სიახლეები
არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „მ.ხ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1823)
2025 წლის 6 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „მ.ხ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1823).
განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები, ერთი მხრივ, ადგენს, რომ შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრავს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისთვის შესაბამის ნორმატიულ საფუძველს, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას კანონმდებლობით გათვალისწინებული მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მოძალადის მიმართ დააწესოს ელექტრონული ზედამხედველობა.
მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, როდესაც ოჯახური ძალადობის საქმეზე მოძალადედ იდენტიფიცირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი (პოლიციელი), ხოლო მსხვერპლის დაცვითი ღონისძიებების გატარებაზე კომპეტენტური ორგანოც შინაგან საქმეთა სამინისტროა, წარმოიშობა კოლეგიალური (კორპორატიული) დაინტერესების საფუძველზე გადაწყვეტილების მიკერძოებულად მიღების მომეტებული რისკი. ასეთ დროს, იზრდება იმის ვარაუდი, რომ მსხვერპლის სათანადო დაცვის ვალდებულება არ იქნება სრულყოფილად შესრულებული, რაც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს (საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი და მე-15 მუხლის პირველი პუნქტი).
იმავდროულად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, როდესაც სავარაუდო ოჯახური ძალადობის საქმეს იძიებს არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ სხვა ორგანო, საჭირო ხდება ამ ორგანოს მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვა შემაკავებელი ორდერის გამოცემის/ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების მოთხოვნით. ასეთ დროს, საჭიროა, გარკვეული პროცედურების დაცვა, რაც დამატებით დროს მოითხოვს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ყოველივე ეს სადავო მოწესრიგებას უკარგავს ეფექტიანობას დაცვითი ღონისძიებების გამოყენების მყისიერების თვალსაზრისით, რაც ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასა და მე-2 პუნქტს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების კონტექსტში.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და 101 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
