საერთაშორისო ურთიერთობები

მონაწილეობა უმაღლესი ინსტანციის სასამართლოთა ქსელის (SCN) ფორუმში

2023 წლის 8-9 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნოს უფროსმა გიორგი ლომთაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოთა ქსელის (SCN) ფორუმში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ქ. სტრასბურგში გაიმართა. ღონისძიებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეები, აპარატის თანამშრომლები და ეროვნული უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფორუმის თემატური სესია დაეთმო სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვას სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხზე, რომლის ფარგლებშიც გიორგი ლომთაძემ წარადგინა მოხსენება მოსამართლეთა განწესების წესთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესახებ. ფორუმის პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა ინტერაქციულ დისკუსიას წევრი სასამართლოების მიერ საქმისწარმოების წესების, სამართლებრივი კვლევის ჩატარებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტ-კონსულის სამსახურის როლის შესახებ.

უმაღლესი ინსტანციის სასამართლოთა ქსელი (SCN) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაარსებული პლატფორმაა, რომლის მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპულ და ეროვნულ სასამართლოებს შორის დიალოგის გაძლიერება. ფორუმის ფარგლებში წევრი სასამართლოები ახდენენ ინფორმაციის გაცვლას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ასევე, ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის საკითხებზე.