სს „თიბისი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/6/677 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 25 ნოემბერი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 45-ე მუხლთან და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N677) მიმართა სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკმა“. N677 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 28 ოქტომბერს.
2. N677 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა თხოვნით, მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყონებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან, თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრების უფლებას. 42-ე მუხლი ყოველ ადამიანს ანიჭებს უფლებას, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. კონსტიტუციის 45-ე მუხლის თანახმად, „კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე“, ხოლო 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დავა, რომელშიც ერთ-ერთ მოპასუხეს წარმოადგენს სს „თიბისი ბანკი“. ამ დავის ფარგლებში მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილება გამოიწვევს გამოუსწორებელ მატერიალურ ზიანს და მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევას.
6. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების რამდენიმე ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტურ ქვაკუთხედს, ვინაიდან შეუძლებელია არსებობდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უფლება, თუ ერთი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აუცილებელი წესით, არ ექვემდებარება შემოწმებას ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ.
7. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება დასაშვებია, თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობამ შესაძლოა გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან დაუყოვნებლივ აღსრულების გარეშე გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდეს. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ამგვარი დისპოზიცია ზოგადი ხასიათისაა და შესაბამისად, სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ისეთი საქმეები, რომელთა დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობა არ არსებობს. ამგვარად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ბუნდოვანია და აძლევს მოსამართლეს შესაძლებლობას, შეხედულებისამებრ განმარტოს იგი და დაარღვიოს მხარის საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება ისე, რომ არ დაუტოვოს მას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში უფლების დაცვის ეფექტური საშუალება.
8. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის 11 პუნქტის მიხედვით, მხარეები წინასწარ, სხვადასხვა გარემოებების ანალიზის შედეგად თავად განსაზღვრავენ კერძო ხასიათის კონკრეტულ სამოქალაქო დავაზე პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხს. მოსარჩელის აზრით, ამგვარი რეგულირება სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, განსხვავებით სადავო ნორმით დადგენილი რეგულირებისგან, რომელის საფუძველზეც, მოსამართლე უფლებამოსილია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, მიუხედავად იმისა, რამდენად არის ეს გათვალისწინებული მხარეთა შეთანხმებით.
9. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს საპროცესო უზრუნველყოფის ინსტიტუტს. ამგვარად, გაურკვეველია, რა სახის მნიშვნელოვან ზიანს შეიძლება გულისხმობდეს სადავო ნორმა. მოსარჩელის აზრით, დაუშვებელია იმგვარ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, როდესაც საქმე ეხება ორ სამეწარმეო სუბიექტს შორის დავას, გამოყენებულია მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება და, შესაბამისად, არანაირი საფრთხე არ ემუქრება გადაწყვეტილების სამომავლო აღსრულებას.
10. მოსარჩელის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის ჩანაწერი ძალიან ზოგადი ხასიათისაა და თავისუფლად შესაძლოა საერთო სასამართლოების მიერ გამოყენებულ იქნას ფართოდ, არსებული დავის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე. ამგვარად, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნას.
11. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 45-ე მუხლთან და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
12. მოსარჩელე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკმაყოფილდება შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ, სს „თიბისი ბანკს“ შესაძლოა დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება, ვინაიდან მოსარჩელე მხარე (თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეში) წლების მანძილზე წარმოადგენდა გადახდისუუნარო კომპანიას. შესაბამისად, მაღალია ალბათობა, რომ ზემდგომ ინსტანციაში დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი სს „თიბისი ბანკი“ ვერ შეძლებს თანხის დაბრუნებას. ამასთან, საერთო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება გამოიწვევს შეუქცევად პროცესს, რასაც გამოუსწორებელი ზიანი მოჰყვება მოსარჩელისთვის.
13. ამგვარად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამავდროულად, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლებმა - ეკატერინე ეგუტიამ და თამთა ივანიშვილმა 2015 წლის 2 ნოემბერს წერილობითი განცხადებით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, უარი თქვეს სასარჩელო მოთხოვნაზე და მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, საქმეზე „სს „თიბისი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“(კონსტიტუციური სარჩელი №677) სამართალწარმოება უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №677 კონსტიტუციურ სარჩელზე („სს „თიბისი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა