საერთაშორისო ურთიერთობები

ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში

2023 წლის 6-8 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, სასამართლოს სამდივნოს უფროს გიორგი ლომთაძესთან ერთად, იმყოფებოდა ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქ. ასტანაში, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში. ღონისძიება გაიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის თანამონაწილეობით.

კონფერენციის თემას წარმოადგენდა: „საკონსტიტუციო მართლმსაჯულება: ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასათვის“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სიტყვით წარსდგა კონფერენციის მონაწილეთა წინაშე და ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სისტემური მოწყობის, უფლებამოსილებებისა და სამართალწარმოების თავისებურებებზე.

საერთაშორისო კონფერენციაზე დამსწრე სასამართლოების თავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარემ და განიხილა ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმები. შეხვედრაზე, მათ შორის, აღინიშნა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებმა ხელი მოაწერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, გამოცდილების ურთიერთგაზიარებასა და ინფორმაციის გაცვლას სასამართლო პრაქტიკისა და კანონმდებლობის აქტუალურ საკითხებზე.