• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • გოჩა მახარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 1.10.2025
      • N1899
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 დეკემბრის №2/24/1899 განჩინება საქმეზე „გოჩა მახარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

გოჩა მახარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2/24/1899
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 25 დეკემბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 8 იანვარი 2026 17:02

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

გიორგი მოდებაძე – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: გოჩა მახარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის სიტყვების „აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის პირველ ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1899) მომართა გოჩა მახარაშვილმა. №1899 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 2 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 25 დეკემბერს.

2. №1899 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე, სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.

5. №1899 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით საქმეებზე აღსრულების შეწყვეტის საფუძველს, როდესაც საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი და, ამავდროულად, ადგენს აღნიშნული ზოგადი წესისგან გამონაკლისებს. მოსარჩელე სადავოდ ხდის გასაჩივრებული ნორმით დადგენილ ერთ-ერთ გამონაკლისს, როდესაც აღსრულება ხორციელდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ დაწყებულ საქმეებზე, რა შემთხვევაშიც, აღარ მოქმედებს სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

6. მოსარჩელის მტკიცებით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა და მუნიციპალიტეტი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმა სახელმწიფოს ანიჭებს უპირატესობას, რაც, მოსარჩელის აზრით, არღვევს სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პირებს, რომლებსაც დავალიანება აქვთ კერძო კომპანიებთან და პირებს, რომელთა კრედიტორიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მითითებულ არათანაბარ მოპყრობას არ აქვს ლეგიტიმური მიზანი, შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმის სადავოდ გამხდარი სიტყვები დისკრიმინაციულია და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის სიტყვების „აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. გასაჩივრებული ნორმა განსაზღვრავს იძულებითი აღსრულების საქმეზე წარმოების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს, როდესაც თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე, სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, აგრეთვე, ადგენს აღნიშნული შეწყვეტის საფუძვლისგან გამონაკლისებს.

3. მოსარჩელე მხარის განმარტებით, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით საქმეთა იძულებითი აღსრულების პროცესში, სადავო ნორმა სახელმწიფოს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა და მუნიციპალიტეტი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პირებს, რომლებსაც დავალიანება აქვთ კერძო კომპანიებთან და პირებს, რომელთა კრედიტორიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტია.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის, არსებითად თანასწორთ, შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს.

5. №1899 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, სადავო ნორმა სახელმწიფოს განუსაზღვრავს უპირატესობას, რამდენადაც, როდესაც აღსრულება ხორციელდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ დაწყებულ საქმეებზე, სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა მოთხოვნებისგან განსხვავებით, აღსრულების შეწყვეტის საფუძველი არ არის სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 10-წლიანი ვადის გასვლა, რაც, მოსარჩელის პოზიციით, განაპირობებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლების დარღვევას.

6. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადამიანებს შორის თანასწორობის უფლება სამართლის წინაშე, რაც გამორიცხავს სახელმწიფოსა და ადამიანის შესადარებელ ჯგუფად განხილვას. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიზანმიმართულება არ არის ადამიანებისა და სახელმწიფოს თანასწორობის უზრუნველყოფა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/1/756 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც შეეხება სადავო ნორმის დისკრიმინაციულად მიჩნევას ადამიანის, კერძო სამართლის იურიდიული პირისა და სახელმწიფოს შესადარებელ ჯგუფად განხილვის საფუძველზე, ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შინაარსის არასწორ აღქმას და დაუსაბუთებელია.

8. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პირებს, რომელთა კრედიტორიც სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტია, იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც დავალიანება აქვთ კერძო კომპანიებთან ან ფიზიკურ პირებთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან სადავო ნორმის მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ ხორციელდება დიფერენცირება არსებითად თანასწორ პირებს შორის. შესაბამისად, სადავო ნორმიდან მომდინარე განსხვავებული მოპყრობა დაკავშირებული უნდა იყოს ამა თუ იმ პირთა შესადარებელ ჯგუფთან.

9. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, როგორც უკვე აღინიშნა, განსაზღვრავს აღსრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს, ხოლო მითითებული ნორმის გასაჩივრებული სიტყვები ადგენს მისგან ერთ-ერთ გამონაკლისს. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმიდან გამომდინარე, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებულ სააღსრულებო საქმეზე 10-წლიანი ვადის გაუვრცელებლობა არ უკავშირდება მოვალის/კრედიტორის პიროვნებასთან დაკავშირებულ რაიმე ფაქტორს. ნებისმიერი პირი, მათ შორის, მოსარჩელე, შეიძლება იყოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებულ სააღსრულებო საქმეზე კრედიტორი ან მოვალე. შესაბამისად, სადავო ნორმა დიფერენცირებას ახდენს არა პირთა შორის, არამედ თავად სააღსრულებო წარმოებაში, მოთხოვნის ერთ-ერთი მხარის მიხედვით. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო, როგორც უკვე აღინიშნა, მოიცავს პირთა შორის განხორციელებული დიფერენცირებისა და, შესაბამისად, დისკრიმინაციის შემთხვევებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლის წინაშე თანასწორობა სუბიექტებს, პირებს შორის. თანასწორობის უფლება არ მოითხოვს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მსგავსი სამართლებრივი კატეგორიების მიმართ თანასწორი მოპყრობა. სადავო ნორმის გასაჩივრებული სიტყვები მხოლოდ მსგავსი ტიპის სამართლებრივი კატეგორიების – თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით წარმოებულ სააღსრულებო საქმეთა მიმართ ადგენს განსხვავებულ, დიფერენცირებულ რეჟიმს და ამ რეჟიმის დიფერენცირებულობა ნეიტრალურია პირების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ნეიტრალური ხასიათისაა და არ ითვალისწინებს პირებს შორის დიფერენციაციას.

10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას შორის. ამდენად, არსებობს №1899 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1899 კონსტიტუციური სარჩელი („გოჩა მახარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ