„შპს სკს“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N655 |
ავტორ(ებ)ი | შ.პ.ს. სკს |
თარიღი | 7 ივლისი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
შ.პ.ს. ,,სკს" არის TNT-ს პარტნიორი კომპანია საქართველოში და საფოსტო და საკურიერო მომსახურებას საქართველოში ახორციელებს 1996 წლიდან. სადავო აქტით უშუალო და პირდაპირი ზიანი მიადგა შ.პ.ს. ,,სკს''-ს, ხოლო აღნიშნული ნორმის მოქმედება ქმნის ზიანის მიყენების მუდმივ საშიშროებას საფოსტო და კურიერული მომსახურების ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისათვისათვის, რის გამოც სუბიექტი უფლებამოსილია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
რაც შეეხება სარჩელის ფორმალურ მხარეს, სარჩელი:
1. ფორმით და შინაარსით შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
2. "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შ.პ.ს. ,,სკს'' უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
3. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს;
4. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილი არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
5. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გახდილი ნორმა ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებულ უფლებებს და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების IV თავის, მე-10 ნაწილის (კონკურენცია), 203-205 მუხლებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს, რაც ასევე წარმოადგენს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვალდებულებებს;
6. კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრული არ არის კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა;
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის მომენტისთვის არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობის შესწავლის გარეშეც შეუძლებელია სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ'' საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-3 პრიმა პუნქტს 2011 წლის 28 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების პაკეტით დაემატა ,,ო''- ,,ს'' ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად მოხდა აღნიშნული კანონის მოქმედების გამორიცხვა რიგ შემთხვევებში. მათ შორის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ'' კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ,,შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და საკურიერო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე" (შემდგომში ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ'' კანონის N 5169 ცვლილება). კანონში აღნიშნული ცვლილების განმარტებითი ბარათის თანახმად (იხ. დანართი 1, განმარტებითი ბარათი) განსახორციელებელი ცვლილების მიზნად დასახელებულია ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ სფეროს წახალისების და შ.პ.ს. ,,საქართველოს ფოსტის'', როგორც ამ ბაზარზე სახელმწიფო წილის მმართველი კომპანიის მიერ ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ბაზარზე მოქმედი კომპანიებისათვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების რეჟიმისაგან განთავისუფლება (ვინაიდან ,,საქართველოს ლატარიის კომპანიის'' 70%-იანი წილის მფლობელი გახდა საქართველოს სახელმწიფო, რომელმაც წილის მართვის უფლება გადასცა სახელმწიფო 100%-იანი წილის მართვის კომპანიას შპს ,,საქართველოს ფოსტას'').
პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აღნიშნული ცვლილებების პაკეტში აღმოჩნდა აგრეთვე ,,ს'' ქვეპუნქტი, რომლის თანახმად ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ'' კანონი არ უნდა გავრცელებულიყო საფოსტო და კურიერული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებზე, იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველი ორგანიზაცია კონკრეტული მომსახურების შესყიდვას განახორციელებდა შ.პ.ს. ,,საქართველოს ფოსტისაგან''. აღნიშნული ცვლილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, მიუხედავად იმისა რომ ,,შესყიდვების შესახებ'' კანონის მიღების (2005 წელი) შემდგომ არანაირი ობიექტური ეკონომიკური და სამართლებლივი საფუძველი არ წარმოქმნილა, რაც გამოიწვევდა შ.პ.ს ,,საქართველოს ფოსტისთვის'' ასეთი ექსკლუზიური უპირატესობის მინიჭების აუცილებლობას და ამით სხვა ეკონომიკური აგენტებისათვის საფოსტო და კურიერული მომსახურების ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის რეჟიმში საქმიანობის შესაძლებლობის წართმევას.
სსიპ საერთო სასამართლოების შესყიდვების დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 13 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით მოხდა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ'' კანონის პირველი მუხლის მე-3 პრიმა პუნქტის ,,ს'' ქვეპუნტის გამოყენება, რომლითაც საერთო სასამართლოების შესყიდვების დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადების პროცედურისაგან თავის არიდებით საფოსტო და კურიერული მომსახურების გაწევის უფლება პირდაპირი ხელშეკრულების დადების გზით მიანიჭა შ.პ.ს. ,,საქართველოს ფოსტას'', მიუხედავად იმისა, რომ საფოსტო და კურიერული მომსახურების ბაზარი არ წარმოადგენს მონოპოლიურ ბაზარს საქართველოში (ბაზარზე ოპერირებს ათეულობით კომპანია). შესაბამისად, საფოსტო და კურიერული მომსახურების ბაზარზე მოქმედ ყველა კომპანიას, მათ შორის შ.პ.ს. ,,სკს''-ს, ფაქტობრივად გამოერიცხა მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა სახელმწიფო შესყიდვაში, მათ შორის საერთო სასამართლოების მიერ გამოცხადებულ მომსახურების შესყიდვაში, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული მომსახურების მიწოდების სურვილს გამოთქვამს შ.პ.ს. ,,საქართველოს ფოსტა''.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ წინა წლებში საერთო სასამართლოების შესყიდვების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების შედეგების საფუძველზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში გამარჯვებული სწორედ შ.პ.ს ,,სკს'' იყო და ახორციელებდა საერთო სასამართლოების საფოსტო და კურიერული მომსახურებას წლების განმავლობაში. ხოლო, მიმდინარე წელს შ.პ.ს ,,სკს'' მას შემდეგ რაც გამარჯვებულად გამოცხადდა, მასთან სახელმწიფო შესყიდვის გაფორმების ეტაპზე ტენდერი ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ და ახალი ტენდერის გამოცხადების გარეშე ზემოაღნიშნული ,,შესყიდვების შესახებ'' კანონის N5169 ცვლილების საფუძველზე მომსახურების ხელშეკრულება პირდაპირ გაფორმდა შ.პ.ს. ,,საქართველოს ფოსტასთან''. კერძოდ, პრობლემის არსი კი უკეთ ჩანს იმ პროცესებიდან, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებას უძღოდა წინ, კერძოდ: სსიპ საერთო სასამართლოების შესყიდვების დეპარტამენტის 2015 წლის 23 იანვრის სხდომის N4 ოქმით, 2015 წლის 18 თებერვლის N6 ოქმით და 2015 წლის 13 მარტის სხდომის N8 ოქმით იქნა მიღებული გადაწყვეტილებები შ.პ.ს. ,,სკს''-თან სახელმწიფო შესყიდვების გაფორმების შესახებ, ხოლო სახელმწიფო შესყიდვებან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ ,,საერთო სასამართლოების'' დეპარტამენტის სატენდერო კომისიას დაევალა გააუქმოს ზემოთ ჩამოთვლილი ოქმებით მიღებული გადაწყვეტილებები, რის შედეგად შ.პ.ს. ,,სკს''-ს ჩამოერთვა უფლება შემსყიდველ ორგანიზაციასთან შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს. შესაბამისად, მიზანშეწონილია განვიხილოთ: 1. ნორმის პრაქტიკული გამოყენება და მისი გავლენა მოსარჩელის ინტერესებზე; 2. შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის შინაარსი და ფარგლები.
შ.პ.ს. ,,სკს'' აღნიშნული სახელწოდებით საქონლის გადაზიდვის საქმიანობას ეწეოდა 1996 წლიდან. კომპანიის დამფუძნებელ პირებს აქვთ საფოსტო და კურიერული მომსახურების სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. როგორც უკვე აღინიშნა, სსიპ საერთო სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შ.პ.ს. იძულებული გახდა სასამართლოებისთვის საფოსტო და კურიერული მომსახურება შეეწყვიტა. სიტუაციის ზედმიწევნითმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ'' კანონის აღნიშნული ცვლილებით საფოსტო და კურიერული მომსახურების ბაზარზე „საქართველოს ფოსტა“ ერთადერთი კომპანიაა, რომელზეც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვების ზოგადი წესი არ ვრცელდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ'' კანონის N 5169 ცვლილება ქმნის ლეგალურ ბარიერს, რომლითაც ირღვევა სამეწარმეო სუბიექტის თავისუფლება საფოსტო და კურიერული მომსახურების ბაზრებზე.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. კონსტიტუციის დასახელებული ნორმა სახელმწიფოს ვალებულებას აკისრებს: 1. ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას; 2. აკრძალოს მონოპოლიური საქმიანობა.
კონკრეტული სარჩელის მიზნებისთვის საინტერესო პირველი და მეორე კომპონენტის შინაარსი და ფარგლებია. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.” საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით კი, თავისუფალი მეწარმეობის უფლება გულისხმობს სუბიექტის შესაძლებლობას „თავისუფლად შეარჩიოს სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის სახე და თავისუფლად და დაუბრკოლებლად განახორციელოს იგი’’ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბერის #1/2/411 გადაწყვეტილება, II.პ.2) . რაც შეეხება კონკურენციის განვითარებას, “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურენცია განიმარტება როგორც შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება შექმნას მაქსიმალურად თანაბარი პირობები, რათა სუბიექტებმა ობიექტურად შეძლონ უპირატესობის მოპოვება. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,თავისუფალი კონკურენცია ორგანულადაა დაკავშირებული მეწარმეობის თავისუფლებასთან და წარმოადგენს საბაზრო მეურნეობის საძირკველს. კონკურენციის განვითარების ხელის შეწყობა, ცალკეულ შემთხვევაში, სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს ეკონომიკური ურთიერთობების იმ სფეროშიც, რომელშიც ბუნებრივი მონოპოლიებია გაბატონებული ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბერის #1/2/411 გადაწყვეტილება, II.პ.5).“ აღნიშნული განმარტებიდან ნათელია, რომ სუბიექტის უფლებას - თავისუფლად აირჩიოს და განახორციელოს საქმიანობის ესა თუ ეს სახე, უკავშირდება სახელმწიფოს ვალდებულება ხელი შეუწყოს კონკურენციის განვითარებას.
სახელმწიფოს მიერ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების მხარდაჭერა გულისხმობს 2 მიმართულებას: შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნით და ეფექტური რეალიზაციით. პირველი კომპონენტის ფარგლებში ,,მნიშვნელოვანია მისი მთავარი მოთამაშის, კერძოდ, მეწარმისადმი შეთავაზებული გარანტიები. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის. სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ნორმატიული სანდოობა სუბიექტს სამოქალაქო (კომერციული) ბრუნვის მიღმა კი არ ტოვებს, არამედ უძლიერებს მას ამ ბრუნვაში ჩართვის ინტერესს.... (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 12 მარტის #2/2/277 განჩინება საქმეზე მურმან ბაკურაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, პ.3)’’. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფოს პოზიტიური, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ვალდებულებაა, დაიცვას მომხმარებელი მესამე პირთა უსამართლო ძალაუფლებისაგან. სახელმწიფო, რომელიც ვერ ახერხებს ამას, თავად გამოდის აღნიშნული უფლების დამრღვევის როლში. სახელმწიფო, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მიმართულებით, პოზიტიური ეფექტის მისაღწევად უნდა იყენებდეს მის ხელთ არსებულ ყველაზე გონივრულ და ყველაზე გამართლებულ საშუალებებს.’’ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებზე მსჯელობისას ასევე მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი განმარტება: ,,მეწარმეთა ბაზრიდან განდევნა საფრთხეს უქმნის სამართლებრივი წესრიგისადმი სანდოობას. რაგინდ კეთილშობილური მიზანიც არ უნდა ამოძრავებდეს სახელმწიფოს საკანონმდებლო ნოვაციების შემოსაღებად, არ უნდა დაირღვეს ნდობის კონსტიტუციური პრინციპი, როგორც სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელიც სამოქალაქო ურთიერთობათა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს." (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბერის #1/2/411 გადაწყვეტილება, II.პ.21).
სახელმწიფოს აღნიშნული ვალდებულების პარალელურად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლება, ისევე როგორც მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვა არ არის აბსოლიტური და განსაზღვრულ შეზღუდვებს ექვემდებარება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მეწარმეობის თავისუფლება არ გამორიცხავს გონივრული შეზღუდვების დაწესებას. „ადამიანის უსაფრთხოების, მისი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პროდუქციის რეალიზაციის სათანადო წესების დადგენა და მათი შესრულების უზრუნველყოფა ვერანაირად ვერ ჩაითვლება [...] თავისუფალი მეწარმეობის განვითარებისათვის ხელის შეშლად” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 13 ივნისის #1/4/154,200 გადაწყვეტილება). შესაბამისად, იმის შესაფასებლად, არის თუ არა უფლების შეზღუდვა გამართლებული, უნდა გაირკვეს არის თუ არა შეზღუდვა კანონით განსაზღვრული, ემსახურება თუ არა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და ამავდროულად არის თუ არა მიზნის მიღწევის ერთადერთი და პროპორციული ზომა. სხვაგვარად რომ ვთქვათ კანონმდებელი უნდა იცავდეს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს. მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა უნდა მოხდეს ყველაზე უმტკივნეულო, აუცილებელი და სამართლებრივად ვარგისი საშუალებით. ვარგისიანობა და აუცილებლობა განაპირობებს არჩეული საშუალების ნამდვილობას.
მოცემულ შემთხვევაში დაცულ სფეროში ჩარევა ხდება კანონით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ფიქსირდება შემთხვევები, როცა სასამართლომ საკანონმდებლო აქტით დაწესებული უფლების შეზღუდვა საკმარის ფორმალურ საფუძვლად მიიჩნია და მისი შინაარსობრივი მხარე შეაფასა. შესაბამისად, უნდა შეფასდეს აღნიშნული რეგულაციის შინაარსობრივი მხარე. კერძოდ: 1. მიზნები, რომელთა მიღწევასაც ის ემსახურება; 2. რამდენად პროპორციულია ჩარევა. როგორც წესი, უფლების შეზღუდვის საფუძვლების და ლეგიტიმური მიზნების შესახებ საკანონმდებლო აქტის განმარტებით ბარათშია მითითებული. აღნიშნული განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ ცვლილება ეხება ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების ბაზარს. თუმცა, რატომ შეირჩა შ.პ.ს. ,,საქართველოს ფოსტა'' ერთადერთ სუბიექტად, განმარტებითი ბარათი მითითებას არ შეიცავს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ვივარაუდებთ, რომ აღნიშნული რეგულაციის მიღებას გააჩნია ლეგიტიმური მიზანი ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების ბაზარზე, აღნიშნული განმარტებითი ბარათით ვერ საბუთდება საფოსტო და კურიერული მომსახურების ბაზარზე დაწესებული შეზღუდვა. ვინაიდან, აღნიშნული შეზღუდვა მიზნის მიღწევის ერთადერთი და მით უფრო პროპორციული ზომა ვერ იქნება საფოსტო და კურიერული მომსახურების ბაზარზეც, რადგან საფოსტო და კურიერული მომსახურების ბაზარი თვისობრივად განსხვავებული ბაზარია და არავითარი კავშირი არ აქვს ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების ბაზართან. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზნები ბუნდოვანია და დადგენილი აკრძალვა მიზნების მიღწევის არა თუ ერთადერთი, არამედ ზოგადად შეუფერებელი ფორმაა.
კონკრეტული სარჩელის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია განიმარტოს “კანონით განსაზღვრული” შემთხვევები, რომელთა არსებობის დროსაც მონოპოლიური საქმიანობა არ იკრძალება. უპირველეს ყოვლისა, ასეთად უნდა მივიჩნიოთ ბუნებრივი მონოპოლიები და სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი სფეროები. საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ რეგულირებად სფეროებს. ასეთს წარმოადგენს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი სფეროები, აგრეთვე მუნიციპალური მომსახურების სფეროები, რომლებშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია და რომლებიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად და ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას. ჩამონათვალი არ შეიცავს მითითებას საფოსტო და კურიერული მომსახურების ბაზრების სახელმწიფოს მიერ რეგულირების შესახებ.
ბუნებრივი მონოპოლიებისა და სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი საქმიანობების პარალელურად ყურადღებას იქცევს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, რომელთა შორისაა შ.პ.ს. “საქართველოს ფოსტა”. საქართველოს ფოსტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, "საქართველოს ფოსტა" - სახელმწიფოს დანიშნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც ახორციელებს უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას. ამავდროულად „საქართველოს ფოსტა“ 100% სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შ.პ.ს.-ს წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლომ გააკრიტიკა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება. სასამართლოს პოზიციით ,,…ასეთი სამართალგანვითარების პირობებში სადავო ნორმა გამოიყურება ერთგვარ უკან გადადგმულ ნაბიჯად. იგი ფაქტობრივად ხელს უწყობს საკუთრების ფორმების რეანიმაციას და პრივილეგიური მესაკუთრის ინსტიტუტის შემოღებას. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, თანაბარ პირობებში უნდა იქნენ ჩაყენებული სხვა საწარმოებთან, რომლებშიც სახელმწიფოს წილი არ გააჩნია. ...აღნიშნული სუბიექტებისათვის უსაფუძვლო პრივილეგიების მინიჭება არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან… (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის #1/4/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და ,,ანაჯგუფი’’ (ყოფილი «თბილგაზოაპარატი») საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.2.).
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე (IV თავის, მე-10 ნაწილის (კონკურენცია) 203-205 მუხლებით) საქართველოს, ასევე, აღებული აქვს ვალდებულება რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს თავისუფალი კონკურენციის წესების დაცვას იმ ბაზარზე, სადაც სახელმწიფო კომპანიები ოპერირებენ და არ მიანიჭებს ექსკლუზიურ უფლებებს სახელმწიფო კომპანიებს, რაც დაარღვევს ამ ბაზარზე არსებულ ბუნებრივ წონასწორობას. აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებით ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებები, ასევე წარმოადგენს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვალდებულებებს.
,,კანონით განსაზღრული” შემთხვევები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი მონოპოლიურ საქმიანობას მიიჩნევს დასაშვებად, ამომწურავად განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, ნებისმიერი მონოპოლიური საქმიანობის ,,კანონით განსაზღვრულის” სტატუსით გამართლების თავიდან ასაცილებლად სახელმძღვანელო წესები დადგენილია კანონით „კონკურენციის შესახებ“. კერძოდ, ამ კანონის მიზანია: • სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა; • ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა; • ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა; • ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა; • სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას;
დასახელებული ნორმის ანალიზი ადასტურებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფომ ყველა დაკისრებული ვალდებულება დაარღვია. სახელმწიფომ, კონკრეტულად კი საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული შეღავათის მიღებით მიანიჭა რა შ.პ.ს. ,, საქართველოს ფოსტას'' ექსკლუზიური უფლებამოსილება, ფაქტობრივად აკრძალა სხვა ეკონომიკური სუბიექტების დაშვება ბაზარზე და გამორიცხა კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობები. შედეგად, ფაქტობრივად აიკრძალა საქართველოს საფოსტო და კურიერული მომსახურების ბაზრის ამ სეგმენტზე წლების მანძილზე დამკვიდრებული კონკურენტული გარემო და არამართლზომიერად მიენიჭა კანონისმიერი უპირატესობა ერთ კომპანიას, რითაც შეიქმნა სამართლებრივი წინაპირობა ამ კომპანიის მონოპოლისტად დამკვიდრებისათვის ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე. აღნიშნული კი აკრძალულია “კონკურენციის შესახებ” კანონის მე-10 მუხლით, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უკრძალავს კონკურენციის შემზღუდავი ქმედების განხორციელებას. მათ შორის ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ასეთი დასაბუთებულია განსაკუთრებული პირობებით ან აუცილებლობით.
აღნიშნული ცვლილება ასევე შეიძლება დაკვალიფიცირდეს სახელმწიფო დახმარებად – ეკონომიკური აგენტის (შ.პ.ს. ,,საქართველოს ფოსტის'') მიმართ მიღებული გადაწყვეტილებად. კერძოდ, ,,კონკურენციის შესახებ" კანონის მიხედვით სახელმწიფო დახმარება მოიცავს: გადასახადისაგან გათავისუფლებას, გადასახადის შემცირებას ან გადავადებას, ვალის ჩამოწერას, რესტრუქტურიზაციას, სესხის ხელსაყრელი პირობებით გაცემას, საოპერაციო აქტივების გადაცემას, ფულადი დახმარების გაწევას, მოგების მიღების გარანტიის მიცემას, შეღავათების და უპირატესობის მინიჭებას და ა.შ. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სახელმწიფო დახმარების განხორციელება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრული მიზნებისთვის არის დაშებული, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ხოლო ეკონომიკური აგენტისათვის ან კონკრეტული სახის საქმიანობისათვის სახელმწიფო დახმარება ნებისმიერი ფორმით, რომელიც აფერხებს კონკურენციას ან ქმნის მისი შეფერხების საშიშროებას, “კონკურენციის შესახებ” კანონით აკრძალულია (,,კონკურენციის შესახებ'' კანონის მე-12 მუხლი).
“კონკურენციის შესახებ” კანონის დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ'' საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პრიმა პუნქტის ,,ს'' ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაწესი არ შეიძლება განხილული იქნეს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ “კანონით გათვალისწინებულ” გამონაკლისად, რომელიც კონკურენციის შეზღუდვას და მონოპოლიურ საქმიანობას დასაშვებად მიჩნევს.
აღნიშნული გარემოებების გამო, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ'' საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პრიმა პუნქტის ,,ს'' ქვეპუნქტი ცნობილი უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებასთან წინააღმდეგობის გამო. ვინაიდან, აღნიშნული ცვლილება, შესაბამისი ლეგიტიმური მიზნების არარსებობის გარეშე გამორიცხავს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლებას და საფოსტო და კურიერული მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მონოპოლისტად აქცევს შ.პ.ს. ,,საქართველოს ფოსტას''. აღნიშნული კი თავის მხრივ იწვევს საფოსტო და კურიერული მომსახურების საქმიანობით დაკავებული სუბიექტების ამ ბაზრიდან ხელოვნურ განდევნას, შესაბამისი უარყოფითი შედეგებით მომხმარებლისათვის. საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის ანალიზის საფუძველზე ხაზგასმით განმარტავს, რომ ყველა შემთხვევაში, სუბიექტის საქმიანობის დასასრული, ეს ნორმატიული ჩარევით მოხდება თუ მის გარეშე, ბუნებრივი, პრაქტიკული გონიერებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული და არა მის მიმართ ხელოვნური ანგარიშსწორებით. მეწარმეს შეუძლია დაიცვას საკუთარი უფლება არსებობაზე მხოლოდ იმ დრომდე, სანამ ის მზადაა განახორციელოს თავისუფალი მეწარმის ყველა ფუნქცია, ყველა შესაძლებლობის სრულად გამოყენებით და აქედან გამომდინარე, იტვირთოს თანაბარი რისკი. ის შეუცვლელი და ხელშეუხებელია (დაცულია) მანამ, სანამ თავისუფალ ბაზარზე, თავისუფალი შეჯიბრებით (კონკურენციით), მზადაა გამოავლინოს თავისი სარგებლიანობა ამ ფუნქციებისათვის. ...’’(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბერის #1/2/411 გადაწყვეტილება, II.პ.3;).
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მას. შესაბამისად, ვითვალისწინებთ რა დასახელებულ გარემოებებს, მოვითხოვთ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ'' კანონის პირველი მუხლის მე-3 პრიმა პუნქტის ,,ს'' ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მეორე წინადადებასთან და მე-6 მუხლის მე-2 ნაწილთან წინააღმდეგობის გამო. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა