შპს "ლექსიკა", შპს "კომპანია სალუტი SALUTE Company" საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1533 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | შპს "ლექსიკა", შპს "კომპანია სალუტი SALUTE Company" |
თარიღი | 18 აგვისტო 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“
ბ. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი. „სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები, აგრეთვე მომსახურების საფასურის გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“ |
1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. 2. ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები“-ს ცხრილის №35 ჰორიზონტალური გრაფის სიტყვები: „საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემა 3 სამუშაო დღე - 10 ლარი“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტი 2. ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები“-ს ცხრილის №76 ჰორიზონტალური გრაფა, ტექსტით: „მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღება - ერთი დეკლარაცია – 30 ლარი“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი 1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 60.4. „ა“ მუხლი, 31-ე მუხლი და 34-ე მუხლი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 31 პრიმა მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია ამ სარჩელისათვის დადგენილი ყველა პირობის დაცვით და ფორმით, შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია, ერთვის სადავო სამართლებრივი აქტების ტექსტი, მტკიცებულებები და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.
კონსტიტუციური სარჩელი შტანილია უფლებამოსილი სუბიექტების, იურიდიული პირების მიერ.
შპს ლექსიკამ გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, გადაიხადა საფასური 10 ლარი და ამის შემდეგ მიიღო ცნობა საგადასახადო დავალიანების შესახებ.
შპს კომპანია სალუტი SALUTE Company სსიპ შემოსავლების სამსახურმა დააჯარიმა იმის გამო, რომ ფოსტით, მატერიალური ფორმით გაგზავნილი დეკლარაციების მიღებისთვის არ ჰქონდა გადახდილი გასაჩივრებული ნორმით დადგენილი საფასური, 30 ლარი. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში და სარჩელის წარმოდგენისა დღისათვის მისთვის გადმოცემულია 2 ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კომპანიის სარჩელი და დაჯარიმების აქტი ბათილად არის ცნობილი.
საქართველოს კონსტიტუციის 11.1. მუხლის გათვალისწინებით განსახილველ შემთხვევაში შესადარისია 2 ჯგუფი (არა კლასიკური, კონსტიტუციის ნორმაში სახელდებით დასახელებული ჯგუფებიდან, არამედ კონსტიტუციის 11.1. მუხლით „სხვა ნიშნის“ ქვეშ გაერთიანებული): საჯარო ინფორმაციის ასლის მიღების მსურველი დაინტერესებული პირი და გადასახადის გადამხდელი რომელსაც სურს მის შესახებ შემოსავლების სამსახურში დაცული ინფორმაციის ასლის მიღება. შედარებისთვის, ის 1 (ერთი) ფურცლიანი ინფორმაცია/ცნობა რომლის მიღებისთვისაც შპს ლექსიკამ გადაიხადა 10 ლარი, საჯარო ინფორმაციის მიღების მსურველისთვის ღირს 0.05 ლარი (ხუთი თეთრი). არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი რომელიც გაამართლებდა უფლებაში ჩარევას. საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის მიღების საფასურთან მიმართებაში დასახელებული შესადარისი ჯგუფები არიან არსებითად განსხვავებულ მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ, შპს ლექსიკა ითხოვს გასაჩივრებული ნორმები (კანონის 8.2. მუხლი და მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ცხრილის 35 გრაფის) წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 11.1. მუხლთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებაზე უფლება დაცულია კონსტიტუციით. ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადებით. შესაბამისად სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოსთვის განცხადებით მიმართვის უფლებას და ამ უფლების რეალიზაციისთვის ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონით დადგენილი წესით და სრული მოცულობით ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადებით მიმართვისთვის რაიმე პირობის, მათ შორის საფასურის დაწესება ხვდება კონსტიტუციის 18.1. მუხლით დაცულ სფეროში და ხელყოფს ამ მუხლით დადგენილ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებას. ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება საფასურის გადაუხდელობის გამო უარი თქვას ადმინისტრაციული წარმოების დაწყება-წარმოებაზე. შპს კომპანია სალუტმა ადმინისტრაციული/საგადასახადო სამართალურთიერთობის ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს/შემოსავლების სამსახურს კანონით/საგადასახადო კოდექსით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ფორმით, ფოსტით გაუგზავნა მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციები, მაგრამ გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებული (მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღება 30 ლარი) საფასურის გადაუხდელობის გამო ადმინისტრაციულმა ორგანომ ეს დეკლარაციები არ მიიღო და კომპანია დააჯარიმა. სწორედ ამიტომ შპს კომპანია სალუტი გასაჩივრებული ნორმების (კანონის 8.2. მუხლი და მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ცხრილის 76 გრაფის კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან შემოწმებას ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჯარო დაწესებულებაში პირის/კომპანიის შესახებ დაცული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ პირისთვის/კომპანიისთვის. ამ ინფორმაციის გაცემისთვის რაიმე პირობის, მათ შორის საფასურის გადახდის ვალდებულების დაწესებას არ აქვს რაიმე ლეგიტიმური მიზანი და კანონიერი საფუძველი. შპს ლექსიკამ მოითხოვა მის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურში დაცული ინფორმაციის, საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემა და 3 დღის ვადაში ამ ცნობის გაცემისთვის გადაიხადა საფაური 10 ლარი. სწორედ ამიტომ შპს ლექსიკა გასაჩივრებული ნორმების (კანონის 8.2. მუხლი და მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ცხრილის 35 გრაფის) კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან შემოწმებას ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან.
საჯარო დაწესებულებათა მიერ გაწეული მომსახურების საფასურები ფორმალურად და არსობრივად უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ პირობებს. პირველ რიგში ეს საფასურები, მათო ოდენობა ან ოდენობის საზღვრები განსაზღვრული უნდა იყოს პარლამენტის საკანონმდებლო აქტით, კანონით და არა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. განსახილველ შემთხვევაში საფასურები დადგენილი არ არის საკანონმდებლო აქტით, რაც ფორმალური კონსტიტუციური კონტროლის თვალსაზრისით წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. რაც შეეხება არსებით მხარეს, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებს დაინტერესებული პირის მიერ მის შესახებ ინფორმაციის გაცემისთვის ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისთვის საფასურის გადახდის ვალდებულების დაწესებას. ამასთან, დაუსაბუთებელია თვით საფასურების ოდენობებიც, 10 ლარი და 30 ლარი. კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ დაკისრებული, გადახდილი და დადგენილი ნებისმიერი საფასური ხვდება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დაცულ სფეროში საკუთრების უფლება არ არის უზრუნველყოფილი და ეს უფლება არ არის შეზღუდული კანონით. სწორედ ამიტომ, მოსარჩელეები გასაჩივრებული ნორმების (კანონის 8.2. მუხლი და მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ცხრილის №35 და №76 გრაფები) კონსტიტუციურობის შემოწმებას ითხოვენ საქართველოს კონსტიტუციის 19.1. და 19.2. მუხლებთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შინაარსობრივად ანალოგიურ საკითხზე იმსჯელა და 2019 წლის 5 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე #2/3/1279, ლევან ალაფიშვილი და კს „ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ სსიპ-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასური არსებითად არის მოსაკრებელი. მოსაკრებელი კი მხოლოდ პარლამენტის მიერ დგინდება და მთავრობა არ არის უფლებამოსილი დაადგინოს მოსაკრებელი. (იხ.: II-27, 36, 37, 38). ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებაში გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასმაართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პრიმა მუხლი.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით.
კონსტიტუციური სარჩელის შეტანისთვის კანონით არ არის დადგენილი რაიმე ვადა, შესაბამისად მისი შეტანის ვადა არ არის დარღვეული.
კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია საკანონმდებლო აქტის ნორმები და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ნორმები, შესაბამისად არ არის საჭირო ნორმატიული აქტების იერარქიაში ზემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გასაჩივრებული აქტები/ნორმები წინააღმდეგობაში არის:
- საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან
დაინტერსებული პირი საჯარო დაწესებულებაში დაცული საჯარო ინფორმაციის ასლის მიღებისთვის იხდის კანონით დადგენილ საჯარო ინფორმაციის ასლის მოსაკრებელს, ხოლო საჯარო დაწესებულებაში/შემოსავლების სამსახურში მის შესახებ დაცული ინფორმაციის მიღებისთვის გადასახადი გადამხდელი იხდის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომსახურების საფასურს.
საჯარო ინფორმაციაც და გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციაც კონსტიტუციით გათვალისწინებული ინფორმაციაც (საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტი, კონსტიტუციის 18.2. მუხლი) არის საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია, რომლის მიღებაც შესაძლებელია კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად ეს 2 კატეგორიის ინფორმაცია განსახილველი შემთხვევისთვის უნდა განვიხილოთ იდენტურად.
საქართველოს კონსტიტუციის 11.1. მუხლის გათვალისწინებით განსახილველ შემთხვევაში შესადარისია 2 ჯგუფი (არა კლასიკური, კონსტიტუციის ნორმაში სახელდებით დასახელებული ჯგუფებიდან, არამედ კონსტიტუციის 11.1. მუხლით „სხვა ნიშნის“ ქვეშ გაერთიანებული): საჯარო ინფორმაციის ასლის მიღების მსურველი დაინტერესებული პირი და გადასახადის გადამხდელი რომელსაც სურს მის შესახებ შემოსავლების სამსახურში დაცული ინფორმაციის ასლის მიღება. შედარებისთვის, ის 1 (ერთი) ფურცლიანი ინფორმაცია/ცნობა რომლის მიღებისთვისაც შპს ლექსიკამ გადაიხადა 10 ლარი, საჯარო ინფორმაციის მიღების მსურველისთვის ღირს 0.05 ლარი (ხუთი თეთრი). არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი რომელიც გაამართლებდა უფლებაში ჩარევას.
საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის მიღების საფასურთან მიმართებაში დასახელებული შესადარისი ჯგუფები არიან არსებითად განსხვავებულ მდგომარეობაში.
სწორედ ამიტომ, შპს ლექსიკა ითხოვს გასაჩივრებული ნორმები (კანონის 8.2. მუხლი და მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ცხრილის 35 გრაფის) წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 11.1. მუხლთან.
- საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან
კონსტიტუციით დაცული ადმინისტრაციული წარმოების უფლების რეალიზებისთვის რაიმე საფასურის გადახდის დაწესების ვალდებულება კანონსტიტუციას ეწინააღმდეგება. გადასახადის გადამხდელი სწორედ იმიტომ ასრულებს კონსტიტუციით დაკისრებული გადასახადების გადახდის ვალდებულებას, რომ ამ გადასახადებით ინახავს და ფინანსდება ბიუროკრატია, რომელიც ახორციელებს საჯარო ხელისუფლებას/მმართველობას. შედარებისთვის, ადმინისტრაციული წარმოების დაწყება-წარმოებისთვის კანონით (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი) არ არის დაწესებული რაიმე საფასურის გადახდის ვალდებულება/პირობა, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება სავალდებულოდ უნდა დარეგისტრირდეს და რეგისტრაციის მომენტიდან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიწყოს და წარმართოს ადმინისტრაციული წარმოება. სწორედ ამ კონსტიტუციურ და კანონისმიერ დანაწესს ეწინააღმდეგება და ცვლის გასაჩივრებული ნორმა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს არ მიიღოს ფოსტით გაგზავნილი მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაცია თუკი განმცხადებელს/გადასახადის გადამხდელს არ ექნება გადახდილი საფასური 30 ლარი.
პირს/კომპანიას აქვს უფლება მოითხოვოს და მიიღოს საჯარო დაწესებულებაში მის შესახებ არსებული ინფორმაცია. ამ უფლების შეზღუდვა ხვდება კონსტიტუციის 18.2. მუხლით დაცულ სფეროში და საფასურის დაწესება ანტიკონსტიტუციურია. შედარებისთვის, საჯარო დასესებულებაში დაცული საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის კანონით (საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკლებლის შესახებ) დადგენილია მხოლოდ ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში კი კანონქვემდებარე აქტით (და არა კანონით) დადგენილია საფასური (და არა მოსაკრებელი).
- საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან
სახელმწიფოსთვის გადასახდელის გადახდის ვალდებულება საკუთრების უფლების ის შეზღუდვაა რომელსაც გარდა ლეგიტიმური მიზნისა და უფლებაში ჩარევის მართლზომიერებისა და პროპორციულობისა, აუცილებლად სჭირდება ამ შეზღუდვის დადგენა უმაღლესი წარმომადგენლობითი, საკანონმდებლო ორგანოს აქტით - კანონით. ეს დებულება განმტკიცებულია როგორც კონსტიტუციის 19.2., ასევე 67.1. მუხლით.
საგადასახადო ადმინისტრირება სახელმწიფოს დისკრეცია და ვალდებულებაა. 2010 წლის 30 მარტამდე შემოსავლების სამსახური არსებობდა საქვეუწყებო დაწესბულების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფორმით, ისე რომ არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ საჯარო დაწესებულებას რომელიც გაწეული მომსახურებისათვის იღებს საფასურს. 2010 წლის 30 მარტს მიღებული კანონით შემოსავლების სამსახურს შეეცვალა სტატუსი და ორგანიზაციული ფორმა - გახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამასთან, კანონით სსიპ შემოსავლების სამსახური გაწეული მომსახურებისათვის უფლებამოსილია მიიღოს საფასური.
კანონის მიხედვით სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურები, განაკვეთები და გადახდის წესი განისაზღვრება მთავრობის ნორმატიული აქტით. პარლამენტის მიერ ფარგლებისა და პირობების დადგენის გარეშე უფლებამოსილების დელეგირება კი ანტიკონსტიტუციურია.
მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურები, განაკვეთები და გადახდის წესი. ამასთან, ისე რომ არ არსებობს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, მთავრობამ გასაჩივრებული დადგენილებით აღნიშნულის გარდა დაადგინა საფასურებისგან გათავისუფლებისა და შეღავათების საკითხებიც.
საჯარო სერვისების მიღებისათვის შესაძლებელია დაწესდეს მოსაკრებელი და ეს მოსაკრებელი უნდა დადგინდეს კანონით - ასეთია საქართველოს კონსტიტუციის 67.1. მუხლის დანაწესი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შინაარსობრივად ანალოგიურ საკითხზე იმსჯელა და 2019 წლის 5 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე #2/3/1279, ლევან ალაფიშვილი და კს „ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ სსიპ-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასური არსებითად არის მოსაკრებელი. მოსაკრებელი კი მხოლოდ პარლამენტის მიერ დგინდება და მთავრობა არ არის უფლებამოსილი დაადგინოს მოსაკრებელი. (იხ.: II-27, 36, 37, 38);)
კონსტიტუციის დანაწესის საწინააღმდეგო, მთავრობის დადგენილებით საფასურების (შინაარსობრივად მოსაკრებლების) დადგენა, გადახდის მოთხოვნა ან გადახდა წარმოადგენს არაუფლებამოსილი ორგანოს აქტით, არალეგიტიმურ ჩარევას საკუთრების უფლებაში.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი