საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1540 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 7 ოქტომბერი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონის „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილებას ანიჭებს, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე, მესაკუთრეს ან მფლობელს არ დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალება (თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული), იმ შემთხვევაშიც როდესაც სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის სატრანსპორტო საშუალების სისხლის სამართლის საქმესთან ერთად შენახვის საჭიროება არ არსებობს. | საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები: „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია;“ „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ორგანო სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული. ამავე ნორმით, ცალკე რეგულირებაა დადგენილი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, რომლის თანახმად, საგამოძიებო ორგანომ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული.
სადავო ნორმა, ადგენს საგამოძიებო ორგანოს ფართო დისკრეციის ფარგლებს და არ შეიცავს მითითებას, თუ რა შემთხვევაში და რა საფუძვლით შეიძლება არ გადასცეს საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს სატრანსპორტო საშუალება სისხლის სამართლის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული კი, არ გამორიცხავს სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების თვითნებურად შეზღუდვის საფრთხეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილ წესს პირდაპირი მიმართება გააჩნია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით დაცულ სფეროსთან.
ზემოაღნიშნულთან ერთად, ასევე მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებების მოკლე აღწერა
საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მომართეს, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების, მესაკუთრეებმა. განმცხადებლების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო საშუალებებს ყადაღა არ ჰქონდა დადებული, საგამოძიებო ორგანო უარს აცხადებდა, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე, მესაკუთრეთათვის მათ დაბრუნებაზე სხვადასხვა მიზეზით.
კერძოდ, ერთ-ერთი განცხადების თანახმად, ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოძიების მიერ განმცხადებლის ავტომანქანა (სამარშუტო მიკროავტობუსი) საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, გადაყვანილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული სამმართველოს ავტოსადგომზე. განმცხადებლის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულ ავტომანქანაზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია, მას ავტომანქანა არ უბრუნდება. განმცხადებლის, განმარტებით სამარშუტო მიკროავტობუსი წარმოადგენდა მისი შემოსავლის წყაროს და მას ყოველდღიურად ადგება მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ვინაიდან ავტომანქანის გარეშე ვეღარ ახორციელებს საკუთარ საქმიანობას (აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ავტომანქანის მესაკუთრე არ წარმოადგენდა არც დაზარალებულს და არც სისხლის სამართლის დევნა დაწყებულა მის მიმართ). აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამოღებულ იქნა დაზარალებულის მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული ავტომანქანა. აღნიშნული ავტომანქანიდან ამოღებულ ნიმუშებზე ჩატარდა გენეტიკური/ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზა. იმის გამო, რომ სისხლის სამართლის საქმეზე კონკრეტული პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად გადაიგზავნა რაიონულ სასამართლოში, განმცხადებლისთვის ავტომანქანის დაბრუნების საკითხი გადაწყდება სასამართლოს მიერ, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
სადავო ნორმის შინაარსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სასამართლოს მიერ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი წყდება განაჩენის დადგენისას[1]. თუმცა, გარკვეულ ნივთიერ მტკიცებულებებთან მიმართებით, კოდექსის მე-80 მუხლი ადგენს სპეციალურ წესს და განსაზღვრავს სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე, მესაკუთრისთვის ან მფლობელისთვის ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნების საკითხს.
ნივთიერი მტკიცებულებებიდან სპეციალური კატეგორიის გამოყოფასა და მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის მათი დაბრუნების განსახვავებული გადაწყვეტას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს - ნივთების მალფუჭებადობა და მათი საჭიროების მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ადამიანისთვის გარკვეული კატეგორიის ნივთებით სარგებლობა პირველად საჭიროებას წარმოადგენს, ამასთან ზოგიერთი ნივთის გარკვეული დროის განმავლობაში შენახვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მის მესაკუთრეს/მფლობელს ან თავად ნივთის ღირებულების შემცირება გამოიწვიოს. შესაბამისად, მომეტებულია ინტერესი, რომ ისინი მესაკუთრეებს/მფლობელებს დროულად დაუბრუნდეს და არა სისხლის სამართლის პროცესის დამთავრების შემდგომ, რაც შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს.
ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ორგანო სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული. ამავე ნორმით, ცალკე რეგულირებაა დადგენილი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, რომლის თანახმად, საგამოძიებო ორგანომ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული.
მაშასადამე, ერთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება, მაგალითად, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, საგამოძიებო ორგანო ვალდებულია სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე დაუბრუნოს ისინი მესაკუთრეს ან მფლობელს, თუ მათ ყადაღა[2] არა აქვს დადებული. ხოლო, სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით, სადავო ნორმა ამგვარ ვალდებულებას არ განსაზღვრავს და მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს შესაძლებლობაზე მიუთითებს.
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილი საგამოძიებო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თუმცა არ ავალდებულებს, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე მესაკუთრეს ან მფლობელს დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალება (თუ მას ყადაღა არ აქვს დადებული), ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე, მოითხოვონ და იდავონ სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების თაობაზე.
ყოველივე აღნიშნული მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ადგენს საგამოძიებო ორგანოს ფართო დისკრეციის ფარგლებს და საერთოდ არ შეიცავს მითითებას, თუ რა შემთხვევაში და რა საფუძვლით შეიძლება არ გადასცეს საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს სატრანსპორტო საშუალება სისხლის სამართლის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული კი, არ გამორიცხავს სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების თვითნებურად შეზღუდვის საფრთხეს, რის გამოც სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
საკუთრების უფლების დარღვევა
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას.“[3]
სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლება ასევე მოიცავს ქონების განკარგვას, სარგებლობასა და მფლობელობას: „საკუთრებაში მოაზრებული უფლებამოსილებები მოიცავს, მათ შორის, საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის მოძრავი და უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ქონებრივი უფლებები) განკარგვას-მათ შორის განადგურებას მესაკუთრის გადაწყვეტილებით, სარგებლობას და მფლობელობასთან ერთად.“[4]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული კონსტიტუციური სიკეთეა აგრეთვე პირის შესაძლებლობა, დაცული იყოს სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან იმგვარი სამართლებრივი წესრიგის ჩამოყალიბებისაგან, რომელიც იწვევს პირისათვის სხვადასხვა სახის გაუმართლებელი ვალდებულებების დაწესებას.“[5]
როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმით, საგამოძიებო ორგანოს უფლება აქვს, მესაკუთრეს ან მფლობელს, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე არ დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალება (იგულისხმება სატრანსპორტო საშუალებ, რომელსაც ყადაღა არ აქვს დადებული). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა და განკარგოს იგი.[6] აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ნორმა იწვევს სატრანსპორტო საშუალებების მეპატრონეების საკუთრების (სატრანსპორტო საშულების განკარგვის, მფლობელობისა და სარგებლობის) კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, მიუხედავად იმისა, რომ ნარჩუნდება პირის საკუთრების უფლება ნივთზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება, მიუხედავად მისი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობისა, არ არის აბსოლუტური. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია „(...) უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო საკუთრებითი ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.“[7] აუცილებელია, „მესაკუთრემ გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს.“[8]
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ადგენს, რომ საკუთრების უფლება შესაძლოა შეიზღუდოს მხოლოდ საჯარო ინტერესების შესაბამისად. ამავდროულად, „კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“[9] აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას უნდა შეაფასდეს, რამდენად პასუხობს დადგენილი შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპის მოთხოვნებს.
როგორც უკვე აღინიშნა, სადავოა ნორმის შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე, საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს/მფლობელს შეიძლება არ დაუბრუნოს ნივთიერი მტკიცებულებები - სატრანსპორტო საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვთ დადებული.
ამდენად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება სადავო ნორმით დადგენილი წესი. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნივთიერი მტკიცებულება ინახებოდეს ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას და მისი თვისებების შეცვლას.[10] ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის (კერძოდ კი, საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილება, სისხლის სამართლის პროცესის დასრულებამდე, შეინახოს ნივთიერი მტკიცებულება) ლეგიტიმურ მიზანს, ნივთიერი მტკიცებულებების ისეთ პირობებში შენახვა შეიძლება წარმოადგენდეს, რომ გამოირიცხოს მათი დაკარგვა ან მათი თვისებების შეცვლა. აღნიშნული კი, თავის მხრივ გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულების ჯეროვან განხორციელებას ემსახურება. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული მიზანი ღირებული კონსტიტუციური სიკეთეა, რომლის მისაღწევად კანონმდებელი უფლებამოსილია დაადგინოს გარკვეული უფლებრივი შეზღუდვები. „ეჭვგარეშეა, რომ დანაშაულთან ეფექტური ბრძოლა და მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შეუფერხებელი განხორციელება (...) და დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა უმნიშვნელოვანესი საჯარო ინტერესებია.“[11] მაშასადამე, გამომდინარე იქედან, რომ შესაძლოა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერი მტკიცებულება დაიკარგოს, განადგურდეს ან ის თვისება შეიცვალოს, რის გამოც კონკრეტულ გარემოებაზე მიუთითებს, არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება გარკვეული პერიოდის განმავლობაში საგამოძიებო ორგანოში ინახებოდეს, მეტი დაცულობის ხარისხით.
ლეგიტიმური მიზანი, თავისთავად, ვერ იქნება საკმარისი უფლების შეზღუდვის გამართლებისთვის. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა ასევე უნდა აკმაყოფილებდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. კერძოდ, რეგულირება უნდა იყოს მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება, უზრუნველყოფდეს გონივრულ და სამართლიან ბალანსს შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანსა და კერძო ინტერესს შორის.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად, შემაჯამებელი გადაწყვეტილებით ხდება მტკიცებულებათა ბედის გადაწყვეტა, თუმცა, კანონმდებელი გარკვეული ნივთიერი მტკიცებულებებისთვის ადგენს სპეციალურ წესს - სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე ნივთიერი მტკიცებულების მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის დაბრუნების შესაძლებლობას. სწორედ ამგვარი განსახვავებული მიდგომის მიზანია, რომ უფლების შეზღუდვა იყოს პროპორციული. კერძოდ კი, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში მოხდეს საკუთრების შეზღუდვა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული სპეციალური წესი უნდა მოქმედებდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ დაზიანდება მართლმსაჯულების ინტერესი. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, შესაძლებელია არსებობდეს მართლმსაჯულების უპირატესი ინტერესი, როდესაც ნივთის მტკიცებულებითი თვისება შესაძლებელია მოისპოს მისი დაბრუნებით, თუმცა, ეს ნორმა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ასეთი საფრთხე არ ემუქრება მართლმსაჯულების ინტერესს.
სადავო ნორმა, საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილებას ანიჭებს გადაწყვიტოს, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე მესაკუთრისათვის ან მფლობელისთვის სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების საკითხი, თუ მას ყადაღა არა აქვს დადებული. თუმცა სადავო ნორმით დადგენილი წესის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ იგი არ განსაზღვრავს, პირობებს და კრიტერიუმებს, რითიც უნდა იხელმძღვანელოს საგამოძიებო ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას, მათ შორის, რა შემთხვევაში შეიძლება უარი ეთქვას მესაკუთრეს სატრანსპორტო საშუალების დაბრუნებაზე. სადავო ნორმა უზრუნველყოფს გამოძიების ინტერესის არსებობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - სატრანსპორტო საშუალება, ინახებოდეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, თუმცა სადავო ნორმა არ განსაზღვრავს, იმ პირობებს, როდის შეიძლება არ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს სატრანსპორტო საშუალება, რის გამოც აჩენს საკუთრების უფლების არათანაზომიერი შეზღუდვის რისკს. მართალია, საგამოძიებო ორგანოს მიერ, სისხლის სამართლის საქმესთან ერთად ნივთიერი მტკიცებულების (სატრანსპორტო საშუალების) შენახვით, იმთავითვე იზღუდება აღნიშნულ ნივთზე საკუთრების უფლება, თუმცა სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით საგამონაკლისო წესის დადგენის მიზანია, საკუთრების უფლება შეიზღუდოს საჯარო და კერძო ინტერესის დაბალანსებით, რათა უფლების შეზღუდვა არ მოხდეს იმაზე მეტი ინტენსივობით, ვიდრე ეს აუცილებლია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამგვარი ბალანსი კი, ვერ იქნება მიღწეული თუ არ განისაზღვრება კონკრეტული პირობები.
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის გამოძიების პროცესში, მათ შორის მტკიცებულებათა შეგროვებისა და შენახვის პროცესში, საგამოძიებო ორგანო გარკვეული მიხედულების ფარგლებით სარგებლობს. თუმცა, მიხედულების ფარგლები არ არის უსაზღვრო და არ გულისხმობს საკითხის თვითნებურად გადაწყვეტის შესაძლებლობას, კერძოდ კი, ნივთიერი მტკიცებულების - სატრანსპორტო საშულების, მესაკუთრისთვის ან მფლობელისთვის დაბრუნებაზე უარის თქმას ყველა შემთხვევაში. კანონმდებელს მოეთხოვება, თავიდან აიცილოს საკუთრების უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა და არ შეაფერხოს საკუთრებით, განსახილველ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა მაშინ, როდესაც ამის საჭიროება ობიექტურად არ არსებობს. ნივთიერი მტკიცებულებებიდან, სპეციალური კატეგორიის გამოყოფა და მათი მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის დაბრუნების საკითხის გადაწყვეტის განსხვავებული მექანიზმი, ემსახურება სწორედ საკუთრების უფლების შეზღუდვის ინტენსივობის შემცირებას, მაშინ, როდესაც შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე საკუთრების უფლების ამგვარი შეზღუდვის საჭიროება არ არსებობს.
როგორც უკვე აღინიშნა, მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის დაბრუნების მიზნებისათვის, კანონმდებელმა ერთმანეთისგან გამიჯნა ერთი მხრივ, ისეთი ნივთიერი მტკიცებულებები, როგორებიცაა მალფუჭებადი საგნები, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელი საგნები, შინაური ცხოველები, ფრინველები და სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა დანარჩენი ნივთიერი მტკიცებულებები. ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ გარემოებითაც, რომ მსგავსი ნივთებით სარგებლობა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს და შესაბამისად, ინტერესიც მეტია, რომ ისინი მესაკუთრეებს დროულად დაუბრუნდეს და არა სისხლის სამართლის პროცესის დამთავრების შემდგომ, რაც შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს. ავტოსატრანსპორტო საშუალებას წლების გასვლის პარალელურად ღირებულება უმცირდება და ეს დამატებითი ფაქტორია, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული.
ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს, რა შემთხვევებში არის შესაძლებელი, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჯეროვნად განხორციელების მიზნის მიღწევასთან ერთად, მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის სატრანსპორტო საშუალების დაბრუნება სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე.
ბუნებრივია იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთიერი მტკიცებულება ჯერ კიდევ წარმოადგენს საკვლევ ობიექტს, მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის მისმა დაბრუნებამ შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს გამოძიების ინტერესები. ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ მტკიცებულება დაიკარგება, განადგურდება ან შეიცვლის იმ თვისებას, რომლითაც კონკრეტულ გარემოებაზე მიუთითებს. თუმცა, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მაგალითად, უკვე ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზა, და არსებობს საექსპერტო დასკვნა, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს კონკრეტულ გარემოებებს, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდეს სატრანსპორტო საშუალება, ვინაიდან აღარ იარსებებს მისი საგამოძიებო ორგანოში შენახვის საჭიროება.
ასეთ შემთხვევებში უნდა შეფასდეს, საქმისთვის აქვს თუ არა მნიშვნელობა სატრანსპორტო საშუალების საგამოძიებო ორგანოში შენახვას. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოსთვის ხელსაყრელი და კომფორტულია, როდესაც ყველა მტკიცებულება ინახება მასთან, სისხლის სამართლის პროცესის დასრულებამდე, თუმცა აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ნივთის მესაკუთრის საპირისპირო ინტერესი და საჭიროება. ნორმის გამოყენების პრაქტიკითაც დასტურდება, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, მაშინაც კი როდესაც აღარ არსებობს მტკიცებულების საგამოძიებო ორგანოში შენახვის ინტერესი, საგამოძიებო ორგანო უარს ეუბნება მესაკუთრეს სატრანსპორტო საშუალების დაბრუნებაზე. მისი დასაბუთება არ ეფუძნება, გამოძიების მიზნებისთვის რაიმე აუცილებლობის არსებობას. არ არსებობს ვალდებულება, რომ საგამოძიებო ორგანომ გაითვალისწინოს გამოძიების ინტერესები და მესაკუთრის საჭიროება, და ისე გადაწყვიტოს ავტომობილის მესაკუთრისთვის დაბრუნების საკითხი.
ამგვარი მიდგომა, აზრს უკარგავს ყადაღის გამოყენების ინსტიტუტს, რომელიც მესაკუთრეს/მფლობელს უკრძალავს დაყადაღებული ქონებით სარგებლობას. ვინაიდან, შედეგობრივად ისეთ მოცემულობას ვიღებთ, როგორც ყადაღადადებული ქონების შემთხვევაში - მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სატრანსპორტო საშუალებას ყადაღა არ ადევს, მესაკუთრე მაინც ვერ სარგებლობს ნივთით. ამაზე მიუთითებს სადავო ნორმაც, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ ნივთებთან მიმართებით, რომელთაც ყადაღა არ ადევს განსხვავებული გადაწყვეტაა საჭირო.
გასათვალისწინებელია ასევე სამოქალაქო წესით უფლების აღდგენის შესაძლებლობა. გამომდინარე იქედან, რომ ქონებრივი ურთიერთობები სამოქალაქო სამართლის რეგულირების სფეროს განეკუთვნება, ნებისმიერი დავა ნივთიერი მტკიცებულების დაზიანების, პირისათვის მიკუთვნების/გადაცემის, შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების და ა.შ. შესახებ წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების გზით საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად. ნივთიერი მტკიცებულების დაზიანების, დაკარგვის, გაფუჭების, განადგურების შემთხვევაში მის მესაკუთრეს/მფლობელს ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია. გამონაკლისია ქონება, რომელიც ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას. მისი დაზიანება-განადგურების შემთხვევაში მესაკუთრეს/მფლობელს არ გააჩნია კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.[12]
ამდენად, მესაკუთრის ინტერესის დაცვის მნიშვნელოვანი საშუალება არის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, რომელსაც საგამოძიებო ორგანო უარს ეუბნება სატრანსპორტო საშუალების დაბრუნებაზე, მიუხედავად საპროცესო საჭიროების არ არსებობისა, ვერ იდავებს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და ვერ მოითხოვს ნივთიერი მტკიცებულების შენახვის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას საფუძვლად უნდა ედოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
მაშასადამე, იქედან გამომდინარე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ყოველგვარი პირობის გარეშე, დასაშვებად მიიჩნევს, საგამოძიებო ორგანოს უარს, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის/მფლობელისთვის დაბრუნებაზე, პირი მოკლებულია შესაძლებლობას სამოქალაქო წესით იდავოს იმ ზიანის ანაზღაურებაზე, რაც მას სატრანსპორტო საშუალების სარგებლობის შეზღუდვის შედეგად ადგება, ვინაიდან სახეზეა საგამოძიებო ორგანოს კანონის შესაბამისი ქმედება. განსახილველ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს კანონის საფუძველზე აქვს მინიჭებული უფლება არ გადასცეს ავტომობილი მესაკუთრეს, ამდენად არ არსებობს მისი არამართლზომიერი ქმედება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველიც.
დასახელებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მესაკუთრეს ამ დროს არ აქვს არც, სამოქალაქო წესით უფლების აღდგენის შესაძლებლობა (მოითხოვს ზიანის ანაზღაურება). მესაკუთრეს ასევე არ შეუძლია იდავოს, ქონების დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, რამდენად სწორად შეაფასა გარემოებები საგამოძიებო ორგანომ, არსებობდა თუ არა საჯარო ინტერესი საკუთრების უფლებაში ჩარევისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების სრული და ეფექტური დაცვისათვის აუცილებელია ადეკვატური, სრულყოფილი და დეტალურად გაწერილი პროცედურების არსებობა, რათა მესაკუთრემ შეძლოს ქონებით სარგებლობის შეზღუდვის მართლზომიერებაზე დავა. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კანონმდებელი ვალდებულია მიიღოს ისეთი ნორმები, რომლებიც გამორიცხავს მანიპულირების და თვითნებობის შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოებაში მონაწილე პირთა უფლებების და თავისუფლებების დასაცავად.[13] კერძოდ კი, კანონმდებელი ვალდებულია საგამოძიებო ორგანოს მაქსიმალურად ნათლად დაუდგინოს სამოქმედო ფარგლები, და განუსაზღვროს ის შემთხვევები როდის და რა შემთხვევებში შეიძლება შეიზღუდოს საკუთრების უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა -საგამოძიებო ორგანს უფლება, ნებისმიერ შემთხვევაში უარი უთხრას მესაკუთრეს სატრანსპორტო საშუალების დაბრუნებაზე სისხლის სამართლის პროცესის დასრულებამდე, არ არის დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის თანაზომიერი საშუალება და არღვევს საკუთრების უფლებას. საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად, კანონმდებელი ვალდებულია, საგამოძიებო ორგანოს მაქსიმალურად ნათლად დაუდგინოს ფარგლები, რომელშიც ის იმოქმედებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა თანახმად, „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია,“ ამასთან, „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“
შესაბამისად, გთხოვთ, არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს კანონის „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილებას ანიჭებს, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე, მესაკუთრეს ან მფლობელს არ დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალება (თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული), იმ შემთხვევაშიც როდესაც სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის სატრანსპორტო საშუალების სისხლის სამართლის საქმესთან ერთად შენახვის საჭიროება არ არსებობს.
[1] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი;
[2] იგულისხმება ისეთი ყადაღა, რომელიც მესაკუთრეს/მფლობელს უკრძალავს დაყადაღებული ქონებით სარგებლობას, იხ.: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარები, 2015 წელი, თბილისი, 283 გვ., პ. 1;
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება, II. პ. 5;
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის №2/1/631 გადაწყვეტილება, II. პ. 6;
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება, II. პ. 6;
[6] საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი;
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება, II. პ. 8;
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება, II. პ. 8;
[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება, II. პ. 60;
[10] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილი;
[11] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება, II. პ. 26;
[12] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარები, 2015 წელი, თბილისი, 285 გვ., პ. 5;
[13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის №2/1/631 გადაწყვეტილება, II. პ. 16;
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა