საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/2/575 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 14 მაისი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი;
3. მაია კოპალეიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების სიტყვების „ან კანონიერ მფლობელობაში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №575) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №575 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 12 თებერვალს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 4 დეკემბერს.
3. №575 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს დანაშაულის საგნის, დანაშაულის იარაღის და დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევის წესს. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამგვარი ქონების ჩამორთმევა გულისხმობს ბრალდებულის ან მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისთვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ქონების ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი აუცილებლობიდან, ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან, ასევე ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნიდან გამომდინარე.
5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
6. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი სადავოდ მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის მხოლოდ იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ადგენს ბრალდებული ან მსჯავრდებული პირისთვის მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობას. მოსარჩელის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ჩამორთმეული ქონების მესაკუთრე არის არა ბრალდებული ან მსჯავრდებული, არამედ მესამე პირი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ინტერესი ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
7. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული არ არის ჩამორთმეული ქონების მესაკუთრის პროცესში მონაწილეობის ან საპროცესო აქტის გასაჩივრების სამართლებრივი მექანიზმი. ამასთანავე, მოსარჩელის აზრით, საპროცესო კანონმდებლობა ემყარება გარკვეულ პროცედურულ-სამართლებრივ წესრიგს, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობის არარსებობა სასამართლოსთვის მიმართვის აკრძალვას უთანაბრდება. შესაბამისად, ქონების მესაკუთრეს, მხოლოდ რეგრესული წესით, სამოქალაქო სამართალწარმოების გზით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა რჩება ქონების მფლობელისგან, გამოყენებული ღონისძიების კანონიერების შეფასების სამართლებრივი მექანიზმი კი არ არსებობს.
8. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმა არ წარმოადგენს სასამართლოსთვის მიმართვის ამკრძალავ ნორმას და თავისი შინაარსით მატერიალურ-სამართლებრივია. მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ინსტიტუტით დადგენილია შეზღუდვა და გათვალისწინებული არ არის მისი დაცვის პროცედურული მექანიზმი, მოსარჩელის აზრით, მთლიანად ინსტიტუტის არაკონსტიტუციურობის საფუძველია.
9. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სამოქალაქო წესით ქონების კანონიერი მფლობელისგან ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობის მიუხედავად, ქონების მესაკუთრეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იდავოს ქონების ჩამორთმევის მართლზომიერებაზე.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს და ითხოვს მის არაკონსტიტუციურად ცნობას.
11. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1.კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად ჩაითვლება, თუ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ უკავშირდება გასაჩივრებულ ნორმებს. „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება N2/3/412 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
2.ამავდროულად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების ერთ-ერთი წინა პირობაა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს დაანახვოს ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და შესაბამის კონსტიტუციურ უფლებას შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1), წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
3.მოსარჩელე მხარე სადავოდ მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების სიტყვების „ან კანონიერ მფლობელობაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მისი მტკიცებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას იმდენად, რამდენადაც საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის სადავო ნორმაზე დაყრდნობით ჩამორთმეული ქონების მესაკუთრის სასამართლო პროცესში მონაწილეობის ან საპროცესო აქტის გასაჩივრების სამართლებრივი მექანიზმი. ამასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმა არ წარმოადგენს სასამართლოსთვის მიმართვის ამკრძალავ ნორმას და თავისი შინაარსით მატერიალურ-სამართლებრივია. მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ სადავო ნორმა მესამე პირის საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობას უშვებს და, ამასთან, არ ითვალისწინებს ქონების მესაკუთრის ინტერესების სათანადო დაცვის პროცესუალურ მექანიზმებს, მოსარჩელის აზრით, მთლიანად სადავო ნორმით განსაზღვრული მატერიალურ-სამართლებრივი ინსტიტუტის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ბრალდებულის ან მსჯავრდებულის კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობას იმ პირობებში, თუ ქონების მესაკუთრე უზრუნველყოფილი იქნება დაცვის სათანადო გარანტიებით. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართება, თუ იგი კრძალავს ბრალდებულის ან მსჯავრდებულის კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონების მესაკუთრის პროცესში მონაწილეობას და მის მიერ სასამართლოს აქტის გასაჩივრებას.
4. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან შესაბამისობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილებით. მოსარჩელე ამ თვალსაზრისით სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საეჭვოდ არ ხდის. ხსენებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ ასევე იმსჯელა სადავო ნორმის საფუძველზე საკუთრების ჩამორთმევისას მესაკუთრის დაცვის სამართლებრივი საშუალებების არსებობის აუცილებლობის შესახებ, თუმცა მიუთითა, რომ „ეს ნორმა არ შეიცავს აკრძალვას ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც არ გამორიცხავს კანონმდებლობაში ზემოაღნიშნული პროცედურების დამატებით გაწერის შესაძლებლობას ადეკვატური პროცედურების არარსებობის შემთხვევაში“ (საქართველს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
5.სადავო ნორმით დადგენილია დანაშაულის საგნის, დანაშაულის იარაღის და დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევის წესი. კერძოდ, აღნიშნული წესი გულისხმობს ბრალდებულის ან მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისთვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ქონების ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან, ასევე - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნიდან გამომდინარე.
6. აშკარაა, რომ სადავო ნორმის რეგულირების სფერო არ მოიცავს მოსარჩელის მიერ პრობლემურად მიჩნეულ საკითხებს. იგი არ აწესრიგებს მსჯავრდებულის, ბრალდებული ან სხვა დაინტერესებული პირის პროცესუალურ უფლებებს, არ განსაზღვრავს სასამართლოსადმი მიმართვის (მათ შორის, ქონების ჩამორთმევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების) საფუძვლებსა და წესს და, ამდენად, არ იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ცალკე განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვინც უფლებამოსილია, მიიღოს მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის განხილვაში ან/და გაასაჩივროს სასამართლოს მიერ ქონების ჩამორთმევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას არ აქვს შემხებლობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მეორე პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N575) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების სიტყვების „ან კანონიერ მფლობელობაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი