საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - გამოცემა 2 (2022)

საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - გამოცემა 2 (2022)


გამოცემის თარიღი: 2022 წლის 31 დეკემბერი


მერაბ ტურავა: წინასიტყვაობა


ავტორი: დიმიტრი გეგენავა, პაატა ჯავახიშვილი

აბსტრაქტი 

ქართული სინამდვილის გათვალისწინებით, სამართალში გამეფებული ტრადიციონალიზმი, ხშირად ზედმეტი დამოკიდებულება სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდებისადმი, სიახლისადმი გაუთვითცნობიერებელი შიში, მნიშვნელოვნად აფერხებს დისციპლინების ევოლუციას. არადა, სამართლებრივი განათლება, საკუთრივ სამართლის მსგავსად, დინამიკური პროცესია და მუდამ განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამ თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების დისციპლინის სწავლება საქართველოში პრობლემური ასპექტებით ხასიათდება. აღნიშნულის მიზეზი ის გარემოებაა, რომ მას ხშირად მატერიალურსამართლებრივ სფეროდ აღიქვამენ და უმეტესად ხსენებული საგანი უნივერსიტეტთა დიდ ნაწილში სამართლის დარგობრივი მახასიათებლის ცვლილების გამო ისწავლება. ამასთან, საკონსტიტუციო სამართალწარმოების კურიკულუმში, როგორც წესი, ინტეგრირებულია საკონსტიტუციო კონტროლისა თუ შედარებითი საკონსტიტუციო მართლმსაჯულების საკითხები, რაც შედეგობრივად პრობლემური შეიძლება იყოს „სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლის“ მიზნებისთვის. ამის გამო მეტად აქტუალურია მისი სამართლებრივი მხარე და განათლების კვლევების თავისებურებები, რომლებიც ამ შინაარსის სათანადოდ მიწოდებას, შესაბამისი შედეგების მიღწევას განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ნაშრომში განხილული იქნება, როგორც საკონსტიტუციო სამართალწარმოების სწავლების თემატური მხარე, ისე საკითხები, რომლებიც საკონსტიტუციო სამართალწარმოების დისციპლინის უშუალოდ კურიკულუმში ინტეგრირებას გულისხმობს.

ნაშრომი: საკონსტიტუციო სამართალწარმოება: ქართული სამართლებრივი განათლების ახალი გამოწვევა

გვერდები: 7-16


ავტორი: ანა ფირცხალაშვილი

აბსტრაქტი 

საკუთრების უფლებას თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობა ენიჭება. გარდა მისი სამართლებრივი განზომილებისა, მას აქვს პოლიტიკური, სოციალური და, გარკვეულწილად, მორალური განზომილებაც. სწორედ ამიტომ საკუთრების უფლების გააზრებისას შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩეს მისი მრავალწახნაგოვნება. საკუთრების სოციალური ფუნქცია კი, განსაკუთრებით კარგად, წარმოსახავს მის როლს თანამედროვე საზოგადოებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის, როგორებიცაა – სოციალური სამართლიანობა, ზოგადი ეკონომიკური თანასწორობა და სამართლიანი სოციალური პოლიტიკა.

სტატიაში განხილულია დებულების „საკუთრება ავალდებულებს“ არსი, საკუთრების უფლების სოციალური ფუნქციის იდეის ისტორიული განვითარება სამართლის ფილოსოფიის ჭრილში, ასევე, პირველი ქართული კონსტიტუციის ჩანაწერი, რომელიც საკუთრების სოციალური გაგების, მისი სოციალური ბოჭვის თეორიის გამოხმაურებაა. წარმოდგენილ სტატიაში მსჯელობაა საკუთრების უფლების სოციალური ფუნქციის შინაარსის შესახებ. გარდა ამისა, სტატია ერთმანეთს ზოგადად ადარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკას და მიდგომებს საკუთრების სოციალურ ბოჭვასთან დაკავშირებით.

დასკვნის სახით, სტატია ამყარებს იდეას, რომ საკუთრების სოციალური ფუნქცია განაპირობებს ინდივიდუალური საკუთრების უფლების გარანტიებს, თუმცა, იმავდროულად, მის შეზღუდვას, რომელიც მოიაზრებს მთლიანად საკუთრების, როგორც ინსტიტუტის სოციალურ ფუნქციას და ასევე მთელ სოციალურ წესრიგს სახელმწიფოში.

ნაშრომი: საკუთრების სოციალური ფუნქციის სამართლებრივი განზომილება

გვერდები: 17-29


ავტორი: გიორგი თუმანიშვილი

აბსტრაქტი

სისხლის სამართლის საქმეთა საჯაროდ განხილვა სამართლებრივსახელმწიფოებრივი სისხლის სამართლის პროცესის მნიშვნელოვანი ელემენტია. საზოგადოებას გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი, რომ იყოს ინფორმირებული მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით და შეაფასოს, თუ რამდენად მათი მოლოდინების შესაბამისად ხორციელდება სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების ღიაობა ემსახურება სწორედ საზოგადოების ინფორმირებულობის მოთხოვნას. გამომდინარე იქიდან, რომ სისხლის სამართლის საქმეთა დიდმა ნაწილმა შესაძლოა, არც კი მიაღწიოს სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპს და იგი შეწყდეს გამოძიების სტადიაზე, ამიტომ საზოგადოება დაინტერესებულია არა მხოლოდ სასამართლო დარბაზში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვით და მათი შედეგებით, არამედ, გამოძიების ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმეთა წარმოებითაც. შესაბამისად, როგორც მედია საშუალებები, ისე საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოები უზრუნველყოფენ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ამ უკანასკნელის ინფორმირების თაობაზე ლეგიტიმური ინტერესის დაკმაყოფილებას.

სისხლის სამართლის საქმეთა თაობაზე საზოგადოების არასწორად და დაუბალანსებლად ინფორმირებამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი გამოწვევების და საფრთხის წინაშე დააყენოს სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობა, ბრალდებულის უფლებები და მართლმსაჯულების ინტერესები. განსაკუთრებით, საფრთხე ექმნება უდანაშაულობის პრეზუმფციასა და ბრალდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. შესაბამისად, სისხლის სამართალმწარმოებელ ორგანოებს და მედია საშუალებებს ჰმართებთ, გააცნობიერონ არსებული საფრთხეები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ, სწორი საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელებას სისხლის სამართლის საქმისა და ბრალდებული პირების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისას. წინამდებარე სტატიაში განხილულია მედიის როლისა და ზეგავლენის საკითები სისხლის სამართლის პროცესში, მიმოხილულია ის რისკები, რაც შეიძლება, დაემუქროს ბრალდებულის პროცესუალურ გარანტიებს, მართლმსაჯულების ინტერესებს და შემუშავებულია ცალკეული რეკომენდაციები დაბალანსებული საინფორმაციო პოლიტიკის მიმართულებით.

ნაშრომი: საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების თაობაზე და ბრალდებულის პროცესუალური გარანტიები

გვერდები: 31-53


ავტორი: თამარ გეგელია

აბსტრაქტი

პროსტიტუციის ქართული რეჟიმით პროსტიტუცია აკრძალულია, ისჯება სექს-მუშაკი და არა კლიენტი. ასევე კრიმინლიზებულია მესამე პირთა ქმედება. სექს-სამუშაო დღემდე მორალურ ჭრილში განიხილება, კრიტიკის ადრესატი არის როგორც ამ მომსახურების მყიდველი ისე სექს-მუშაკი და ყველა კრიტიკოსი საკუთარი დაშვება-არდაშვების მორალური პრიზმიდან განჯის მათ და ითხოვენ ან ერთის ან მეორის დასჯას. სტატიის მიზანი პროსტიტუციის რეჟიმების გადახედვა და მათ შორის საუკეთესო გამოცდილებების მქონე მოდელის შერჩევაა რაზე მსჯელობაც მნიშვნელოვანია პროსტიტუციის ქართულ რეჟიმის შესაცვლელად რომელიც ადამიანის უფლებების დამრღვევი და გაუმართლებელი საპოლიციო რეპრესიების წყაროა.

ამ სტატიის მიზანი პროსტიტუციის რომანტიზება არაა, არამედ ზიანის (რომელიც ამ სამუშაოს ახლავს თან) წყაროს იდენტიფიცირება და მისი შემცირების გზების ძიებაა რათა უსაფრთხო გახდეს გარემო სექს-მუშაკებისთვის, რომ მათ ისარგებლონ ყველა იმ უფლებით რაც ადამიანებს გვაქვს კონსტიტუციით გარანტირებული. საქართველოში პროსტიტუციის განმსაზღვრელი კანონმდებლობის კონსტიტუციურობის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში 2018 წელს დადგა, თუმცა სარჩელი დღემდე არ განხილულა. აღნიშნულის ფონზე წინამდებარე სტატიით შევეცდებით ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ პრობლემის იდენტიფიცირებასა და მისი გადაწყვეტის გზების ძიებაში.

ნაშრომი: პროსტიტუციის ქართული რეჟიმი და მისი დარაჯები

გვერდები: 55-72


ავტორი: არჩილ მეტრეველი

აბსტრაქტი

2001 წელს, საქართველოს კანონმდებლობაში გაჩენილმა ახალმა სამართლებრივმა ინსტიტუტმა - „საქართველოს კონსტიტუციურმა შეთანხმებამ“ მნიშვნელოვანი კრიტიკა დაიმსახურა როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე კომპეტენტური საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. ამ კრიტიკული შეფასებების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი მისთვის მინიჭებული „კონსტიტუციური“ სტატუსი იყო. წინამდებარე სტატიის ფარგლებში ავტორი გვთავაზობს საკუთარ დაკვირვებას საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის „ხელშეკრულების“ იდეის „კონსტიტუციურ შეთანხმებად“ გარდაქმნის ერთი მიზნის შესახებ.

სტატიის სტრუქტურა შემდეგი სახითაა აგებული. პირველი შესავალი თავი მოკლედ აღწერს „ხელშეკრულების“ იდეის „კონსტიტუციურ შეთანხმებად“ გარდაქმნის ქრონოლოგიას (1994 – 2001 წლები) და სხვადასხვა საეტაპო მნიშვნელობის სამართლებრივი აქტის (პროექტის) თუ დოკუმენტის მოხმობით, ცენტრალური მსჯელობისთვის აუცილებელ წანამძღვრებს გვთავაზობს. მეორე თავში წარმოდგენილია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმებისთვის „კონსტიტუციური“ რანგის მინიჭების იდეის მხარდამჭერი ფორმალური არგუმენტები და მათი კრიტიკული ანალიზი, რაც საავტორო თეორიისთვის საჭირო სივრცეს ათავისუფლებს. მესამე თავში, სათანადო წყაროების მოშველიებით, დასაბუთებულია წინამდებარე სტატიის ცენტრალური თეზისი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული შეთანხმებისთვის „კონსტიტუციური“ სტატუსის მინიჭების ერთი მიზანი (რეალური შედეგი) ამ სამართლებრივი აქტისა და შესაბამისი ურთიერთობისთვის სახელმწიფოს ექსკლუზიური საკანონმდებლო ძალაუფლების არიდება იყო. სტატიის დასკვნით ნაწილში კი სისტემურად არის შეჯამებული ყველა წარმოდგენილი ფაქტი და განვითარებული მსჯელობა.

გასათვალისწინებელია, რომ სტატია მომზადებულია მიმდინარე კვლევის ფარგლებში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების სამართლებრივი განზომილების მრავალმხრივ შესწავლას ისახავს მიზნად. უშუალოდ ამ სტატიისთვის გამოყენებული იქნა აღნიშნული კვლევის მოცემულ ეტაპზე მოძიებული და დამუშავებული წყაროები. შესაბამისად, ავტორი ითვალისწინებს, რომ მასში შესაძლოა, სრულად არ იყოს მითითებული ყველა წყარო, მათ შორის, ის დოკუმენტები, რომლებიც ავტორმა აქ განვითარებული მსჯელობისთვის სათანადოდ არ მიიჩნია და ისინიც, რომლებიც ჯერ მოძიებული და დამუშავებული არ არის. მიუხედავად ამისა, ავტორს სჯერა, რომ წარმოდგენილი წყაროები, წინამდებარე სტატიის ფარგლებში დასმული საკითხისა და მისი მხარდამჭერი არგუმენტების გასამყარებლად, არსებითად საკმარისია.

ნაშრომი: საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ხელშეკრულების იდეის „კონსტიტუციურ შეთანხმებად“ გარდაქმნის ერთი მიზანი

გვერდები: 73-88


ავტორი: ირაკლი ლეონიძე, გიორგი ჩიკვილაძე

აბსტრაქტი

კომლის საკუთრების მოწესრიგების საკითხს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მხოლოდ ერთი მუხლი ეთმობა, ხოლო დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან დღემდე გადაუჭრელ პრობლემას, რომელიც მესაკუთრეთა უფლებრივი მდგომარეობის ნაკლს წარმოაჩენს, საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილება ეხმიანება. საკითხი, თუ რატომ დაკარგა კომლის საკუთრებამ ფუნქცია, როგორც წესი, კანონმდებელს უნდა ეკვლია, მაგრამ საერთო სასამართლოების პრაქტიკამ ვერ დაფარა პრობლემის ის მასშტაბი, რაც რეალურად არსებობდა. მნიშვნელოვანია ნორმის სწორი განმარტება, მაგრამ, მაშინ, როდესაც კანონმდებელი აუქმებს კომლის მომწესრიგებელ ნორმებს, პრობლემა არა მოგვარებად, არამედ განგრძობად ხასიათს იძენს.

ნაშრომი: კომლის საკუთრების საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორების მნიშვნელობა და საკონსტიტუციო სასამართლოს როლი

გვერდები: 89-115