ლალი ანთიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/4/1539 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 26 თებერვალი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 მარტი 2021 18:19 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ლალი ანთიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ.
დავის საგანი: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების „ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა“ და „ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე“, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის (2020 წლის 31 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატისთვის ითხოვს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენას და ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (2020 წლის 22 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 21 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1539) მომართა ლალი ანთიძემ. №1539 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2020 წლის 23 სექტემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 26 თებერვალს.
2. №1539 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
3. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტი განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (შემდგომში – უმაღლესი საბჭოს) არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტის მიერ პარტიული სიის წარდგენის წესს. აღნიშნული რეგულაციის თანახმად, პარტიულ სიას, სხვა დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეული კანდიდატის (შემდგომში – კანდიდატი) ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომელიც საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ამავე მუხლის მე-8 პუნქტი (2020 წლის 31 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) აწესებდა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებას იმ კანდიდატისთვის, რომელიც იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი (2020 წლის 22 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) ადგენდა, რომ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გაუტარებლობის ან უკვე რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა ამ კანდიდატის მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გაუვლელობა ან შემოწმების შედეგად ამ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადასტურება.
4. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება“.
5. №1539 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აპირებს, მონაწილება მიიღოს 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ პარტიული სიით. მოსარჩელის თქმით, დასახელებულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, რომ პარტიულ სიას ერთვოდეს თითოეული კანდიდატის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომელიც საჯაროა და ქვეყნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (შემდგომში – უსკოს) ოფიციალურ ვებგვერდზე. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობა ან შემოწმების შედეგად რომელიმე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენა წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში არ გატარების ან უკვე რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის დავალდებულება, გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და საჯარო გახადოს მისი შედეგი, წარმოადგენს ამ პირის პასიურ საარჩევნო უფლებაში ჩარევას. მხოლოდ კანდიდატის გადასაწყვეტი უნდა იყოს, მიაწვდის თუ არა ამგვარი სახის ინფორმაციას საკუთარ ამომრჩეველს, რისთვისაც იგი გადაიხდის შესაბამის პოლიტიკურ ფასს. ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოს, დაუჭიროს თუ არა მხარი ისეთ კანდიდატს, რომელიც ამომრჩეველს არ აწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, მოიხმარს თუ არა იგი ნარკოტიკულ საშუალებებს შესაბამისი ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის გზით, ანდა იმ კანდიდატს, ვინც ღიად აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელია.
7. მოსარჩელე მხარის პოზიციით, გაუმართლებელია ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლებს შეეზღუდოთ უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობის დაკავების უფლება. გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორი მორალისა და ცხოვრების წესის მქონე პიროვნებები შეიძლება მოხვდნენ უმაღლეს საბჭოში, ეკუთვნის მხოლოდ ამომრჩეველს. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატისთვის ნარკოლოგიური შემოწმების გავლის დაწესება არ მიეკუთვნება კონსტიტუციით დაწესებულ ცენზებს. კანონმდებელი არ არის უფლებამოსილი, ე.წ. „საუკეთესო კანდიდატის“ არჩევის მოტივით დააწესოს ისეთი დამატებითი შეზღუდვები, რომელთაც არ ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ვერ უზრუნველყოფს უმაღლეს საბჭოში ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის მოხვედრის პრევენციას. კერძოდ, კანდიდატად რეგისტრაციის მსურველ პირს შესაძლებლობა აქვს, არ მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება ნარკოლოგიური ცნობის მიღებამდე განსაზღვრული დროის შუალედში, რის შემდეგაც ამ პირის ორგანიზმში გაქრება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების კვალი, ხოლო ნარკოლოგიური ცნობის მიღების შემდგომ, მას კვლავ ექნება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შესაძლებლობა.
9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
10. მოსარჩელე შუამდგომლობს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის შეჩერების თაობაზე. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, პარტიული სია და თანდართული დოკუმენტები, მათ შორის, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, უსკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ რეგისტრაციის პროცესი დასრულებული იქნება და ის ვეღარ შეძლებს პარტიულ სიაში რეგისტრაციას. შესაბამისად, ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი, არ იარსებებს არც ერთი სამართლებრივი საშუალება შეზღუდული უფლების აღსადგენად, რაც მოსარჩელისთვის გამოუსწორებელ შედეგს გამოიწვევეს. ამასთან, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით, ზიანი არ მიადგებათ მესამე პირებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „[...] საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1539 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 39-ე მუხლის მე-8 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატისთვის ითხოვს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენას და 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ №1539 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები. კერძოდ, „„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 8 აგვისტოს №134-უ.ს.რ.ს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამოღებულ იქნა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის კანონის 39-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რაც „„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 8 აგვისტოს №134-უ.ს.რ.ს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 31 აგვისტოს №31/08/02 განკარგულების გამოქვეყნების შესაბამისად, ამოქმედდა 2020 წლის 31 აგვისტოდან. ამასთან, „„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 22 სექტემბრის №139-უ.ს.შ.ს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა დასახელებული კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; II-5).
4. ამგვარად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 39-ე მუხლის მე-8 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატისთვის ითხოვს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენას და 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულია. ამავდროულად, გასაჩივრებული რეგულაციების ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1539 კონსტიტუციურ სარჩელზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სამართალწარმოება უნდა შეწყდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 39-ე მუხლის მე-8 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატისთვის ითხოვს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენას და 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
6. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
7. №1539 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების „ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა“ და „ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე“. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ 2020 წლის შემოდგომაზე გასამართ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე კანდიდატად რეგისტრაციისთვის მას ევალება ნარკოლოგიური შემოწმების გავლა და შესაბამისი ცნობის წარდგენა.
8. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტი განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის მიერ პარტიული სიის წარდგენის წესს. აღნიშნული რეგულაციის თანახმად, პარტიულ სიას, სხვა დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა ერთვოდეს უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეული კანდიდატის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომელიც საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. სადავო ნორმა ადგენს უზენაესი საბჭოს წევრობის კანდიდატის მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ზოგად ვალდებულებას, რომელიც, ერთი შეხედვით, ასევე მიემართება 2020 წლის უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს. თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „... სადავო ნორმა არ [უნდა] იქნეს განხილული სხვა, მასთან კავშირში მყოფი ნორმებისგან იზოლირებულად, რადგანაც ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-6).
9. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 764 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს არ მოეთხოვება ამ კანონით გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა. თუ პირი ამ მუხლის ამოქმედებამდე უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდა მხოლოდ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობის გამო, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, ამ მუხლის ამოქმედებიდან 3 დღეში გაატაროს იგი საარჩევნო რეგისტრაციაში“. ამგვარად, დასახელებული ნორმა მიემართება უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს და ათავისუფლებს მათ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისაგან.
10. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნული კანონის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს ზოგად წესს, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეულ კანდიდატს მოეთხოვება ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა, ხოლო ამავე კანონის 764 მუხლის პირველი პუნქტი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომელიც მიემართება მხოლოდ 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს და ადგენს საგამონაკლისო წესს, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს არ მოეთხოვება ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სურს კანდიდატად დარეგისტრირება უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში. შესაბამისად, ნათელია, რომ იგი ექცევა დასახელებული ნორმით გათვალისწინებული საგამონაკლისო რეგულაციის მოქმედების ფარგლების ქვეშ და მასზე არ ვრცელდება ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის სადავო ნორმებით დადგენილი ზოგადი ვალდებულება.
11. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემური ნორმატიული შინაარსი. გარდა ამისა, გასაჩივრებული რეგულაცია მიზნად ისახავს თითოეული კანდიდატის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შესახებ ინფორმაციის ამომრჩევლებისთვის მიწოდებას, რაც ამ უკანასკნელთ ეხმარება ინფორმირებული და გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს ამომრჩეველს წვდომა ამ ტიპის ინფორმაციაზე და თუ რატომ გადაწონის ინფორმირებული არჩევანის გაკეთების მიზანს კანდიდატის სურვილი, არ გაამჟღავნოს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან ან არმოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
12. შესაბამისად, №1539 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების „ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა“ და „ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1539 კონსტიტუციური სარჩელი (ლალი ანთიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების „ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა“ და „ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე №1539 კონსტიტუციური სარჩელზე (ლალი ანთიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 39-ე მუხლის მე-8 პუნქტის (2020 წლის 31 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატისთვის ითხოვს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენას და ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (2020 წლის 22 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი