანიზმის დელეგირება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე აქტებზე და ფაქტობრივად მთავრობას მიეცა იმ საკითხების შეზღუდვის შესაძლებლობა, რომლებიც კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ კანონით ან საგანგებო მდგომარეობის დროს პრეზიდენტის დეკრეტით უნდა შეიზღუდოს. შესაბამისად, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, როგორც უფლებამოსილების ამგვარ დელეგირებას, ისე გადანდობილი უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ უფლებების შეზღუდვას.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და სხვადასხვა საერთაშორისოსამართლებრივ აქტებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, „საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოებს მიეცეთ უფლება, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისათვის პირი იძულებით გადაიყვანონ შესაბამის დაწესებულებაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ადგილას.“ მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა უნდა მომხდარიყო პრეზიდენტის დეკრეტით, რომელსაც შემდეგში კონტროლს უწევს პარლამენტი და ამგვარი უფლებამოსილების დელეგირება საქართველოს მთავრობისათვის არღვევს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს. ამასთან, მოსარჩელე არ მიუთითებს პირის იძულებით კარანტინში გადაყვანის კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცულ უფლებასთან მატერიალური შეუსაბამობის შესახებ. მისთვის პრობლემურია მხოლოდ უფლების შეზღუდვის უფლებამოსილების საქართველოს მთავრობისათვის მინიჭება.
3. ხსენებული სადავო ნორმა თავად ქმნის პირის კარანტინში იძულებით გადაყვანის საფუძველს და მთავრობას ანიჭებს საკარანტინო სივრცეების განსაზღვრის უფლებამოსილებას. მის საფუძველზე, არ მომხდარა საქართველოს მთავრობისთვის პირის ფიზიკური თავისუფლების შემზღუდველი წესების განსაზღვრის უფლებამოსილების დელეგირება. ამავე დროს, პირის იძულებით გადაყვანის საფუძვლის შექმნა, თავისთავად, მოიაზრებს ისეთი სივრცის არსებობას, რომელშიც პირი განთავსდება. შესაბამისად, სადავო ნორმის ფარგლებში მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილება შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული საკარანტინე სივრცეების განსაზღვრით. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე, ერთი მხრივ, არ მიუთითებს, რომ პრეზიდენტს დეკრეტით უნდა განესაზღვრა საკარანტინე სივრცეების კონკრეტული ჩამონათვალი, ამავე დროს, არც წარმოდგენილი არგუმენტაციიდან იკვეთება, რომ საკარანტინე სივრცის განსაზღვრის უფლებამოსილების მთავრობისათვის მინიჭება, თავისთავად, უფლების შეზღუდვას წარმოადგენს.
4. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1503 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების: „საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
6. საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით საქართველოს მთავრობას მიეცა საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესების დადგენის უფლებამოსილება. სწორედ ამ უფლებამოსილების მთავრობისთვის გადაცემას მიიჩნევს მოსარჩელე არაკონსტიტუციურად. თუმცა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სიტყვები მთავრობის რაიმე უფლებამოსილებას არ ადგენს. ცალკე აღებული დებულება „საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს“ ნორმატიულ წესს საერთოდ არ ქმნის. იგი წარმოადგენს დეკრეტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის გრამატიკულ ერთეულს (სიტყვებს) და შინაარსს იძენს ხსენებული პუნქტის სხვა სიტყვებთან ერთად. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო სიტყვებს არ გააჩნია მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი.
7. ხსენებულის გათვალისწინებით, №1503 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების: „საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით აიკრძალა შეკრება და მანიფესტაცია, ასევე ნებისმიერი სახის შეკრება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შეკრების თავისუფლების ამგვარი შეზღუდვა ფაქტობრივად უთანაბრდება ძირითადი უფლების შეჩერებას, ამასთან, უფლებით სარგებლობის სრული აკრძალვა ვერ პასუხობს თანაზომიერების მოთხოვნებს.
9. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.“ დასახელებული კონსტიტუციური დებულება განსაზღვრავს შეკრების თავისუფლების შეზღუდვის წესს, კერძოდ, შეკრება/მანიფესტაციის უფლებით სარგებლობამდე ხელისუფლების ინფორმირების ვალდებულებას, თუ იგი იმართება ხალხის ან ტრასპორტის სამოძრაო ადგილას. ამასთან, ამგვარი ვალდებულების დაწესება უნდა მოხდეს კანონით. გარდა დასახელებულისა, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი არ ადგენს რაიმე ძირითად უფლებას ან შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების რომელიმე შინაარსობრივ ასპექტს. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, თუ რა მიმართება არსებობს სადავო ნორმებსა და კონსტიტუციის დასახელებულ დებულებას შორის ან რა ფორმით იზღუდება იგი.
10. ხსენებულის გათვალისწინებით, №1503 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
11. მოსარჩელე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართები.
12. საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, განსაზღვროს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური წესები, უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებზე, მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირება და დაადგინოს საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები.
13. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია შრომის თავისუფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი მიზნად ისახავს შრომის თავისუფლების გარანტირებას, რაც, ერთი მხრივ, კრძალავს იძულებით შრომას, ხოლო, მეორე მხრივ, ავალდებულებს კანონმდებელს, შექმნას ადამიანის არჩევანის ფარგლებში შრომის თავისუფლების უზრუნველყოფის შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32).
14. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, თუ რა კავშირი აქვს შრომის თავისუფლებასა და საქართველოს მთავრობის მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური წესების განსაზღვრას, სხვადასხვა პროდუქტზე ფასების რეგულირებას ან საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებული რეგულაციების შემუშავებას და რატომ იწვევს სადავო ნორმები დასახელებული კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.
15. ხსენებულის გათვალისწინებით, №1503 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართები, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
16. №1503 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის, აგრეთვე „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით. სადავო ნორმის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.
17. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პიროვნების თავისუფალი განვითარება უზოგადესი უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიზანია, დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არის მოცული. კონსტიტუციის მე-12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-57). იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების ესა თუ ის უფლებრივი კომპონენტი დაცულია სპეციალური კონსტიტუციური დებულებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეაფასოს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, არამედ იმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების ამა თუ იმ უფლებრივი კომპონენტის დაცვის სპეციალურ კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს ადგენს (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამდენად, სადავო ნორმასა და კონსტიტუციის ხსენებულ დებულებას შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ მის საფუძველზე იზღუდება პიროვნების თავისუფალი განვითარების ის ასპექტები, რომლებიც არ არის დაცული კონსტიტუციის სხვა დებულებებით.
19. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია ის ლეგიტიმური მიზნები, რომელთა მისაღწევადაც შესაძლოა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თავისუფალი გადაადგილების უფლება პიროვნული ავტონომიისა და თვითგამორკვევის მნიშვნელოვანი კომპონენტია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამ უფლებით დაცულია პირის შესაძლებლობა, საკუთარი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს გადაადგილდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დატოვოს ქვეყნის საზღვრები და თავისუფალი ნების შესაბამისად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი.
20. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა წარმოადგენს, ადამიანების მიმოსვლის შემცირების მიზნით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა ნაწილს, რომლის საფუძველზე, სადავო ნორმით განსაზღვრულ პერიოდში (21:00 საათიდან 06:00 საათამდე) იზღუდება პირთა ნებისმიერი სახის გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. შესაბამისად, ნათელია, რომ სადავო ნორმები მიმართულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული უფლების შეზღუდვისაკენ. ამასთანავე, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, რომ სადავო ნორმით, გადაადგილების თავისუფლების მიღმა იზღუდება პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციური უფლების რომელიმე კომპონენტი. ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას შორის.
21. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1503 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
22. მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების: „საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. გასაჩივრებული ნორმის შესაბამისად, იზღუდება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის გადაადგილებისა და მგზავრის მძღოლის გვერდით განთავსება.
23. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის დასასაბუთებლად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, წარმოაჩინოს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე იზღუდება პიროვნების თავისუფალი განვითარების ის ასპექტები, რომლებიც არ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის სხვა დებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმის მიზანია, ერთი მხრივ, გამორიცხოს სხვადასხვა სივრცეში, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებაში 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, მეორე მხრივ კი, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გვერდით სავარძელზე განთავსების აკრძალვით, შეამციროს პირებს შორის ახლო კონტაქტის შესაძლებლობა. ამგვარი რეგულაცია შესაძლოა, ზღუდავდეს, მაგალითად, საკუთრების ობიექტის სრული რესურსით გამოყენების შესაძლებლობას, პირადი ცხოვრების ან სხვა რომელიმე კონსტიტუციურ უფლებას. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, რომელიც დასახელებული კონსტიტუციური უფლებრივი კომპონენტების მიღმა წარმოაჩენდა, რომ სადავო ნორმით პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციური უფლების რომელიმე კომპონენტის შეზღუდვის ფაქტს. ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას შორის.
24. რაც შეეხება სადავო ნორმის მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, როგორც უკვე აღინიშნა, დასახელებული კონსტიტუციური დებულება ადგენს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება და იგი პიროვნული ავტონომიისა და თვითგამორკვევის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
25. ამავდროულად, თავისუფალი გადაადგილების უფლება ორგანულ კავშირშია მთელ რიგ ძირითად უფლებებთან და აქტიურ გავლენას ახდენს მათ სრულყოფილ რეალიზაციაზე და, პირიქით, ზოგიერთი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვამ შეიძლება, გამოიწვიოს გადაადგილების შეფერხება და გარკვეული ბარიერების შექმნა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამასთან, „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა, კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა, კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
26. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს უფლების შეზღუდვა და უფლების შეზღუდვიდან მომდინარე ეფექტები. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცული რომელიმე უფლების შეზღუდვა ხშირ შემთხვევაში გარკვეულ გავლენას ახდენს სხვა კონსტიტუციურ უფლებაზე. თუმცა ეს თავისთავად არ ნიშნავს თავად ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას, მის შეზღუდვას. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა უნდა შეაფასოს იმ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით, რომლის შეზღუდვისკენაც არის იგი მიმართული, და არა იმ უფლებასთან, რომლის შეზღუდვაც გვერდითი ეფექტის სახით მოჰყვება მას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/21/872 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სოფიკო ვერძეული, გურამ იმნაძე და გიორგი გვიმრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „გარკვეული უფლების რეალიზება შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შეზღუდვასთან. თითოეულ მსგავს შემთხევაში კონსტიტუციის ამა თუ იმ დებულების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს რომელი უფლების დაცული სფეროსკენ არის მიმართული სადავო ნორმით დადგენილი წესი. მაგალითად, როდესაც საქმე ეხება სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით ბაჟის დაწესებას, აშკარაა, რომ ხსენებული რეგულაცია სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვისკენ მიმართული ღონისძიებაა და არ მიემართება საკუთრების უფლებას, თუნდაც დავა საკუთრებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდეს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/5/1249 განჩინება საქმეზე „ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეები - შეჰაბ აჰმედ ჰამუდი ჰამუდი და აჰმედ შეჰაბ აჰმედ აჰმედ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს სადავო ნორმის შინაარსი და მიზანმიმართულება.
28. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებულია „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში დადგენილი წესების უმეტესი ნაწილი მიმართულია პირთა თავშეყრის, ერთსა და იმავე სივრცეში მობილიზებისა და კონტაქტის შემცირებისაკენ, რათა ამ გზით არ მოხდეს ახალი კორონავირუსის გავრცელება. ამავე მიზანს ემსახურება სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვაც 3-ზე მეტი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებასთან დაკავშირებით.
29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციები თუ შეზღუდვები შესაძლოა, აბრკოლებდეს გადაადგილების თავისუფლებას, რადგანაც ამგვარი ტრანსპორტის უპირველესი დანიშნულება პირთა ერთი პუნქტიდან მეორეში გადაყვანაა, თუმცა ავტოტრანსპორტთან მიმართებით ნებისმიერი რეგულაციის დაწესება არ ნიშნავს, რომ ეს შეზღუდვა მიმართულია პირთა მიმოსვლის შეზღუდვისაკენ და, რიგ შემთხვევებში, ეს შედეგი წარმოადგენს სხვა კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის გვერდით ეფექტს. მაგალითად, შესაძლოა, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს სურდეს, რომ უსაფრთხოების ღვედის გარეშე იმგზავროს, თუმცა ღვედის გამოყენების ვალდებულება არ ნიშნავს, რომ პირს ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ შეზღუდვა დაკავშირებულია გადაადგილების ამა თუ იმ საშუალებასთან.
30. განსახილველ შემთხვევაშიც, სადავო ნორმა უზრუნველყოფს, რომ ერთ სივრცეში, კონკრეტულად კი, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არ განთავსდეს 3-ზე მეტი პირი და, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გვერდით სავარძელზე განთავსების აკრძალვით, შემცირდეს პირებს შორის ახლო კონტაქტის შესაძლებლობა. ამგვარმა რეგულაციამ შესაძლოა, გვერდითი ეფექტის სახით, გაართულოს პირთა ერთი პუნქტიდან მეორეში გადაადგილება ან ამისათვის უფრო მეტი რესურსის გაღება გახდეს საჭირო, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის მიზანია, გამორიცხოს სხვადასხვა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, რითაც შესაძლოა იზღუდებოდეს, მაგალითად, საკუთრების ობიექტის სრული რესურსით გამოყენების შესაძლებლობა, პირადი ცხოვრება ან სხვა რომელიმე კონსტიტუციური უფლება, თუმცაღა, მოცემულ შემთხვევაში, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ სხვა კონსტიტუციური უფლებების შესაძლო შეზღუდვის თანმდევი გვერდითი ეფექტია.
31. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1503 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების: „საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
32. №1503 კონსტიტუციურ სარჩელში მოპასუხე მხარედ მითითებულია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემთხვევაში, მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომლის აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა. აღსანიშნავია, რომ განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტი და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“. საქართველოს პარლამენტი არ წარმოადგენს არც ერთი დასახელებული სამართლებრივი აქტების მიმღებ ორგანოს და, შესაბამისად, იგი ვერ იქნება მოპასუხე მხარე იმ აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებისას, რომელიც მას არ მიუღია. ამდენად, საქართველოს პარლამენტი განსახილველ საქმეზე არ შეიძლება იქნეს მიჩნეული მოპასუხედ.
33. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1503 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1503 („თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
გ) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
დ) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ე) „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1503 („თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების: „საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
გ) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
დ) „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ე) „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით;
ვ) „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების: „საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. №1502 და №1503 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების − ზაზა თავაძის, თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილისა და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობასთან დაკავშირებით.
8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი