შპს "ახალი ქსელები" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/9/1531 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 ივნისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2021 15:49 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: შპს „ახალი ქსელები“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1531) მომართა შპს „ახალმა ქსელებმა“. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 5 აგვისტოს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს.
2. №1531 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის (შემდგომში - რეგლამენტი) 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ინტერნეტდომენის გამცემს უდგენს ვალდებულებას, მათ შორის, საავტორო უფლებების დამრღვევი პროდუქციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაბლოკოს ინტერნეტგვერდი. რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი მომსახურების მიმწოდებელს ავალდებულებს, მოახდინოს რეაგირება, მათ შორის, საავტორო უფლებების დამრღვევი პროდუქციის განთავსების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება, რათა არ მოხდეს მისი ქსელის მეშვეობით, მათ შორის, საავტორო უფლებების დამრღვევი პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განამტკიცებს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით კი განსაზღვრულია დასახელებულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლები და წესი.
5. №1531 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) მიერ 2016 წლის 12 აპრილს მიღებული №232/18 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე, საავტორო უფლებების დარღვევით მოპოვებული პროდუქციის საკუთარ ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში განთავსებისა და მომხმარებლებისთვის მიწოდებისათვის, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შპს „ახალი ქსელები“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომელიც ახორციელებს როგორც მაუწყებლობის ტრანზიტს, ისე ინტერნეტის მიწოდებას.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მომხმარებლის მიმართვის შემთხვევაში, სადავო ნორმები ავალდებულებს მას, შეაფასოს, ხომ არ წარმოადგენს ინტერნეტით ან საკაბელო ქსელით გავრცელებული პროდუქცია საავტორო უფლებების დამრღვევ ანუ დაუშვებელ პროდუქციას, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, შეზღუდოს ამ პროდუქციის გავრცელება მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო მექანიზმის გამოყენებით.
8. მაშასადამე, კომისიის მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ინტერნეტ მომსახურების და სამაუწყებლო ტრანზიტის მიმწოდებელ პირებს ეკისრებათ საავტორო უფლებების დარღვევით გავრცელებული ინფორმაციის აღმოფხვრის ვალდებულება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი იწვევს მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
9. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არის იმ ნორმების ანალოგიური შინაარსის მქონე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილებით საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“. აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებული ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა ინტერნეტდომენის გამცემის, ისევე როგორც მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას, მოეხდინა დაუშვებელი პროდუქციის, კერძოდ, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა. დასახელებულ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ დაცული არ იყო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნები.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ერთადერთ განმასხვავებელ ფაქტორს უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებსა და სადავო ნორმებს შორის წარმოადგენს დაუშვებელი პროდუქციის სახე. კერძოდ, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა იმგვარი დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვაზე, როგორიცაა სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო პროდუქცია, ხოლო წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში კი საქმე გვაქვს საავტორო უფლებების დამრღვევი დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვასთან.
11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება, თუ „სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის“.
2. მოსარჩელე მხარე, №1531 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც მომხმარებლის მიმართვის შემთხვევაში, ინტერნეტ მომსახურების და სამაუწყებლო ტრანზიტის მიმწოდებელ პირებს აკისრებს საავტორო უფლებების დარღვევით გავრცელებული ინფორმაციის აღმოფხვრის ვალდებულებას. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ამგვარი ვალდებულების დადგენა იწვევს გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ შეზღუდვას, შესაბამისად, იგი უნდა წესრიგდებოდეს კანონით და არა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამასთანავე, აღნიშნული სამართალურთიერთობის მოწესრიგების დელეგირება კომისიაზე საკანონმდებლო ორგანოს არ მოუხდენია. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის კონსტიტუციით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უწინარეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი დეტალურად განსაზღვრავს იმ ქმედებების ჩამონათვალს, რომლებიც დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებებით, ასევე ნათლად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, რომლებიც საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევად მიიჩნევა. აღნიშნული კანონმდებლობით რეგლამენტირებულია როგორც საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელ პირთა უფლებები, ასევე მათი უფლებების დაცვის გარანტიები და ამ უფლების დარღვევის პრევენციისა და შესაბამის დარღვევაზე რეაგირების მექანიზმები. მაგალითად, დასახელებული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით. ხოლო ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს შეუძლია, აკრძალოს ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე, ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით. კანონის 50-ე მუხლი კი ადგენს მაუწყებლობის ორგანიზაციის განსაკუთრებულ უფლებებს, მათ შორის, უფლებას, აკრძალოს თავისი გადაცემის სხვადასხვა ფორმით გავრცელება.
4. გარდა ზემოაღნიშნულისა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ერთი მხრივ, განსაზღვრულია, რა მიიჩნევა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევად. კერძოდ, ასეთად მიიჩნევა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ამ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობა. მეორე მხრივ, ამგვარი დარღვევისათვის დადგენილია სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა.
5. ამგვარად, აშკარაა, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია როგორც აკრძალული ქმედებების შინაარსი, აგრეთვე, დარღვევის აღმოფხვრის მექანიზმები, ისევე, როგორც დამრღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა.
6. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც დასჯადია საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევი სხვადასხვა ქმედება, მათ შორის, ასეთი პროდუქციის უკანონო გავრცელება. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1571 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასჯადია „შემოსავლის მიღების მიზნით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის უკანონო რეპროდუცირება ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მათი კონტრაფაქციული ასლების არამართლზომიერი შეძენა, იმპორტი, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება ან სხვა უკანონო გზით გამოყენება, აგრეთვე, შემოსავლის მიღების მიზნით საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების სხვა დარღვევა“. იგივე ქმედება, დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, კრიმინალიზებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
7. ამგვარად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საავტორო უფლებების დამრღვევი პროდუქციის გავრცელება აკრძალულია და დარღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია როგორც შესაბამისი დარგობრივი კანონმდებლობით, აგრეთვე ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი წესით. სადავო ნორმებით კი კომისიას არ დაუდგენია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ზემოხსენებული კანონებისაგან განსხვავებული ისეთი ფორმა და ფარგლები, რომლებიც, კანონმდებლის მხრიდან, მკაფიო დელეგირების გარეშე, კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებთან იქნებოდა წინააღმდეგობაში. შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტი უფლების შეზღუდვის კომპეტენციის დელეგირების განმსაზღვრელი საკანონმდებლო ნორმის არარსებობასთან დაკავშირებით, ვერ გამოდგება სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად (mutatis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-23-28).
8. ამასთან აღსანიშნავია, რომ №1531 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით დადგენილ შეზღუდვას საავტორო უფლებების დამრღვევი, შესაბამისად, დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონქვემდებარე აქტით დადგენილი ამ შეზღუდვის კონსტიტუციურობის თაობაზე სრულფასოვანი მსჯელობა წარმოუდგენელია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოთ დასახელებული მუხლების კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომლებიც ასევე კრძალავს, მათ შორის, საავტორო უფლებების დარღვევით ნაწარმოების გავრცელებას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1531 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, აგრეთვე, უპასუხოს მოსარჩელის არგუმენტებს გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებით, რომლებზეც, მოსარჩელემ დააფუძნა თავისი მოთხოვნა არსებითი განხილვის გარეშე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა სწორედ გამოხატვის თავისუფლების შინარსობრივი რეგულირების სფეროში დადგენილ სტანდარტებს. მხედველობაშია მოსარჩელის მიერ მოხმობილი გადაწყვეტილება №1/7/1275 საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, სადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების დაუშვებლობა.
11. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება პარლამენტის უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილებაა და ამავე დროს, არ მიეკუთვნება საკითხს, რომელიც, თავისი ბუნებით მარტივი საკანონმდებლო მექანიზმის ფარგლებში მოწესრიგების პრაქტიკულ საჭიროებას განაპირობებს. უფრო მეტიც, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი მხარე, ანუ იმის განსაზღვრა, რა ტიპის აზრის გამოთქმა და ინფორმაციის გავრცელებაა დასაშვები, ისეთი საკითხია, რომელიც მყარ საკანონმდებლო გარანტიებს საჭიროებს. ამგვარად, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების უფლებამოსილების სხვა ორგანოსათვის გადაცემა შეიძლება ჩაითვალოს პარლამენტის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი უფლებამოსილების დელეგირებად. გამოხატვის თავისუფლების შინაარსთან დაკავშირებული შეზღუდვების განსაზღვრა და მათი ცვლილება არ უნდა იყოს დამოკიდებული აღმასრულებელი ხელისუფლების ნებაზე. მხოლოდ საქართველოს პარლამენტია აღჭურვილი კონსტიტუციური მანდატით, მიიღოს გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ფუნდამენტურ გავლენას ახდენს კონსტიტუციურ უფლებებზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-38).
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია განსაკუთრებულად იცავს გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ მხარეს სახელმწიფოს ჩარევისაგან. ეს განპირობებულია იმ მოცემულობით, რომ სახელმწიფოს მიერ გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების დაწყებისა და ნეიტრალობის პრინციპიდან გადახვევის შემთხვევაში, ჩნდება მომეტებული საფრთხე და რისკი იმისა, რომ შეზღუდვამ მიიღოს ცენზურის ფორმა, შეიძინოს დისკრიმინაციული ხასიათი და იდეათა თავისუფალი ბაზრიდან განდევნოს კონკრეტული ტიპის, თუნდაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფებისათვის მიუღებელი, თუმცა გამოხატვის თავისუფლებით დაცული აზრები და იდეები.
13. უნდა აღინიშნოს, რომ, ამ კუთხით, განსხვავება არსებობს №1531 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ ნორმატიულ შინაარსსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №1/7/1275 გადაწყვეტილებაში საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებს შორის.
14. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სადავოდ გამხდარი ნორმების საფუძველზე, ინტერნეტდომენის გამცემსა და მომსახურების მიმწოდებელს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვამდე უწევდათ ამ პროდუქციის შინაარსზე მსჯელობა შესაბამისი კრიტერიუმების გამოყენებით და, ამ შინაარსიდან გამომდინარე, იმის განსაზღვრა, მიეკუთვნებოდა თუ არა იგი დაუშვებელი პროდუქციის ისეთ შეფასებით კატეგორიებს, როგორიცაა სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო პროდუქცია. შედეგად, ამგვარი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვა მეტწილად დამოკიდებული იყო, საკუთრივ, შესაბამისი მოსაზრებებისა თუ ინფორმაციის შინაარსსა და რაობაზე, აგრეთვე, შემფასებლის დასკვნაზე, რომელიც გულისხმობს იმის შეფასებას, უნდა ხდებოდეს თუ არა კონკრეტული შინაარსის შეხედულებებისა და ინფორმაციის თავისუფალი ცირკულაცია საზოგადოებაში. ასეთ დროს გადამწყვეტია შემფასებლის სუბიექტური აღქმები და დამოკიდებულება. მისგან განსხვავებით, სადავო ნორმებით მოწესრიგებული სამართალურთიერთობის დროს შემფასებელი სუბიექტი, აზრებისა და ინფორმაციის შინაარსის შემოწმების გზით, მხოლოდ იმას არკვევს, ირღვევა თუ არა საავტორო უფლებების მომწესრიგებელი კანონმდებლობა და წარმოადგენს თუ არა შესაბამისი პროდუქტი „დაუშვებელ პროდუქციას“ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გაგებით. საავტორო უფლებების დამრღვევი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვა ხდება, უპირველესად, სწორედ იმიტომ, რომ იგი არღვევს სხვის საავტორო ან მომიჯნავე უფლებებს და არა იმიტომ, რომ ამგვარი შინაარსის მოსაზრებებისა თუ ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება საზოგადოებაში გაუმართლებელია. საავტორო უფლებების დამრღვევი პროდუქცია იზღუდება შესაბამისი იდეებისა თუ ინფორმაციის შინაარსის მიუხედავად.
15. ის გარემოება, თუ როგორია შემფასებლის სუბიექტური დამოკიდებულება პროდუქციის შინაარსის მიმართ, გავლენას ვერ ახდენს იმის განსაზღვრაზე, ირღვევა თუ არა საავტორო უფლება, რამდენადაც ეს შეფასება მკვეთრად ობიექტურ საფუძველს ეფუძნება. კანონმდებლობით ნათლადაა გაწერილი და მოსარჩელის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც, შემფასებელმა უნდა დაადგინოს, არის თუ არა სახეზე საავტორო უფლებების დარღვევა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ის რისკები და საფრთხეები, რის გამოც გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების მიმართ კონსტიტუცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, მოცემულ შემთხვევაში, საავტორო უფლებების დარღვევის დასადგენად საჭირო მკაფიო და ნათელი კრიტერიუმების არსებობის გათვალისწინებით, არ არსებობს. ეს გარემოება მნიშვნელოვნად განასხვავებს წინამდებარე საქმეში სადავოდ გამხდარ ნორმებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №1/7/1275 გადაწყვეტილებაში საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმებისაგან. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოცემულობა, რომელიც მას საშუალებას მისცემდა ისეთივე მიდგომები გამოეყენებინა მოცემულ საქმეში, რაც ზემოთ დასახელებულ საქმეში იყო გამოყენებული. ამგვარად, კიდევაც რომ არ არსებობდეს სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის მიზეზები, რაზეც წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1-9 პარაგრაფებშია მითითებული, მაინც არ იარსებებდა განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1531 კონსტიტუციური სარჩელი („შპს „ახალი ქსელები“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი