საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/11/654 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 31 ივლისი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელსა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N654) მომართა საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2015 წლის 25 ივნისს.
2. N654 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 31 ივლისს.
3. N654 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. მოსარჩელე სადავოდ ხდის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელსა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან.
5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი განსაზღვრავს იმ საჯარო მოხელეებს, რომლებზეც არ ვრცელდება ამავე კანონის მოქმედება. ამ კანონის პირველი პუნქტის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება ცალკეულ თანამდებობის პირებზე, მათ შორის, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე.
6. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებულია საქართველოს ყოველი მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე ოლეგ ლაცაბიძე 2014 წლის პირველ აპრილს კონკურსის წესით დაინიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის ბრძანებით იგი გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან. გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ გამგებლის/მერის უფლებამოსილება - გაათავისუფლოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ეფუძნება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს. აღნიშნულმა ნორმამ გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიმართ გამორიცხა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-10 თავის მოქმედება, სადაც საჯარო სამსახურიდან მოხელის გათავისუფლების ობიექტური საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული. მოსარჩელის განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი რომ არ არსებობდეს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილი იმგვარად განიმარტებოდა, რომ გამგებელს/მერს მხოლოდ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-10 თავით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ექნებოდა მერიის/გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის გათავისუფლების უფლებამოსილება.
9. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით გამგებლისათვის/მერისათვის მინიჭებული აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილება, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მერიის/გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მეორე მხრივ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც გამორიცხავს გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" მე-10 თავით გათვალისწინებული დაცვისაგან, წარმოადგენს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გარანტირებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებაში ჩარევას.
10. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს საქართველოს მოქალაქის უფლებას, არა მარტო დაიკავოს სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა, არამედ თვითნებურად არ გათავისუფლდეს უკვე დაკავებული თანამდებობიდან. თუმცა სხვადასხვა თანამდებობის პირების მიმართ მოქმედებს განსხვავებული გარანტიები. თანამდებობიდან გათავისუფლების თავისებურებების გათვალისწინებით, ერთმანეთისაგან განსხვავდებიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და მოსამსახურეები.
11. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დადგენილი ფართო გარანტიები და ჯეროვანი პროცედურა ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებზე. ამის მიზანია სახალხო სუვერენიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაცვა სახელმწიფო ხელისუფლების ჩარევისაგან. განსხვავებული არიან პროფესიონალი მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა ხდება არა არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის მიმართ კუთვნილების ან მის მიმართ ლოიალობის გამო, არამედ პროფესიული, მორალური და ფიზიკური უნარების საფუძველზე. შესაბამისად, მათზე ვრცელდება სხვა სტანდარტი. მაშინ როდესაც გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, არ გააჩნია დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა, სადავო ნორმით ხდება მისი გადაყვანა პროფესიონალი საჯარო მოხელის კატეგორიიდან პოლიტიკური თანამდებობის პირის კატეგორიაში. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი დაუცველია მერის/გამგებლის სურვილით თანამდებობიდან გადაყენებისაგან, ვინაიდან მისი სამსახურიდან გათავისუფლება დამოკიდებულია გამგებლის/მერის ნებაზე და არ საჭიროებს რომელიმე სამართლებრივი საფუძვლის არსებობას ან/და ჯეროვანი პროცედურების დაცვას.
12. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ავიწროებს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დადგენილი უფლების შინაარსს და გამორიცხავს დადგენილი გარანტიების გავრცელებას პროფესიონალ მოსამსახურეთა განსაზღვრულ წრეზე – სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე. ამასთანავე, სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, რადგან არ არის გამოსადეგი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება N2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება N2/3/412 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განჩინება N2/2/438 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”).
2. N654 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელსა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან. მოსარჩელის არგუმენტაციით, იქიდან გამომდინარე, რომ სადავო ნორმა გამორიცხავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედებას მერიის/გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებზე, მერს/გამგებელს ეძლევა უფლებამოსილება, აღნიშნული სუბიექტები თანამდებობიდან გაათავისუფლოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების ზოგადი წესებისა და გარანტიების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ყოველი მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა.
3. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მათ შორის, იცავს პირს საჯარო სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისაგან. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციის აღნიშნული მუხლის მოთხოვნას არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელეზე საჯარო სამსახურის კანონი გავრცელდეს ან არ გავრცელდეს და სწორედ ამ კანონმა დაარეგულიროს მისი როგორც საჯარო მოსამსახურის საქმიანობა. ცხადია, რომ საჯარო მოხელის უფლებას წარმოადგენს, დაცული იყოს სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისაგან, თუმცა ამ კონსტიტუციური უფლების ეფექტურად უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ ენიჭება იმას, თუ რომელი კანონის საფუძველზე განხორციელდება მისი დაცვა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მისი მე-11 მუხლიდან გამომდინარე, არ ვრცელდება საჯარო მოსამსახურეთა ფართო სპექტრზე, თუმცა ეს, თავისთავად, მათი უფლებების შეზღუდვას არ განაპირობებს. თითოეული საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობა რეგულირდება სხვადასხვა კანონებით და სწორედ შესაბამისი კანონით დადგენილი რეგულაციები შეიძლება იწვევდეს მათი კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული უფლების შეზღუდვას.
4. სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. სადავო ნორმა არ ანიჭებს მერს ან გამგებელს უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს ამა თუ იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები. ამგვარი რეგულაცია დადგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით. ამასთანავე, სადავო ნორმით არ წესრიგდება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლების წესები ან/და სამართლებრივი შედეგები. მისი მოქმედების შინაარსობრივი დიაპაზონი შემოფარგლულია ცალკეული თანამდებობის პირების, მათ შორის, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის არგავრცელებით. საკითხი იმის თაობაზე, თუ ვინ რა პირობებში და საფუძვლით ათავისუფლებს ზემოაღნიშნულ სუბიექტს თანამდებობიდან ან/და თანამდებობიდან გათავისუფლებისას რა სამართლებრივი გარანტიებით სარგებლობს ეს უკანასკნელი, განსაზღვრული არ არის გასაჩივრებული ნორმით. ამდენად, სადავო ნორმიდან არ გამომდინარეობს ის პრობლემა, რომელიც, მოსარჩელის აზრით, უხეშად ლახავს მის კონსტიტუციურ უფლებას.
5. მოცემულ შემთხვევაში, კონსტიტუციის მე-29 მუხლთან მიმართებით სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას მოსარჩელე მხარე უთითებს სადავო ნორმის იმგვარ შინაარსზე, რომელიც მას არ გააჩნია. ამგვარად, არგუმენტაცია, რომელიც ამ თვალსაზრისით არის წარმოდგენილი სარჩელში, არ მიემართება გასაჩივრებული ნორმის რეალურ შინაარსს. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-29 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. კონსტიტუციური სარჩელი N654 (საქართველოს მოქალაქე – ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გადასინჯვას ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი