შპს "ახალი ქსელები" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1531 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | შპს "ახალი ქსელები" |
თარიღი | 30 ივლისი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. `ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილება - „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტი #3 დადგენილების - „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 103 მუხლის მე-2 „ბ“ ქვეპუნქტის („ინტერნეტდომენის გამცემი პერიოდულად ამოწმებს მის მიერ რეგისტრირებულ ინტერნეტ–გვერდების შინაარსს იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტ–გვერდზე დაუშვებელი პროდუქციის განთავსება. ასეთის შემთხვევაში, დომენის გამცემმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად: გაფრთხილების უგულვებელყოფის შემთხვევაში მოახდინოს ინტერნეტგვერდის დაბლოკვა.“) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ინტერნეტდომენის გამცემის უფლებამოსილებას, ინტერნეტგვერდზე „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტით განსაზღვრული საავტორო უფლებების დამრღვევი პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინოს ინტერნეტგვერდის დაბლოკვა; |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეხუთე პუნქტი: „ ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. |
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების - „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის („მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: მოახდინოს რეაგირება დაუშვებელი პროდუქციის განთავსების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით;“) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას, მოახდინოს რეაგირება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტით განსაზღვრული საავტორო უფლებების დამრღვევი პროდუქციის განთავსების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეხუთე პუნქტი: „ ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“ |
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების - „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის („მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებლის მიერ შეტყობინების საფუძველზე ახდენს რეაგირებას და იღებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ზომას, რომ არ მოხდეს მისი ქსელის მეშვეობით: ბ. დაუშვებელი პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემა;“ ) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მომსახურების მიმწოდებლის შესაძლებლობას, შეზღუდოს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტით განსაზღვრული საავტორო უფლებების დამრღვევი პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემა.“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეხუთე პუნქტი: „ ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
მოსარჩელეს წარმოადგენს შ.პ.ს „ახალი ქსელები,“ რომელიც არის ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების მიმწოდებელი კომპანია. სარჩელს თან ერთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 12 აპრილის #232 / 18 გადაწყვეტილება შპს „ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებულია: კომისიაში შემოვიდა „საქართველოს მედია ქსელის“ განცხადებები (Nშ-6/2004-16; 29.02.2016; Nშ-6/2123-16; 04.03.2016), რომლებშიც აღნიშნულია, რომ მიუხედავად „შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილებით შპს „TECHNOMAX LLP“-ისთვის საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით მოპოვებული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების დაუყოვნებლივ შეწყვეტის დავალებისა, მათ ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაციით შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ, შპს „ახალ ქსელებთან“, შპს „ახტელთან“ და შპს „საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციასთან“ ერთობლივად, შეუფერხებლად გრძელდება სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება, როგორც შპს „საქართველოს მედია ქსელს“, ასევე ბაზრის სხვა მონაწილეებს, ყოველდღიურ რეჟიმში.“ კომისია გადაწყვეტილებაში ასევე ციტირებს „საქართველოს მედია ქსელის“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც: „TECHNOMAX LLP“-ი ახორციელებს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით მოპოვებული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას შპს „ახალი ქსელების“ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით.“
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 12 აპრილის #232 / 18 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნულია: „კომისიის 2016 წლის 9 მარტის N03/756-16 წერილით შპს „ახალ ქსელებს“ ეცნობა, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ ხორციელდება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის გარეშე სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი (დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება) და შპს „ახალ ქსელებს“ დავალებული ჰქონდა შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის შეზღუდვის ტექნიკური უზრუნველყოფა.“ ამავე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით ირკვევა: „შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,ახალ ქსელებს“ არ მიუღია ზომები მისი ქსელის გამოყენებით არამართლზომიერად რეტრანსლირებული სამაუწყებლო არხების ტრანზიტის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად და 2016 წლის 29 მარტის მდგომარეობით საკუთარი ქსელით ავრცელებდა შემდეგ დაუშვებელ პროდუქციას: “Silk-უნივერსალი”, “Euronews”, ”Иллюзион+”, “Индия”, “Da vinchi’’, „Fine Living“, “Travel Channel”, “Телекафе”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Домашное животное”, „Охота и Рыбалка“, “Eurosport 1”, “Exstreme sports”, “ Матч!Боец”, “Tiji”, “Gulli”, “Russian Music Box”, “Шансон ТВ”, “Комедия”, „Че“, “TLC”, “Fashion one”, “TV 5 Monde”, “NHK world”;
აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად: „შპს ,,ახალ ქსელებს“ დაევალოს შემდეგი სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „იმედი“, „აფხაზეთის ხმა“, „BBB (ბასტი ბუბუ), „რიონი“, „ქვემო ქართლი“, „თრიალეთი“, „იბერია“, „ტვ პირველი“, „საფერავი ტვ“, „დრო“, „პალიტრა“, „დარდიმანდი“, “Silk-უნივერსალი”, “Euronews”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, „Мужское Кино’’, “ACM”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, “Русский иллюзион”, “Еврокино” Life”, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, Da vinchi’’, „Fine Living“, “Travel Channel”, “Телекафе”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Домашное животное”, „Охота и Рибалка“, “Eurosport 1”, “Exstreme sports”, “ Матч!Боец”, “Tiji”, “Gulli”, MTV”, “MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”,“Музыка”, “Шансон ТВ”, Комедия”, „Че“, “TLC”, “Fashion one”, “TV 5 Monde”, “NHK world” საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებისა და სანებართვო წერილების გარეშე საკუთარი ქსელით გავრცელებისა და მომხმარებლებისთვის მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტა;“
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ეს გადაწყვეტილება დაასაბუთა ერთ-ერთი გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე. კომისიის გადაწყვეტილების მეოთხე თავის მე-15 პუნქტში აღნიშნულია: „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ)2 ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელი პროდუქცია არის ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლბის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია;“ ამავე გადაწყვეტილების მეოთხე თავის მე-16 პუნქტში აღნიშნულია: „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს რეაგირება დაუშვებელი პროდუქციის განთავსების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით;
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვესსაქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით.“
ამგვარად, ერთ-ერთი სადავო ნორმა უკვე იქნა გამოყენებული შპს „ახალ ქსელებზე.“ შესაბამისად, ვინაიდან სადავო ნორმებმა შეზღუდეს მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე. დამატებით უნდა ითქვას ის, რომ „ახალი ქსელები“ ერთდროულად ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტსაც,[1] ასევე ინტერნეტის მიწოდებასაც.[2]
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს N1/7/1275 გადაწყვეტილებით საქმეზე ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ, შესაბამისად, არსებობს საფუძველი ამ სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების და განმწესრიგებელ სხდომაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების გასაჩივრებული ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 14 დეკემბერს საქმეზე მოლდოვას მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული განჩინების მეორე თავის მე-4 პუნქტში განაცხადა: ,,კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელება, სადავოდ მიჩნეული ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა კონსტიტუციური ნორმებისა და პრინციპების განმარტებას უკავშირდება. სადავო საკითხისადმი საკონსტიტუციო სასამართლოს დამოკიდებულება აისახება როგორც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რომლითაც სადავო ნორმა კონსტიტუციასთან შესაბამისად ან მასთან შეუსაბამოდ ცხადდება, ასევე სამოტივაციო ნაწილში, რომელშიც სარეზოლუციო ნაწილში ასახული სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება არის მოცემული. შესაბამისად, სადავო ურთიერთობების ახლებურად მოწესრიგებისას კანონმდებელი უნდა ითვალისწინებდეს როგორც გადაწყვეტილების სარეზოლუციო, ასევე სამოტივაციო ნაწილს.“[3]
აღნიშნულ საქმეზე მიღებული განჩინების მე-6 პარაგრაფში ასევე აღნიშნულია: ,,მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით მოახდენს კანონმდებელი არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების აღდგენას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოს ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაესობის პრაქტიკაში რეალიზებას ემსახურება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტი, რომლის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.”[4]
მარიანა კიკუს საქმეში მიღებული განჩინების მე-7 პარაგრაფში აღნიშნულია: ,,კანონის აღნიშნული დანაწესი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული საკითხი მატერიალური თვალსაზრისით სასამართლოს უკვე გადაწყვეტილი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ უწევს ნორმის კონსტიტუციურობაზე საქმის არსებითი განხილვის ფორმატში განმეორებით მსჯელობა. მეორე მხრივ, ხსენებული ნორმა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების შესრულების ზედამხედველობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის ეფექტურ მექანიზმს. ასეთი დავების ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია დადგინდეს, რომ სადავოდ გამხდარი ნორმა შინაარსობრივად იდენტურია იმ ნორმისა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით წარსულში ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად და იწვევს იმავე სამართლებრივ შედეგს. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმას არსებითი განხილვის გარეშე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობს.“[5]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 24 ივნისს მიღებული განჩინების მე-10 პარაგრაფში საქმეზე ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორებად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია.”[6]
2016 წლის 22 დეკემბერს საქმეზე სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული განჩინების მეორე თავის მე-8 პარაგრაფში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს ფორმალურ, სიტყვიერ მსგავსებას“. „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას და არც მაინცა და მაინც იგივე კანონში ასეთი წესის გამეორებას. საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს არა კონკრეტულ სიტყვებს, ფრაზებს, წინადადებებს, არამედ ის აფასებს ნორმაში ასახულ პრობლემას, საკითხს, რომელიც გამოიხატება ამ სიტყვებში, ფრაზაში თუ წინადადებაში. სასამართლო ამ დროს სწავლობს უფლებაში ამა თუ იმ ფორმით, შინაარსით თუ ინტენსივობით ჩარევა ხომ არ იწვევს უფლების დარღვევას. შესაბამისად, თუ უფლებაში ჩარევის შედეგის მიხედვით, ახალი/ან კანონმდებლობაში არსებული სხვა რეგულაციით კონკრეტულ უფლებას დარღვევის არსებითად ან თვისობრივად იგივე საფრთხე ემუქრება, დამოუკიდებლად იმისგან, ასეთი რეგულაცია რომელ ნორმატიულ აქტში გაჩნდება/არსებობს ან იქნება თუ არა ის ტექსტუალურად არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულაციის იდენტური, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დასახელებული ნორმა ავალდებულებს საკონსტიტუციო სასამართლოს, ის ძალადაკარგულად ცნოს განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზევე.“[7]
მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში მიღებული განჩინების მეორე თავის მე-12 პარაგრაფში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კრიტერიუმები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, ნორმა მიიჩნევა დამძლევად: ,,სადავო ნორმის „დამძლევ ნორმად“ მიიჩნევა და მისი არსებითი განხილვის გარეშე არაკონსტიტუციურად ცნობა, ნორმათა შორის არსებითი შინაარსობრივი მსგავსების შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც სადავო ნორმა სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, იწვევს იგივე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იდენტურ სამართლებრივ შედეგს იწვევს. ამასთან, არ არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც სადავო ნორმის ხელახალი შეფასების საფუძველს / წინაპირობას შექმნიდა.
ამგვარად, უნდა დავადგინოთ, ხდება თუ არა სადავო ნორმებით იმავე უფლებაში ჩარევა, რაც ხდებოდა მძინარაშვილის საქმეში, შეიცავს თუ არა ისეთივე მზღუდავ საშუალებებს და იწვევს თუ არა იდენტურ სამართლებრივ შედეგებს.
1) იმავე უფლებაში ჩარევა
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, ინტერნეტში ისეთი დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების აკრძალვა, რაც ეხებოდა რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტით განსაზღვრული სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო პროდუქციას. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საქმეში არაკონსტიტუციურად არ უცვნია ისეთი დაუშვებელი პროდუქციის ინტერნეტში გავრცელება, რაც ეხება საავტორო უფლებების დარღვევას. ეს საკითხი მძინარაშვილის საქმეში არ ყოფილა სადავო. ამის მიუხედავად, მძინარაშვილის საქმის მსგავსად, ინეტრნეტ პროვაიდერის (მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებლის) მიერ მომხმარებლისათვის საავტორო უფლებების დარღვევით დაუშვებელი პროდუქციის მიწოდება იკრძალება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და არა კანონით, რაც ისევე არღვევს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მეორე და მეხუთე პუნქტებს, როგორც ეს მძინარაშვილის საქმეში ხდებოდა.
ამ საქმეში გასაჩივრებული ნორმებით ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტით დაცულ უფლებებში შეჭრას. საკონსტიტუციო სასამართლომ მძინარაშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის მე-19 პუნქტში აღნიშნა: „საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულია ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება ინფორმაციის შინაარსობრივი ფილტრაციის გარეშე. სადავო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ რეგლამენტი განსაზღვრავს დაუშვებელი პროდუქციის ცნებას და, იმავდროულად, ითვალისწინებს ამგვარი ინფორმაციის გავრცელების აღკვეთის ვალდებულებებს.“ სახელდობრ შეზღუდვას ექვემდებარება საავტორო უფლებების დარღვევით ინფორმაციის და აზრის ინტერნეტის ან საკაბელო ქსელის მეშვეობით გავრცელება.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რამდენად იცავს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები საავტორო უფლებების დარღვევით აზრის ან ინფორმაციის გავრცელებას. თუკი დადგინდა, რომ კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის ქვეშ არ ექცევა საავტორო უფლებების დარღვევით ინფორმაციის ან აზრის გავრცელება, მაშინ აუცილებელიც არ იქნება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეხუთე პუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლის მიხედვითაც, ასეთი შეზღუდვა უნდა იყოს დაწესებული „მხოლოდ კანონით.“
იმ საკითხის გადასაწყვეტად, ჯდება თუ არა საავტორო უფლებების დარღვევით ინფორმაციის და აზრის გავრცელება კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტით დაცულ სფეროში, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის 1/13/711 განჩინება საქმეზე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს წარმოადგენდა ის, რომ მოსარჩელე ავრცელებდა ისეთ უცხოურ პორნოგრაფიულ პროდუქციას საკუთარ ვებ-გვერდზე, რომელიც არ იყო მისი დამზადებული და რომელზეც მას შესაძლოა საავტორო უფლებები არ ჰქონდა. ამისათვის მოსარჩელე მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (პორნოგრაფიის გავრცელება) (განჩინების პირველი თავის მეხუთე პუნქტი).[8] მოსარჩელე სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველ პუნქტს სადავოდ ხდიდა კონსტიტუციის ძველი რედაქციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებაში. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების თანახმად, „შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს“.
საკონსტიტუციო სასამართლომ, 2016 წლის 25 ნოემბრის 1/13/711 განჩინების მეორე თავის მეოთხე პუნქტში, აღნიშნა: „კონსტიტუციური სარჩელის ავტორს ბრალი ედება პორნოგრაფიული ნაწარმოების ან გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისთვის, კერძოდ, ვებსაიტზე პორნოგრაფიის შემცველი ფოტო-ვიდეო ფაილების ატვირთვისთვის. კონსტიტუციური სარჩელიდან არ იკვეთება, რომ აღნიშნული პორნოგრაფიული მასალის ავტორი არის თავად მოსარჩელე. მაშასადამე, საქმე ეხება არა მოსარჩელის, არამედ სხვა პირის მიერ შექმნილი ნაწარმის გავრცელებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსის არასწორ აღქმას. სხვა პირის მიერ შექმნილი შემოქმედებითი ნაწარმოების, ისევე როგორც სხვა ინფორმაციის გავრცელება, თავისი არსით, წარმოადგენს არა შემოქმედებითი საქმიანობის თავისუფლებას, არამედ ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების უფლების რეალიზებას, რაც რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით (ძველი რედაქცია). საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სწორედ აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი „იცავს საყოველთაო უფლებას, პირმა თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.“[9]
ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ როცა პირს ეზღუდება სხვისი ავტორობით შექმნილი აზრის ან ინფორმაციის გავრცელება, ამით ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე მუხლით დაცულ სფეროში ჩარევა.
2) უფლების მზღუდავი მსგავსი სამართლებრივი საშუალება
მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა მძინარაშვილის საქმეში მიმართება პორნოგრაფიას, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველ, პირადი ცხოვრების შემლახველ, ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევ, უზუსტო პროდუქციას, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს ეს შეფასება თანაბრად რელევანტურია საავტორო უფლებების დარღვევით გავრცელებულ დაუშვებელ პროდუქციასთან მიმართებაშიც.
მძინარაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-13 პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, თუ რა ზემოქმედება ხდებოდა რეგლამენტის მე-103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გამოხატვის თავისუფლებაზე: „რეგლამენტის 103 მუხლი არეგულირებს ინტერნეტდომენის გამცემის ვალდებულებებს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ინტერნეტდომენის გამცემი პერიოდულად ამოწმებს მის მიერ რეგისტრირებულ ინტერნეტგვერდების შინაარსს იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტგვერდზე დაუშვებელი პროდუქციის განთავსება. ასეთის შემთხვევაში, დომენის გამცემმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად. ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დომენის მფლობელი განსაზღვრულ დროში არ ამოიღებს დომენის რეგისტრატორის მიერ დაუშვებელ პროდუქციად შეფასებულ მასალას, ეს უკანასკნელი ვალდებულია, დაბლოკოს ინტერნეტგვერდი.“ ეს ნორმა ავალდებულებს ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტს, რომ როგორც დომეინის გამცემმა, შეამოწმოს სხვა პირზე გაცემული ვებ-გვერდი და თუ აღმოაჩენს საავტორო უფლებების დარღვევას, დაბლოკოს აღნიშნული მასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკომუნიკაციო კომპანიას დაეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
ამგვარად, დომენის გამცემის მიერ, კომისიის დადგენილების საფუძველზე, საავტორო უფლებების დარღვევით გავრცელებული პროდუქციის დაბლოკვის ვალდებულების შეუსრულებლობას მოჰყვება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ შესახებ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მძინარაშვილის საქმეში გამოხატვის თავისუფლების დარღვევად იქნა მიჩნეული, პორნოგრაფიის და სხვა დაუშვებელი პროდუქციის დაბლოკვის ვალდებულების დადგენა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და არა კანონით. ვინაიდან საავტორო უფლების დარღვევით ინფორმაციის და აზრის გავრცელებაც ასევე ექცევა გამოხატვის თავისუფლების ქვეშ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დომენის გამცემისათვის საავტორო უფლებების დარღვევით გავრცელებული დაუშვებელი პროდუქციის დაბლოკვის ვალდებულების დაკისრება, ისევე ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ეს მძინარაშვილის საქმეში მოხდა.
მძინარაშვილის საქმეში ასევე დეტალურად არის განხილული, როგორ ახდენს ზემოქმედებას გამოხატვის თავისუფლებაზე სხვა სადავო ნორმებიც. გადაწყვეტილების მეორე თავის მე-15 პუნქტში აღნიშნულია: „ამავე რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი მომსახურების მიმწოდებელს ავალდებულებს, მომხმარებლის შეტყობინების საფუძველზე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაუშვებელი პროდუქციის მის ქსელში განთავსება და დაუშვებელი პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემა.“ მძინარაშვილის საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-16 პუნქტში აღნიშნულია: „ინტერნეტდომენის გამცემისთვის დადგენილი ვალდებულებისგან განსხვავებით, დასახელებული სადავო ნორმები პირდაპირ არ მიუთითებს, რა ტექნიკური საშუალების გამოყენებით უნდა შეზღუდოს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება მომსახურების მიმწოდებელმა. ამ თვალსაზრისით, რელევანტურ ნორმატიული წესს ადგენს რეგლამენტის 101 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, (ინტერნეტ) მომსახურების მიმწოდებელმა უნდა შეიმუშაოს მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მისცემს, გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი, თუ ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება/გადამისამართებას.“
მოსარჩელე არის ინტერნეტისა და სამაუწყებლო ტრანზიტის მიმწოდებელი, რომელიც სადავო ნორმებით, მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე, ვალდებულია შეაფასოს, ინტერნეტით ან საკაბელო ქსელით გავრცელებული პროდუქცია ხომ არ არის საავტორო უფლებების დარღვევით გავრცელებული. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია, შეზღუდოს შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით (mutatis mutandis საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს N1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ მეორე თავის მე-18 პუნქტი).
ამგვარად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ინტერნეტ მომსახურების და სამაუწყებლო ტრანზიტის მიმწოდებელ პირებს ეკისრებათ, საავტორო უფლებების დარღვევით გავრცელებული ინფორმაციის აღმოფხვრა, მისი აღკვეთა. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამოყენებას ინტერნეტის (მაუწყებლობის ტრანზიტის) მიმწოდებელი კომპანიების მიმართ. ამით კი ხდება გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით. ამ საშუალებით ისევე ირღვევა გამოხატვის თავისუფლება, როგორც ეს მძინარაშვილის საქმეში დაირღვა.
3) მსგავსი სამართლებრივი შედეგი
მძინარაშვილის საქმეში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ხდებოდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - კომუნიკაციის ეროვნული კომისიის დადგენილებით. მძინარაშვილის საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 25-ე პუნქტში აღნიშნულია: „საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად აცხადებს „მხოლოდ კანონის შესაბამისად“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნა, რომ ესა თუ ის საკითხი მოწესრიგდეს კანონით, კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ ლეგიტიმურ ორგანოდ, საქართველოს პარლამენტის განსაზღვრას ემსახურება. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია სახელდებით მიუთითებს იმ საკითხებს, რომელთა მოწესრიგების უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს პარლამენტს გააჩნია“
ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის 28-ე პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რატომ არის აუცილებელი ის, რომ ესა თუ ის საკითხი საქართველოს პარლამენტმა მოაწესრიგოს: „უფლების მზღუდავი რეგულირების პარლამენტის მიერ შემოღება ასევე უზრუნველყოფს, რომ უფლება შეიზღუდოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელსაც აქვს ხალხის მიერ მინიჭებული მაღალი ლეგიტიმაცია. საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებისას აქტის მიღება ხდება წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანოს მიერ შესაბამისი პროცედურების საფუძველზე. ამდენად, საქართველოს პარლამენტი არის ის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც საკითხს წყვეტს გამჭვირვალე საკანონმდებლო პროცესის საფუძველზე, პოლიტიკური დებატების შედეგად, რაც საფუძველშივე ქმნის დამატებით ფილტრს უფლებაში გაუმართლებლად ჩარევის რისკების შესამცირებლად. დემოკრატიული ლეგიტიმაცია მიიღწევა სწორედ კომპლექსური საპარლამენტო პროცედურებით, გამჭვირვალე გადაწყვეტილების მიღების გზით, ინტერესთა დაბალანსების, პოლიტიკური უმრავლესობისა და უმცირესობების თანამონაწილეობის საფუძველზე. მსგავსი წესით აქტის მიღება შესაძლებლობას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური ნების ფორმირებაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული უმრავლესობის თვითნებური ქმედება. ცხადია, ამგვარი პროცედურა არ უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების დარღვევის სრულფასოვან პრევენციას, თუმცა, უდავოდ, მნიშვნელოვნად ამცირებს ძალაუფლების თვითნებურად გამოყენების შესაძლებლობას, უზრუნველყოფს მიღებული აქტის მიმართ მეტ ლეგიტიმაციას და სანდოობას.“
აქვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ პარლამენტის დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე ადამიანის უფლების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობის არსებობა. კერძოდ, გადაწყვეტილების მეორე თავის 30-ე პუნქტში აღნიშნულია: „საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქციონირების სპეციფიკიდან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელია, უფლების რეგულირებასთან დაკავშირებული ყველა, მათ შორის, პროცედურული/ტექნიკური საკითხის კანონით მოწესრიგება მოხდეს პარლამენტში დადგენილი პროცედურული წესების საფუძველზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, ამა თუ იმ უფლების კანონით შეზღუდვის კონსტიტუციური მოთხოვნის მიზანი არ არის უფლების რეგულირებასთან დაკავშირებული ყველა, მათ შორის, ფორმალური საკითხების კანონით მოწესრიგება... შესაბამისად, უფლებამოსილების დელეგირების მექანიზმი მნიშვნელოვნად ამარტივებს კანონშემოქმედებით საქმიანობას და საკანონმდებლო ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილებები პრინციპულ პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხებზე, ხოლო მათი იმპლემენტაციისათვის საჭირო დეტალების მოწესრიგება კი სხვა სახელმწიფო ორგანოებს გადაანდოს.“
ამავე გადაწყვეტილების 31-ე პუნქტში აღნიშნულია: „გარკვეული საკითხების მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება ასევე შესაძლოა, გამართლებული იყოს საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისითაც. ბუნებრივია, საკითხის კანონით დარეგულირება ქმნის სტაბილურობის უფრო მაღალ გარანტიებს, თუმცა ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს მოქნილ საკანონმდებლო მექანიზმს. ამ თვალსაზრისით უფლებამოსილების დელეგირება ხელს უწყობს მარტივ ნორმატიულ ცვლილებებს იმ სფეროებში, რომლებიც მოითხოვს ხშირ მოდიფიკაციას, გამარტივებული პროცედურების საფუძველზე რეგულირების შეცვლილ გარემოებებზე მორგებას. ამასთან, მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება შესაძლოა, ასევე გამართლებული იყოს ამა თუ იმ საკითხზე სწრაფი გადაწყვეტილების მიღების მოტივითაც. ამგვარად, გარკვეულ შემთხვევებში, პარლამენტის მიერ კანონით მოსაწესრიგებელი საკითხის დელეგირება არის ლეგიტიმური და აუცილებელი.“
მძინარაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 36-ე პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, შინაარსობრივი რეგულირების შემოღების გზით, ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი, გულისხმობს პირთა გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის“ დაყენებას. დემოკრატიული სახელმწიფო უდავოდ გულისხმობს თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეს, გარემოს, სადაც ყველასთვის უზრუნველყოფილია აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა, თავისუფალი პაექრობა. იქ, სადაც თავისუფალი სიტყვა უზრუნველყოფილი არ არის, არ არის სივრცე განვითარებისთვის, თავისუფლებისთვის. ამგვარად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძოდ კი, მისი შინაარსობრივი რეგულირება, იმგვარი საკითხია, რომლის თითოეული ასპექტის განსაზღვრა მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.“ ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის 42-ე პუნქტში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის ფორმალურ მოთხოვნებს. კანონით გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების დაწესების ლეგიტიმური ალტერნატივა არ არის საკითხის მოწესრიგების დელეგირება. მაშასადამე, საქართველოს პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირება სხვა ორგანოს არ აძლევს ზემოთ ხსენებული საკითხის მოწესრიგების ლეგიტიმაციას და იმთავითვე საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოა.“
მძინარაშვილის საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ორი შემთხვევა, როცა დელეგირება არის კონსტიტუციური. პირველი შემთხვევა არის ის, როცა საკანონმდებლო ნორმით ცხადად ხდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების მეორე თავის 45-ე პუნქტში განაცხადა: „ამდენად, საქმის სრულყოფილად გადასაწყვეტად უნდა გამოირკვეს, არსებობს თუ არა აღნიშნული სადავო საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირების საკანონმდებლო ნორმა. ასევე აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილების დელეგირების შინაარსის მატარებელი საკანონმდებლო ნორმები ცხადად უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ნორმის, შინაარსიდან მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს დელეგირების მიმნიჭებელი სუბიექტის ნება, განსახილველი საკითხის შესაბამისი ორგანოსთვის მოსაწესრიგებლად გადაცემის თაობაზე.“ იმ შემთხვევაშიც კი თუ პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აშკარად გადასცა ამა თუ იმ საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილება, პარლამენტის მხრიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის გადაცემული უფლებამოსილება არ უნდა ითვალისწინებდეს, კომისიის მიერ, პარლამენტის გვერდის ავლით, შინაარსობრივი რეგულაციების დადგენის შესაძლებლობას. კერძოდ მძინარიშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის 56-ე პუნქტში აღნიშნულია: „განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, არ მომხდარა საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის გამოხატვის თავისუფლების რეგულირების უფლებამოსილების დელეგირება. ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების უფლებამოსილების დელეგირების შესახებ საკანონმდებლო დებულების არსებობის შემთხვევაშიც კი, პარლამენტის ამგვარი ნება არაკონსტიტუციური იქნებოდა.“
ამგვარად, პირველ ეტაპზე, უნდა დადგინდეს, აშკარად მოახდინა თუ არა პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე საავტორო უფლებების დარღვევაზე ინტერნეტში (ან საკაბელო ქსელში) განთავსებული მასალების აღკვეთის უფლებამოსილების დელეგირება. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტს ამგვარი უფლებამოსილების დელეგირება კომისიაზე არ მოუხდენია, დგინდება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეხუთე პუნქტის დარღვევა, ვინაიდან შეზღუდვა არ არის „კანონით გათვალისწინებული.“ თუ საკანონმდებლო აქტით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აშკარად და გარკვევით აქვს მინიჭებული ინტერნეტში განთავსებული კონტრაფაქციული პროდუქციის აღკვეთის უფლებამოსილება, მოწმდება, რამდენად არის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი შეზღუდვები შინაარსობრივი ხასიათის. იმ შემთხვევაში თუ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი შეზღუდვები შინაარსობრივი ხასიათისაა, თუნდაც ეს უფლებამოსილება კომისიას კანონით აშკარად ჰქონდეს დელეგირებული, მაინც დადგინდება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეხუთე პუნქტის დარღვევა, ვინაიდან შინაარსობრივი შეზღუდვები ყოველთვის კანონით უნდა იყოს დაწესებული და პარლამენტს არა აქვს უფლება, ამგვარი შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილების დელეგირება სხვა ორგანოზე მოახდინოს.
ერთადერთი საკანონმდებლო ნორმა, რაც შეეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, საავტორო უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ავტორიზებული პირების კონტროლს, არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, სადაც აღნიშნულია: ავტორიზებული პირი ვალდებულია „სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“
ეს ნორმა მიუთითებს ავტორიზებული პირების ვალდებულებაზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია მათ მიერ ინტერნეტში (ან მაუწყებლობის ტრანზიტით) განთავსებული პროდუქციის საავტორო უფლებაზე, ამის მიუხედავად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის არც მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი, არც ამ კანონის სხვა ნორმა არ აკონკრეტებს, რა უფლებამოსილება წარმოეშობა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მას შემდეგ, რაც ავტორიზებული პირი მას აცნობებს, რომ არა აქვს საავტორო ან მომიჯნავე უფლებები ინტერნეტში განთავსებულ პროდუქციაზე. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის არც მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს ავტორიზებული პირის ვალდებულებას, მოახდინოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმირება იმის თაობაზე, აქვს თუ არა საავტორო უფლება ინტერნეტში განთავსებული პროდუქციაზე. ბუნებრივია, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის არც მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა იქნება, თუკი ავტორიზებული პირი მოახდენს კომისიის მოთხოვნის იგნორირებას და არ მიაწვდის ინფორმაციას. ამ შემთხვევაში კომისიას ექნება ავტორიზებული პირის მიმართ ზომების გატარების უფლებამოსილება. ამის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როცა ავტორიზებული პირი დროულად წარუდგენს ინფორმაციას, რომ პროდუქციაზე არა აქვს საავტორო უფლება, საკანონმდებლო ნორმა არც იმაზე მიუთითებს, რა ზომების გატარების უფლება აქვს კომისიას, არც თავად კომისიას ანიჭებს, საკუთარი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რეაგირების ზომების დადგენის უფლებამოსილებას. იმის გამო, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირება ცხადად და აშკარად უნდა იყოს მითითებული საკანომდებლო აქტში, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კომისიის მიერ ავტორიზებული პირებისაგან ინფორმაციის მოთხოვნის საკანონმდებლო უფლებამოსილება, ვერ იქნება იმგვარად განმარტებული, რომ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ანიჭებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას იმგვარი ნორმატიული აქტის მიღების უფლებას, რაც ითვალისწინებს ინტერნეტ პროვაიდერისათის ან მაუწყებლობის გამტარისათვის მეკობრული, კონტრაფაქციული მასალის ინტერნეტიდან ან საკაბელო ქსელიდან დაბლოკვის ვალდებულების დაკისრებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გარდა, ამ კანონის არც ერთი სხვა ნორმა არ არეგულირებს ელექტრონული საკომუნიკაციო კომპანიებთან მიმართებაში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის ზედამხედველობისა და კონტროლის უფლებამოსილებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის არც ერთ მუხლში არ გვხვდება აშკარა ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქვს, ინტერნეტში ან სამაუწყებლო ტრანზიტის განხორციელებისას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის რეგულირების უფლებამოსილება.
საკონსტიტუციო სასამართლომ მძინარაშვილის საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 49-ე პუნქტში განაცხადა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებს და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტს განსაზღვრავს კომისია ნორმატიული აქტით. ამავე კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ დამტკიცება. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, უდავოა, რომ საქართველოს პარლამენტმა კომისიას მიანიჭა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნორმატიული წესრიგის დადგენის უფლებამოსილება.“ ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის 50-ე პუნქტის თანახმად, „ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებისას შესაძლებელია, წარმოიშვას არაერთი ერთმანეთისგან განსხვავებული სამართლებრივი დილემა მომსახურების მიწოდების ან/და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კონტექსტში. მაგალითად, როგორებიც არის ინტელექტუალურ საკუთრებასთან, პერსონალურ მონაცემებთან და კომპიუტერულ დანაშაულებთან დაკავშირებული ურთიერთობები. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-8 პუნქტი და 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ვერ იქნება განმარტებული იმგვარად, რომ მასში მოაზრებულ იქნეს ელექტრონული მომსახურების მიწოდებასთან და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ყველა საკითხის კომისიისთვის დელეგირება.“
ამგვარად, მძინარაშვილის საქმიდან ნათელი ხდება, იმისათვის, რომ კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების და მომხმარებელთა დაცვის სფეროში ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობა, კანონმა უნდა დააკონკრეტოს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში თუ რომელი საკითხის რეგულირების უფლება აქვს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ასეთი სპეციფიკური მითითება, კი როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ მძინარაშვილის საქმეში დაადგინა, არ გვხვდება არც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“კანონში, არც სხვა საკანომდებლო აქტში. საკანონმდებლო ნორმები კომუნიკაციების ეროვნულ კომისას არ ანიჭებს პირდაპირ, ცხად, განჭვრეტად უფლებამოსილებას, მოაწესრიგოს საკომუნიკაციო კომპანიების მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა.
ამგვარად, საქართველოს პარლამენტმა ცხადი, განჭვრეტადი ნორმების საფუძველზე არ მოახდინა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე სადავო ნორმებით დადგენილი უფლებამოსილების დელეგირება, რაც გულისხმობს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სუბიექტებისათვის საავტორო უფლებების დარღვევით განთავსებული მასალის დაბლოკვის, მისი აღმოფხვრის ვალდებულების დაკისრებას. ვინაიდან ამგვარი უფლებამოსილების დელეგირება არ მომხდარა პარლამენტის მხრიდან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე, ამით არ არის დაცული კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ კანონის საფუძველზე. ის, რომ არ არსებობს საკანონმდებლო აქტი, რომლითაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქვს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის უფლებამოსილება, საკმარისია კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის დასადგენად. დამატებით აუცილებლობას აღარ წარმოადგენს იმის გარკვევა, არის თუ არა საავტორო და მომიჯნავე უფლების დარღვევით ინტერნეტში განთავსებული მასალის დაბლოკვის ვალდებულების დადგენა შინაარსობრივი რეგულირება.
შესაბამისად, სადავო ნორმები ისევე არღვევს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აღიარებულ გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ეს მოხდა მძინარაშვილის საქმეში.
3) განსხვავებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება
ერთადერთი განსხვავებული ფაქტობრივი გარემოება ამ საქმესა და მძინარაშვილის საქმეს შორის არის ის, რომ მძინარაშვილის საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო დაუშვებელი პროდუქცია. ამ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ინტერნეტ მომსახურების ან მაუწყებლობის ტრანზიტის მიმწოდებლის ვალდებულება - დაბლოკოს ისეთი დაუშვებელი პროდუქცია, როგორიცაა საავტორო უფლებების დარღვევით გავრცელებული მასალა. საავტორო უფლებების დარღვევა არ წარმოადგენს იმგვარ განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც გაამართლებს ამ სარჩელის არსებითი განხილვის ფორმატში განხილვას. იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები პორნოგრაფიის, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო დაუშვებელი პროდუქცის კონტექსტში არაკონსტიტუციურად სცნო იმის გამო, რომ გამოხატვის თავისუფლება იზღუდებოდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით, მაშინ როცა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილება არ იყო პარლამენტის მიერ დელეგირებული კომისიაზე საკანონმდებლო აქტით, ასეთივე სამართლებრივ გარემოებებთან გვაქვს საქმე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საავტორო უფლებების დარღვევით დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების აკრძალვის შემთხვევაშიც.
ამ შემთხვევაშიც, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სადავოდ ქცეული ნორმები არაკონსტიტუციურია იმის გამო, რომ პარლამენტს კანონით არ მოუხდენია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე იმგვარი უფლებამოსილების დელეგირება, რაც შესაძლებლობას მისცემდა ამ უკანასკნელს, თუნდაც საავტორო უფლებების დაცვის მიზნით შეეზღუდა გამოხატვის თავისუფლება. ამ კუთხით მძინარაშვილის საქმეში არაკონსტიტუიურად ცნობილ ნორმებსა და ამ სარჩელით სადავოდ ქცეულ ნორმებს შორის არავითარი განსხვავება არ არის. შესაბამისად, შესაძლებლებლია სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობა არსებითი განხილვის გარეშე.
4) მოთხოვნა
ვითხოვთ, აღნიშნული სარჩელი არ იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული და საკონსტიტუციო სასამართლომ გამწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად სცნოს გასაჩივრებული ნორმები
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-17 მუხლით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებული კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებლებელია ზემდგომი საკანონმდებლო აქტის გასაჩივრების გარეშე, ვინაიდან დავის საგანს სწორედ ის წარმოადგენს რომ გამოხატვის თავისუფლება იზღუდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და არა კანონით. ასეთ პირობებში დასაშვებია საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან ფორმალურ-სამართლებრივი შესაბამისობის თაობაზე იმსჯელოს.
[1] http://www.ak.ge/index.php?mmd=100&smd=30&lang=ge
[2] http://www.ak.ge/index.php?mmd=3&smd=8&lang=ge
[3] მოლდოვას მოქალაქე მარინა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინება N 1/5/525, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1798356
[4] იქვე
[5] იქვე
[6] ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუნტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება N 1/2/563, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2383097
[7] საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განჩნება N 1/16/770, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3504738
[8] https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1115
[9] https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1115
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ვინაიდან ვითხოვთ სადავო ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევად ცნობას, ამასთან დაკავშირებით არგუმენტები წარმოდგენილია წინა ველში. ვინაიდან არ ვითხოვთ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას და გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციასთან მატერიალურ-სამართლებრივი შესაბამისობის დადგენას, ამ ველში დამატებითი არგუმენტები წარმოდგენილი არ იქნება.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი