ლალი ანთიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 1539 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ლალი ანთიძე |
თარიღი | 21 სექტემბერი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვები - „..ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა...“ და „...ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე...“ |
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის (საარჩევნო უფლება) პირველი პუნქტის პირველი წინადადება საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. |
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 39-ე მუხლის მე-8 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატისთვის ითხოვს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენას. |
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის (საარჩევნო უფლება) პირველი პუნქტის პირველი წინადადება საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. |
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი - „უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება ან შემოწმების შედეგად დადასტურდა ამ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება.“ |
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის (საარჩევნო უფლება) პირველი პუნქტის პირველი წინადადება საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
ვაპირებ 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე მონაწილეობა მივიღო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი“-ს პარტიული სიით.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები ვალდებული არიან უმაღლეს საარჩევნო კომისიას (უსკო) სარეგისტრაციოდ წარუდგინონ პარტიული სია.
ამავე კანონის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს განცხადებით უნდა წარუდგინოს, პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.
სხვადასხვა ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან ერთად, პარტიულ სიას უნდა ერთვოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად:
საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს განცხადებით უნდა წარუდგინოს, პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ამავე კანონის ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად კი: თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათთან, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლთან და ფოტოსურათთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს 2 ეგზემპლარად, გარდა უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობისა რომელიც კომისიას ერთ ეგზემპლარად წარედგინება, აღნიშნული დოკუმენტის თითო ეგზემპლარი და კომისიის მიერ დამოწმებული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის ასლი მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტისა „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი: უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება თუ: უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება ან შემოწმების შედეგად დადასტურდა ამ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება.
იმ შემთხვევაში, თუ უარს ვიტყვი ნარკოლოგიური შემოწმების გავლაზე და არ წარვადგენ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას, უსკო უარს იტყვის პარტიული სიის რეგისტრაციაზე და ვერ მოვახდენ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი წინადადებით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის თანახმად 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება) გარანტირებული პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაციას.
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად: საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
საყოველთაო არჩევნების წესით თანამდებობის დაკავებას საქართველოს კონსტიტუცია ადგენს ისეთ თანამდებობებთან მიმართებით, რომელთა არჩევაც სრულად არის მინდობილი პოლიტიკურ პროცესზე, ხალხის მიერ გამოხატულ სურვილზე, ფარულ ნებაზე, რომელიც დასაბუთებას არ საჭიროებს. სწორედ ასეთი თანამდებობის პირების პასიური საარჩევნო უფლების გარანტირებას ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება (საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.8).
საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება“. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება განამტკიცებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.
საარჩევნო უფლების მქონე სუბიექტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს და არჩეულ იქნეს შესაბამის თანამდებობაზე (საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.24).
გარკვეული შეზღუდვები პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის კონსტიტუციით არის დადგენილი.
მაგალითად, ასაკობრივი ცენზი, რომლის მიხედვით პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს ადამიანი 25 წლის ასაკიდან.
იგივე ასაკობრივი ცენზი არის დადგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით. ასევე, ამავე აქტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.
ის მოთხოვნები, რომელსაც პარლამენტის ან აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს, დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით, ხოლო ასეთ ჩამონათვალში არ გვხვდება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შესახებ ინფორმაცია (ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა).
საკანონმდებლო ორგანომ, ამ შემთხვევაში კი, აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკუთარი შეხედულებებისამებრ, კონსტიტუციის მიღმა დაადგინა აღნიშნული შეზღუდვა, რისი კომპეტენციაც მას არ ჰქონდა. არ აქვს ლეგიტიმაცია, რომ მსგავსი შეზღუდვა დააწესოს იმ თანამდებობის პირების მიმართ, რომელიც ლეგიტიმაციას ხალხისგან იღებს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სწორედ ხალხია სახელმწიფო ხელისუფლების წყარო.
არც ერთ სახელმწიფო ორგანოს, მათ შორის, არც სასამართლოს არ აქვს სათანადო კომპეტენცია, კონსტიტუციის მიღმა დაადგინოს/შეაფასოს საარჩევნო უფლებით სარგებლობის მიზანშეწონილობის კრიტერიუმები და მათი მართლზომიერება. სხვაგვარად, ამგვარი შეზღუდვის არსებობა/დასაშვებობა, ექსკლუზიურად, საქართველოს კონსტიტუციაზეა დამოკიდებული (საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.36).
განსახილვევ შემთხვევაში, საკანონმდელო აქტის/ნორმის მიმღების მიზანია დაადგინოს კანდინატის შესაბამისობა და შეარჩიოს საუკეთესო კანდიდატი აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნეს, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
ნათელია, რომ იმ შემთხვევაში თუ უარს ვიტყვი ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენაზე, ვერ შევძლებ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზებას და გამოუსწორებელ ზიანსაც გამოიწვევს, რადგან რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ შეუძლებელი იქნება პარტიული სიის რეგისტრაცია.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიგვაჩნია რომ გასაჩივრებული ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ უფლებას.
შესაბამისად, უკვე არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. ხოლო, მოსარჩელე არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდავოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
სარჩელი შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები
· წარმოდგენილია კანონით დაგენილი ფორმით;
· შემოტანილია უფლებამოსული სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
· მასში მითთებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამსიად;
· სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართოს მიერ;
· სადავო საკითხს შეეხება კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას და სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
· აღნიშნული სარჩელის ტიპზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
წინამდებარე სარჩელით სადავოდ არის გამხდარი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვები - „..ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა...“ და „...ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე...“
ასევე სადავოდ ვხდით “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 39-ე მუხლის მე-8 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატისთვის ითხოვს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენას.
ასევე “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი - „უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება ან შემოწმების შედეგად დადასტურდა ამ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება.“
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად: საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
კანდიდატის შესაბამისობის უზრუნველყოფა დასაკავებელ თანამდებობასთან, ან საუკეთესო კანდიდატის შერჩევა არ შეიძლება იყოს კანონმდებლის მიზანი, ეს ხალხის გადასაწყვეტია და არჩევნებზე ასეც იქცევიან. ისინი წყვეტენ, რომელ კანდიდატს თუ კანდიდატების გაერთიანებას დაუჭირონ მხარი და ვინ იმსახურებს პარლამენტის თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრობას.
კანონმდებელს არ აქვს უფლებამოსილება, პიროვნების პიროვნული თვისებების თუ ცხოვრების წესის მიხედვით შეზღუდოს პასიური საარჩევნო უფლება. ამით, ხელისუფლების წყაროსგან, ხალხისგან ლეგიტიმაციის მქონე პიროვნებებს უკრძალავს ქვეყნის მართვაში მონაწილეობას.
პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობაზე კონსტიტუციის მიღმა ცენზების დადგენის საფუძველი და ლეგიტიმური მიზანი ვერ იქნება საუკეთესო კანდიდატის ან/და ასარჩევ თანამდებობასთან ობიექტურად ყველაზე მეტად შესაფერისი კანდიდატის შერჩევის უზრუნველყოფა. კანონმდებელს ვერ ექნება იმის ლეგიტიმაცია, დაადგინოს თუ როგორი მორალის თუ ცხოვრების წესის მქონე პიროვნებები შეიძლება მოხდნენ პარლამენტში.
როდესაც ამომრჩეველი/ხალხი მხარს უჭერს ან პირიქით, უარს ამბობს კონკრეტული ადამიანის ან პარტიის მხარდაჭერაზე, ისინი მას აფასებენ როგორც მორალური, ასევე იდეოლოგიური და პიროვნული ღირებულებებიდან გამომდინარე, თუ ისინი ჩათვლიან მხარდაჭერის ღირსად, ისინი მხარს უჭერენ ყველაფერი ამის გათვალისწინებით. ამიტომ, კანონმდებლის მხრიდან ასეთი შეზღუდვის დაწესება არ არის მიზანშეწონილი და გონივრული. მსგავსი კრიტერიუმებით მხარდაჭერა ან მხარდაჭერაზე უარი ხდება ხალხის ნების საფუძველზე, საყოველთაო არჩევნების გზით.
კონკრეტული კანონმდებლის სურვილი შეიძლება იყოს რომ პარლამენტში არ მოხვდეს ადაიანი, რომელიც არ მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებას (მათ შორის მარიხუანას), მაგრამ ეს უნდა მოახერხოს პოლიტიკური დებატების, ადამიანების დარწმუნების გზით.
თუ ამომრჩეველი საჭიროდ ჩათვლის, გაარკვიოს რა დამოკიდებულება აქვს კონკრეტულ კანდიდატს ნარკოტიკების მოხმარებასთან, თვითონ მას შეუძლია მოსთხოვოს კანდიდატს გააკეთოს საჯარო განცხადება, მათ შორის ნარკოტიკების მოხმარების შესახებ ცნობა.
თვითონ კანდიდატსსაც აქვს საშუალება, კანონმდებლის ვალდებულების გარეშე გაიაროს შემოწმება ნარკოტიკულ ნივთიერებებზე და ცნობის საჯაროდ გამოქვეყნება მოახდინოს. ამით ის ამომრჩევლებს გააგებინებს საკუთარ დამოკიდებულებას ნარკოტიკების მიმართ.
ასეთ შემთხვევაში, ნარკოლოგიური შემოწმების გავლაზე და ცნობის გამოქვეყნებაზე, კანდიდატი პოლიტიკურ აგებს პასუხს არჩევნების გზით.
თვითონ კანდიდატის გადასაწყვეტია, რა ფორმით დაარწმუნოს ამომრჩევლები მისი ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით.
პარტიულ სიაში მყოფ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს თვითონ, საკუთარი ინიციატივით შეუძლია გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და „დაარწმუნოს“ ამომრჩეველი, რომ ის არ არის ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი ან პირიქით, გააგებინოს რომ ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელია.
თუ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდის, ასეთ შემთხვევაში თვითონ ამომრჩევლის გადასაწყვეტია, დაუჭიროს თუ არა მხარი ასეთ კანდიდატს.
მაგრამ არ აქვს უფლება კანონმდებელს, უმაღლესი საბჭოს კანდიდატობაზე რეგისტრაციაზე უთხრას უარი იმ მოტივით, რომ მან არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება. თვითონ პოლიტიკოსი უნდა წყვეტდეს, ასეთი ინფორმაცია მიაწოდოს თუ არა ის არჩევნების გზით გადაიხდის ამაზე პოლიტიკურ ფასს, მხარდაჭერით ან მხარდაჭერაზე უარის თქმის ამომრჩევლის მხრიდან.
ამ შეზღუდვით, ერთის მხრივ თვითონ ადამიანებს, პოლიტიკოსებს ვუკრძალავთ პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობას. მეორეს მხრივ კი, ამომრჩევლებს არ ვაძლევთ საშუალებას, საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგინოს იმ ადამიანმა, რომელსაც თვითონ თვლიან ასეთის ღირსად.
„არჩევნები, როგორც წარმომადგენლობითი დემოკრატიის განმახორციელებელი მექანიზმი, წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების განსაკუთრებულ და ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
არჩევნების გზით თანამდებობის დაკავება სრულად არის მინდობილი პოლიტიკურ პროცესს და თანამდებობაზე აირჩევა არჩევნებში გამარჯვებული სუბიექტი. ასარჩევ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის საკითხი წყდება ამომრჩევლის ნების და არა კანონმდებლის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად (საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.35).
იმ ადამიანებს, რომლებსაც პრობლემა აქვთ საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, შეიძლება საერთოდ თვლიდნენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ან მოუხმარიათ ნარკოტიკული ნივთიერება, უკეთ დაიცავენ მათ წარმომადგენლობას და ინტერესებს საკანონმდებლო ორგანოდან (აჭარის უმაღლესი საბჭო). ასეთ ადამიანებს კი, უფლება აქვთ ჰყავდეთ წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოში და ადეკვატურად იყოს წარმოდგენელი მათი ხმა პოლიტიკაში (იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკოსი საკუთარი ინიციატივით საჯაროდ აღიარებს, რომ ის მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებებს).
აღნიშნული შეზღუდვა დადგენილია კონსტიტუციის მიღმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ. შესაბამისად, იგი ეწინააღდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
საქმეზე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (პ.37), საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა: პასიური საარჩევნო უფლებით დადგენილი შეზღუდვებიდან უნდა გამოიყოს შემთხვევები, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური მიზანია არა კანდიდატის შესაბამისობის უზრუნველყოფა დასაკავებელ თანამდებობასთან, ან საუკეთესო კანდიდატის შერჩევა, არამედ ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე არჩევით მომდინარე საფრთხეების პრევენცია. მაგალითად, პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობა შესაძლოა აეკრძალოს პირს ან პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის მიზანია კონსტიტუციური წესწყობილების დამხობა. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ნათელია, რომ საქართველოს კონსტიტუცია თავად გამორიცხავს პოლიტიკური პროცესებიდან და მმართველობის სისტემიდან გარკვეულ ძალადობრივ სუბიექტებს.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდანაც ჩანს, ამ შემთხვევაში აჭარის უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმური მიზანი არ შეიძლება იყოს კანდიდატისთვის შესაბამისობის დადგენა ან საუკეთესო კანდიდატის შერჩევა. ეს მთლიანად ამომრჩეველზეა მინდობილი და ის წყვეტს, თუ ვინ უნდა წარმოადგინოს მისი ხმა საკნონმდებლო ორგანოში, უმაღლეს საბჭოში.
იმისათვის, რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა ჩაითვალოს კონსტიტუციურად, აუცილებელია აკმაყოფილებდეს პროპორციულობის ტესტს, იგი უნდა იყო გამოსადეგი და აუცილებელი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო ჩათვლის რომ არსებობს შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი, აღნიშნული შეზღუდვა გამოუსადეგარია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
ლეგიტიმური მიზანი კი, სავარაუდოდ ის უნდა იყოს, რომ პარლამენტის წევრად არ იქნას არჩეული ისეთი ადამიანი, რომელიც რომელიმე ნარკოტიკულ ნივთიერებას მოიხმარს.
ყველა ნარკოტიკულ ნივთიერებას თავისი სპეციფიურობა ახასიათებს, მაგალითად, ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემთხვევაში, მისი მოხმარების კვალი რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ადამიანის ორგანიზმში.
ამიტომ, თუ ადამიანი, კანდიდატობის მსურველი ტეტრაჰიდროკანაბინოლის მომხმარებელია, მას სიების წარდგენის თარიღამდე, 30-40 დღით ადრე შეუძლია თავი დაანებოს მოხმარებას, რათა შეძლოს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის აღება. რეგისტრაციის შემდეგ კი, კვლავ შეუძლია გააგრძელოს მოხმარება. ეს შეზღუდვა არ უზრუნველყოფს უმაღლეს საბჭოში მომხმარებელი ადამიანის მოხვედრის პრევენციას.
ასევე განსხვავებული სპეციფიკა აქვს ამფეტამინების ჯგუფში შემავალ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ტეტრაჰიდროკანაბინოლისგან განსხვავებით, მათი კვალი სულ რამდენიმე დღე რჩება ორგანიზმში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შეიძლება ჩვეულებრივ მოიხმარდეს, მაგრამ შემოწმებამდე სულ რაღაც 3-5 დღით ადრე რომ დაანებოს თავი მოხმარებას, აღარ დაუდგინდებათ მოხმარების ფაქტი.
რეგისტრაციის შემდეგ კი ისინიც აგრძელებენ მოხმარებას.
ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა არ არის იმის გარანტია, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში არ მოხვდება ადამიანი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარს.
უსკოში აღნიშნული კრიტერიუმით რეგისტრაციის წარმატებით გავლა არაა იმის გარანტია, რომ ვერ მოხვდება ნარკოტიკების მომხმარებელი.
გარდა გამოსადეგობისა, აღნიშნული ნორმის არსებობის არც აუცილება არსებობს და შეიძლებოდა უფრო მსუბუქი შეზღუდვის არსებობაც.
მაგალითად, კანონმდებელი არ ტოვებს გამონაკლისი წესის არსებობას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თვითონ, საჯაროდ აღიარებენ რომ ნარკოტიკების მოხმარებას.
თუ ადამიანი საჯაროდ, წერილობით ან სხვა ფორმით აღიარებს და ამომრჩევლების ინფორმირებას ახდენს, რომ ნარკოტიკებს მოიხმარს და შეატყობინებს ამის შესახებ უსკოს, მას მაინც არ აქვს საშუალება რეგისტრაცია გაიაროს. ასეთ შემთხვევაში, მიზანიც მიღწეული იქნებოდა და ამომრჩეველს ექნებოდა ინფორმაცია, რომ კონკრეტული კანდიდატი ნარკოტიკების მომხმარებელია.
კანონდმებელი მაინც აიძულებს, მივიდეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი