საქართველოს მოქალაქე ვაჟა ლონდარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/653 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 3 აგვისტო 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 3 აგვისტო 2016 16:56 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ვაჟა ლონდარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 32-ე და 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №653) მომართა საქართველოს მოქალაქე ვაჟა ლონდარიძემ. №653 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 5 ივნისს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №653 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 3 აგვისტოს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია საკუთრების უფლება. კონსტიტუციის 32-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ „სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით“. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს, ის ადგენს, რომ „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“, ხოლო კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი სამართლიან სასამართლოზე უფლებას განამტკიცებს.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე, 1983 წლიდან 2005 წლის ჩათვლით, მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2006 წლის 18 აგვისტოს, სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რის საფუძველზეც, 2006 წლის 22 დეკემბრის ბრძანებით, იგი დათხოვნილ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 ოქტომბრის დადგენილებით, მოსარჩელეს მოეხსნა ნასამართლობა. მისი აღნიშვნით, თანამდებობიდან დათხოვნის მომენტისათვის ნამსახურობის ვადამ შეადგინა 21 წელზე მეტი, თუმცა სადავო ნორმის საფუძველზე, მას უარი ეთქვა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემაზე, რაც გაასაჩივრა სასამართლოში, თუმცა ორმა ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, ხოლო საკასაციო სასამართლომ სარჩელი დაუშვებლად ცნო.
6. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის დანიშვნის საფუძველს წარმოადგენს კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა, სამხედრო მოსამსახურეებისთვის დადგენილ ამგვარ ვადას კი წარმოადგენს დათხოვნის მომენტისათვის 20 და მეტი კალენდარული წლის განმავლობაში ნამსახურობის ვადა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამ ვადის ამოწურვის შემდგომ მას დაენიშნებოდა სახელმწიფო კომპენსაცია და ჩადენილი სამართალდარღვევის გამო გაუმართლებელია კომპენსაციაზე უფლების სამუდამოდ დაკარგვა.
7. ამასთან, მოსარჩელის აზრით, გაუმართლებელია მთელი ცხოვრების განმავლობაში საქართველოსთვის პირნათლად მსახურობის პირობებში კანონმდებლობა ართმევდეს მას სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას ერთხელ ჩადენილი გადაცდომის გამო, ვინაიდან სასჯელის მოხდის შემდგომ პირმა შეიგნო საკუთარი დანაშაული.
8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს უპირველესად მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, რასაც არ ემსახურება სადავო ნორმა.
9. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელისთვის გაუგებარია, კანონმდებელი რატომ უკავშირებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას კონკრეტული სასჯელის დანიშვნას და , ვინაიდან ამ შემთხვევაში, მისი აზრით, ხდება პირის ორმაგად მსჯავრდება.
10. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის მოქმედებით ირღვევა მისი და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების ქონებრივი უფლებები, ვინაიდან ამგვარ უფლებათა ჩამორთმევა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების საფუძველზე.
11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს, 32-ე და 39-ე მუხლებსა და 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ მასში წარმოჩენილი იყოს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და შესაბამის კონსტიტუციურ უფლებას შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში მიუთითოს არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენს სადავო ნორმის საფუძველზე მისი უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვას, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციის მითითებული მუხლებით დაცულ სფეროს.
2. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, საკუთრების საყოველთაო უფლებაა აღიარებული. სოციალურ უფლებათა საკუთრების უფლების მარეგლამენტირებელ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური უფლებების კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით კი აღიარებულია საკუთრების საყოველთაო უფლება, რომელიც ადამიანის პირადი უფლებაა. იმავდროულად, მას აქვს ეკონომიკური ხასიათი, ამიტომ რიგი სოციალური უფლებების ხელყოფაზე, ხელყოფის შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება გავრცელდეს კონსტიტუციის 21-ე მუხლის ფარგლები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის №2/7/365,371 განჩინება საქმეზე „მოსარჩელეები - ომარ შერაზადიშვილი, თამაზ კოღუა, ვახტანგ რაზმაძე, რევაზ ყიფიანი, გიორგი ნადარეიშვილი და ნუგზარ სოტკილავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების შეძენის უფლება გულისხმობს პიროვნების შესაძლებლობას, გახდეს მესაკუთრე. ეს უფლება თავისთავად ვერ იქნება პირის მიერ სახელმწიფოსაგან გარკვეული მატერიალური სიკეთეების მოთხოვნის საფუძველი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). „საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულია მხოლოდ კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინი. მოლოდინი, რომ ლეგიტიმურად და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულად ჩაითვალოს, მას უნდა გააჩნდეს კანონიერი საფუძველი და უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი არ ქმნის სახელმწიფოსგან მატერიალური სარგებლის უპირობოდ მოთხოვნის უფლებას. აქ ნაგულისხმევია შემთხვევა, როდესაც მატერიალური სარგებლის მოთხოვნა ემყარება კონკრეტულ, ნამდვილ სამართლებრივ საფუძველს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი არ ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, დაუნიშნოს პენსია ან კომპენსაცია მის რომელიმე მოქალაქეს. იმისათვის, რომ მოსარჩელემ კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით იდავოს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სარგებლის მოთხოვნაზე, იგი ვალდებულია დაასაბუთოს, რომ არსებობს მატერიალური სარგებლის მიღების ლეგიტიმური მოლოდინი, რომელიც ემყარება კონკრეტულ, ნამდვილ სამართლებრივ საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიჩნევს მოსარჩელე სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის დანიშვნის უფლებას კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულად. შესაბამისად, №653 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ „სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით“. საკონსტიტუციო სასამართლო, განსახილველი დავის ფარგლებში, არ დგას ამ ნორმის ამომწურავად განმარტების და იმის განსაზღვრის საჭიროების წინაშე, რას გულისხმობს სახელმწიფოს მიერ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქის ხელშეწყობა. თუმცა ცხადია, რომ სადავო ნორმა არ უკავშირდება არც უმუშევრად დარჩენილი მოქალაქის დასაქმებას და არც საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობებს. სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, მოსარჩელის პრობლემას წარმოადგენს არა სახელმწიფოს მიერ მისი დასაქმების ხელშეუხებლობა, არამედ იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მას უნდა დაუნიშნოს კომპენსაცია სამსახურებრივი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ. კონსტიტუციური სარჩელით არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია იმის თაობაზე, თუ რა კუთხით და რა ასპექტში ზღუდავს სადავო ნორმა კონსტიტუციის 32-ე მუხლს. შესაბამისად, №653 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „აღნიშნული კონსტიტუციური ნორმის მიზანია უზრუნველყოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან და ადამიანის უფლებების სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შეუძლია 39–ე მუხლზე აპელირება იმ შემთხვევაში, როდესაც უფლება არ არის მოცემული საქართველოს კონსტიტუციაში ან კონსტიტუციური უფლების ფარგლები არის უფრო ვიწრო, ვიდრე ეს საერთაშორისო ვალდებულებებით არის გათვალისწინებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის N1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-22,23).
6. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არ არის არც ერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გამომდინარეობს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნის უფლება კონსტიტუციის პრინციპებიდან ან/და სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან. უფრო მეტიც, მოსარჩელე საერთოდ არ მიუთითებს რაიმე არგუმენტაციას თუ რატომ იღვევა კონსტიტუციის 39-ე მუხლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, №653 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომელიც განამტკიცებს უფლებას სამართლიან სასამართლოზე. კონსტიტუციის აღნიშნულ დებულებასთან მიმართებით სასამართლომ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ იგი „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული, რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
8. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ახდენს კონკრეტული კატეგორიის პირთა გამორიცხვას სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრიდან. იგი საერთოდ არ შეეხება მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოთვის მიმართვის გზით დაცვის რეგულირებას, შესაბამისად, სადავო ნორმას არ გააჩნია მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან. შესაბამისად, №653 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №653 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ვაჟა ლონდარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი