„შპს სკს“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/13/655 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 11 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 ნოემბერი 2016 12:40 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „შპს სკს“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებასთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №655) მიმართა „შპს სკს“-მ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 8 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 11 ნოემბერს.
2. №655 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და საკურიერო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე აღნიშნული კანონი არ ვრცელდება.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება ადგენს, რომ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ“. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების მიხედვით კი, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.“
5. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს პარლამენტმა სადავო ნორმით „შპს საქართველოს ფოსტას“ მიანიჭა რა ექსკლუზიური უფლებამოსილება, საქართველოს საფოსტო და საკურიერო მომსახურების ბაზარზე ფაქტობრივად გამორიცხა „შპს საქართველოს ფოსტის“ გარდა სხვა აქტორების დაშვება და დაარღვია კონკურენციის პირობები, რადგან უპირატესობა ხელოვნურად, საკანონმდებლო ცვლილებით მიენიჭა ერთ კომპანიას, რომელიც, იმავდროულად, სახელმწიფოს 100%-ნი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შპს-ს წარმოადგენს.
6. №655 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის განმარტებით ბარათში მითითებული ლეგიტიმური მიზანი - „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორი კომპანიისთვის, რომლის 70%-იანი წილის მფლობელიც გახდა საქართველოს სახელმწიფო, შესაბამისი დამატებითი რეგულაციების გაუქმება და ამ სფეროსთვის დროებით როგორც სახელმწიფოს პრიორიტეტული საქმიანობის წახალისება - ვერ გამოდგება შეზღუდვის პროპორციულ საშუალებად, რადგან მოსარჩელის განმარტებით, საფოსტო და საკურიერო მომსახურების ბაზარი თვისობრივად განსხვავდება და არავითარი კავშირი არ აქვს ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების ბაზართან.
7. მოსარჩელის განცხადებით, სახელმწიფომ ამგვარი საკანონმდებლო რეალობის შექმნით უგულებელყო მეწარმეობისა და კანკურენციის მხარდაჭერისთვის ნაკისრი ვალდებულება, შეექმნა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და ხელი შეეწყო ეფექტური რეალიზაციისთვის. მან ასევე უგულებელყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, დაეცვა თავისუფალი კონკურენციის წესები, რაც, შესაბამისად, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვალდებულებასაც.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებასა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებს.
9. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, მას შეიძლება მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი, რადგან სადავო ნორმამ მოსარჩელე მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა და შესაძლოა მას მოუწიოს საფოსტო და საკურიერო მომსახურების ბაზრის დატოვება. ამგვარად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. მაშასადამე, აღნიშნული ნორმების თანახმად, პირი უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე.
2. მოსარჩელე სადავოდ ხდის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, რომლის თანახმად: „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ“.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი მოთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის პირველ და არა მეორე თავში, შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდავოს დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით სადავო ნორმის შესაბამისობაზე, ისევე როგორც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ფიზიკური და იურიდიული პირების სარჩელის საფუძველზე იმსჯელოს ნორმატიული აქტების შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, №655 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №655 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მირებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
5. მოსარჩელე ასევე ითხოვს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის საფუძველზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ხსენებული დებულება არის „...საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
6. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს სარჩელში არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მისი უფლება შეუქცევადად ირღვევა და უფლებებში აღდგენა ვერ მოხდება, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად. იგი მიუთითებს უფლების განგრძობადი დარღვევის შესაძლებლობაზე, თუმცა წარმოდგენილი არ არის სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს უფლების სავარაუდო დარღვევის შედეგების გამოუსწორებლობაში დაარწმუნებდა. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე–18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №655 („„შპს სკს“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად სარჩელი №655 („„შპს სკს“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა