საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/10/1540 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 15 ივლისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 ივლისი 2021 18:47 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში ‒ სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი ‒ წევრი;
მანანა კობახიძე ‒ წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი ‒ წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1540) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1540 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2020 წლის 9 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 15 ივლისს.
2. №1540 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იმ ნივთიერ მტკიცებულებებს, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე უბრუნდება ან შესაძლოა, დაუბრუნდეს ნივთის მესაკუთრეს ან მფლობელს. კერძოდ, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული. ამავე ნაწილის მეორე წინადადება კი ადგენს, რომ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია საკუთრების უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლები.
5. მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილებას ანიჭებს, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე, მესაკუთრეს/მფლობელს არ დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალება (თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული) იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის სატრანსპორტო საშუალების სისხლის სამართლის საქმესთან ერთად შენახვის საჭიროება არ არსებობს.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე, გარკვეული ნივთიერი მტკიცებულებებისთვის სპეციალური წესის დადგენა მიზნად ისახავს საკუთრების უფლების შეზღუდვის ინტენსივობის შემცირებას მაშინ, როდესაც სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე ამგვარი შეზღუდვის საჭიროება არ არსებობს. მოსარჩელის აღნიშვნით, სატრანსპორტო საშუალება პირის ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ნივთთა კატეგორიას განეკუთვნება. ამავდროულად, შესაძლებელია, იგი წარმოადგენდეს პირის შემოსავლის ერთადერთ წყაროს. ამასთან, მას წლების გასვლასთან ერთად, უმცირდება ღირებულება. შესაბამისად, მომეტებულია პირის ინტერესი, რომ მას ასეთი ნივთი დროულად დაუბრუნდეს.
7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმა საგამოძიებო ორგანოს ანიჭებს ფართო დისკრეციას, ნებისმიერ შემთხვევაში, პირს უარი უთხრას სატრანსპორტო საშუალების დაბრუნებაზე. ნორმა საერთოდ არ შეიცავს მითითებას, თუ რა შემთხვევაში და რა საფუძვლით შეიძლება არ გადასცეს საგამოძიებო ორგანომ პირს სატრანსპორტო საშუალება. ამავდროულად, არ არსებობს საგამოძიებო ორგანოს ვალდებულება, რომ მან გადაწყვეტილება გამოძიებისა და პირის ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღიშნულს ნორმის გამოყენების პრაქტიკაც ადასტურებს. კერძოდ, საგამოძიებო ორგანო პირს უარს ეუბნება სატრანსპორტო საშუალების დაბრუნებაზე, გამოძიების ინტერესებისთვის რაიმე აუცილებლობაზე მითითების გარეშე.
8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა, უდავოდ, ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს, როგორიც არის ნივთიერი მტკიცებულებების ისეთ პირობებში შენახვა, რომელიც გამორიცხავს მათ დაკარგვას ან მათი თვისებების შეცვლას. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთიერი მტკიცებულება ჯერ კიდევ წარმოადგენს საკვლევ ობიექტს, პირისთვის მისმა დაბრუნებამ შესაძლებელია, საფრთხის ქვეშ დააყენოს გამოძიების ინტერესები. თუმცა ისეთ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ ნივთზე უკვე ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზა და არსებობს საექსპერტო დასკვნა, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს კონკრეტულ გარემოებებს, აღარ არსებობს მისი საგამოძიებო ორგანოში შენახვის საჭიროება და იგი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს.
9. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ პირი ვერც სამოქალაქო წესით იდავებს ნივთიერი მტკიცებულების შენახვის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან საგამოძიებო ორგანოს კანონის საფუძველზე აქვს მინიჭებული უფლება, არ გადასცეს მას სატრანსპორტო საშუალება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა მომეტებულად ზღუდავს პირის საკუთრების უფლებას და იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო ნორმის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, თუ მას ყადაღა არა აქვს დადებული. მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილებას ანიჭებს, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე, მესაკუთრეს/მფლობელს არ დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალება. მისი განმარტებით, პირს უნდა დაუბრუნდეს სატრანსპორტო საშუალება მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის სატრანსპორტო საშუალების სისხლის სამართლის საქმესთან ერთად შენახვის საჭიროება არ არსებობს.
3. ნივთიერი მტკიცებულების შენახვის ზოგადი წესი მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილიც განსაზღვრავს, რომ ნივთიერი მტკიცებულებები ინახება. აღნიშნული წესიდან გამონაკლისს ადგენს ამავე კოდექსის მე-80 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ ნივთთა კატეგორიას, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე უბრუნდება ან შესაძლოა, დაუბრუნდეს ნივთის მესაკუთრეს ან მფლობელს. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება ადგენს, რომ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები. შესაბამისად, აღნიშნული სადავო წესი წარმოადგენს გამონაკლისს ზოგადი წესიდან, იგი აღმჭურველი ხასიათისაა და მიზნად ისახავს სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე პირისთვის სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შესაძლებლობის განსაზღვრას. ამასთან, სადავო ნორმა, თავისთავად არ ადგენს საგამოძიებო ორგანოს მიერ რაიმე სახის ნივთის შენახვის უფლებამოსილებას. ამავე დროს, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია საერთო სასამართლოების ან/და სხვა ავტორიტეტული ორგანოს განმარტებები, რომლითაც წარმოჩინდებოდა, რომ სადავო ნორმა პრაქტიკაში მის მიერ მითითებული შინაარსით გამოიყენება. მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა შესაძლოა მომდინარეობდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომელიც ნივთიერი მტკიცებულების შენახვის უფლებამოსილებას ადგენს და, ამ მხრივ, სადავო ნორმას, გარკვეული გამონაკლისის დადგენის გარდა, სხვა შინაარსი არ გააჩნია. შესაბამისად, სადავო ნორმა არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ პირის უფლებას.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1540 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1540 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი