სს „თიბისი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N677 |
ავტორ(ებ)ი | სს „თიბისი ბანკი“ |
თარიღი | 28 ოქტომბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მიგვაჩნია, რომ სახეზეა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობები. კერძოდ, სარჩელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია და სარჩელი შეტანილია იურიდული პირის მიერ, რომელიც უფლებამოსილია საკონსტიტუციო სასამართლოში იდავოს ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან შესაბამისობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს შემდეგს: “მუხლი 268. დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები 1. სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე) ამოღებულია (13.07.2006. N3435) ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება”. როგორც ზემოაღნიშნული პასაჟიდან ჩანს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად: სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები „ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. აღნიშნული მუხლი ბუნდოვანია და აძლევს მოსამართლეს დისკრეციულ შესაძლებლობას, შეხედულებისამებრ განმარტოს იგი და დაარღვიოს მხარის საკუთრების და სამართლიანი სასამართლოს უფლება ისე, ისე რომ არ დაუტოვოს მას ზემდგომ ინსტანციაში ეფექტური გასაჩივრების საშუალება. სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში კანონმდებელს დადგენილი აქვს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების სახელშეკრულებო და კანონისმიერი საფუძვლები, რომელიც არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს, სამართლიანი სასამართლოსა და კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს. ხოლო „ზ“ ქვეპუნქტი არსებითად სცილდება კონსტიტუციით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა საზღვრებს. აღიარებულია მხარეთა უფლება დადონ გარიგება/შეთანხმება, გაითვალისწინონ მატერიალური ასევე პროცესუალური სამართლებრივი დისპოზიცური ნორმის დებულებისგან განსხვავებული სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი პირობები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი (პრიმა) პუნქტი აძლევს მხარეებს სწორედ ასეთ შესაძლებლობას, რათა მათ გადაწყვიტონ სამოქალაქო საპროცესო სამართლებრივი ბერკეტის გამოყენების საკითხი ურთიერთშეთანხმების, წინასწარ გაანალიზების საფუძველზე. მხარეები წინასწარ თავად განსაზღვრავენ კერძო ხასიათის კონკრეტულ სამოქალაქო დავაზე პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნეს თუ არა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც კონსტიტუციით სრულიად ლეგიტიმურია. სწორედ რომ მსგავსი ხასიათის კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებზე არის დაუშვებელი (გარდა მხარეთა წინასწარი შეთანხმებისა) სამოსამართლო დისკრეციის - ანუ სსკ-ის 268-ე მუხლის „ზ“ პუნქტის გავრცელება. ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დავა (საქმე N 2/18913-14) ს.ს. „ფოთის წისქვილქარხანა“-ს სარჩელის გამო მოპასუხეების, ს.ს. „თიბისი ბანკი“-ს, შ.პ.ს. „აგრიკომი“-ს, შ.პ.ს. „პორტლენდი“-ს და სხვათა წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე ითხოვს 20/12/2010წ. ს/ს „თიბისი ბანკი“-ს მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამჟამად სადავო თანხის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 32 მილიონ აშშ დოლარს (იხ. თანდართული 29/10/2010წ. სარჩელი). ციტირებული მუხლის არაკონსტიტუციური შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შეძლო სასამართლოს წინაშე დაეყენებინა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე (იხ. თანდართული შუამდგომლობის ტექსტი). იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრებულ ნორმაზე დაყრდნობით სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის შუამდგომლობას, ცალსახაა, რომ მოპასუხეებს მიადგებათ გამოუსწორებელი ზიანი და დაირღვევა მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების რამდენიმე ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტურ ქვაკუთხედს, ვინაიდან შეუძლებელია არსებობდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უფლება ისეთ საზოგადოებაში, სადაც ერთი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აუცილებელი წესით არ ექვემდებარება შემოწმებას ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ. აქედან გამომდინარეობს პრინციპი, რომ აღსრულებას ექვემდებარება მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ანუ ისეთი გადაწყვეტილება, რომლის კანონიერება შემოწმებული იქნა რამდენიმე ინსტანციის სასამართლოს მიერ ან რომლის გასაჩივრებაზეც მხარეებმა უარი თქვეს კანონით დადგენილი წესით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების რამდენიმე ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობა ემსახურება კონკრეტულ მიზანს - მისი კანონიერება და დასაბუთებულობა გადამოწმებულ უნდა იქნას რამდენიმე სხვადასხვა ინსტანციისა და შესაბამისად, სხვადასხვა მოსამართლის მიერ, რათა წაგებული მხარე დარწმუნდეს გადაწყვეტილების სამართლიანობაში. შესაბამისად, იმისათვის, რათა უგულებელყოფილი იყოს ეს პრინციპი და აღსასრულებლად მიექცეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ არის შემოწმებული რამდენიმე ინსტანციის მიერ, საჭიროა სახეზე იყოს თანაბარი ან მასზე მნიშვნელოვანი სიკეთე, როგორიც არის გარკვეული სოციალური კლასის საჭიროება დაუყოვნებლივ აღსრულდეს გადაწყვეტილება; საქმის სიმარტივე და ინტერესი, არაკეთილსინდისიერად არ იქნას პროცესი გაჭიანურებული და ა.შ. დაუშვებელია ზემოაღნიშნული კონსტიტუციური პრინციპის უგულებელყოფა იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს ორ მეწარმე სუბიექტს შორის დავასთან, სადაც მოპასუხე მხარის პოზიცია საკმაოდ კარგად არის არგუმენტირებული (რაც ზრდის ზემდგომი ინსტანციების მიერ მისი გაზიარების ალბათობას). კანონმდებელი ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გარკვეული სახის საქმეებზე შესაძლოა აუცილებელი იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულება. მათ სიაში მითითებულია გადაწყვეტილებები ალიმენტის შესახებ, უკანონოდ დათხოვნილი მუშაკის აღდგენის შესახებ, თამასუქის ან ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები და ა.შ. თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩამონათვალს დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ კანონმდებლობა უშვებს ძირითადად ორი კატეგორიის საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას: (ა) თუ საქმის შედეგი ერთ-ერთი მხარისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია მხარის სოციალური სტატუსიდან გამომდინარე (გათავისუფლებული თანამშრომელი; პირი, რომელიც რჩენას საჭიროებს) და (ბ) განსაკუთრებული სიმარტივის საქმეები (როგორიცაა წარმოება თამასუქისა და ჩეკის თაობაზე). აღნიშნული ცხადყოფს, რომ დაუშვებელია იმგვარ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, სადაც საქმე ეხება ორ სამეწარმეო სუბიექტს შორის დავას, გამოყენებულია მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება და შესაბამისად, არანაირი საფრთხე არ ემუქრება გადაწყვეტილების სამომავლო აღსრულებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დისპოზიცია უკიდურესად ზოგადი ხასიათისაა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობად იგი ადგენს შემდეგ კრიტერიუმებს: (ა) თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობამ შესაძლოა გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს; ან (ბ) დაუყოვნებლივ აღსრულების გარეშე გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. შესაბამისად, ცხადია, რომ აღნიშნული ნორმის დისპოზიცია სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ისეთი საქმეები, რომელთა დაუყოვნებლივ აღსრულებაში არანაირი ლოგიკა და რაც მთავარია, არანაირი აუცილებლობა არ არის. გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმდებლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობას უკავშირებს მოსალოდნელ მნიშვნელოვან ზიანს. „მნიშვნელოვანი ზიანი“, თავისი არსით, საკმაოდ ზოგადი კატეგორიაა და არ ასახავს იმ კონკრეტულ შემთხვევებს, რა შემთხვევებშიც უნდა იქნას გამოყენებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა. იმისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ნორმების უსამართლო და ფართო ინტერპრეტაცია, აუცილებელია, გასაჩივრებული ნორმის შინაარსი დაკონკრეტდეს. ამასთან, გამკაცრებულ უნდა იქნას თავად სასამართლოს შემოწმების სტანდარტი. კერძოდ, იგი უნდა უკავშირდებოდეს არა „მნიშვნელოვან“, არამედ შუამდგომლობის ავტორი მხარისათვის „გამოუსწორებელ“ ზიანს. ანუ გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულება უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების გარეშე მხარეს გამოუსწორებელი ზიანი ადგება და აღარ იარსებებს მისი უფლებების დაცვის სხვა ეფექტური მექანიზმი. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ მაშინ როცა საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორიც არის საპროცესო უზრუნველყოფის ინსტიტუტი (რაც გამოყენებულ იქნა კიდეც ს/ს „ფოთის წისქვილქარხანა“-ს სასარგებლოდ), გაუგებარია, თუ მოსარჩელეებისათვის მოსალოდნელ რა მნიშვნელოვან ზიანზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ს/ს „თიბისი ბანკი“ აცნობიერებს თუ რა დატვირთვის მატერებელი შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობა. თუმცა, ისიც ცხადია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის ჩანაწერი ძალიან ზოგადი ხასიათისაა და თავისუფლად შესაძლოა გამოყენებული იქნას საერთო სასამართლოების ფართოდ, მხარეთა შორის არსებული დავის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია პრაქტიკა, რომ ნორმა არაკონსტიტუციურია არა მხოლოდ მაშინ, როცა ცალსახად არაკონსტიტუციურია მისი დისპოზიცია. ნორმა ასევე შეიძლება ჩაითვალოს არაკონსტიტუციურად იმ შეთხვევაში, თუ იგი იმდენად ზოგადი ხასიათისაა, რომ მისი თუნდაც ერთი ინტერპრეტაცია შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს დავა ორ ბიზნეს სუბიექტს შორის. მოპასუხეები არიან მოქმედი და შესაბამის სფეროში წარმატებული კომპანიები. უფრო მეტიც, ერთ-ერთი მოპასუხე საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. და ბოლოს, მხარეები მათ შორის დადებული არც ერთი ხელშეკრულებით არ შეთანხმებულან პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ საფრთხე არ დაემუქრება სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულებას, თუნდაც მსგავსი გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ იქნას მიღებული. თეორიულად რომც ჩავთვალოთ, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებით მოსარჩელეს „მნიშვნელოვანი ზიანი“ ადგება (თუმცა ჩვენს მერ წარმოდგენილი შუამდგომლობის ტექსტი მიუთითებს, რომ იგი ვერანაირად ვერ ადასტურებს თუნდაც რაიმე სახის ზიანის დადგომის ფაქტს. ლაპარაკიც კი ზედმეტია მნიშვნელოვან ზიანზე), მსგავსი „მნიშვნელოვანი ზიანი“ არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების წინაპირობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსარჩელეს აქვს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების საშუალება და შესაძლებლობა ცალკე სასარჩელო წესით იდავოს მატერიალურ ზიანზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ცხადი ხდება, რომ თუნდაც სახეზე იყოს რაიმე სახის „მნიშვნელოვანი ზიანი“, აღნიშნული ვერ ჩაითვლება იმ კატეგორიად, რომელმაც ინტერესების და უფლებათა შეპირისპირების ტესტში (რასაც თავის თავში მოიაზრებს უფლების შეზღუდვის ანალიზი თანაზომიერების პრინციპთან მიმართებით) უნდა გადაწონოს სამართლიანი სასამართლოს უფლება. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, დავის განხილვა მინიმუმ ორი ინსტანციის მიერ წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს საყოველთაოდ აღიარებულ კომპონენტს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი არსებული რედაქციით არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21.1-ე და 42.1-ე მუხლებს მისი უზოგადესი და ბუნდოვანი შინაარსის გამო და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა