"შპს ლეაქსიკა" და "შპს კომპანია სალუტი SALUTE Company" საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/10/1533 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 ივნისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2021 15:54 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი − სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე − წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი − წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: „შპს ლექსიკა“ და „შპს კომპანია სალუტი SALUTE Company“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 35-ე გრაფის სიტყვების „საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემა 3 სამუშაო დღე 10 ლარი“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 76-ე გრაფის სიტყვების „მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღება ერთი დეკლარაცია – 30 ლარი“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1533) მომართა „შპს ლექსიკამ“ და „შპს კომპანია სალუტმა SALUTE Company“. №1533 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2020 წლის 20 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს.
2. №1533 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და 34-ე მუხლები, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის (შემდგომში - შემოსავლების სამსახური) მიერ გაწეული მომსახურების საფასურები, მათი განაკვეთები და საფასურის გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თავის მხრივ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 35-ე და 76-ე გრაფები (შემდგომში, შესაბამისად - №96 დადგენილების 35-ე და 76-ე გრაფები) არეგულირებს შემოსავლების სამსახურის მიერ კონკრეტული მომსახურების გაწევისთვის გათვალისწინებული საფასურის ოდენობებს. კერძოდ, №96 დადგენილების 35-ე გრაფის თანახმად, 3 სამუშაო დღეში საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემისთვის საფასური შეადგენს 10 ლარს, ხოლო №96 დადგენილების 76-ე გრაფის მიხედვით, მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღების საფასურია 30 ლარი.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად“. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია საკუთრების უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძველსა და წესს.
5. №1533 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „შპს ლექსიკამ“ მიმართა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის მისაღებად და №96 დადგენილების 35-ე გრაფის საფუძველზე, აღნიშნული ცნობის 3 დღეში გაცემისათვის გადაიხადა მომსახურების საფასური - 10 ლარი.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობა წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებულ ინფორმაციას, რომლის მიღებისთვისაც გადასახადის გადამხდელს არ უნდა ეკისრებოდეს საფასურის გადახდა. შესაბამისად, №96 დადგენილების 35-ე გრაფის გასაჩივრებული სიტყვები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს, რომელიც განამტკიცებს საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის უფლებას.
7. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, №96 დადგენილების 35-ე გრაფის გასაჩივრებული სიტყვები წინააღმდეგობაშია აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით დაცულ თანასწორობის უფლებასთან. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში შესადარებელ სუბიექტებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, გადასახადის გადამხდელი პირები, რომლებიც ითხოვენ საჯარო დაწესებულებაში მათ შესახებ დაცული ინფორმაციის, კერძოდ, საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემას, ხოლო, მეორე მხრივ, საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული სუბიექტები. სადავო ნორმა გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის მისაღებად აკისრებს 10 ლარის გადახდის ვალდებულებას, მაშინ, როდესაც იმავე მოცულობის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის მიმღებს უწევს გაცილებით ნაკლები, კერძოდ, მხოლოდ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის საჭირო თანხის გადახდა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ არსებული ინფორმაცია, საჯარო ინფორმაციის მსგავსად, განეკუთვნება საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის სახეს და განსახილველ შემთხვევაში მისი იდენტურია, შესაბამისად, აუხსნელია, თუ რატომ ეკისრებათ იდენტური ინფორმაციის მიღებისთვის შესადარებელ სუბიექტებს განსხვავებული ოდენობის საფასურის გადახდის ვალდებულება.
8. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო დეკლარაციის მატერიალური ფორმით მიღებისათვის №96 დადგენილების 76-ე გრაფით გათვალისწინებულ საფასურს, რომელიც შეადგენს 30 ლარს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საჯარო დაწესებულებები ფინანსდება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადახდილი გადასახადებისაგან, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის განცხადების დარეგისტრირებისათვის, ისევე, როგორც ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისათვის, რაიმე საფასურის დაწესება დაუშვებელია. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმა შემოსავლების სამსახურს უფლებას აძლევს, არ მიიღოს გადასახადის გადამხდელის მიერ ფოსტით გაგზავნილი მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაცია, თუ განმცხადებელს არ ექნება გადახდილი შესაბამისი საფასური და, ამ ნორმის საფუძველზე, დააჯარიმოს კიდეც იგი, როგორც ეს მოხდა მოსარჩელის შემთხვევაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ №96 დადგენილების 76-ე გრაფით დადგენილი წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტს, ვინაიდან პირი ვერ ახდენს ამ კონსტიტუციური დებულებით დაცული სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების რეალიზებას.
9. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა გასაჩივრებული საფასურების დაწესებას, ისევე, როგორც არაგონივრულია თავად საფასურების არსებული ოდენობა. მოსარჩელის მტკიცებით, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ დადგენილი ნებისმიერი საფასური ხვდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცულ სფეროში და ეწინააღმდეგება საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.
10. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ №96 დადგენილების 35-ე და 76-ე გრაფებით შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემისათვის და საგადასახადო დეკლარაციის მატერიალური ფორმით მიღებისათვის გათვალისწინებული საფასურები დადგენილია კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნის დარღვევით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული საფასურები, თავისი არსით, წარმოადგენს მოსაკრებელს. მოსაკრებლის სტრუქტურისა და შემოღების წესის, ასევე განაკვეთების და განაკვეთების ფარგლების დადგენა კი, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, შესაძლებელია მხოლოდ კანონით და არა მთავრობის ნორმატიული აქტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არაკონსტიტუციურია „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობისათვის გასაჩივრებული საფასურების, მათი განაკვეთებისა და გადახდის წესის განსაზღვრის უფლებამოსილების დელეგირება.
11. ამასთან, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები არის იმ ნორმების ანალოგიური შინაარსის მქონე, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილებით საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“. მოსარჩელე მხარის აზრით, მოხმობილ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასური არსებითად არის მოსაკრებელი, რომელიც უნდა დადგინდეს მხოლოდ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის და არა მთავრობის ნორმატიული აქტის საფუძველზე.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, კონსტიტუციურობის შემოწმების ნაწილში, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე.
13. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში მიუთითოს არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენს სადავო ნორმის საფუძველზე მისი უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვას, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციის მითითებული უფლებით დაცულ სფეროს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/3/617 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ირაკლი საბანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1533 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარე ითხოვს №96 დადგენილების 35-ე გრაფის სიტყვების: „საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემა 3 სამუშაო დღე 10 ლარი“, არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. №96 დადგენილების 35-ე გრაფის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ 10 სამუშაო დღეში საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემა არის უფასო, ერთ სამუშაო დღეში აღნიშნული ცნობის გაცემისათვის საფასური შეადგენს 20 ლარს, ხოლო, 3 სამუშაო დღეში ცნობის გაცემის საფასურია 10 ლარი.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს საჯარო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლებას. შესაბამისად, „ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევა სახეზეა მაშინ, როდესაც სადავო ნორმები ზღუდავს სახელმწიფო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციაზე [...] ხელმისაწვდომობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-11).
5. კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული მსჯელობის თანახმად, მოსარჩელის პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, მას, როგორც გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის მისაღებად ევალება 10 ლარის გადახდა საფასურის სახით. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ინფორმაციის მიღება უნდა შეეძლოს უფასოდ, როგორც ეს ხდება დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში.
6. №96 დადგენილების 35-ე გრაფის ანალიზიდან ირკვევა, რომ გარდა დაჩქარებული წესით საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემისა, აღნიშნული გრაფა შეიცავს ზოგად, ალტერნატიულ წესს, რომლის თანახმადაც, 10 სამუშაო დღეში აღნიშნული ცნობის გაცემა არის უფასო. ამდენად, კანონმდებლობა ითვალისწინებს სამართლებრივი ურთიერთობის იმგვარ გადაწყვეტას, რომლის ფარგლებშიც საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის მიღების შესაძლებლობა პირს გააჩნია როგორც კანონმდებლობით დადგენილ რეგულარულ ვადებში უფასოდ, აგრეთვე არსებობს აღნიშნული ცნობის დაჩქარებულ ვადებში მიღების შესაძლებლობაც.
7. განსახილველ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გასაჩივრებულია №96 დადგენილების 35-ე გრაფის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ადგენს საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით გაცემას, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ. შესაბამისად, ერთი მხრივ, მოსარჩელე სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დასახელებული ცნობის საფასურის გადახდის გარეშე გაცემის შესაძლებლობას და, ამავდროულად, იგი ეჭვქვეშ არ აყენებს იმავე გრაფის საფუძველზე, რეგულარულ ვადაში საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის უფასოდ გაცემის მარეგულირებელი წესის კონსტიტუციურობას, რომელიც პასუხობს მის პრობლემას. აქედან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის უფასოდ გაცემის არსებული წესის კონსტიტუციურობას, გაუგებარია, რაში გამოიხატება, მოსარჩელისთვის გასაჩივრებული დებულებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვა.
8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1533 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება №96 დადგენილების 35-ე გრაფის სიტყვების „საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემა 3 სამუშაო დღე 10 ლარი“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის აგრეთვე №96 დადგენილების 35-ე გრაფის სიტყვების „საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემა 3 სამუშაო დღე 10 ლარი“ კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს ან ადგილი აქვს უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამასთან, თანასწორობის უფლების „მოთხოვნა ვერ იქნება პირთა განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩენის აკრძალვა რაიმე ცვალებადი ფაქტობრივი მოცემულობის გამო, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ამ პირებს ან მათ ამა თუ იმ კუთვნილებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
12. თანასწორობის უფლებასთან მიმართებით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე მხარე არსებითად იმეორებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შეზღუდვის დასაბუთებისას განვითარებულ მსჯელობას, კერძოდ, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ პირს, საკუთარი საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის მისაღებად, ეკისრება მომსახურების საფასურის სახით 10 ლარის გადახდის ვალდებულება მაშინ, როდესაც იმავე მოცულობის საჯარო ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირს ევალება მხოლოდ დოკუმენტის ასლის გადაღებისთვის საჭირო თანხის ანაზღაურება.
13. მოცემულ შემთხვევაში, უპირველესად, უნდა აღინიშნოს, თავად სადავო ნორმის ბუნება. კერძოდ, გასაჩივრებული ნორმა თავისი შინაარსით ნეიტრალური ბუნებისაა და მოსარჩელის მიერ დასახელებული შესადარებელი სუბიექტებისათვის იგი არ ადგენს განსხვავებულ სამართლებრივ წესრიგს. სადავო ნორმა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, რომელიც უფლებამოსილია, მიმართოს შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის 3 სამუშაო დღეში გაცემისათვის, უნდა გადაიხადოს მომსახურების საფასური - 10 ლარი. შესაბამისად, ცალსახაა, რომ გასაჩივრებული რეგულაცია არ გამოყოფს პირთა ამა თუ იმ კატეგორიას რაიმე კუთვნილების ან ნიშნის მიხედვით და არ უდგენს მათ ფინანსურ შეღავათებს, ისევე, როგორც არ აყენებს მათ რაიმე უპირატეს მდგომარეობაში.
14. სადავო ნორმის ნეიტრალური შინაარსის მიღმა, მოსარჩელე ასევე ცდება შესადარებელი კატეგორიების იდენტიფიცირების კუთხით. კერძოდ, მოსარჩელე მხარე შესადარებელ პირებად ასახელებს, ერთი მხრივ, გადასახადის გადამხდელს, რომელიც სარგებლობს დაჩქარებული მომსახურებით (და არა ცნობის გაცემის ალტერნატიული, უფასო მიწოდების სერვისით), რაც, როგორც წესი, სახელმწიფოს მიერ დამატებითი რესურსების მობილიზებასთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული და, შესაბამისად, ამ მომსახურებისთვის პირი იხდის გარკვეულ საფასურს, ხოლო, მეორე მხრივ, საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებულ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმებით და არ სარგებლობს ამ ინფორმაციის მიღების დაჩქარებული სერვისით. მაშასადამე, ამ შემთხვევაში სახეზეა ორი განსხვავებული ფაქტობრივი მოცემულობა და, ბუნებრივია, თითოეული მათგანისთვის, სახელმწიფოს მხრიდან, დადგენილია განსხვავებული სამართლებრივი წესრიგი. ამასთან, განსხვავებულ სამართლებრივ წესრიგში მოქცევა გამორიცხავს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სუბიექტების არსებითად თანასწორ სუბიექტებად მიჩნევას კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში მათი უფლებრივი მდგომარეობის შედარების თვალსაზრისით.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმის შინაარსს და მისგან მომდინარე უფლების შეზღუდვას. შესაბამისად, №1533 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება №96 დადგენილების 35-ე გრაფის სიტყვების „საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემა 3 სამუშაო დღე 10 ლარი“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
16. მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს №96 დადგენილების 76-ე გრაფის სიტყვების „მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღება ერთი დეკლარაცია – 30 ლარი“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
17. როგორც სადავო ნორმიდან ირკვევა, იგი განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის მიერ მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღების საფასურს.
18. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის დროულად და სამართლიანად განხილვის უფლება, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქმნის კონსტიტუციური უფლებების ან/და კანონიერი ინტერესების დაცვის პროცესუალურ გარანტიას [...] ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ზღუდავს საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დროულად, სამართლიანად განხილვასთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/15/1403 განჩინება საქმეზე „სულხან გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
19. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კონსტიტუციით განმტკიცებულია, დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადებით მიმართვის უფლება ყოველგვარი წინაპირობის, მათ შორის, საფასურის დადგენის გარეშე, შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმა, რომელიც საგადასახადო დეკლარაციების მატერიალური ფორმით წარდგენისათვის ადგენს საფასურს, წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან.
20. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმა საფასურს აწესებს შემოსავლების სამსახურს მიერ საგადასახადო დეკლარაციის მატერიალური ფორმით მიღებისათვის. თუმცა, გარდა მატერიალური ფორმით დეკლარაციის წარდგენისა, კანონმდებლობა იცნობს აგრეთვე საგადასახადო ორგანოსათვის საგადასახადო დეკლარაციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობას.
21. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, „გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს დოკუმენტი შეიძლება წარუდგინოს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით“. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, „შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით ...“. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს საფასურებს შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებისათვის, საფასურს ადგენს საგადასახადო დეკლარაციის მხოლოდ მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში. მაშასადამე, გადასახადის გადამხდელს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს შემოსავლების სამსახურის უფასო მომსახურებით თუ იგი იმავე დეკლარაციას წარადგენს ელექტრონული ფორმით. ამგვარ მოწესრიგებაზე მიუთითებს აგრეთვე გასაჩივრებული დადგენილების 19 მუხლიც, რომლის თანახმად, №96 დადგენილების 76-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელდება, მათ შორის, იმ საგადასახადო დეკლარაციებზე, რომელთა საგადასახადო ორგანოში ელექტრონული ფორმით წარდგენა ვერ ხორციელდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის არარსებობის გამო.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დეკლარაციის წარდგენისთვის სთავაზობს ორ ალტერნატიულ ფორმას. აქედან, შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო დეკლარაციის მატერიალური ფორმით მიღებისთვის დადგენილია საფასური 30 ლარის ოდენობით, ხოლო იმავე დეკლარაციის ელექტრონული ფორმით მიღება შემოსავლების სამსახურის მიერ არის უფასო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია, ისარგებლოს საგადასახადო ორგანოსათვის საგადასახადო დეკლარაციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობით, რა შემთხვევაშიც მას არ დაეკისრება საფასურის გადახდის ვალდებულება.
23. იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო დეკლარაციის მიღების რამდენიმე ალტერნატიულ შესაძლებლობას, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, კონსტიტუციურ სარჩელში დაასაბუთოს, რომ გასაჩივრებული, კონკრეტული გზით ქმედების განხორციელება - შემოსავლების სამსახურისთვის საგადასახადო დეკლარაციის მატერიალური ფორმით ჩაბარება, არის მისი კონსტიტუციური უფლების ნაწილი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, რომელიც, ამ თვალსაზრისით, წარმოაჩენდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოსარჩელე მხარეს ასევე არ წარმოუდგენია არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ შემოსავლების სამსახურისთვის საგადასახადო დეკლარაციის მატერიალური ფორმით წარდგენა მისთვის ერთადერთი და უალტერნატივო შესაძლებლობაა ან იმავე დეკლარაციის ელექტრონული ფორმით წარდგენა მეტისმეტად დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1533 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება №96 დადგენილების 76-ე გრაფის სიტყვების „მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღება ერთი დეკლარაცია – 30 ლარი“ კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
25. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის აგრეთვე №96 დადგენილების 35-ე და 76-ე გრაფების გასაჩივრებული სიტყვების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
26. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ დადგენილი ნებისმიერი საფასური ხვდება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცულ სფეროში. ამასთან, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილებას საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“. მოსარჩელის აზრით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასური არსებითად არის მოსაკრებელი, რომლის განსაზღვრაც შესაძლებელია მხოლოდ კანონით. შესაბამისად, ნებისმიერი საფასური, რომელიც დადგენილია არა კანონის, არამედ მთავრობის ნორმატიული აქტის საფუძველზე, ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს და წინააღმდეგობაშია საკუთრების უფლებასთან.
27. პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „გარკვეულ მომსახურებაზე საფასურის დადგენა, თავისთავად, საკუთრების უფლების შეზღუდვას არ იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/4/1438 განჩინება საქმეზე „„შპს ლექსიკა“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სასამართლო დავებზე სახელმწიფოს ბაჟის გადახდის ვალდებულების დადგენის კონსტიტუციურობა შეფასებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის №2/6/623 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). მოსარჩელის მიერ მითითებული 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები საკუთრების უფლების შემზღუდველად მიიჩნია, ვინაიდან ისინი ფინანსურ ტვირთს აწესებდნენ ისეთი ქმედების განხორციელებაზე, რომელიც სწორედ საკუთრების უფლებით არის დაცული. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ „სადავო ნორმა კერძო პირისგან სატელეფონო მომსახურების შესყიდვას უკავშირებს „112“-ის მომსახურების საფასურის გადახდას. როგორც უკვე აღინიშნა, კერძო პირისაგან ამა თუ იმ მომსახურების შესყიდვის მიზნით, სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში თავისუფლად შესვლა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ პირის ფინანსური ვალდებულებების წარმოშობა უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული ქმედების განხორციელებას. ამდენად, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების შეზღუდვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-14). მაშასადამე, მოცემულ საქმეზე საკუთრების უფლების შეზღუდვას განაპირობებდა არა, თავისთავად, მოსაკრებლის დადგენის ფაქტი, არამედ ის, რომ მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოადგენდა სატელეფონო მომსახურების გამწევ პირსა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულების თავისუფლად დადების შეზღუდვას.
28. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ მოხმობილ გადაწყვეტილებაში შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენდა კონკრეტული მომსახურების სანაცვლოდ დადგენილი საფასური და მისი ბუნება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში არ დაუდგენია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დადგენილი საფასური a priori არის მოსაკრებელი, შესაბამისად, ამ კუთხით, კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული მსჯელობა არის არასწორი. მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება, ყოველ ჯერზე თავად წარმოაჩინოს, რომ კონკრეტული მომსახურების სანაცვლოდ დადგენილი საფასური თავისი ბუნებით არის მოსაკრებელი და დაასაბუთოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებთან მისი შეუსაბამობა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, პირის სარჩელის საფუძველზე, მხოლოდ უფლებაშემზღუდველი ნორმები ცნოს არაკონსტიტუციურად. პირი ვერ მოითხოვს, თუნდაც კონსტიტუციით დადგენილი ფორმის დარღვევით მიღებული ისეთი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც მის უფლებას არ ზღუდავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/4/1438 განჩინება საქმეზე „„შპს ლექსიკა“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ იდაოს კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნების დარღვევაზე, პირველ რიგში, აუცილებელია, მოსარჩელემ მოახდინოს სადავო ნორმის საფუძველზე უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება.
29. №1533 კონსტიტუციურ სარჩელში არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი მყარი არგუმენტი, რომელიც წარმოაჩენდა სადავო ნორმების საფუძველზე საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას და, ასევე, მათ შეუსაბამობას კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებთან. როგორც აღინიშნა, მხოლოდ ამა თუ იმ მომსახურების სანაცვლოდ დაწესებულ საფასურზე მითითება, ისევე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მოხმობა, სადაც სასამართლომ იმსჯელა გასაჩივრებულისაგან სრულიად განსხვავებული სამართლებრივი ურთიერთობისთვის დადგენილი საფასურის კონსტიტუციურობაზე, ვერ გამოდგება (საკუთრების) უფლების შეზღუდვის მტკიცებისთვის თვითკმარ არგუმენტად.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1533 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება №96 დადგენილების 35-ე და 76-ე გრაფების გასაჩივრებული სიტყვების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
31. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის აგრეთვე „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
32. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი არ ადგენს კონკრეტული მომსახურების საფასურს, იგი ახდენს შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების და მათი განაკვეთების, აგრეთვე მომსახურების საფასურის გადახდის წესის განსაზღვრის დელეგირებას საქართველოს მთავრობაზე.
33. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს დასახელებულ ნორმასთან მიმართებით ცალკე არგუმენტაცია არ წარმოუდგენია და მას განიხილავდა სხვა სადავო ნორმებთან კავშირში. ერთადერთი დამატებითი არგუმენტი ამ ნორმასთან მიმართებით არის ის, რომ მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიაჩნია, ზოგადად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების და მათი განაკვეთების, აგრეთვე მომსახურების საფასურის გადახდის წესის განსაზღვრის დელეგირება საქართველოს მთავრობაზე.
34. როგორც აღინიშნა, იმისათვის, რომ იდაოს კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნების დარღვევაზე, პირველ რიგში, აუცილებელია, მოსარჩელემ მოახდინოს სადავო ნორმის საფუძველზე უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება. როგორც უკვე დადგინდა, კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაციით, მოსარჩელე მხარემ დასახელებული კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის იდენტიფიცირება ვერ შეძლო.
35. ამდენად, №1533 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1533 კონსტიტუციური სარჩელი („შპს ლექსიკა“ და „შპს კომპანია სალუტი SALUTE Company“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი