შპს "თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზია", შპს "გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა ლიცეუმი", შპს "ახალი ქართული გიმნაზია" საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1538 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | შპს "თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზია", შპს "გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა ლიცეუმი", შპს "ახალი ქართული გიმნაზია" |
თარიღი | 15 სექტემბერი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N 476 დადგენილება.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N 476 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი. | საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი: „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.“ |
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N 476 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი | საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი: „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.“ |
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N 476 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი | საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი: „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.“ |
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N 476 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტი | საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი: „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე და 31-ე პრიმა მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის
311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - იურიდიული პირის მიერ, რომელსაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. მოსარჩელეები წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სუბიექტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების მიწოდებას მოსწავლეებისთვის.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-6
პუნქტით; მე-6 მუხლის მე-2 პუნქტითა და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი
არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა
შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის
კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული
არ არის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სკოლების გარდა, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით.“
მე-3-4 პუნქტებით განსაზღვრულია „ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები“ და ასევე „ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვრა ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდა დადგენილებაში მითითებული მოცულობებით“ საჯარო სკოლებისთვის. მაგალითად, „ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/ სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 510 ლარით;“ „არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 459 ლარით;“ „მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 639 ლარით;“.
ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, „კერძო სკოლებისათვის ვაუჩერის ოდენობა განისაზღვროს 300 ლარით.“
2005 წლის ოქტომბრიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება ახალ სისტემაზე გადავიდა. 2005 წლის 14 ოქტომბრის N182 დადგენილებით განისაზღვრა ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობა - 220 ლარი. ასევე განისაზღვრა სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები: ქალაქი -1; სოფელი/დაბა - 1.5; მაღალმთიანი დასახლებული პუნქტები - 1.8.
აღსანიშნავია, რომ ამ დადგენილებაში 5-ჯერ შევიდა ცვლილება, ხდებოდა ვაუჩერის გაზრდა და 2009 წელს უკვე შეადგინა ქალაქის სკოლებისთვის - 345 ლარი; სოფელის/დაბი სკოლებისთვის - 475 ლარი; მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სკოლებისათვის კი - 565 ლარის ოდენობის სტანდარტული ვაუჩერი. ეს ვაუჩერი ერთნაირად ეძლეოდა როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს.
ხოლო დღეს მოქმედებს 2015 წლის საქართველოს მთავრობის N476 დადგენილება, სადაც სტანდარტული ვაუჩერის ოდენობა, კერძო სკოლების შემთხვევაში, შეადგენს მხოლოდ 300 ლარს.
გაურკვეველი და დაუსაბუთებელი მიზეზების გამო, სკოლებს შორის სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება. მოსწავლეზე გათვლილი სტანდარტული დაფინანსება, რომელსაც 1-ლი მუხლის მე-3-4 პუნქტების მიხედვით, სახელმწიფო აძლევს არათუ სკოლას, არამედ ბავშვს, მცირდება კერძო სკოლების შემთხვევაში. თუ საჯარო სკოლებისთვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვრება ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით, კერძო სკოლების შეთხვევაში, არ არის გათვალისწინებული არც საბაზო ფინანსური ნორმატივები და არც შესაბამისი კოეფიციენტები, შესაბამისად სტანდარტული ვაუჩერი არის 300 ლარი. აღნიშნული დაფინანსება, დღეს მოქმედი დადგენილებით, წლების მანძილზე იზრდებოდა, თუმცა ეს ცვლილებები კერძო სკოლებს არ შეხებიათ. მაგალითისთვის დადგენილების კონსოლიდირებული ვერსიის მიხედვით, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერი შეადგენს შემდეგი ოდენობით: 1-ლიდან მე-8 კლასის ჩათვლით: 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 510 ლარი [იყო 495 ლარი]; მაღალმთიან დასახლებაში – 684 ლარი [იყო 663 ლარი]; მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით: საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით გაიზარდა 606 ლარმდე. კერძო სკოლებში ეს ვაუჩერი სრულად არ მიყვება მოსწავლეს, არამედ მიყვება მხოლოდ და მხოლოდ 300 ლარი. ასევე არ აქვს მნიშვნელობა სკოლის მდებარეობას (მაგ: მაღალმთიანი სოფლები), მოსწავლეთა ოდენობას და ა.შ, როგორც ეს საჯარო სკოლების შემთხვევაშია, რომელიც განსაზღვრავს სტანდარტული ვაუჩერის ოდენობას.
აღნიშნული დანაწესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტს: „სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე.“ და საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი: „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.“
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მეწარმეობის თავისუფლება [...] წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. აღნიშნული ვალდებულებით სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისათვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი. მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობების სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგიტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-2).
მოგეხსენებათ, რომ სტანდარტული ვაუჩერის მიზანია ყოველი სკოლის მოსწავლისათვის განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემა, ამავე დროს დაფინანსება ეძლევა უშუალოდ მოსწავლეს. საბოლოოდ ეს ორი ფაქტორი უფლებას აძლევს მოსწავლეს არსებული დაფინანსება გამოიყენოს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლაში. ეჭვგარეშეა, რომ მოცემული სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის „პრინციპი“ ეწინააღმდეგება თავისუფალი კონკურენციის პრინციპს, რომლის დაცვასა და ხელშეწყობაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, ვინაიდან ბაზარზე მყოფ კონკურენტებს, რომელთა საქმიანობაც ერთი და იმავე სფეროს მიეკუთვნება, სახელმწიფომ არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა რომელიმე ერთ სუბიექტს და როდესაც უპირატესობის მინიჭება ხდება კანონით თუ კანონქვემდებარე აქტით, ეს არის თავისუფალი კონკურენციის პრინციპის დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-6 და 30 მუხლების დანაწესებს.
იმაზე მსჯელობაც, რომ სახელმწიფო ზრუნავს კონკურენციის განვითარებაზე, ზედმეტიც კი არის, რამეთუ სადავო პუნქტები სხვა რამეს მოწმობს. შემცირებული ვაუჩერები კერძო სკოლებს უბიძგებს, რომ გაზარდოს სწავლის საფასური, რომელიც საკმარისიც კი არ არის თუნდაც იმისთვის, რომ იგივე ხელფასი მისცეს მასწავლებლებს (მასწავლებლების ხელფასები რადიკალურად მაღალია საჯარო სკოლებში, კერძო სკოლებთან შედარებით. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N 163/ნ).
საჯარო სკოლები ისედაც ბევრი უპირატესობით სარგებლობს, როგორიცაა საბაზო დაფინანსება, რომელიც 33 ათასიდან 78 ათას ლარამდეა განსაზღვრული, რაც დამოკიდებულია სკოლის სიდიდეზე, მოსწავლეთა რაოდენობაზე და ა.შ. „უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი; წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი; მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი და ა.შ.“; „საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით,...საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურებისათვის 470 ლარი“; სკოლებში, სადაც მანდატური არ არის, „ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირის შრომის ანაზღაურებისათვის 125 ლარის ოდენობით.“; პირველკლასელებისთვის ნოუთბუქების არდარიგება, უფასო სახელმძღვანელოების გარეშე დატოვება, პედაგოგთა ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხი, ავტორიზაციის გაზრდილი საფასური, დაახლოებით 12000 ლარი (იყო 5500 ლარი).
როგორც მოგახსენეთ, მოცემული დაფინანსება გათვლილია ყოველ მოსწავლეზე, არათუ სკოლაზე. იგივე პრინციპი მოქმედებს უნივერსიტეტებშიც, თუმცა ამ შემთხვევაშუ დაფინანსება არათუ ავტომატურად, არამედ გამოცდების შედეგად მიღებული ქულებით განისაზღვრება. დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, ამ უკანასკნელის გამოყენების უფლება აქვს სტუდენტს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში და არ აკლდებათ დაფინანსების თანხა იმ მოტივით, რომ უნივერსიტეტი კერძოა ან სხვა მიზეზით. შესაბამისად, უნივერსიტეტებთან მიმართებაში, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-6 და 30-ე მუხლის დანაწესები.
რადგან სტანდარტული ვაუჩერი გაიცემა ყოველ მოსწავლეზე, აღნიშნული მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს უფლებას აძლევს შესაბამისი დაფინანსება გამოყენოს იმ სკოლაში, რომელიც მისთვის მისაღებია, ეს უკანასკნელი პირდაპირ ჩაწერილი იყო „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტში 2005- 2018 წლების რედაქციებში: „ყოველ მშობელს აქვს უფლება, სასკოლო ასაკს მიღწეული ბავშვის განათლების დასაფინანსებლად მიიღოს ვაუჩერი“. სახელმწიფო დაუსაბუთებელად უმცირებს მოსწავლისთვის განკუთვნილ სტანდარტულ ვაუჩერს კერძო სკოლას, მაშინ როცა „სახელმწიფომ უნდა შექმნას თანასწორი, სამართლიანი საბაზრო პირობები ბაზრის მონაწილე ეკონომიკური აგენტებისთვის. სახელმწიფოს მიერ ბაზრის რომელიმე სეგმენტზე განხორციელებულმა ჩარევამ არ უნდა გამოიწვიოს ცალკეული ეკონომიკური აგენტის (ან აგენტთა ჯგუფის) პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება და საფრთხე არ უნდა შეუქმნას ბაზრის ამავე სეგმენტის მონაწილე სხვა ეკონომიკური აგენტების მიერ საქმიანობის კონკურენტულ გარემოში განხორციელების უფლებას. დაუშვებელია სახელმწიფომ თავისი დაუსაბუთებელი ჩარევებით საბაზრო ძალაუფლება შეუქმნას რომელიმე ბაზრის მონაწილეს.
სახელმწიფოს მიერ რომელიმე ეკონომიკური აგენტის შერჩევითად მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის თავისუფალ კონკურენციას, ბაზრის სტრუქტურას და ზოგადად, ეკონომიკურ თავისუფლებას. შერჩევითი საფუძვლით ეკონომიკური აგენტისთვის/აგენტებისთვის სარგებლის მინიჭება ცვლის როგორც სარგებლის მიმღები, ასევე ბაზარზე საქმიანობის განმახორციელებელი სხვა ეკონომიკური აგენტების მდგომარეობას. ასეთი პირობების შექმნა აუმჯობესებს კონკრეტული ეკონომიკური აგენტის (ეკონომიკური აგენტების ჯგუფის) საბაზრო მდგომარეობას და მას ამავე ბაზარზე საქმიანობის განმახორციელებელ სხვა ეკონომიკურ აგენტებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. სახელმწიფოს ჩარევის შედეგად იცვლება ბაზრის სტრუქტურა და უარესდება იმ ეკონომიკური აგენტების საბაზრო მდგომარეობა, რომლებიც სახელმწიფოსგან სარგებელს არ იღებენ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საჯარო სკოლები არ არიან დამოკიდებულნი მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე. მათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დადგენილი ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე, დამატებითი მომსახურების გაწევის უფლება აქვთ მათ მიერვე გაბსაზღვრული ტარიფის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, საჯარო სკოლები წარმოადგენენ ეკონომიკურ აგენტტებს, რომლებიც ფუნქციონირებენ და უწევენ იმავე მომსახურებას, რასაც კერძო სკოლები.
ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლება იცავს ეკონომიკურ აგენტებს მათ საქმიანობაში სახელმწიფოს დაუსაბუთებელი ჩარევისაგან, მათ შორის, შერჩევითი საფუძვლით რომელიმე ეკონომიკური აგენტისათვის სარგებლის მინიჭებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბერის N2/11/747 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „გიგანტი სექიურითი“ და შპს „იუნაიტედ სეკურიტი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-5,6,7.)
თავისუფალი მეწარმეობის დაცვა და კონკურენციის განვითარება უზრუნველყოფს ბაზარზე სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური აგენტების საქმიანობას, რაც თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბების არსებითი წინაპირობაა. აღნიშნულის მისაღწევად სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას სათანადო საკანონმდებლო მოწესრიგება. „მეწარმეობისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერა არ გულისხმობს მარტო ინსტიტუციურად ამ საქმიანობის ნორმატიულ აღიარებას. მნიშვნელოვანია მისი მთავარი მოთამაშის, კერძოდ, მეწარმისადმი შეთავაზებული გარანტიები. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგიტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-3).
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა