• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45 (1) მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1 (1) პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
      • 12.02.2026
      • N3/2/1938
      • საოქმო ჩანაწერი
    • თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
      • 29.01.2026
      • N1938
      • კონსტიტუციური წარდგინება
    • თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45 (1) მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1 (1) პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
      • 23.01.2026
      • N3/1/1928
      • საოქმო ჩანაწერი
    • თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარდგინება
      • 15.12.2025
      • N1928
      • კონსტიტუციური წარდგინება
    • თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
      • 11.12.2025
      • N3/6/1914, 1920, 1921, 1922
      • საოქმო ჩანაწერი
    • თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
      • 3.12.2025
      • N1920
      • კონსტიტუციური წარდგინება
    • თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
      • 3.12.2025
      • N1921
      • კონსტიტუციური წარდგინება
    • თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
      • 3.12.2025
      • N1922
      • კონსტიტუციური წარდგინება
    • თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
      • 7.11.2025
      • N1914
      • კონსტიტუციური წარდგინება
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის №3/1/1914, 1920,1921,1922,1928,1938 გადაწყვეტილება საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“.

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45 (1) მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1 (1) პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.

დოკუმენტის ტიპი გადაწყვეტილება
ნომერი N1914, 1920,1921, 1922,1928,1938
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 26 მარტი 2026
გამოქვეყნების თარიღი 26 მარტი 2026 17:55

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

გიორგი მოდებაძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 ნოემბერს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1914) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი). №1914 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2025 წლის 7 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 3 დეკემბერს კონსტიტუციური წარდგინებებით (რეგისტრაციის №1920, №1921, №1922) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე - ვლადიმერ ხუჭუა). №1920, №1921 და №1922 კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2025 წლის 5 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №3/6/1914, 1920, 1921, 1922 საოქმო ჩანაწერით, №1914, №1920, №1921 და №1922 კონსტიტუციური წარდგინებები გაერთიანდა ერთ საქმედ და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 15 დეკემბერს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1928) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე - ვლადიმერ ხუჭუა). №1928 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2025 წლის 19 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 23 იანვრის №3/1/1928 საოქმო ჩანაწერით №1928 კონსტიტუციური წარდგინება მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად და გაერთიანდა №1914, №1920, №1921, №1922 კონსტიტუციურ წარდგინებებთან მათი ერთობლივად განხილვის მიზნით.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 29 იანვარს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1938) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი). №1938 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2026 წლის 4 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის №3/2/1938 საოქმო ჩანაწერით №1938 კონსტიტუციური წარდგინება მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად და გაერთიანდა №1914, №1920, №1921, №1922, და №1928 კონსტიტუციურ წარდგინებებთან მათი ერთობლივად განხილვის მიზნით.

4. კონსტიტუციურ წარდგინებებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილის თანახმად, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, სასამართლო, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს“ (სატრანსპორტო საშუალების მართვის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები) თავის მხრივ, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45​​​1 ან 1002 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს (პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები) - 5 წლის ვადით.

6. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.

7. კონსტიტუციური წარდგინებებიდან ირკვევა, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო სხვადასხვა პირის მიმართ განიხილავს საქმეებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის - მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, ან/და გადაგზავნა - ჩადენის ფაქტზე. კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები განმარტავენ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, პირს ამავე მუხლით ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, ჯარიმის - 500 ლარის შეფარდების გარდა, სავალდებულო წესით ჩამოართვას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზოგიერთი უფლება, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლის ვადით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, ისევე როგორც, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები 5 წლის ვადით.

8. №1914 და №1938 კონსტიტუციურ წარდგინებებში აღნიშნულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების (მოცემულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების) ჩამორთმევა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება. კერძოდ, ზემოხსენებული უფლებების ავტომატური ჩამორთმევა პრევენციული ხასიათისაა და შესაძლებელს ხდის შემდგომი სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენის აცილებას. გასაჩივრებული ღონისძიება ასევე გამორიცხავს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლების დასაქმებას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და იარაღთან დაშვებას, რის შედეგადაც მცირდება ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთათვის დამახასიათებელი ქცევისა და ინტერესების მქონე პირების მიერ არასათანადო გადაწყვეტილებების მიღების რისკი.

9. №1914 და №1938 კონსტიტუციური წარდგინებების ავტორის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული ნორმები, უდავოდ, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას უწყობს ხელს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, სამართალდამრღვევი პირისათვის მიყენებულ ზიანს შორის არსებობს მკვეთრი დისპროპორცია. კონსტიტუციური წარდგინებების თანახმად, ღონისძიების არაპროპორციულობა აშკარად ჩანს აკრძალული ქმედების სიმძიმესა (5 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ან მცენარე კანაფის შეძენა, შენახვა) და მის საპასუხოდ დადგენილი სასჯელის ურთიერთმიმართების ფონზე, იმის გათვალისწინებით, რომ აბსოლუტურად განსაზღვრული სასჯელის პირობებში, მოსამართლე მოკლებულია მისი ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას. შედეგად, არ რჩება სივრცე, შეფასდეს სამართალდამრღვევი პირის ინდივიდუალური გარემოებები, ისევე, როგორც, სადავო ნორმებით მოაზრებული ლეგიტიმური მიზნების შესაძლო მიღწევადობა უფლებების უფრო ნაკლები ვადით ჩამორთმევის შემთხვევაში. აღნიშნულ არგუმენტებზე დაყრდნობით, კონსტიტუციური წარდგინებების ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილი და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესს.

10. №1920, №1921, №1922 და №1928 კონსტიტუციურ წარდგინებებში კი აღნიშნულია, რომ მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შენახვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მინიმალური საფრთხის მატარებელია. მიუხედავად ამისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო სამართალდამრღვევს 3 წლის ვადით ჩამოართმევს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას. დამატებით, წარდგინებათა ავტორი იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, ასეთი ტიპის ღონისძიების ლეგიტიმაცია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ემსახურება მნიშვნელოვანი სადამსჯელო მიზნების მიღწევას და პასუხობს სერიოზული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველ ქმედებას. წარდგინებების ავტორის არგუმენტაცია მიემართება არა აღნიშნული ზოგადი პრინციპის უარყოფას, არამედ იმის დადასტურებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, თავისი ხასიათითა და სიმძიმით, არ შეიცავს ისეთი ინტენსივობის საზოგადოებრივ საშიშროებას, რომელიც გაამართლებდა გასაჩივრებული მოწესრიგებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. კონსტიტუციური წარდგინებების ავტორის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა, მნიშვნელოვანი საბაზისო სოციალური/პროფესიული უფლების ჩამორთმევას უტოლდება, რაც ჩადენილი სამართალდარღვევის ბუნებიდან მომდინარე, უმნიშვნელო საფრთხის გათვალისწინებით, აშკარად არაპროპორციულ სასჯელად უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის.

11. №1920, №1921, №1922 და №1928 კონსტიტუციური წარდგინებების თანახმად, სასჯელი (მხედველობაშია სატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ/საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების ჩამორთმევა) არის აბსოლუტურად განსაზღვრული, იგი გამოიყენება ავტომატურად, მხოლოდ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის საფუძველზე და მოსამართლე მისი ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას, თუნდაც საპროცესო შეთანხმების მეშვეობით, მოკლებულია. როგორც კონსტიტუციურ წარდგინებებშია აღნიშნული, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, სამართალდარღვევის საქმეებთან მიმართებით, საპროცესო შეთანხმების დადებას არ ითვალისწინებს.

12. ზემოაღნიშნულ არგუმენტებზე დაყრდნობით კონსტიტუციურ წარდგინებების ავტორები ითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 პუნქტისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების 5 წლით სავალდებულო წესით ჩამორთმევას, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

13. კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. სადავო ნორმების შინაარსი და შესაფასებელი მოცემულობის განსაზღვრა

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილის თანახმად, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, სასამართლო, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს“. თავის მხრივ, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან 1002 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს (პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები) - 5 წლის ვადით.

2. კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები ითხოვენ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კერძოდ, კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები მიიჩნევენ, რომ არაკონსტიტუციურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით პირის სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, სავალდებულო წესით ითვალისწინებს, ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობის გარეშე, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებების კი - 5 წლით.

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ წარდგინებების ავტორები სადავო ნორმებით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიებების სამართლებრივ ბუნებას განსხვავებულად აფასებენ. კერძოდ, №1920, №1921, №1922 და №1928 წარდგინებათა ავტორის პოზიციით, აღნიშნული ღონისძიებები, თავისი შინაარსითა და მიზნებით, უტოლდება სასჯელს, ვინაიდან მათი გამოყენება უკავშირდება პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას და გულისხმობს მის მიმართ სასჯელთან გათანაბრებული შეზღუდვების დაკისრებას. კონსტიტუციურ წარდგინებათა ავტორი მიუთითებს, რომ ღონისძიებები ატარებს რეპრესიულ ხასიათს და მიმართულია სამართალდამრღვევის დასჯისაკენ, რის გამოც მათი შეფასება უნდა განხორციელდეს იმავე კონსტიტუციური სტანდარტებით, რომლებიც გამოიყენება სასჯელის მიმართ. რაც შეეხება №1914 და №1938 კონსტიტუციურ წარდგინებათა ავტორს, იგი არ აყალიბებს ერთმნიშვნელოვან პოზიციას იმასთან დაკავშირებით, გასაჩივრებული ღონისძიებები სასჯელად უნდა შეფასდეს თუ ადმინისტრაციულ სახდელად. მეტიც, სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების სიმძიმესა და მის საპასუხოდ დადგენილი შემზღუდველი ღონისძიებების აშკარა დისპროპორციის წარმოსაჩენად იგი აღნიშნავს, რომ ეს ზომები ერთდროულად სასჯელისა და სახდელის ხასიათს ატარებს.

4. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადამწყვეტი არ არის, სადავო ნორმებით დადგენილი შემზღუდველი ღონისძიებები სისხლისსამართლებრივ სასჯელად უნდა იქნეს მიჩნეული, თუ ადმინისტრაციულ სახდელად. მეტიც, სასამართლო არც დგას ამის იდენტიფიცირების აუცილებლობის წინაშე. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შესაბამის უფლებათა სავალდებულო წესით ჩამორთმევა არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და არც სისხლის სამართლის კოდექსით არის დადგენილი, არამედ იგი განსაზღვრულია „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათი გამოყენება დასაშვებია როგორც სისხლისსამართლებრივი, ისე ადმინისტრაციული-სამართლებრივი პროცესის ფარგლებში. ჩვეულებრივ, როგორც სისხლისსამართლებრივი სასჯელი, ისე ადმინისტრაციული სახდელი, სახელმწიფოს მიერ პირის წინააღმდეგ გამოყენებული საპასუხო ზომაა, სანქციაა მის მიერ შესაბამისი დარღვევის ჩადენისათვის და ემსახურება, მათ შორის, კერძო და საჯარო პრევენციის მიზნებს, ორივე მათგანის (სისხლისსამართლებრივი სასჯელი და ადმინისტრაციული სახდელის) სახე და ზომა გონივრულ ურთიერთკავშირში უნდა იყოს ჩადენილი ქმედების საშიშროების ხარისხთან და სანქციის ლეგიტიმურ მიზნებთან, შესაბამისად, რამდენადაც პროპორციულობის მოთხოვნა ორივე მათგანზე თანაბრად ვრცელდება, მათი აშკარად არაპროპორციულობა თანაბრად აამოქმედებს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო ადასტურებს, რომ კონსტიტუციის ზემოაღნიშნულ მუხლში, რომელიც, მათ შორის, არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს კრძალავს, სიტყვას - „სასჯელი“- გააჩნია ავტონომიური მნიშვნელობა და იგი არ შემოიფარგლება ამ სიტყვის მნიშვნელობით სისხლის სამართლის კოდექსის გაგებით. აქედან გამომდინარე, სადავო ღონისძიებები ყველა შემთხვევაში კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეფასებადია და სამართლებრივი სანქციის რომელიმე კატეგორიისადმი მათი მიკუთვნების საჭიროება წარდგინებაში დაყენებული საკითხების გადაწყვეტის მიზნებისათვის არ დგას.

5. კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები სადავო ღონისძიებების არაკონსტიტუციურობას უკავშირებენ გასაჩივრებული რეგულაციების შემდეგ კონტექსტს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა თავისი ხასიათითა და სიმძიმით არ არის ისეთი მასშტაბის საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედება, რომელიც გაამართლებდა გასაჩივრებული მოწესრიგებით გათვალისწინებული შეზღუდვების სავალდებულო დაწესებას და საქმის განმხილველი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს შესაბამისი უფლებების ჩამორთმევის საჭიროება და უზრუნველყოს სასჯელის ინდივიდუალიზაცია. წარდგინებების ავტორებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმები, ამ თვალსაზრისით, ვერ აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურ მოთხოვნას. შესაბამისად, სასამართლოც სწორედ იმას შეაფასებს, ეწინააღმდეგება თუ არა გასაჩივრებული რეგულაციებით დადგენილი შემზღუდველი ღონისძიებები აშკარად არაპროპორციული სასჯელის აკრძალვას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის გაგებით.

2. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით

2.1. დაცული სფერო და სასჯელის შეფასების კონსტიტუციური სტანდარტები

6. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ... კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. ნიშანდობლივია, რომ ეს აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი ... ღირსებით დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, აშკარად არაპროპორციულ სასჯელს, რომელიც არ შეესაბამება დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვს მიმართება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევს კიდევაც მას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).

8. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი მიდგომების შესაბამისად, კანონმდებელს სასჯელის პოლიტიკის სფეროში საკმაოდ ფართო მიხედულების არეალი გააჩნია. ამ თვალსაზრისით, საკანონმდებლო ორგანო აფასებს ადამიანის, საზოგადოებისა და, ზოგადად, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელ რისკებს, ასევე, ნორმატიულად განსაზღვრავს ამავე რისკების დამზღვევი პასუხისმგებლობის კონკრეტულ სახესა და ზომას, ცხადია, შესაბამის შემთხვევაში, დასაცავი ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით. საზოგადოდ, სასჯელთა პოლიტიკის შემუშავება, ჩვეულებრივ, საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივაა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონმდებელი უფლებამოსილია, ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სასჯელის პოლიტიკა და დააწესოს ამა თუ იმ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების შესატყვისი სასჯელის ზომები“[...] საქართველოს (საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი მოქმედებაში შეიძლება მოვიდეს და, მაშასადამე, სასჯელთა პოლიტიკის სფეროში კონსტიტუციური კონტროლის ინტერვენციის საჭიროება წარმოიშვას, მაშინ, როდესაც კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისთვის დაწესებული სასჯელის ზომა არის აშკარად არაპროპორციული ამავე ქმედებით გამოწვეულ/გამოწვევად საფრთხეებთან მიმართებაში. ამდენად, „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა... [საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით], სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

9. სასჯელთა პოლიტიკის სფეროში კანონმდებლისათვის მიხედულების საკმაოდ ფართო არეალის მინიჭებასთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამ არეალის გარე საზღვრებსაც განსაზღვრავს. მისი განმარტებით, „კანონმდებლის მიხედულება ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესაბამისად სათანადო სასჯელის განსაზღვრის სფეროში არ არის შეუზღუდავი. საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს, დანიშნულებაა, შემოსაზღვროს ამ სფეროში კანონმდებლის თავისუფალი მოქმედების სივრცე. საქართველოს კონსტიტუცია ადგენს იმ ჩარჩოს და მინიმალურ მოთხოვნებს, რასაც კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული სასჯელი, მისი სიმკაცრე უნდა აკმაყოფილებდეს. აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული ურთიერთდამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი. ასეთი ტიპის სასჯელები იწვევს ადამიანის ობიექტად განხილვას და უნდა შეფასდეს როგორც არაადამიანური. სწორედ აქ მთავრდება სასჯელის პოლიტიკის თავისუფლად განხორციელების სივრცე და კანონმდებელი იჭრება კონსტიტუციით აბსოლუტურად აკრძალულ სფეროში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

10. აღნიშნული მიდგომები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ ჩამოაყალიბა სასჯელის პოლიტიკის შეფასებისას, გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაწესებულ სახდელებთან მიმართებაშიც. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სფეროშიც კანონმდებელს გააჩნია მიხედულების ფართო არეალი კონკრეტული სამართალდარღვევებისთვის შესაბამისი სახდელის განსაზღვრისას. საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, საჯარო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით, დაადგინოს ადმინისტრაციული სანქციების სახეები და მათი სიმკაცრე. თუმცა აღნიშნული თავისუფლება არ არის შეუზღუდავი. ისევე როგორც სისხლისსამართლებრივი სასჯელების შემთხვევაში, ადმინისტრაციული სახდელიც უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს და არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული ან არაპროპორციული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ დააკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს გამოსაყენებელ ღონისძიებათა სიმკაცრისა და, შესაბამისი სამართალდარღვევიდან მომდინარე საფრთხეების ურთიერთმიმართება. კერძოდ, რამდენად არის კონსტიტუციური წარდგინებებით სადავოდ გამხდარი ნორმების საფუძველზე გამოსაყენებელი შემზღუდველი ღონისძიებები გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედებით (მხედველობაშია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით) გამოწვევად საფრთხეებთან/ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს ცალკეულ ინდივიდებს /საზოგადოებას.

2.2. სადავო ღონისძიებების სიმკაცრე

12. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევადაა მიჩნეული მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, ან/და გადაგზავნა. ამავე მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილის თანახმად, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 31 მუხლის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45​​​1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს, მათ შორის, ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ (სატრანსპორტო საშუალების მართვის ) უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს (პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჯარო სამსახურში საქმიანობის, იარაღის დამზადების, შეძენის შენახვისა და ტარების უფლებები) − 5 წლის ვადით. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში. სასამართლო განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, ისევე როგორც, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების შეზღუდვა საქმიანობის საყოველთაო თავისუფლების, თავისუფალი პიროვნული განვითარების, პირადი ცხოვრების საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართვის უფლებებში ჩარევაა, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-12, მე-15 მუხლებით, ხოლო საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა კი - კონსტიტუციის 25-ე მუხლით უზრუნველყოფილ უფლებაში ჩარევა.

 

მართვის უფლების ჩამორთმევა

13. როგორც ზემოთ აღინიშნა, გასაჩივრებული ნორმები ითვალისწინებს პირისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას განსაზღვრული ვადით, კერძოდ, 3 წლით. თანამედროვე საზოგადოებაში სატრანსპორტო საშუალების მართვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა ადამიანის პიროვნული თავისუფლებისა და თვითრეალიზაციისათვის, იგი არის ტრანსპორტირების ერთ-ერთი მოსახერხებელი ფორმა და, რიგ შემთხვევებში, შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანის შემოსავლის წყაროსაც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „შესაძლოა, მართვის უფლებასთან დაკავშირებული იყოს პირის ძირითადი საქმიანობა [...] წარმოადგენდეს მისი შემოსავლის უმთავრეს წყაროს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მართვის უფლების ჩამორთმევამ, შესაძლოა, უარყოფითი ეფექტი მოახდინოს პირის თვითრეალიზებაზე მისი საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში, არსებითი გავლენა იქონიოს კონკრეტული პირის ცხოვრების წესსა და გარკვეული თავისუფლებით სარგებლობის ხარისხზე“ (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს №1/4/535 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).

 

პედაგოგიური საქმიანობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა

14. გასაჩივრებული ღონისძიებები ასევე ითვალისწინებს პედაგოგიური საქმიანობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევას 5 წლის ვადით. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, პედაგოგიური საქმიანობა არის მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან საგაკვეთილო და დამატებითი ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა არ შეიცავს საგანმანათლებლო დაწესებულების ერთიან დეფინიციას. კანონმდებლობა იცნობს ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცნებებს. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა განმარტებულია როგორც: ა) მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც; ბ) საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განმახორციელებელი დაწესებულება. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი არის იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადების პროგრამები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ16“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე, შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა.

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების 5 წლის ვადით ჩამორთმევა მოიცავს განათლების სფეროში საქმიანობის ფართო არეალს. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ყველა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე და, შესაბამისად, არსებითად ზღუდავს პირის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისა და პროფესიული რეალიზაციის შესაძლებლობას.

 

საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა

16. გასაჩივრებული ღონისძიებები გულისხმობს პირისათვის საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევასაც, რითაც იგი გარკვეული ვადით, კერძოდ, 5 წლით, კარგავს შესაძლებლობას ჰქონდეს წვდომა საჯარო სამსახურზე. დასახელებული შეზღუდვა შეეხება მოქალაქეთა უმნიშვნელოვანეს უფლებას, დაიკავონ თანამდებობა საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება არის შრომითი ურთიერთობის სპეციფიკური სახე, რომელიც, ერთი მხრივ, პროფესიული თვითრეალიზების ერთ-ერთ საშუალებაა, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქისთვის უზრუნველყოფს შესაძლებლობას, უშუალოდ ჩაერთოს სახელმწიფოს მმართველობით საქმიანობაში, რაც, მათ შორის, მოიცავს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებასა და აღსრულებას სახელმწიფოს სახელით. ამრიგად, იგი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ უფლებრივი გამოხატულებაა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/1/572 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს ეზღუდება საჯარო ხელისუფლების ორგანოებში თანამდებობის დაკავებისა და საჯარო ფუნქციის განხორციელების უფლება, რაც გულისხმობს როგორც პროფესიული თვითრეალიზაციის, ასევე სახელმწიფო მმართველობაში უშუალოდ ჩართვის შესაძლებლობას.

 

იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების ჩამორთმევა

18. კონსტიტუციური წარდგინებების ფარგლებში სადავოდ მიჩნეული ღონისძიებები ასევე ითვალისწინებს იარაღთან დაკავშირებული რიგი უფლებების, კერძოდ იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების ჩამორთმევას. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ტერმინში „იარაღი“ იგულისხმება მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად, ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, კერძოდ, არსებობს სამოქალაქო, სამსახურებრივი-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღი. ამავე კანონის მე–4 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო იარაღი არის იარაღი, რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში და რომელსაც ფიზიკური პირი თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო ან ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში ან ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის იყენებს. ამასთან, სამოქალაქო იარაღის სახეებია თავდაცვის, სპორტული, სანადირო, საკოლექციო, სასიგნალო, ხმოვანი (აკუსტიკური), კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი და თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა. შესაბამისად, გარკვეული კატეგორიის იარაღი, რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში, პირმა შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა (დაშვებული) მიზნებისათვის და ნებადართული საქმიანობის განსახორციელებლად. აღნიშნული უფლების ჩამორთმევა კი ზღუდავს პირის შესაძლებლობას დაამზადოს, შეიძინოს, შეინახოს და ატაროს იარაღი, რაც კანონმდებლობის შესაბამისად დაკავშირებულია თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო და სხვა ნებადართული საქმიანობის განხორციელების უფლებასთან.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ გასაჩივრებული ღონისძიებები გავლენას ახდენს პირის სოციალური ცხოვრების სხვადასხვა, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან სფეროებზე, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვა, პროფესიულ/საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საჯარო სამსახურში საქმიანობა, პროფესიული წინსვლა და განვითარება. ამგვარი შემზღუდავი ღონისძიების დაწესება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი დადგენილია შესაბამისი საფრთხის შემცველი ქმედების საპასუხოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ღონისძიებების კონსტიტუციურობას შეაფასებს თანაზომიერების პრინციპის ჭრილში.

2.3 თანაზომიერება

20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს სადავო რეგულაციით გათვალისწინებული ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესების მიზნები, ხოლო, ამის შემდეგ უნდა გაირკვეს ამ ქმედებისთვის დაწესებული სასჯელის კონკრეტული ზომა არის თუ არა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგი და პროპორციული საშუალება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-39). შესაბამისად, თითოეული სახელმწიფოებრივი სასჯელი უნდა შეფასდეს კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რათა დადგინდეს მისი გამოყენება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად რამდენად არის თანაზომიერ კავშირში პირის უფლებაში ჩარევასთან. ამ კონტექსტში, კონსტიტუციური რანგის მქონე თანაზომიერების პრინციპი მოითხოვს, შეფასდეს სამართალდარღვევის ობიექტური მნიშვნელობა მართლწესრიგისთვის და მისი შესაბამისობა გამოყენებული ღონისძიების ინტენსივობასთან.

21. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლო წინდაწინვე აღნიშნავს, რომ წინამდებარე წარდგინების ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს როლი არ ამოიწურება მხოლოდ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებაში გასაჩივრებული ღონისძიებების თანაზომიერებისა ან არათანაზომიერების დადგენით. რამდენადაც საკითხი შეეხება სადავო ღონისძიებების შესაბამისობას კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან, სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, არის თუ არა ეს ღონისძიებები (შესაბამის უფლებათა სავალდებულო წესით კონკრეტული ვადით ჩამორთმევა) იმდენად აშკარად არაპროპორციული დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებაში, რომ ჩაითვალოს „არაადამიანურ ან დამამცირებელ „სასჯელად“ კონსტიტუციის ზემოაღნიშნული დებულების გაგებით. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სანქცია, (იქნება ის სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი) ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად, თუ აკრძალული ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება და სანქციის სახით დაწესებული ღონისძიების სიმკაცრე მკვეთრად არათანაზომიერ დამოკიდებულებაში აღმოჩნდება ერთმანეთთან.

 

ა. სადავო ღონისძიებებით მისაღწევი ლეგიტიმური მიზანი

22. კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები მიუთითებენ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა თავისი ხასიათითა და სიმძიმით არ შეიცავს ისეთი ინტენსივობის საზოგადოებრივ საშიშროებას, რაც გაამართლებდა გასაჩივრებული მოწესრიგებით გათვალისწინებული შეზღუდვების სავალდებულო დაწესებას, რა დროსაც მოსამართლე მოკლებულია შესაძლებლობას, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსაზღვროს შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების საჭიროება.

23. იმის დასადგენად, ხომ არ არის აბსოლუტურად განსაზღვრული სანქციების სავალდებულო გამოყენება აკრძალული ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებთან მიმართებით აშკარად არაპროპორციული, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, თუ რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თუ არ არსებობს შესაფერისი ღირებული მიზანი, ზედმეტია იმ საშუალებების შეფასება, რითაც ეს მიზანი მიიღწევა, ანდა, რამდენად აღმატებულია მიზნიდან გამომდინარე სიკეთე იმ ნეგატიურ ეფექტზე, რომელიც შეზღუდული უფლებიდან გამომდინარეობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17).

 

ა.ა. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით

24. საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევასა და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ შედეგებზე. მათი არგუმენტაცია უმთავრესად უკავშირდება აღნიშნული უფლების მნიშვნელობას პირის ყოველდღიურ და პროფესიულ საქმიანობაში, აგრეთვე მის გავლენას პირის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამასთან, სხვა უფლებებთან მიმართებით, რომელთა შეზღუდვაც ასევე გათვალისწინებულია გასაჩივრებული ნორმებით, წარდგინების ავტორთა მსჯელობა შედარებით ზოგადი ხასიათისაა და არ არის წარმოდგენილი არსებითი არგუმენტები.

25. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნისთვის (როდესაც დადგენილი არ არის მისი მოხმარების ფაქტი) პირის სამართალდამრღვევად ცნობა და შედეგად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების კონკრეტული ვადით ჩამორთმევის სავალდებულოობა, სასამართლოს აზრით, ემსახურება საჯარო ინტერესთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას, არ მოხდეს მათი გავრცელება ავტომობილების მეშვეობით და ამ გზით სწრაფად მოხვედრა მომხმარებლამდე. ავტომობილი, როგორც სატრანსპორტო საშუალება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა მარტო ნარკოტიკული საშუალების (მოცემულ შემთხვევაში მცენარე კანაფის/მარიხუანის) გადატანის, მომხმარებლამდე მიტანის საშუალებად, არამედ მათი მოხმარების, მომხმარებელთა თავშეყრის, სხვა პირებისთვის მათი გადაცემის/გავრცელებისა თუ მათით ვაჭრობისა და მათზე გარიგებების დადების ადგილად. ამ შესაძლებლობათა შეზღუდვა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის აღკვეთასთან ერთად, ემსახურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზანს, ვინაიდან აბრკოლებს ნარკოტიკულ ნივთიერებებზე მომხმარებლის მარტივად წვდომასა და მოხმარებას.

26. საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის აუცილებელია, მათი რაიმე ფორმით მოხვედრა მომხმარებელთან. თავისთავად, იგივე უნდა ითქვას მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე. მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარებას/მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნას, ჩვეულებრივ წინ უსწრებს მისი შეძენა და დაუფლება. ცხადია, პირი ნარკოტიკულ საშუალებას ვერ მოიხმარს, თუ მასზე გარკვეული ფორმით მფლობელობა არ განახორციელა. შესაბამისად, მცენარე კანაფის ან მარიხუანის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გადაგზავნა, ხშირ შემთხვევაში, ქმნის იგივე ან სხვა პირთა მხრიდან მისი მოხმარების პერსპექტივას და პოტენციურად წარმოადგენს საამისო პირობების მომზადებას. ამდენად, როდესაც ზემოაღნიშნული ქმედებების (მცენარე კანაფის ან მარიხუანის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გადაგზავნა) ჩადენისათვის დაწესებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლის ვადით ჩამორთმევა, ამით იმავდროულად ხორციელდება ნარკოტიკული თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევების პრევენცია. საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება გულისხმობს არა სატრანსპორტო საშუალების მართვის ერთჯერად შემთხვევას, არამედ მუდმივად განხორციელებად საქმიანობას, რომელიც მოითხოვს ქცევით სტაბილურობასა და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, მართვის უფლების მქონე პირის მხრიდან. შესაბამისად, კავშირი სამართალდარღვევასა და მართვის უფლების შეზღუდვას შორის არ განისაზღვრება იმით, მართავდა თუ არა პირი კონკრეტულ მომენტში სატრანსპორტო საშუალებას ნარკოტიკული თრობის ქვეშ. უფლების სავალდებულო წესით (ამ შემთხვევაში მართვის უფლების) შეზღუდვა რაციონალურ კავშირშია იმ საფრთხესთან, რომლის პრევენციასაც ემსახურება კანონმდებელი, რადგან ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო ფლობა და მისი ბრუნვის უზრუნველყოფა ზრდის რეალურ შესაძლებლობას, რომ ასეთი ნივთიერება გამოყენებული იქნება, მათ შორის ისეთ ვითარებაში, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვა. აქედან გამომდინარე, კანონმდებელი უფლებამოსილია, აღნიშნული ქმედებები განიხილოს იმგვარ ფაქტორად, რომელიც ზრდის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის არსებულ რისკს და ამართლებს შესაბამისი რეგულაციის დაწესებას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ღონისძიება - მართვის უფლების 3 წლით ჩამორთმევა - რაციონალურ ურთიერთკავშირშია დასახულ ლეგიტიმურ მიზანთან.

27. საკონსტიტუციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალება მომეტებული საფრთხის წყაროა, რომელზეც სრული კონტროლის დამყარება ისედაც შეუძლებელია. მართვის წესების დაცვის შემთხვევაშიც კი მისი ექსპლუატაცია ქმნის თანმდევ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. მართვის უფლება ლიცენზირებადი საქმიანობაა, პრაქტიკაში მის განხორციელებაზე გავლენას ახდენს პირის ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობა. სატრანსპორტო საშუალების მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში, მცენარე კანაფის ან/და მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ, ამცირებს მძღოლის რეაქციის სისწრაფეს, ყურადღების კონცენტრაციასა და სიტუაციური შეფასების უნარს, რაც არსებითად ზრდის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის რისკს. ასეთ ვითარებაში საფრთხე ექმნება არა მხოლოდ თავად მძღოლსა და მისივე სატრანსპორტო საშუალებაში მყოფ მგზავრებს, არამედ გზაზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალების მგზავრებსა და ქვეითებს. ამდენად, სატრანსპორტო საშუალების მართვა, თავისი ბუნებით, მომეტებული საფრთხის შემცველი საქმიანობაა, რომლის განხორციელება მცენარე კანაფით/მარიხუანით გამოწვეული თრობის პირობებში სცდება სოციალურად ტოლერირებული და დასაშვები რისკის ფარგლებს და ქმნის გაზრდილ საფრთხეს სხვათა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და, ზოგადად, საგზაო უსაფრთხოებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ქმნის ფართო და მაღალი საზოგადოებრივი რისკის ზონას და მისი შეზღუდვა ემსახურება ამ რისკების პრევენციას. უდავოა, რომ ასეთი საფრთხეების თავიდან აცილება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა.

28. საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დროებითი შეჩერება არ წარმოადგენს კონკრეტული სამართალდარღვევისათვის დამატებით „სასჯელს“. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება სამართლებრივი წესრიგის თანმიმდევრული დაცვის უზრუნველყოფას და ეფუძნება მოსაზრებას, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევები, მათი ბუნებიდან გამომდინარე, ზრდის საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკს, ვინაიდან მართვის უფლება დაკავშირებულია განსაკუთრებულად მაღალი უსაფრთხოების მოთხოვნებთან და მესამე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობასთან. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი უფლებამოსილია, ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევის ჩადენა, იმის მიუხედავად, დადგენილია თუ არა უშუალოდ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტი, მიიჩნიოს იმგვარ გარემოებად, რომელიც დროებით შეუთავსებელია აღნიშნულ საქმიანობასთან.

 

ა.ბ. პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 5 წლის ვადით

29. პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის მიზანი, უკავშირდება არასრულწლოვანთა განსაკუთრებულ დაცვასა და საგანმანათლებლო გარემოს ნორმატიული სტანდარტის უზრუნველყოფას. პედაგოგიური საქმიანობა, თავისი შინაარსით, განსაკუთრებულად გულისხმობს პიროვნების ფორმირების პროცესში პედაგოგის უშუალო მონაწილეობას, რის გამოც კანონმდებელი უფლებამოსილია მათთვის დააწესოს სანდოობისა და რეპუტაციული შესაბამისობის მომეტებული მოთხოვნები. პედაგოგს საქმე აქვს სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან (მათ შორის მცირეწლოვნებთან და მოზარდებთან) და სტუდენტ ახალგაზრდობასთან. სასკოლო პროცესში პედაგოგები უშუალოდ არიან ჩართული მოსწავლეთა ფიზიკურ, ინტელექტუალურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ განვითარებასა და აღზრდაში. მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება ფორმირების პროცესშია, ამდენად, ზრდასრულებთან შედარებით ისინი მეტად მგრძნობიარენი არიან გარემოს გავლენის, ქცევითი მოდელებისა და სოციალური ნორმების მიმართ. სწორედ ამ ასაკობრივ ეტაპზე ყალიბდება დამოკიდებულება ჯანმრთელობის, კანონმორჩილებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი. საგანმანათლებლო დაწესებულება ის ადგილია, სადაც ხდება არა მარტო შესაბამის დისციპლინებში ცოდნის გადაცემა მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისათვის, არამედ მათი აღზრდა და ღირებულებებზე ორიენტირება, კანონისადმი პატივისცემის სულისკვეთების გაღვივება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობების ჩამოყალიბება. ამ პროცესში, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება არ გულისხმობს მხოლოდ განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, სახელმწიფო ვალდებულია ისეთი უსაფრთხო და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო შექმნას, რომელშიც ახალგაზრდები (როგორც სტუდენტები, ისე მოსწავლეები) დაცული იქნებიან მათ ფიზიკურ, გონებრივ თუ ფსიქიკურ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორებისგან.

30. პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ლეგიტიმურ მიზნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენს ინტენსიური სოციალური ურთიერთქმედების სივრცეს, სადაც ყოველდღიურად კონცენტრირებულია პირთა მნიშვნელოვანი რაოდენობა და რომელშიც ფორმირდება გავლენის, კომუნიკაციისა და სოციალური კავშირების მჭიდრო ქსელი. ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევა, თუნდაც საქმე შეხებოდეს მცირე ოდენობის საშუალებებს, გულისხმობს პირის მონაწილეობას მის უკანონო ბრუნვაში, რაც თავისთავად ზრდის იმ რისკს, რომ შესაბამისი სოციალური გარემო გამოყენებულ იქნეს ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების, ხელშეწყობისა ან არაპირდაპირი პოპულარიზაციისათვის. ასეთ პირობებში, სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზანია, პრევენციულად აღკვეთოს საგანმანათლებლო სივრცის გამოყენება ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული უკანონო ქმედებების განხორციელებისათვის. ამდენად, უფლების დროებითი ჩამორთმევა ემსახურება მოზარდთა და ახალგაზრდა თაობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, ასევე საგანმანათლებლო სივრცეში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი სოციალური გარემოს ფორმირება, რომელიც ხელს უწყობს ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებასა და მოხმარებას.

 

ა.გ. საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 5 წლის ვადით

31. საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების რეალიზაცია უკავშირდება საჯარო ინტერესებს, სხვათა უფლებების დაცვასა და მათ წარმომადგენლობას, რაც აღნიშნულ სფეროებში მოქმედი პირების მიმართ განსაკუთრებულ სანდოობას მოითხოვს. იგი მოიცავს პროფესიების ფართო სპექტრს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაზე. საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რადგან მათი გადაწყვეტილებები პირდაპირ მოქმედებს საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებასა და საჯარო წესრიგზე. ხოლო ნებისმიერმა დარღვევამ ან არასათანადო გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მომეტებული რისკი საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სამართლებრივი სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის დაცვის თვალსაზრისით. დამატებით, აღსანიშნავია, რომ მათ საქმიანობაზეა დამოკიდებული საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობის მოპოვება/შენარჩუნება. ნარკოტიკული სამართალდარღვევის ჩადენა მნიშვნელოვნად აზიანებს საჯარო სამსახურის რეპუტაციას, მის პრინციპებს (კანონის უზენაესობა, პატიოსნება, კეთილსინდისიერება, პროფესიული და ეთიკური სტანდარტები), რამაც შესაძლოა შეარყიოს საზოგადოებრივი ნდობა საჯარო სამსახურის მიმართ. ასეთი ნდობის გარეშე, სახელმწიფო ორგანოები ვერ შეასრულებენ თავიანთ ამოცანებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო სამსახური ეფუძნება მაღალი ნდობის სტანდარტს. პირი, რომელიც ასრულებს საჯარო ფუნქციას, წარმოადგენს სახელმწიფოს, ხოლო ნარკოტიკული სამართალდარღვევის ჩამდენი პირი ობიექტურად ამცირებს ნდობის ხარისხს და არღვევს საჯარო სამსახურის ეთიკურ საფუძვლებს. შესაბამისად, საჯარო სამსახურისადმი წვდომის შეზღუდვა დასაშვებია, როდესაც იკვეთება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. აღნიშნული შეზღუდვა ემსახურება საჯარო ინტერესის დაცვასა და სახელმწიფო სამსახურში სანდო და პასუხისმგებლობიანი საქმიანობის უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, დაუშვებელია საჯარო სამსახურში საქმიანობა, თუკი პირს დაუდასტურდება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი. ამგვარად, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და საჯარო მმართველობისადმი საზოგადოების ნდობის დაცვაა ამდენად, სადავო ღონისძიება რაციონალურად უკავშირდება დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს.

 

ა.დ. იარაღის დამზადების, შეძენის შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა 5 წლის ვადით.

32. იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარება შეიცავს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულად მომეტებულ საფრთხეს.სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. იარაღი მიეკუთვნება მომეტებული საფრთხის შემცველ საგნებს, რომელთა ფლობა და გამოყენება მოითხოვს მაღალი ხარისხის ფსიქიკურ სტაბილურობას, თვითკონტროლის უნარსა და სამართლებრივი ნორმების პატივისცემას. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო ბრუნვასთან ან მოხმარებასთან დაკავშირებული ქცევა სამართლებრივად განიხილება როგორც რისკის შემცველი ფაქტორი, რომელიც შეიძლება უარყოფითად აისახოს პირის მიერ იარაღთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების უნარსა და პასუხისმგებლობის ხარისხზე. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამგვარი პრევენციული მიდგომა ემყარება სამართლებრივი წესრიგის კონსტიტუციურ საფუძვლებს, რაც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს წინასწარ აღკვეთოს შესაძლო სამართლებრივი დარღვევები და უზრუნველყოს ზოგადი უსაფრთხოების მაღალი დონე. იარაღთან დაკავშირებული უფლებების მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირთათვის, რომლებიც აცნობიერებენ მიღებულ გადაწყვეტილებებს და გამოირჩევიან ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობით. შესაბამისად, აღნიშნული უფლებების შეზღუდვა მიმართულია ისეთი რისკების პრევენციისკენ, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ქცევის პირობებში.მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა იმ პირებისთვის, რომლებმაც ჩაიდინეს მცენარე კანაფის ან მარიხუანის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, ან მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები, ემსახურება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს.

33. საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების დროებითი შეზღუდვა ემსახურება სახელმწიფოს განსაკუთრებული კომპეტენციის განხორციელებას იარაღის ბრუნვის სფეროში და ძალადობის პრევენციის თანმიმდევრული პოლიტიკის უზრუნველყოფას. იარაღთან დაკავშირებული უფლებები ხორციელდება წინასწარი სახელმწიფო ნებართვის საფუძველზე და ექვემდებარება სპეციალურად დადგენილ სამართლებრივ წესრიგს, აღნიშნული კი ემყარება სახელმწიფოს წინასწარ შეფასებას, რომ კონკრეტული პირი აკმაყოფილებს უსაფრთხოების მკაცრ მოთხოვნებს. აღნიშნული სფერო თავისი ბუნებით განაპირობებს სახელმწიფოს ფართო შესაძლებლობას, განსაზღვროს იარაღის ფლობისთვის აუცილებელი სანდოობის სტანდარტი. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზანია, უზრუნველყოს, რომ იარაღის ბრუნვის სფეროში მონაწილეობდნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც იცავენ სამართლებრივ წესრიგს და არ ავლენენ ქცევას, რომელიც შეუთავსებელია მოთხოვნებთან. შესაბამისად, უფლების დროებითი შეზღუდვა ის ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო იცავს იარაღის ბრუნვის სფეროში დაწესებული სამართლებრივი რეჟიმის სტაბილურობასა და ეფექტიანობას, რაც თავის მხრივ უკავშირდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას. ასე რომ, მოცემულ შემთხვევაშიც, სასამართლო ადასტურებს დასახულ მიზნებთან სადავო ღონისძიების რაციონალურ კავშირს.

34. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თავად კონსტიტუციური წარდგინებების ავტორთა შეფასებითაც, უფლებათა ავტომატური ჩამორთმევა ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს. მათივე არგუმენტაციით, აღნიშნულ ღონისძიებებს გააჩნია პრევენციული დანიშნულება და მიზნად ისახავს მომავალში სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენის რისკის შემცირებას.

35. ამრიგად, გასაჩივრებული შემზღუდველი ღონისძიებებით მისაღწევი ლეგიტიმური მიზნები ემსახურება სხვადასხვა სფეროში არსებულ და განსხვავებულ, თუმცა ურთიერთდაკავშირებული საჯარო/ინდივიდუალური ინტერესების დაცვას, როგორიცაა მოძრაობის უსაფრთხოება, ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო, ახალგაზრდა თაობის სრულფასოვანი განვითარებისათვის საშიში რისკების შემცირება, საჯარო სამსახურის დაუბრკოლებელი ფუნქციონირება, მისი ავტორიტეტი და მისდამი ხალხის ნდობის შენარჩუნება. უფრო კონკრეტულად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვა მიმართულია მესამე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ იმ საქმიანობის ფარგლებში, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროა და მოითხოვს მუდმივ სიფხიზლესა და სამართლებრივი წესების მკაცრ დაცვას. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ემსახურება ძალადობის პრევენციასა და იარაღის ბრუნვის სფეროში სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნებართვის საფუძველზე განხორციელებადი სამართლებრივი რეჟიმის სტაბილურობის უზრუნველყოფას. პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვა უკავშირდება განათლების სივრცის დაცვას ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო გავრცელებისა და გავლენის რისკისგან, ასევე საგანმანათლებლო გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საჯარო ინტერესის დაცულობას, აღნიშნული კი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სფეროს უსაფრთხო და კანონთან შესაბამის ფუნქციონირებას. საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების შეზღუდვა მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების, საჯარო მმართველობისადმი საზოგადოების ნდობისა და საჯარო ფუნქციის განხორციელებისას სამართლებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისკენ. შესაბამისად, სადავო რეგულაციებით დადგენილი ღონისძიებები, მათი შინაარსისა და მოქმედების სფეროს გათვალისწინებით, ემსახურება არა ერთწახნაგოვან, არამედ მრავალგანზომილებიან ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც საბოლოოდ გამოხატულებას პოულობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ინსტიტუციური სტაბილურობისა და სამართლებრივი წესრიგის დაცვის კონსტიტუციურ პრიზმაში.

 

ბ. პროპორციულობა

36. სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სამართალურთიერთობის სპეციფიკა და სასჯელის პოლიტიკის განსაზღვრაში კანონმდებლის ფართო მიხედულების ფარგლები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სასჯელის პოლიტიკის შემუშავების პროცესში კანონმდებლის მაღალი დისკრეციის გათვალისწინებით, ესა თუ ის სასჯელის ზომა მხოლოდ მაშინ იქნება მიჩნეული კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, როდესაც დადგინდება, რომ ჩადენილი სამართალდარღვევით ხელყოფილი საზოგადოებრივი სიკეთის გათვალისწინებით, იგი აშკარად, არაგონივრულად მძიმე ღონისძიებაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).

37. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნარკოპოლიტიკის განსაზღვრა სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილების სფეროა, რომელიც ეფუძნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზნებს. სახელმწიფო სარგებლობს რეგულირების ფართო დისკრეციით და უფლებამოსილია, ნარკოპოლიტიკის სფეროში განსაზღვროს ისეთი სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც, მისი შეფასებით, უზრუნველყოფს ლეგიტიმური მიზნების ეფექტიან მიღწევას. აღნიშნული დისკრეცია მოიცავს როგორც რეგულირების ლიბერალიზაციის, ისე მისი გამკაცრების შესაძლებლობას, იმ პირობით, რომ არჩეული მოდელი დასახული მიზნების რეალიზებას ემსახურებოდეს. შესაბამისად, თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ შედარებით ლიბერალური რეგულირება უზრუნველყოფს ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, იგი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ ლიბერალურმა პოლიტიკამ ვერ უზრუნველყო აღნიშნული მიზნების მიღწევა, სახელმწიფო უფლებამოსილია გაამკაცროს სამართლებრივი რეგულირება. ამავდროულად, ნებისმიერი გამკაცრებული რეგულირება, როდესაც საქმე შეეხება არააბსოლუტურ უფლებებს, უნდა აკმაყოფილებდეს პროპორციულობის პრინციპს, კერძოდ, გამოყენებული ზომები უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის ვარგისი და აუცილებელი საშუალება, იგი არათანაზომიერად არ უნდა ზღუდავდეს პირის უფლებებს.

38. ჩვეულებრივ, შემზღუდველი ღონისძიების, ისევე როგორც, სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, როდესაც იგი, თავისი ხასიათითა და სიმძიმით, შეესაბამება რეალური ან პოტენციური ზიანის ბუნებასა და მასშტაბს. იმისათვის, რომ შემზღუდველი ღონისძიება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესთან აღმოჩნდეს წინააღმდეგობაში, უნდა იკვეთებოდეს მისი სერიოზული, უხეში და სრულიად აშკარა დისპროპორცია, ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებაში, რომელიც თავისი თვისებრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების გამო უნდა შეფასდეს როგორც „არაადამიანური ან/და დამამცირებელი სასჯელი“ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის გაგებით. აშკარად არაპროპორციული სასჯელები შეუთავსებელია ადამიანის ღირსებასთან.

39. მოცემულ ვითარებაში აუცილებელია შეფასდეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, დამრღვევისათვის სავალდებულო წესით, წინასწარგანსაზღვრული ვადით სხვადასხვა საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობის შეზღუდვისას, რამდენად დაბალანსებულია, ერთი მხრივ, კერძო პირის ინტერესი, არ ჩამოერთვას, თუნდაც დროებით, გარკვეული სახის საქმიანობების განხორციელების უფლება, მეორე მხრივ კი - თითოეული შემზღუდველი ღონისძიებით დაცული ლეგიტიმური მიზნები და ის პოტენციური ზიანი, რომლის ასაცილებლადაც იქნა შემოღებული იგი. იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული ბალანსის სამართლიანობა ეჭვს იწვევს, სასამართლომ უნდა შეაფასოს დისპროპორციულობის ხარისხი კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის.

40. როგორც აღინიშნა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენ პირებზე შემზღუდველი ღონისძიებების გავრცელება, სავალდებულოდ, წინასწარ განსაზღვრული ვადით უფლებათა ჩამორთმევა, ემსახურება ისეთი საჯარო ინტერესების დაცვას, რომლებიც უკავშირდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სამართლებრივი წესრიგის სტაბილურობასა და იმ სფეროების ფუნქციონირების დაცვას, სადაც მოქმედებს მომეტებული პასუხისმგებლობისა და სანდოობის სტანდარტი. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, თავიდან იქნეს აცილებული ის რისკები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული ქცევის პირობებში, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს იმ სამართლებრივი რეჟიმების თანმიმდევრულობა, რომლებიც ეფუძნება უსაფრთხოების, კანონმორჩილებისა და განსაკუთრებული ნდობის მოთხოვნებს. ამდენად, სავალდებულო და წინასწარგანსაზღვრული ვადით შეზღუდვის დაწესება განპირობებულია არა კონკრეტული ინდივიდისათვის სანქციის გამკაცრებით, არამედ საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ინსტიტუციური მდგრადობისა და სამართლებრივი წესრიგის დაცვის კონსტიტუციური ამოცანებით.

41. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მაშინ, როდესაც პირის ქცევა ქმნის რეალურ და აშკარა რისკს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამისი სფეროს რეგულირების დროს, ეძლევა მიხედულების/დისკრეციის უფრო ფართო ფარგლები. სასამართლოს როლი არ არის განსაზღვროს, არის თუ არა არჩეული მოდელი ყველაზე რბილი ან ყველაზე ეფექტიანი გზა, სასამართლოს ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც დადგენილია აშკარა და მკვეთრი დისპროპორცია ქმედებასა და სამართლებრივ შედეგს შორის.

42. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ იგი არ დგას იმ ამოცანის წინაშე, ზუსტად განსაზღვროს, იქნებოდა თუ არა დასახული მიზნები მიღწევადი შედარებით ნაკლები ხარისხის ჩარევისას, მაგალითად მაშინ, თუ ავტომობილის მართვის უფლების შეზღუდვა დაწესებული იქნებოდა 2 წლის ვადით, ნაცვლად 3 წლისა; პედაგოგიური ანდა საჯარო სამსახურში საქმიანობისა - 3 ან 4 წლის ვადით, ნაცვლად 5 წლისა. სასამართლო, ცხადია, ვერ გამორიცხავს, რომ ცალკეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში შეზღუდვებით დასახული ლეგიტიმური მიზანი მიღწევადი იყოს ნაკლები შეზღუდვის დროსაც. თუმცა, სასამართლო, მოცემულ კონტექსტში ითვალისწინებს არაერთ გარემოებას: პირველი, სასჯელთა პოლიტიკის სფეროში კანონმდებლის მიხედულების თავისუფლების ფართო ფარგლებს; მეორე, იმ გარემოებას, რომ საქმე შეეხება მომეტებული საფრთხის წყაროებს (როგორიცაა ავტომობილი, იარაღი, ნარკოტიკული საშუალება), მოწყვლად ჯგუფებს (ბავშვები, მოზარდები, ახალგაზრდები), უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს (ადამიანთა სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობისა და განვითარების შესაძლებლობა, ნდობით აღჭურვილი საჯარო სამსახური და საჯარო წესრიგი). მესამე, სახელმწიფოს განსაკუთრებულ პოზიტიურ ვალდებულებას, იქონიოს კანონმდებლობა, რომელიც ეფექტიანად არეგულირებს მაღალი რისკის შემცველი ქცევებს მათგან მომდინარე საფრთხეების მაქსიმალური განეიტრალების მიზნით. კანონმდებელი უფლებამოსილია, შეარჩიოს რეგულირების ისეთი მოდელი, რომელიც, მის შეფასებით, ყველაზე ეფექტიანად პასუხობს არსებულ საფრთხეებს. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, გასაჩივრებული ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს მხრიდან დასახული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და მათთან რაციონალურად არის დაკავშირებული.

43. რაც შეხება საკუთრივ იმ გარემოებას, რომ სადავო ღონისძიებათა გამოყენება (უფლებათა ჩამორთმევა) სავალდებულოა და შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმხილველ მოსამართლეს არ გააჩნია შესაძლებლობა, უარი თქვას მის გამოყენებაზე, სასამართლო დამატებით განმარტავს შემდეგს: როდესაც აკრძალული ქმედება უკავშირდება მომეტებული საფრთხის წყაროებს, სოციალურ რისკებსა და მოწყვლად ჯგუფებს, კანონმდებლის გადაწყვეტილება, შეზღუდოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს მოსამართლის დისკრეცია, შეიძლება გამართლებული იყოს იმ გონივრული ვარაუდით, რომ საფრთხის შემცველ ქმედებებთან მიმართებაში საჯარო წესრიგსა და სტაბილურობას, ისევე როგორც, ინდივიდთა უფლებების დაცვის ეფექტიანობას, სწორედ ერთგვაროვანი სამართლებრივი რეაგირება უზრუნველყოფს. ყველა ის საქმიანობა, რომელიც სადავო ნორმების საფუძველზე იზღუდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, მოითხოვს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, გულისხმიერებასა და ყურადღებას. ამდენად, მითითებული სამართალდარღვევის ჩამდენი პირებისათვის შესაბამისი საქმიანობების განხორციელების უფლების სავალდებულო, წინასწარგანსაზღვრული ვადით შეზღუდვა, მინიმუმამდე ამცირებს იმის რისკს, რომ ნარკოტიკული სამართალდარღვევის ჩამდენმა პირმა განახორციელოს მომეტებული საფრთხის წყაროებთან დაკავშირებული საქმიანობა, ანდა მონაწილეობდეს საჯარო სამსახურში და მუდმივად ქმნიდეს ზიანის მიყენებს საფრთხეს. სამაგიეროდ, უფლებათა ჩამორთმევის სავალდებულოობა დაბალანსებულია მისი დროებითობით. სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა დროებითია და არ იწვევს შესაბამისი უფლების საბოლოო დაკარგვას. იგი გულისხმობს მხოლოდ განსაზღვრული ვადით კონკრეტული უფლების განხორციელების შესაძლებლობის შეჩერებას, (მართვის უფლებისა - 3 წლით, ხოლო დანარჩენი სამი უფლებისა - 5 წლით), რომლის ამოწურვის შემდეგ უფლება აღდგება კანონით დადგენილი წესით. სადავო ნორმაში მითითებული უფლებების ჩამორთმევა, არ ზღუდავს პირის მიმოსვლის თავისუფლებას, შრომითი ან ნებისმიერი სხვა საქმიანობით დაკავების შესაძლებლობას. აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ სფეროებს, რომლებიც უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს მოითხოვს. მეტიც. შესაძლოა სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვების გამოყენებამ არც კი იქონიოს რაიმე, მით უფრო, არსებითი, გავლენა პირის ცხოვრების წესზე. მაგალითად, პირს შეიძლება არც გააჩნდეს იარაღის შეძენისა და ფლობის სურვილი, ანდა არ ჰქონდეს განზრახული პედაგოგიური საქმიანობა, ანდა საჯარო სამსახურში მუშაობა და არც კი აკმაყოფილებდეს საამისოდ კანონით დაწესებულ პირობებს. მათგან განსხვავებით, ავტომობილის მართვის უფლების ჩამორთმევის გავლენა პირად ცხოვრებაზე და მისით გამოწვეული უხერხულობა გაცილებით არსებითია. თუმცა, მათთან შედარებით, ნაკლებია შეზღუდვის ვადაც (3 წელი).

44. სასამართლო, აქვე, საჭიროდ მიიჩნევს პასუხი გასცეს №1920, №1921, №1922 და №1928 კონსტიტუციურ წარდგინებათა ავტორის მითითებას იმაზე, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების სავალდებულო წესით ჩამორთმევა 3 წლის ვადით ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არაპროპორციული საშუალებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მართვა უკავშირდება პირის პროფესიას და მისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგინების ავტორი როდესაც მიუთითებს არაპროპორციულობაზე ხსენებული მოტივით, საკითხს აფასებს არა კომპლექსურად და მასშტაბურად, არამედ ზედაპირულად, მხოლოდ ერთი ჭრილში, რაც არის პირის დასაქმების შესაძლებლობა. პირის დასაქმების შესაძლებლობის თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლო არ უარყოფს, რომ, როდესაც პირის საქმიანობა დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების მართვასთან, 3 წლით მართვის უფლების ჩამორთმევისას პირად ცხოვრებაში ჩარევის ხარისხი საკმაოდ სერიოზულია, ვიდრე სხვა შემთხვევაში, თუმცა, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს, რომ სწორედ ეს გარემოება, შესაძლოა, კიდევ უფრო აძლიერებდეს შესაბამის შემთხვევებში მართვის უფლების ჩამორთმევის ლეგიტიმურობას. როდესაც მცენარე კანაფის/მარიხუანის მომხმარებელი ან მათ უკანონო შეძენაში, შენახვაში, გადაზიდვასა და გადაგზავნაში ჩართული პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მგზავრთა გადასაადგილებლად და ეს მისი ძირითადი საქმიანობაა, აღნიშნული, პირიქით, კიდევ უფრო ინტენსიურს ხდის საფრთხეებს, რომელთა აღკვეთასაც სადავო ღონისძიება ემსახურება. სატრანსპორტო საშუალების ინტენსიური და რეგულარული გამოყენება, მათ შორის სხვა პირთა გადაადგილების მიზნით, ზრდის იმ ადამიანთა რაოდენობას, ვისაც საფრთხე შეიძლება შეექმნას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი მართავს სატრანსპორტო საშუალებას. (იგულისხმება როგორც ამავე სატრანსპორტო საშუალების მგზავრები, ისე საგზაო მოძრაობის მონაწილეები – სხვა სატრანსპორტო საშუალებებით მოძრავ პირები და ქვეითად მოსიარულეები). აღნიშნული გარემოება სახელმწიფოს აკისრებს ძლიერ პოზიტიურ ვალდებულებას, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს იმ პირთა საქმიანობის უფრო მკაცრი სამართლებრივი კონტროლი, რომელთა შრომითი ფუნქცია უკავშირდება უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საქმიანობა მართლაც შეიძლება იყოს პირის ძირითადი შემოსავლის წყარო, ეს გარემოება ვერ გაამართლებს პრევენციული ზომების მიუღებლობას პირთა განუსაზღვრელი წრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის აღკვეთის სფეროში.

45. მთლიანობაში, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დარწმუნდა იმაში, რომ გასაჩივრებული ღონისძიებები არ არის გონივრულ და რაციონალურ კავშირში დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებაში და რომ ისინი გადაჭარბებულია, თან იმდენად, რომ ადამიანის ღირსებას ხელყოფს და ამიტომ, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ სასჯელად უნდა მივიჩნიოთ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის გაგებით. სასამართლო იმ აზრისაა, რომ სადავო საკითხთან მიმართებით, გასაჩივრებული ნორმების მიღებისას საქართველოს პარლამენტს არ გადაუჭარბებია კონსტიტუციით დასაშვები დისკრეციის ფარგლებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლო აზუსტებს, რომ ნარკოტიკული პოლიტიკის სფეროში კანონმდებელი ფართო დისკრეციით სარგებლობს და რომ ეს დისკრეცია კიდევ უფრო ფართოა მაშინ, როდესაც პირის ქცევა ქმნის რეალურ და მაღალი ინტენსივობის რისკს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი სიკეთეებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს როლი არ არის განსაზღვროს, წარმოადგენს თუ არა შერჩეული მოდელი და მის საფუძველზე განსაზღვრული შემზღუდველი ღონისძიებები საუკეთესო ან ყველაზე ეფექტიან გზას ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად და მოსალოდნელი, ნავარაუდები საფრთხეების გასანეიტრალებლად. ნაკლებად ეფექტიანი სასჯელები/სახდელები არ ქმნის კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენებადობის/ამოქმედების საფუძველს. ეს მუხლი მოქმედებაში მოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარად გადაკვეთილია გონივრულობის ზღვარი და სამართალდარღვევისათვის დაწესებული შემზღუდველი ღონისძიებები ლეგიტიმურ მიზნებთან მისი აშკარა და უხეში დისპროპორციულობისა და მიზანაცდენილობის გამო, ადამიანის ღირსების შემლახველია.

46. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ, მართალია, გამოყენებული ღონისძიებები გარკვეულწილად აშორებს სამართალდარღვევის ჩამდენ პირს სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, დროებით ზღუდავს მისი თვითრეალიზაციის, თავისუფალი განვითარების, პროფესიული საქმიანობისა თუ სოციალური აქტივობის შესაძლებლობებს, თუმცა, აცილებული საფრთხისა და პოტენციური ზიანის სიმძიმის გათვალისწინებით, სადავო ნორმებით დადგენილი უფლებების სავალდებულო, აბსოლუტურად განსაზღვრული ვადით ჩამორთმევა, არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის ღირსების შემლახველად, მისდამი არაადამიანურ ან/და დამამცირებელ სასჯელად მაშასადამე, აშკარად არაპროპორციულ სანქციად საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის გაგებით.

47. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 273 მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის და 44-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და 47-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ დადასტურდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 პუნქტისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა, რომელიც „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების 5 წლით სავალდებულო წესით ჩამორთმევას, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

4. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლეების: გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ