საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ზაზა თავაძის, თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 20 მაისის N3/7/1503 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/7/1503 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ზაზა თავაძე, თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი, თამაზ ცაბუტაშვილის |
თარიღი | 20 მაისი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 მაისი 2020 18:20 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ზაზა თავაძის, თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 20 მაისის №3/7/1503 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 20 მაისის №3/7/1503 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის თაობაზე.
2. №3/7/1503 საოქმო ჩანაწერში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დადგენილი წესების უმეტესი ნაწილი მიმართულია პირთა თავშეყრის, ერთსა და იმავე სივრცეში მობილიზებისა და კონტაქტის შემცირებისაკენ, რათა ამ გზით არ მოხდეს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელება. ამავე მიზანს ემსახურება სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვაც 3-ზე მეტი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებასთან დაკავშირებით. სასამართლოს განმარტებით, ამგვარმა რეგულაციამ შესაძლოა, გვერდითი ეფექტის სახით, გაართულოს პირთა ერთი პუნქტიდან მეორეში გადაადგილება ან ამისათვის უფრო მეტი რესურსის გაღება გახდეს საჭირო, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის აღნიშვნით, სადავო ნორმის მიზანია, გამორიცხოს სატრანსპორტო საშუალებაში 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, რითაც შესაძლოა, იზღუდებოდეს, მაგალითად, საკუთრების ობიექტის სრული რესურსით გამოყენების შესაძლებლობა, პირადი ცხოვრება ან სხვა რომელიმე კონსტიტუციური უფლება, თუმცაღა, მოცემულ შემთხვევაში, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ სხვა კონსტიტუციური უფლებების შესაძლო შეზღუდვის თანმდევი გვერდითი ეფექტია. აღნიშნულის გათვალისწინებით, №1503 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის ზემოხსენებულ ნაწილში, არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.
3. ვიზიარებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის პოზიციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის სადავო დადგენილებით შემოღებული რიგი ღონისძიებები ემსახურება პირთა თავშეყრის, ერთსა და იმავე სივრცეში მობილიზებისა და კონტაქტის შემცირებას. ასევე აღსანიშნავია, რომ, ზოგადად, საკუთრების ობიექტის - სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის წესების კონსტიტუციურობა, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია შეფასებადი იყოს მხოლოდ საკუთრების უფლებასთან მიმართებით. თუმცა ვერ გავიზიარებთ პლენუმის პოზიციას სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის მიზანმიმართულებასთან დაკავშირებით.
4. საქართველოს მთავრობის სადავო დადგენილებით შეზღუდვები დაწესდა არა მხოლოდ ადამიანების თავშეყრაზე, არამედ ასევე მათ გადაადგილებაზე. მათ შორის, შეიზღუდა საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, აიკრძალა 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. დროის სხვადასხვა მონაკვეთში მოქმედებდა შეზღუდვები დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლასა და გასვლაზე. გარკვეული პერიოდით, საერთოდ აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და ა.შ. შესაბამისად, პლენუმის საოქმო ჩანაწერში მოყვანილი არგუმენტი, რომლის თანახმადაც, დაწესებული შეეზღუდვები ადამიანების ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფას ემსახურება, თავისთავად, არ გამოდგება სადავო ნორმის საფუძველზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამოსარიცხად. ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფას შესაძლებელია ემსახურებოდეს როგორც თავშეყრის შემცირების, ისევე გადაადგილების შეზღუდვისკენ მიმართული ღონისძიებები.
5. ასევე აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, აიკრძალა არა სატრანსპორტო საშუალებაში სამზე მეტი პირის ერთდროულად განთავსება, არამედ მისი მეშვეობით გადაადგილება. ამავე დროს, მგზავრების მძღოლის უკან განთავსების მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც „სატრანსპორტო საშუალების სალონის მოწყობა აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა“. შესაბამისად, ორადგილიან ავტომობილებში მძღოლის გვერდზე მგზავრის განთავსების აკრძალვით მძღოლის დისტანცირება არ მომხდარა. ამავე დროს, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გადადებისაგან დაცვის სასურველ დისტანციად მიჩნეულია ორი მეტრი (სწორედ ამ დისტანციის დაცვაა სავალდებულო სადავო დადგენილებით იმ ადგილებში, სადაც დახურულ სივრცეში თავშეყრა დაშვებულია), რომლის ავტომობილში დაცვა, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია და, ამავე დროს, არ არის მოთხოვნილი სადავო ნორმით. მოსარჩელე სწორად მიუთითებს, რომ შეზღუდვა ბლანკეტურად ეხება ყველას, მათ შორის, ოჯახის წევრებს, რომლებიც 24 საათს ერთად ატარებენ (მათ შორის, თუ სურვილი ექნებათ, მათი სახლის ეზოში განთავსებულ ავტომობილში) და რომლებთან მიმართებითაც ერთი და იმავე მანქანით გადაადგილების შეზღუდვა ფიზიკური დისტანცირების მექანიზმს საერთოდ არ წარმოადგენს. სადავო რეგულირების ინტერესის საგანს არ წარმოადგენს არც ავტოტრანსპორტის სარგებლობასთან დაკავშირებული რაიმე საზოგადოებრივი საჭიროებით ნაკარნახევი წესების განსაზღვრა. სადავო ნორმის უმთავრესი დანიშნულება არის პირთა გადაადგილებაზე ბარიერის დაწესება და ადამიანთა ისეთი მობილობის შემცირება, რომელიც არ არის დაკავშირებული აუცილებლობასთან.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია ის ლეგიტიმური მიზნები, რომელთა მისაღწევადაც შესაძლოა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თავისუფალი გადაადგილების უფლება პიროვნული ავტონომიისა და თვითგამორკვევის მნიშვნელოვანი კომპონენტია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამ უფლებით დაცულია პირის შესაძლებლობა, საკუთარი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს, გადაადგილდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დატოვოს ქვეყნის საზღვრები და თავისუფალი ნების შესაბამისად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, სადავო ნორმით იზღუდება სწორედ კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლება.
7. ასევე აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა არა მხოლოდ შინაარსობრივად არის მიმართული მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვისკენ, არამედ, ასევე, ასეთად არის დეკლარირებული მისი გამომცემი ორგანოს მიერ. იგი მოთავსებულია საქართველოს მთავრობის სადავო დადგენილების მე-2 მუხლში, რომელსაც სათაურადაც კი „მიმოსვლის შეზღუდვა“ ჰქვია და მისი პუნქტები პირთა გადაადგილებაზე სხვადასხვა ბარიერებს აწესებენ. მოპასუხემ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ძალაში დატოვა, მათ შორის, მას შემდეგ, რაც გააუქმა დახურულ სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების აკრძალვა. აღნიშნული კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სადავო შეზღუდვა მიღებულია პირთა მობილობის შემცირების და არა 3 პირზე მეტის ერთ სივრცეში შეკრების შეზღუდვის მიზნით.
8. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადავო წესი ადამიანების მიმოსვლის შემცირების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებას, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიეღო არსებითად განსახილველად №1503 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები:
ზაზა თავაძე
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი